Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი – რკინის ხელი თუ ხავერდის ხელთათმანი?

ირაკლი ღარიბაშვილი – რკინის ხელი თუ ხავერდის ხელთათმანი?

764

სულ მალე პარლამენტი ახალ მთავრობას დაამტკიცებს და საზოგადოება ყურადღებით დააკვირდება ახალი მინისტრების პირველ ნაბიჯებს. ზოგიერთ მათგანს მუშაობა მართლაც რომ გამადიდებელი შუშის ქვეშ მოუწევს და ეს, უპირველესად, შსს ახალ ხელმძღვანელს, ირაკლი ღარიბაშვილს, ეხება. ყველას აინტერესებს, რა მეთოდებით და რა ვადებში მოხდება იმ პოლიტიზებული, მონსტრუოზული სისტემის დემონტაჟი, რომელიც სააკაშვილმა და მერაბიშვილმა შექმნეს. ამასთან დაკავშირებით არაერთი მკვეთრად განსხვავებული მოსაზრება და რეცეპტი არსებობს. ამის გათვალისწინებით, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ღარიბაშვილის ნებისმიერ განცხადებასა და ქმედებას  მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვება და მას ან «რადიკალები», ან «ზომიერები» (ან, სულაც, ორივე ერთად) მუდამ გააკრიტიკებენ. ცხადია, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მხოლოდ ღარიბაშვილი, «ორ ცეცხლს შუა» (მაგალითად) განათლების ახალი მინისტრიც მოექცევა, მაგრამ შსს შემთხვევაში დისკუსიის გრადუსი გამორჩეულად მაღალი იქნება. უამრავი ადამიანი არცთუ კეთილგანწყობილი ინტერესით დააკვირდება, რას (და როგორ) ანგრევს და რას აშენებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მივლინება ავგიას თავლაში

როდესაც ახალი კაბინეტის წევრებზე ვსაუბრობთ, ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, გამოვყოთ ფაქტორი, რომელსაც შეიძლება პირობითად «ნდობის» ან «კეთილგანწყობის ლიმიტი» ეწოდოს. მასზე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია, თუ რამდენს «აცლის» საზოგადოება ამა თუ იმ მინისტრს და რამდენ მცირე შეცდომას აპატიებს, ვიდრე მწვავე პრეტენზიებით მიადგება. «კეთილგანწყობის ლიმიტის» ციფრებში ასახვა საკმაოდ რთულია, თუ არა შეუძლებელი, თუმცა აშკარაა, რომ მინისტრების მდგომარეობა ამ მხრივ განსხვავებულია. მაგალითად, თეა წულუკიანის და სოზარ სუბარის შემთხვევაში ხსენებული «ლიმიტი” საკმაოდ დიდი ჩანს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში შედარებით მცირე.

საზოგადოება ჯერჯერობით ცუდად იცნობს ღარიბაშვილს და არ იცის, რას უნდა ელოდოს მისგან; ის , რომ მინისტრობის კანდიდატი ტელეეკრანებზე პერიოდულად ჩნდება, ამ კონტექსტში განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს. მან ჯერჯერობით ვერ ჩამოაყალიბა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტილი, რომელიც მის იმიჯს სანდოობის, დამაჯერებლობის შტრიხებს შეჰმატებს. მინისტრობის კანდიდატის მცდელობა _ კითხვებს სწრაფად, ლამის სხაპასხუპით უპასუხოს, მის გამოსვლებს დამაჯერებლობას არ სძენს (უფრო პირიქით); აღსანიშნავია, რომ მას უკვე ორჯერ მოუხდა ნაჩქარევად გაკეთებული, ბუნდოვანი განცხადებების კორექტირება. დღეს, გარდამავალი პერიოდის ციებ-ცხელებაში, იმიჯთან და კომუნიკაციის სტილთან დაკავშირებული საკითხები მეორეხარისხოვანი ჩანს, მაგრამ მომავალში ფიგურანტს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნან.

