Home რუბრიკები პოლიტიკა ბატონო ბიძინა, მოგვაშორეთ ეს მავნებელი!

ბატონო ბიძინა, მოგვაშორეთ ეს მავნებელი!

690

ჭამის წინ ვიბანთ ხელებს, დილით ვიხეხავთა კბილებს _ ეს პირადი ჰიგიენის განუხრელი ნორმაა. ძალიან კარგი იქნება, თუკი ჰიგიენის ნორმებს არა მარტო საკვების, არამედ ინფორმაციის მიღების დროსაც დავიცავთ და არ «შევჭამთ»  ლანგრით მორთმეულ  დეზინფორმაციას. ასეთი პარადოქსული დეზინფორმაციაა ის, რომ დასავლეთი ცდილობს, სააკაშვილის არჩევნებში დამარცხება წარმოაჩინოს, როგორც ამერიკული პროექტის «დემოკრატიის შუქურა სააკაშვილი» არნახული წარმატება და ეს ყველაფერი ჩვენც და დანარჩენ მსოფლიოსაც შემოგვასაღოს არა როგორც დესპოტური რეჟიმის რღვევა, არამედ როგორც «ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა». ეს სატყუარა არ უნდა «ვჭამოთ»!  თუმცა, სანამ მთავარს გეტყოდეთ, ორიოდე ნაციონალურ პარადოქსზეც მინდა მოგითხროთ.

პარადოქსების ქვეყანა

პარადოქსია, აბა, რა დოზანაა, როცა  ქვეყნის პრეზიდენტი გამარჯვებული «ქართული ოცნების», ანუ საკუთარი ხალხის  ოპოზიციაა?!

 ქართველი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დიახ, აბსოლუტურმა, რადგანაც, მიუხედავად შინ თუ გარედან ამ პროცესის «ძალაუფლების დემოკრატიულ გადაცემად»  შეფასებისა, კარგად ვიცით, რომ მსგავსი არადემოკრატიული, ტოტალიტარული არჩევნები დღემდე თვით «ნაცებსაც» კი არ ჩაუტარებიათ) «ნაციონალურ მოძრაობას» უთხრა უარი, მაგრამ  უზნეო ხელისუფალი საქართველოს მასშტაბით უპრეცენდენტოდ გაყალბებული არჩევნების ფაქტიურ შედეგებზე აპელირებასაც კადრულობს და დასავლეთს «მყარი» არგუმენტით მიმართავს _ რატომ უნდა გადავდგე, ორმოც პროცენტზე მეტი მხარს მიჭერს და პრეზიდენტობის ერთწლიანი ვადა კიდევ წინ მაქვსო.

ამ ჭკუაზეა გიგი უგულავაც. შე კაი კაცო, დედაქალაქში ყველა და ყველაფერი პირწმინდად წააგე და, მაშ, ვისი მერი ხარ? ადექი და წადი რაღა, მაინცდამაინც საკუთარი ცოლის ნახევრადშიშველი ფოტოები უნდა გამოგიქვეყნონ? 

მაგრამ არც ამის მერე რომ არ აპირებს არსად წასვლას? წასვლას კი არა, აგერ ახლა, თბილისობაზე კიდევ ერთხელ შეურაცხყვეს ქართული ღვინოც და ვაზიც, როგორც ერის კულტურული ფენომენი, რადგან იმას, რაც ვიხილეთ, ყურძნის ჭყლეტა ჰქვია და არა დაწურვა, ყველა ქართველისთვის საკრალური რიტუალი!

აქეთ მიშასაც «არ ასვენებს გამჩენი» და ახალ-ახალ გუბერნატორებს ნიშნავს კიდევ ერთი «ზნეობრივი გმირის» და ყოფილი თბილისის მერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, სახით, რომელსაც ქართლის დედის ხელში თასი და ხმალი საშო-ფალოსად ეჩვენება!

ეს ყველაფერი იმის საილუსტრაციოდ, რომ ერთი ბრძოლა კი მოვიგეთ, მაგრამ ომი არ დამთავრებულა _ «ომს აწი ვიწყებთ ჩვენ», როგორც ნოდარ დუმბაძის ერთი პერსონაჟი იტყოდა…

დიახ, ომს, რადგანაც ჩვენი დღევანდელობის უმთავრესი პარადოქსი ისაა, რომ, მართალია, ფორმალურად კი ითვლება «ქართული ოცნება» ხელისუფლებაში მოსულად, მაგრამ ოპოზიციადქცეულ «ნაცმოძრაობას» ეკუთვნის ქვეყანაში რეალური ძალაუფლება _ ასეთი რამ საერთოდ გაგონილა სადმე?

