Home რუბრიკები პოლიტიკა ორი ნაბიჯი განსასჯელის სკამამდე

ორი ნაბიჯი განსასჯელის სკამამდე

678

მიხეილ სააკაშვილი თითქოსდა ყველას დაავიწყდა. გასულ კვირას მასზე ძალიან ცოტას წერდნენ და არც ის ცდილობდა, საკუთარი თავის მიმართ საზოგადოების ყურადღება მიეპყრო. როგორც წესი, მას ახსენებდნენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორი კითხვიდან ერთ-ერთი ისმებოდა: «როდის გადადგება?» და «ჩასვამენ თუ არა ციხეში?»; ცხადია, ფორმულირება ორივე შემთხვევაში გამარტივებულია, თუმცა შინაარსი სწორედ ასეთი იყო.

თუ პირველ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით, ალბათ, შემდეგ დასკვნამდე მივალთ: «გადადგება, როგორც კი ულტიმატუმს წაუყენებენ», რადგან რეალური რესურსი წინააღმდეგობის გაწევისთვის მას არ აქვს. მართალია, ის შეიძლება ჩაებღაუჭოს მთელ რიგ იურიდიულ ბარიერებს და, მისთვის იდეალურ შემთხვევაში, საქმე ვადის ამოწურვამდე მიიყვანოს, მაგრამ არანაირი აზრი ამას არ აქვს, რადგან არ არსებობს და, სავარაუდოდ, არც ახლო მომავალში გაჩნდება პოლიტიკური, ძალისმიერი და ფინანსური რესურსი, რომელიც ხელშესახებ პერსპექტივაში სააკაშვილის ჯგუფის ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას უზრუნველყოფს, ხოლო გაჯიუტება მის წინააღმდეგ საზოგადოების უდიდეს ნაწილს აამხედრებს და მის მომდევნო ბედზე მეტად ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სააკაშვილი არ არის მზად იმისთვის, რომ ახალ დაპირისპირებას გაუძლოს; ის, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად გატყდა და ძალიან ეშინია.

სხვათა შორის, ეს სევდიანი უპერსპექტივობა, სავსებით რეალისტურად გააცნობიერა «თავისუფლების ინსტიტუტის» ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა, რომელმაც «კომერსანტთან» ინტერვიუში განაცხადა: «ვფიქრობ, «ნაციონალურ მოძრაობას» ძველ პოზიციებზე დასაბრუნებლად ძალიან დიდი დრო დასჭირდება». რუსი ჟურნალისტი, როგორც ჩანს, ერთობ გაკვირვებული დარჩა რამიშვილის პესიმიზმით და რამდენიმეჯერ სცადა, საუბარი გადაეყვანა სააკაშვილის ხელთდარჩენილ ბერკეტებზე (იმ გაგებით, «რომ ყველაფერი დაკარგული არ არის»), თუმცა რესპონდენტმა უპასუხა, რომ სერიოზულ კრიზისს არ მოელის და «რეალურად მართვის ყველა ბერკეტი ახალ მთავრობას გადაეცემა», ხოლო საპარლამენტო უმრავლესობასთან დაპირისპირება და «ამომრჩეველთა ძალიან მკაფიო სურვილების თავხედი იგნორირება არასწორი იქნება». ამ ინტერვიუში, სხვა ყველაფერთან ერთად, დაფიქსირდა უფსკრული სააკაშვილის თეორიულ შესაძლებლობებსა და მათი გამოყენების რეალურ შეუძლებლობას შორის, რომელიც, «კომერსანტის» კორესპონდენტისგან განსხვავებით, ლევან რამიშვილმა კარგად დაინახა.

«ნაციონალური მოძრაობის» პოზიციების დასუსტება გრძელდება. მართალია, პარტიული პროპაგანდა ცდილობს, დაარწმუნოს სააკაშვილის მომხრეები, რომ რევანში ძალიან მალე მოხდება, რომ მიტ რომნი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება და ყველაფერს დაუბრუნებს და ა. შ., თუმცა ეს სულ უფრო ემსგავსება ჰებელსის შელოცვებს «ფიურერის სასწაულმოქმედ იარაღზე», რომელიც ბოლო, გადამწყვეტ მომენტში ომის ბედს გადაწყვეტს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს «ნაციონალების» საშუალო და დაბალ რგოლს რეგიონულ და რაიონულ ადმინისტრაციებში იყენებენ, როგორც «ფოლქსშტურმს» ბერლინის დაცემის დღეებში _ მათ ავალებენ ნებისმიერ ფასად მაქსიმალურად შეაფერხონ განუზომლად ძლიერი მოწინააღმდეგის წინსვლა და მოიგონ დრო ძირითადი ძალების გადაჯგუფებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნახევრადმითიურ «ძირითად ძალებს» აღარაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, სარდლობამ უკვე მშვენივრად იცის, რომ ყველაფერი დამთავრებულია, ხოლო განსაკუთრებით წინდახედულები ალყაშემორტყმული ბერლინიდან გაიქცნენ.