ჩვენ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით ენდობა ირაკლი ღარიბაშვილს (მისი დანიშვნა თავისთავად წარმოადგენდა მკაფიო სიგნალს, რომ ივანიშვილი შსს-ზე განსაკუთრებულ კონტროლს აწესებს) და რომ მას ძალიან რთულ მონაკვეთზე მუშაობა, სისტემის ავგიას თავლის გაწმენდა მოუწევს. ერთის შეხდევით, ამ ორ გარემოებას მისდამი სიმპათია უნდა გაეღვივებინა, განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილში, რომელმაც ხმა არჩევნებში «ქართულ ოცნებას» მისცა, თუმცა დამოკიდებულებაში ღარიბაშვილის მიმართ მაინც ფრთხილი, ეჭვნარევი მოლოდინი დომინირებს, რომელიც, სავარაუდოდ, ბოლო წლებში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება.

საქმე ისაა, საქართველოს მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში შსს-მ არაერთგზის დაამტკიცა, რომ შეუძლია ნებისმიერი კავკასიური ნაგაზი ბასკერვილების ძაღლად გადააქციოს. მანკიერი სისტემა ამახინჯებდა ყველას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ხელმძღვანელ რგოლში მოღვაწეობდა, მიუხედავად იმისა, რა იდეები და ღირებულებები ჰქონდათ იმ მომენტში, როდესაც სამინისტროში მუშაობას იწყებდნენ. ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ ადამიანი სისტემაში შეიძლება გახდეს ან უფრო ცუდი, ან გაცილებით უფრო ცუდი, ვიდრე ადრე იყო და ბინძური მეთოდების გამოყენება და რეჟიმისთვის «ხერხემლის როლის შესრულება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს. საპირისპირო, პოზიტიური გამოცდილება საქართველოში, უბრალოდ, არ არსებობს. ეს განწყობა დღესაც ძალაშია და, პარადოქსულად, ღარიბაშვილის გუნდის პერსპექტივების შეფასებაზეც მოქმედებს; მას ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევს იმისთვის, რომ ეს დამოკიდებულება შეცვალოს. ჯერჯერობით კი, საზოგადოების დიდი ნაწილი შსს-ს ახალ ხელმძღვანელს (ღარიბაშვილი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა) უყურებს, როგორც პოტენციურ ჟოზეფ ფუშეს ან, სულაც, ნიკოლაი ეჟოვს და ამ გარეოებას ვერსად გავექცევით.

სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში ოპოზიციურ საზოგადოებაში შსს აღიქმებოდა, როგორც ერთი დიდი გესტაპო და მისი წარმომადგენლების მიმართ შესაბამისი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. პირველ პლანზე გამოვიდა მარტივი და ყველასათვის გასაგები ლოზუნგი: «სისტემა უნდა დაინგრეს!».