მიუხედავად საპარლამენტო არჩევნებში  გამანადგურებელი მარცხისა, ადგილობრივ თვითმმართველობებში აბსოლუტურ უმრავლესობას ისევ «ნაცები» ფლობენ.

თვითმმართველობა, რომელიც აქამდე ფეხებზე ეკიდათ და მხოლოდ დემოკრატიულობის ბუტაფორია, ფასადი იყო და მხოლოდ ერთი კაცის ნებით იმართებოდა, დღეს რევანშის განხორციელების იარაღად უნდათ გამოიყენონ და სააკაშვილმა მათ სახელდახელოდ გაუზარდა ჯამაგირი.

ამის პარალელურად წამებულ-დაჩაგრულების მანტიის მორგებაც გავიხსენოთ და მათი ყოველდღიური წუწუნი-მოთქმა დასავლეთის გასაგონად: არიქა, გვემუქრებიან, გვავიწროებენ, ზეწოლა, ქვეწოლა და სურათიც ნათელი გახდება _ რეალურად თვითმმართველობებში ისევ ერთი კაცის, გაოპოზიციონერებული მიშა სააკაშვილის ნება გატარდება. ხოლო  საკრებულოების ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ფორმალურად ადგილობრივი თვითმმართველობების, «ხალხის ნებას» მიაწერენ და ამის საწინააღმდეგოდ «ქართული ოცნების» ქმედებებს დასავლეთში გაასაჩივრებენ _ ნახეთ, როგორი დემოკრატები არიან, თვითმმართველობებს ებრძვიანო!

ამათი გამოსწორება არ იქნება!

ე. წ. ნაციონალურ ტელემაუწყებლობებზე მოგახსენებთ: თუ ვინმემ გულუბრყვილოდ დაიჯერა ეკა კვესიტაძის «გონს მოსვლა», გადართეთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ნახავთ, რომ ამ ქალბატონის იქამდე დემარშიც კი, რომ «კავკასიაზე» ესტუმრა აქუბარდიას, მხოლოდ წუთიერი ამჩატება იყო და ახლა ეკუნა «ისევ ის გოგოა», ცუნცულა, პატარა _ შოთა უტიაშვილის ცოლი!

დიახ, ამჩატება, რადგანაც მაშინ, ალბათ, არაფერი იცოდა ნაცების რევანშის გეგმისა. და კიდევ, ჩვენ რომ სამუდამოდ დამარხული გვეგონა ე. წ. ფსევდოოპოზიცია, გალსტუკიანი ხვლიკების, «ახალი მემარჯვენე» ძველი თითლიბაზების და სხვა გველაძუა ექსპერტ-პოლიტოლოგების სახით, მაგათი გაპიარებაც დაიწყება _ ვინ იცის, ეგებ «განუმეორებელი» ინგა გრიგოლიაც ვიხილოთ გიორგი თარგამაძის «პიარშიკად»! აკი განაცხადა სამტრედიელმა კონკიამ, რომ საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან დაპირისპირებას არ ვაპირებო!

 რა თქმა უნდა, აქედან არაფერი გამოვა, რადგან ქართული საზოგადოება ამას «აღარ ჭამს», მაგრამ ეს იმად მოგახსენეთ, რომ რევანშის მსურველთა არსენალში ტელევიზიებიც მოიაზრება!

ახლა პირველი რიგის ამოცანაა რეალური ძალაუფლების ართმევა ოპოზიციადქცეული «ნაცებისთვის». რასაც არანაკლები, იქნებ უფრო მეტიც, ძალისხმევა და ფილიგრანული ტექნიკა სჭირდება, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებას (ეს ყველაფერი რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ხელეწიფება და  არა სხვა ვინმეს, ვფიქრობ, სადავო არ უნდა იყოს!).

ერთადერთი, რაც არ შეიძლება ვინმეს ვაცალოთ, ის არის, რომ სააკაშვილით დაწყებული, ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ჯოჯოხეთისთვის, რომელსაც «ერთიანი ნაციონალური ჭირის» 9-წლიანი ზეობა ჰქვია საქართველოში _ მეგის ქარდავებიდათაბაჩოები, «მასტერები» მიწაშიც რომ ჩაძვრნენ, იქიდანაც უნდა ამოვიღოთ!

ბატონო ბიძინა, მოგვაშორეთ ეს მავნებელი!