რაც შეეხება სააკაშვილის მომავალ ბედს, ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვაობა ფიქსირდება. პრაქტიკულად არავინ დავობს იმაზე, რომ ახლო მომავალში, ძალიან დიდი ალბათობით, ამოტივტივდება არაერთი ფაქტი, რომლებიც საკმარისზე მეტ საბაბს შექმნის იმისთვის, რომ სააკაშვილი განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდეს და გამოძიებას მტიკიცებულებების შეგროვებისთვის არც ისე ბევრი დრო დასჭირდება. მაგრამ აქვე, დისკუსიის ზოგიერთი მონაწილე უცნაური არგუმენტების გამოყენებას იწყებს იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის გასამართლება შეიძლება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყოს და რომ ამას, თითქოსდა, აქტიურად შეეწინააღმდეგებიან ამერიკელები, რადგან ამერიკელებისთვის სასურველია, სააკაშვილი ისტორიაში შევიდეს, როგორც დემოკრატი მმართველი, ასე თუ ისე სუფთა რეპუტაციით, «ვარდების რევოლუცია» ხომ მათი პროექტი იყო და სააკაშვილს მხარს წლების განმავლობაში უჭერდნენ.

ეს პოზიცია არსებითად არაკორექტულია, რადგან მართლმსაჯულების პოლიტიკური კონიუნქტურისადმი დაქვემდებარებას გულისხმობს და ამავე დროს, ქვეტექსტში საქართველოს სუვერენიტეტზე მაღლა უცხო ქვეყნის სავარაუდო სურვილებს აყენებს. მაგრამ, ვინაიდან მსგავსი შეხედულებები საკმაოდ ფართოდ გავრცელდა, მათზე საუბარს, ალბათ, გარკვეული დრო უნდა დავუთმოთ.

ტაივანი და სამხრეთ კორეა შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო, და მათთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. ტაივანის პრეზიდენტმა ჩენ შუიბიანმა, მისმა სამხრეთკორეელმა კოლეგებმა, ჩონ დუ ხვანმა და რო დე უმ, რეგიონში აშშ-ის პოზიციების განმტკიცებისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს. სამივეს შტატებში ჰყავდა ბევრი მეგობარი, სენატორი თუ გენერალი, და გაცილებით სერიოზული ლობისტები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, თუმცა სამივე ციხეში ჩაჯდა და ვაშინგტონს მათი ადვოკატირებით თავი არ მოუკლავს. სრულყოფილი პარალელების გავლება ამ სამეულსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, ქვეყნების განსხვავებული სპეციფიკის გამო, ერთობ რთული იქნება, თუმცა ჩენ შუიბიანის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ნამდვილად არის რამდენიმე მომენტი, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა.

ჩენ შუიბიანი პრეზიდენტად 2000-ში აირჩიეს; მეორე ვადის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე მისმა «დემოკრატიულმა პროგრესულმა პარტიამ» საპარლამენტო არჩევნები წააგო, რის შემდეგაც ჩენმა მისი ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. 2008 წლის მარტში მისი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებშიც დამარცხდა, ნოემბერში კი ჩენი დააპატიმრეს. მას ბრალად დასდეს საპრეზიდენტო ფონდიდან პირადი მიზნებისთვის 3,12 მილიონი დოლარის დახარჯვა (საქართველოში ეს ციფრები ბევრს შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოს) და 11,73 მილიონი დოლარის .. ატკატის აღება მსხვილი სამშენებლო პროექტების განხორციელების დროს. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც შემდგომ 20-წლიანით შეუცვალეს; ციხეში კორუფციისთვის ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც მოხვდნენ.

ერთი შეხედვით, ჩვენ ერთ ბანალურ მექრთამეზე ვსაუბრობთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მან ტაივანის პოლიტიკურ ცხოვრებაში დადებითი როლიც შეასრულა. ის მოვიდა ხელისუფლებაში, როგორც კორუფციასთან მებრძოლი დემოკრატი, მან და მისმა პარტიამ ბოლო მოუღო «გომინდანის» მრავალწლიან მმართველობას ფაქტობრივი ერთპარტიულობის პირობებში, რომელსაც გაცილებით უფრო მასშტაბური, ლამის ტოტალური კორუფცია და მართვის ავტორიტარული მეთოდების გამოყენება ახასიათებდა. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა გაიჟღეროს, ამ კორუფციონერმა, ჩენ შუიბიანმა, კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ უპრეცედენტოდ მძიმე სასჯელის უკან პოლიტიკური ანგარიშსწორებაც იდგა, «გომინდანმა» არ აპატია შუიბიანს, რომ ნახევარსაუკუნოვანი მყუდროება დაურღვია. ცხადია, ყოველივე თქმული არ ამართლებს დანაშაულს, რომელიც ტაივანის ყოფილმა პრეზიდენტმა ჩაიდინა.