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ «ყველა პოლიციელის პირველი მეგობარი და მათი უფლებების პირველი დამცველი” გახდება, რომ არ დაუშვებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და შსს-ს მხოლოდ იმ დამნაშავეებს ჩამოაცილებს, რომელთა ბრალეულობას ახალი, დამოუკიდებელი სასამართლო დაადგენს. სამართლებრივი, პოლიტიკური და, უბრალოდ, ადამიანური თვალსაზრისით, ეს მიდგომა აბსოლუტურად მართებულია, მაგრამ მასზე საუბრისას, ფსიქოლოგიური ფონიც უნდა გავითვალისწინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი კუდ-ს და სოდ-ს ეხება. ღარიბაშვილისთვის სამწუხაროდ, გაუგებრობა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა. ჯერ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს მისი განცხადება: «სავარაუდოდ, კუდ-ი და სოდ-ი გაუქმდება», შემდეგ მას დაეფუძნა ინტერპრეტაციები ამ დეპარტამენტების თანამშრომლების ტოტალური შემცირების შესახებ და ბოლოს მინისტრობის კანდიდატმა «მაესტროს» ეთერში თქვა: «არასწორია, თითქოს კუდ-სა და სოდ-ს ვაუქმებთ. სამსახურიდან ადამიანების უსამართლოდ გაშვება არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება. რეორგანიზაციაში ამ სისტემების შესაძლო შერწყმა, სხვა ფორმის მიცემა და სისტემის გაჯანსაღება იგულისხმება. საუბარია ოპტიმიზაციაზე, თუმცა არა თანამშრომლების ხარჯზე”. ამ განცხადებამ (სოციალური ქსელების თუ კერძო საუბრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ) არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, რადგან სააკაშვილის მოწინააღმდეგეების საკმაოდ მოცულობითი ნაწილისთვის ხსენებული თანამშრომლები რეჟიმის ყოველდღიურ დანაშაულებრივ პრაქტიკასთან ასოცირდებიან. აშკარა გახდა, რომ მათ არ დააკმაყოფილებს მხოლოდ სტრუქტურული რეფორმა თუ ავეჯის გადაადგილება და კონკრეტული პირების დასჯას მოითხოვენ. მათ ნაკლებად აინტერესებდათ პოლიტიკური, სავსებით პრაგმატული მოტივები, რომლებიც ღარიბაშვილის ამ განცხადების უკან, სავარაუდოდ, იდგა.

მალე მაკიაველის თარგმნას დაიწყებს

ტოტალური მოსმენები, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ოპოზიციონერებსა და მათ ოჯახებზე, ამომრჩევლების დაშინება, დაპატიმრებები სრულიად გაუგებარი მიზეზებით, ცემა, წამება, პროვოკაცია და ათასი სხვა საზიზღრობა არ წარმოადგენდა ცალკეულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთაც შსს-ში მომუშავე პირების ვიწრო ჯგუფი სჩადიოდა, ეს იყო ყოველდღიური პრაქტიკა, რომელშიც (როგორც მინიმუმი) ასეულობით ადამიანი იყო ჩართული; საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია «საფუძვლიანი ეჭვი», რომ არ არსებობს კუდ-ის ან სოდ-ის თანამშრომელი, რომელიც ამაში ამა თუ იმ ფორმით არ მონაწილეობდა.

გასაგებია, რომ ახალი მინისტრი ცდილობს, არ დააშინოს შსს-ს (კონკრეტულად კი კუდ-ის და სოდ-ის) თანამშრომლები და კუთხეში არ მიამწყვდიოს, რადგან ამით უბიძგებს მათ, აქტიურად დაუჭირონ მხარი  სააკაშვილის ჯგუფს, რომელიც, აგონიაში ყოფნის მიუხედავად, ფორმალური თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ცოცხალია (აქ იგულისხმება მხარდაჭერა არალეგიტიმური მეთოდების გამოყენებით, თორემ პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერავინ აუკრძალავს). მათი «ჰაერში გამოკიდება» კი, ერთი შეხედვით, უფრო პრაგმატული (და ამავე დროს ერთობ ცინიკური) ჩანს, ასეთ მდგომარეობაში ერთმანეთს და ყოფილ შეფებს აქტიურად «დაძირავენ» და ახალ ხელმძღვანელობას ვაგონობით კომპრომატს მიუტანენ. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ «პოლიციელების პირველი მეგობრის» კუდ-თან და სოდ-თან დაკავშირებულმა სენტიმენტებმა შეიძლება საზოგადოების (ისედაც ფარდობითი) მხარდაჭერა დააკარგვინონ.