როგორც კი სააკაშვილმა არჩევნები წააგო, როგორც კი მის რეჟიმს ნიღაბი საბოლოოდ ჩამოეხსნა და გაირკვა, რომ დემოკრატიის შუქურად აღიარებული ამერიკული პროექტიმიხეილ სააკაშვილი საქართველოში არა დემოკრატიას არამედ სისხლიან დესპოტურ რეჟიმს აშენებდა, მომენტალურად აფუსფუსდნენ

აფუსფუსდნენ იქ, დასავლეთში, და ამერიკაც და ევროპაც ერთხმად გვასაღებს სააკაშვილს, როგორც დემოკრატიის გურუს, საქართველოს როგორც ზეწარმატებულ ამერიკულ საგარეოპოლიტიკურ პროექტს, სადაც დემოკრატიამ გაიმარჯვა და მოხდა ხელისუფლების გადაცემა…

სააკაშვილის რეჟიმი არასდროს ყოფილა დემოკრატიული, ეს მშვენივრად იცოდნენ ამერიკელებმაც და ევროპელებმაც, მაგრამ ბოლომდე ხელს აფარებდნენ მას და დააფარებდნენ კიდეც, რომ არა ის გარემოება, რომ მიშასეული დესპოტია ამერიკისათვის კონტრპროდუქტიულად იქცა და ვაშინგტონისათვის ცხადი გახდა, რომ ანტიამერიკული განწყობების უპირველესი გენერატორი სწორედ სააკაშვილი იყო და, თუ მას არ ჩაანაცვლებდნენ, დაკარგავდნენ სახეს, სერიოზულად შეილახებოდა მათი იმიჯი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჩაერეცხათ მორიგი «ჩვენიანი შობელძაღლი» და ახლა უკვე როდესაც ჩარეცხვის პროცედურა მიმდინარეობს, ყველანაირად ცდილობენ, ამ ყველაფერს არა დესპოტური რეჟიმის რღვევის, არამედ «ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემის» შეფასება მისცენ.

«ქართული ოცნების» წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ თურმე ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რომ, თუ ვიღაცებს დავიჭერთ, სააკაშვილი საბოტაჟს მოგვიწყობს და სხვ. ამ არგუმენტების მოშველიებით ცდილობენ იმ მხარდამჭერების დამშვიდებას, რომლებიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, გაკვირვებულნი არიან სააკაშვილთან «ოცნების» ერთგვარი ფლირტით.

ის, რომ სააკაშვილი სადღაც გამოვა, რაღაცას იტყვის, მოაწყობს საბოტაჟს, ბლეფია, რადგან ამერიკელები არ დაანებებენ მიშას, ხელი შეუშალოს საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულ გადაბარებაში ვაშინგტონის «დიდი დამსახურების» აღიარებას  და ამერიკის იმიჯი შელახოს.

მეორე მხრივ, ამერიკელებს მშვენივრად ესმით, რომ, თუ ივანიშვილი დაიწყებს გამოძიებას,  ის ქვედა რგოლებიდან ადრე თუ გვიან აუცილებლად გავა სააკაშვილის, ანუ «დემოკრატიის შუქურის» მიერ ჩადენილ  ყველა იმ საშინელ დანაშაულზე, რომელთა შესახებაც ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის. და როდესაც ეს მოხდება, მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი და ამერიკელები საქართველოში დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებდნენ, დაინგრევა, ყველასთვის ცხადი გახდება, რომ ამერიკელები მარიონეტი სააკაშვილის ხელით «დემოკრატიულ საქართველოს» სისხლზე, ტერორსა და უმსგავსობებზე აშენებდნენ და ამ საშინელებათა ჩამდენ სააკაშვილს არათუ არ აკრიტიკებდნენ,   არამედ აქებდნენ, «დემოკრატიის შუქურას» უწოდებდნენ და გულუხვად ეხმარებოდნენ.

ამრიკელების მოტივაცია გასაგებია. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ სახე და სისტემა, რომელიც სააკაშვილის მეშვეობით შექმნეს, რისთვისაც მათი მთავარი ამოცანაა, არ დაუშვან ხმაურიანი საქმეების გახსნა და მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სააკაშვილის, დაჭერა.

მაგრამ ასევე გასაგებია, რომ სააკაშვილისა და ივანიშვილისთვის ერთდროულად  სახის შენარჩუნება მათ არ გამოუვათ.