არის ერთი ნიუანსი, რომელიც ჩენ შუიბიანსა და მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აახლოებს: ორივე ქვეყანას უმცროსი ბუშის მმართველობის წლებში ხელმძღვანელობდა და ვაშინგტონის მხარდაჭერის იმედით (ან ბუშის ადმინისტრაციის ფარული წაქეზებით) დიდ მეზობელთან (ჩინეთი, რუსეთი) კონფრონტაციას აღრმავებდა. საბოლოოდ, ორივემ იმას მიაღწია, რომ მასთან მიმართებაში ამერიკულ მედიასა და საექსპერტო წრეებში გამოყენებული იქნა ფორმულირება: «მან არასწორად აღიქვა სიგნალები ვაშინგტონიდან და ჩათვალა, რომ «მწვანე აუნთეს». აქ პარალელების გავლება, ალბათ, უნდა დასრულდეს, რადგან ტაივანის პრეზიდენტს ეყო ჭკუა იმისთვის, რომ ქვეყანა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ომში არ ჩაება.

საინტერესოა, რომ სამხრეთკორეელ პრეზიდენტების: ჩონ დუ ხვანს და რო დე უს გასამართლების პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება კორუფციის ფაქტებს დაეთმო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა საკმარისზე მეტი საბაბი იმისთვის, რომ ძირითადი თემა სასამართლოზე ადამიანის უფლებების დარღევა, რეპრესიები და მკვლელობებიც კი გამხდარიყო. შესაძლოა, სწორედ ამ მომენტში იჩინა თავი პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინების აუცილებლობამ, რადგან მეორე შემთხვევაში საბრალდებო სკამზე, ფაქტობრივად, მთელი სისტემა აღმოჩნდებოდა, რაც ირიბად სერიოზულ დარტყმას ვაშინგტონსაც მიაყენებდა, რადგან სამხრეთ კორეა მთელი ამ წლების განმავლობაში მისი უახლოესი მოკავშირე იყო.

კორუფციასა და მაქინაციებში დადანაშაულება ამ კონტექსტში ერთგვარ «იოლ გამოსავალს» წარმოადგენს. ის იძლევა შესაძლებლობას, რომ პრობლემა დაყვანილ იქნას კონკრეტული ადამიანების არასრულყოფილებამდე და დანაშაულამდე, იმის ნაცვლად, რომ საუბარი რეჟიმის მანკიერებაზე, მის დანაშაულებრივ ბუნებაზე მიდგეს. ვაშინტონის მხრიდან მეტად არაპრაგმატული იქნებოდა კბილებით დაეცვა ყოფილი პრეზიდენტები, რომელთა გასამართლებას, მათი მმართველობის მძიმე შედეგებიდან და გამოძიების დასკნებიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი მოითხოვს, მაგრამ მისთვის არასასურველია, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის მოკავშირედ წარმოჩინდეს. ფარული კომპრომისი, როგორც წესი, სწორედ ამ წერტილში მიიღწევა და არა იმასთან დაკავშირებით _ უნდა გასამართლდეს თუ არა ყოფილი მმართველი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მისი დანაშაული «ზედაპირზე დევს». ყოფილი პარტნიორის დაცვა განსაკუთრებით რთულია ქვეყანაში, რომელიც, თუნდაც დეკლარაციის დონეზე, დემოკრატიული აღმშენებლობის გზას ადგას და ამ მხრივ აშშ-ის ქებას იმსახურებს, როგორც საქართველო _ დღეს და ტაივანი და სამხრეთ კორეა _ მასზე ოდნავ ადრე; პარადოქსულია, მაგრამ ორანგუტანგი-დიქტატორის, კლასიკური «ჩვენი ძაღლისშვილის» გადარჩენა მეორე ასეთივე მაიმუნისგან გაცილებით იოლია, ვიდრე «ახალგაზრდა დემოკრატიის» ყოფილი ლიდერის, რომელიც ოპონენტებმა არჩევნებში დაამარცხეს.

ან რატომ უნდა გადაარჩინონ? რა დამსახურება აქვს ასეთი ძია სემის წინაშე? თუ ძია სემს მისი ვალი მართებს? ნასინგ პერსონალ, სან, ჯასტ ბიზნეს.

ცხადია, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ჩვენ აქვე უნდა დავუშვათ, რომ გამოძიება ვერც ერთ საეჭვო ფაქტს ვერ მიაგნებს, ხოლო სასამართლომ შეიძლება დაადგინოს, რომ სააკაშვილი მამა აბრამის ბატკანივით უცოდველია, თუმცა საზოგადოებაში სრულიად საპირისპირო მოსაზრება დომინირებს. სააკაშვილის მდგომარეობა, შესაძლოა, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ერთის შეხედვით ჩანს და მას განსასჯელთა სკამს ორიოდე ნაბიჯი აშორებს; ვერ გამოვრიცხავთ, რომ მალე საუბარი მის მომავალზე, არა პოლიტიკური, არამედ იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მოგვიწევს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here