თუ სიტუაციას სისტემის შიგნიდან შევიხედავთ, დაახლოებით შემდეგ სურათს ვიხილავთ: გარეთ აბობოქრებული სტიქიაა, უამრავი ადამიანი სამართლიანობას, ზოგი კი, შურისძიებას მოითხოვს და ელოდება, როდის დაიწყება სააკაშვილის გესტაპოელების დაპატიმრება. ამ დროს მოდის ახალი მინისტრი, რომელიც აცხადებს, რომ ტოტალურ წმენდას და ათასობით ადამიანის ქუჩაში გაყრას არ აპირებს; მას შეუძლია დაიცვას კონკრეტული თანამშრომელი, პრობლემები აარიდოს და, იდეაში, საზოგადოების რისხვა სხვა მიმართულებით გადაამისამართოს. ბუნებრივია, რომ კარგი ურთიერთობა ახალ ხელმძღვანელობასთან ასეთ ვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება, ხოლო კავშირი სააკაშვილის ჯგუფთან და მისი თუნდაც მცირე, არაფორმალური თხოვნების გათვალისწინება ძალიან სარისკო ავანტურად გადაიქცევა. ღარიბაშვილის «ლმობიერების» უკან სავარაუდოდ, იმალება ყველაზე მართებული ტაქტიკა, რომელიც შსსში სააკაშვილისა და მერაბიშვილის გავლენის სწრაფ განულებას უზრუნველყოფს, თუმცა მთავარ პრობლემას ის არ წყვეტს. საქართველოში არავის არასოდეს არ უნდა გაუჩნდეს ცდუნება, რომ დანაშაულებრივი რეპრესიული მანქანის ნაწილი გახდეს, თითოეულმა პოლიციელმა უნდა იცოდეს, რომ ამისთვის აუცილებლად დაისჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში განმეორდება ის, რაც ერთხელ უკვე მოხდა.

ამ პრობლემის გადაწყვეტა არც ისე იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თავი დავანებოთ იმას, რომ თავის მოქმედებაში ახალი მინისტრი და ხელისუფლება იძულებული იქნება, პოლიტიკური სიტუაცია და მთელი რიგი ტაქტიკური ფაქტორი გაითვალისწინონ, ეს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ მალე, ძალიან დიდი ალბათობით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სახელისუფლო ბერკეტების დანაშაულებრივი გამოყენების იმდენი ფაქტი, რომ საქმე შეიძლება ამა თუ იმ ორგანიზაციის ან აღმასრულებელი სტრუქტურის დანაშაულებრივად გამოცხადებაზე მიდგეს («ნაცმოძრაობა» იქნება, კუდ-ი, სოდ-ი თუ სხვა). ეს კი გარკვეულ წინააღმდეგობაში შევა თითოეულ დანაშაულზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპთან, რომელზეც ევროპული სამართალი დგას. მარტივად რომ ვთქვათ, დილით ადამიანი დგებოდა და მიდიოდა სამსახურში, სადაც ხელმძღვანელის დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებდა: დილით უკანონო მოსმენას აწარმოებდა, დღისით ოპოზიციონერებს სცემდა, საღამოს ზეწოლას ახდენდა გარდაცვლილი პატიმრის ოჯახზე და ეს ყოველდღე მეორდებოდა. ეს, ცხადია, გამარტივებული, უტრირებული სქემაა, თუმცა, ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ ყოველივე ამაში სააკაშვილის შსს-ში ასეულობით ადამიანი იყო ჩართული; რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში: გამოვიძიოთ თითოეული ფაქტი, რომელთა რაოდენობა მართლაც რომ ასტრონომიულია, თუ, დასაწყისისთვის, სამართლებრივი შეფასება მთლიანობაში ორგანიზაციას და მის საქმიანობას მივცეთ? რა ფორმით უნდა გაკეთდეს ეს (თუ უნდა გაკეთდეს)?