ვინაიდან ორივე მხარით მანიპულირება შეუძლიათ, ამერიკელებს სწორედაც რომ ხელს აძლევთ ეს ერთგვარი ორხელისუფლებიანობის მდგომარეობა, როცა ივანიშვილი გახდება პრემიერი და სააკაშვილმა კი წააგო, მაგრამ, არათუ პასუხი არ უგია, ძალაუფლების მნიშვნელოვან ბერკეტებსაც კი ინარჩუნებს.

ცხადია, რომ ამერიკელებმა ჩინებულად იცოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ნასახი არ იყო, მაგრამ მხარს უჭერდნენ სააკაშვილის რეჟიმს მანამ, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილის მხარდაჭერის გაგრძელება  დამთავრდებოდა არამარტო ანტისააკაშვილური, არამედ ანტიამერიკული აფეთქებით საქართველოში. ამ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც და ვაშინგტონი აჰყვა ამ რეალობას.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დაინტერესებულია ხმაურიანი საქმეების გახსნითა და რეჟიმის საკვანძო ფიგურების დაჭერით, რადგან ეს გამოიწვევს ამერიკის როლის დისკრედიტაციას. ამერიკისთვის სახისა და სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი, ამიტომაც არის იძულებული ბიძინა ივანიშვილი, ლამის ყოველდღიურად   უმასპინძლოს აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს და ეტაპობრივად თქვას უარი შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაყოფაზე, სოდისა და კუდის გაუქმებაზე, განაცხადოს, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა არ შეიცვლება, აზიზის მეჩეთიც აშენდება, ანუ, ფაქტობრივად, ივანიშვილი იძულებულია, აკეთოს ის, რაც მნიშვნელოვნად ვნებს პირადად მის და «ქართული ოცნების» რეპუტაციას.

ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილს უწევს  არჩევანის გაკეთება, მისი ამომრჩევლის, ქართველი ხალხის, ინტერესებსა და ამ რეგიონში აშშის ინტერესებს შორის.

თუ ივანიშვილი დაიწყებს ხმაურიანი საქმეების გამოძიებას და დაჭერებს, ესე იგი მან საქართველოს ინტერესები უფრო მაღლა დააყენა, თუ მან არ დაიწყო დაჭერები და ეს ყველაფერი მიაჩუმათა, სანამ მიშა საპრეზიდენტო ვადას არ ამოწურავს და მერე სადმე საერთაშორისო ტრიბუნიდან არ დაიწყებს მსოფლიოს დამოძღვრას, თუ როგორი დემოკრატია ააშენა საქართველოში და როგორ უნდა აშენდეს ამგვარი დემოკრატიები ძია სემის დახმარებით სხვა ქვეყნებში, ესე იგი ივანიშვილიც არ არის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში და საქართველოს ინტერესები მისი ხელისუფლების პირობებშიც მეორე პლანზე დადგება.

ამერიკელები და ევროპელები ახლა იმას, რაც საქართველოში მოხდა,  წარმოაჩენენ, როგორც ამერიკელების წარმატებული დემოკრატიული პროექტის გამარჯვებას. ამდენად, ივანიშვილმა ახლა უნდა აჩვენოს ყველას, სინამდვილეში რა დემოკრატია იყო ეს. რა ხდებოდა 9 წლის მანძილზე, როგორ შენდებოდა დემოკრატიის შუქურა სისხლზე, დახვრეტებზე, წართმევებზე, ცოცხით გაუპატიურებებზე, რეზინის ხელკეტებზე და ათას საშინელ უმსგავსობაზე. ქართველმა ხალხმა ეს იცის და ამიტომაც ითხოვს დამნაშავეების სამართლიან დასჯას, სისხლისსამართლებრივ დევნას  ყველა იმ ადამიანისა, ვინც ცოცხებითა და ტყვიებით, ხელკეტებით, ტერორითა და ძალადობით აშენებდა «დემოკრატიულ საქართველოს».

რაც უფრო მეტს გააკეთებს და დათმობს ივანიშვილი სააკაშვილის, როგორც ამერიკელების წარმატებული დემოკრატიული პროექტის, სახის შესანარჩუნებლად, მით უფრო გაუჭირდება მას საკუთარი სახის შენარჩუნება და მით უფრო დაშორდება ქართველ ხალხს.