თბილისინიურნბერგითბილისი

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, საერთაშორისო ტრიბუნალს ნიურნბერგში არც ერთი ორგანიზაცია, თუნდაც ყველაზე ოდიოზური «სს»-ი და გესტაპო, დანაშაულებრივად არ გამოუცხადებია; განაჩენი მხოლოდ «პირთა ჯგუფებს» შეეხო. ციტატა: «ტრიბუნალი, წესდების თანახმად, აღიარებს დანაშაულებრივად ჯგუფს, რომელიც შედგება გესტაპოს და «სდ»-ს იმ წევრებისგან, რომლებიც იკავებდნენ წინარე პარაგრაფში ჩამოთვლილ თანამდებობებს, გაწევრიანდნენ ორგანიზაციის რიგებში ან რჩებოდნენ მასში, მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ ის გამოიყენება იმ ქმედების ჩადენისთვის, რომელიც გამოცხადებულია დანაშაულებრივად წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად, ან, როგორც ორგანიზაციის წევრები, პირადად მონაწილეობდნენ მსგავსი დანაშაულის ჩადენაში». ყურადღება მივაქციოთ ფორმულირებას «იცოდნენ… ან პირადად მონაწილეობდნენ». ამასთანავე, ტრიბუნალმა მკაფიოდ განსაზღვრა, თუ ვის არ ეხება განაჩენი (ამონარიდი «სს»-თან დაკავშირებული მონაკვეთიდან): «იმ პირების გამოკლებით, რომლებიც გაწვეულნი იყვნენ ამ ორგანიზაციაში სახელმწიფო ორგანოების მიერ, თანაც ისე, რომ არჩევანის უფლება არ ჰქონდათ, აგრეთვე, იმ პირების გამოკლებით, რომელთაც მსგავსი დანაშაული ჩადენილი არ აქვთ». საბოლოოდ, მიღებულ იქნა სიტუაცია, როდესაც ორგანიზაციის ფორმალური წევრობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო საფუძველი ამა თუ იმ პირის გასამართლებისთვის და დამნაშავედ ცნობისთვის, თუმცა საფუძველს მისი საქმიანობის გამოძიებისთვის ის ნამდვილად ქმნიდა.

დღეს აპელირება ნიურნბერგის გამოცდილების მიმართ შეიძლება უდროოდ (ან ნაადრევად) მოგვეჩვენოს, თუმცა, რაც უფრო მეტი ფაქტი გახდება ცნობილი და გამოიკვეთება იმ დანაშაულებრივი პრაქტიკის მასშტაბი (და ამაზრზენი ყოველდღიურობა), რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი, სავარაუდოდ, მიმართავდა, საუბარი «დამნაშაულებრივ ორგანიზაციებზე» თუ არა, «ჯგუფებზე» მაინც გაცილებით აქტუალური გახდება. ამ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშივილს საკმაო სიფრთხილის გამოვლენა მოუწევს, რათა აირიდოს «მინისტრი გესტაპოელებს ხელს აფარებს» ტიპის ბრალდებები, რომელთაც მისი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აუცილებლად გამოიყენებენ, თუ ამისთვის თუნდაც იოტისოდენა საბაბს მისცემს.

ერთის შეხედვით, ღარიბაშვილისთვის მომგებიანია, «გარდაქმნის პროჟექტორის» ფუნქცია შეითავსოს და თავად გამოაქვეყნოს შსს-ს საქმიანობასთან დაკავშირებული მამხილებელი მასალები მანამ, სანამ საპარლამენტო ან არასამთავრობო კომისიები მიადგებიან, თუმცა, ამასთანავე, აშკარაა, რომ ეს ფრთხილად, ეტაპობრივად უნდა გააკეთოს, რათა სისტემის ტოტალური დესტაბილიზაცია და პოლიციის მიმართ ნდობის სრული ანიჰილაცია არ გამოიწვიოს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნის. ასე იქნება თუ ისე, ფაქტია, ღარიბაშვილს მუშაობა გაცილებით რთულ პირობებში მოუწევს, ვიდრე ნებისმიერ სხვა მინისტრს.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ეჰჰჰჰ,დიმიტრი,დიმიტრი,პოლიციისადმი სრული უნდობლობა დიდი ხანია სახეზეა,საინტერესოა ახალი მინისტრი,როგორ მოახერხებს მათი ნდობის აღდგენას????????????????????????

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here