ქართველი ხალხის იმ ამომრჩევლების, რომლებმაც პირველ ოქტომბერს 41 შემოვხაზეთ, უმთავრესი მოტივაცია, მოთხოვნა და შეკვეთა ჩვენ მიერ მხარდაჭერილი ივანიშვილის მიმართ იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმის მთელი ხელმძღვანელობა, რომელიც უზრუნველყოფდა ამ დესპოტიის დანაშაულებრივ ქმედებებს, უნდა გასამართლდეს და ჩაჯდეს, და არავითარი გარანტიები _ არავის, მათ შორის არც რეჟიმის თავკაცს! თუ ივანიშვილმა ეს რეჟიმი და მისი თავკაცი მიშაც წყნარად გაუშვა, ეს მის ავტორიტეტს დასცემს.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ, თუკი ამერიკელები საპრეზიდენტო არჩევნებამდე  სააკაშვილის «წაყვანაში» ითხოვენ გარანტიებს მისთვის და მაღალი თანამდებობის პირებისთვის, მათ ეს გარანტიები არ უნდა მიიღონ. მესმის, რომ, თუკი ივანიშვილი სააკაშვილისა და რეჟიმის სხვა თავკაცების მიმართ გარანტიების მიცემაზე არ დათანხმდება, მოინდომებს მისი ნამდვილი სახის წარმოჩენას, ეს აზარალებს ამერიკულ მითს «საქართველოში გამარჯვებული დემოკრატიის» შესახებ და სანაცვლოდ, შესაძლოა, ვაშინგტონმა დაიწყოს სააკაშვილის გაძლიერება, რევანშისტული ქმედებებისკენ წახალისებას, რაც უსათუოდ გამოიწვევს არეულობას, მაგრამ… სამართლიანობასა და დამნაშავეთა დასჯას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ნებისმიერ ფასად, თუ სააკაშვილი რევანშსა და არეულობას გადაწყვეტს, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს. ქართველი ხალხი თავად მოიყვანს სისრულეში იმ განაჩენს, რომელიც 1 ოქტომბერს საარჩევნო ურნასთან გამოუტანა მიშნაცებს და მიშა საბოლოოდ დამთავრდება.

ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რა უფრო მნიშვნელოვანია ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდისთვის: აშშ-ის, როგორც მსოფლიოში დემოკრატიის მშენებლების, იმიჯზე ზრუნვა (რაც ჩვენი პრეროგატივა სულაც არ არის), თუ ზრუნვა იმაზე, რომ შეასრულოს ქართველი ხალხის მოთხოვნა _ დასაჯოს და გაასამართლოს რეჟიმის ხელმძღვანელობა, ამ მოთხოვნის შესრულება ხომ ივანიშვილის,  როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერის, პირდაპირი მოვალეობაა.

ხალხი სამართლიანად ითხოვს დამნაშავეების დასჯას,  მიტაცებული ნაძარცვი ქონების  ჩამორთმევას, რათა აღდგეს სამართლიანობა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მომავალ ხელისუფალს აღარ ჰქონდეს დაუსჯელობის განცდა და არ აჰყვეს თარეშის ცდუნებას და ამ დაუსჯელობამ მომავალში არ შვას ახალი დანაშაულები. ეს სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ პოლიტიკურ ელიტას. ყველამ, რიგითმა ამომრჩეველმა, პოლიტიკოსმა, ჩინოვნიკმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება.

ამიტომ გვირჩევნია, რომ აშშ-ის იმიჯზე მეტად ჩვენი ხალხის მოთხოვნასა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვიზრუნოთ.

რაც უფრო მეტად ვაამებთ ამ საკითხში დასავლეთს, მით უფრო ვაწყენინებთ საკუთარ ხალხს.

ხაზგასმით ვამბობ: ხელისუფლების დემოკრატიულ გადაცემაზე ბჟუტური ბლეფია. «დემოკრატია არა კვახი!» _ ამერიკელები იძულებულნი იყვნენ, მიშა მოეშორებინათ, იმიტომ, რომ მან ყველანაირი რესურსი ამოწურა და პრობლემებს უქმნიდა «დემოკრატიის წარმატებული ექსპორტის» მითს, თორემ აქამდეც არაერთხელ «გაუპრავებიათ» მისთვის პირწმინდად წაგებული და დემონსტრაციულად გაყალბებული არჩევნები.

იმის აღიარება, რომ საქართველოში მოხდა «ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარება» და ამით ხბოს აღტაცება, ნიშნავს, რომ ბრმები ვართ. როგორც უკვე ვთქვი, აქამდე სააკაშვილმა, სულ ცოტა, სამი არჩევნები გააყალბა, მაგრამ მაშინ შეარჩინეს ამერიკელებმა, მხრებზე ხელიც მოუთათუნეს, რა დემოკრატი ბიჭი ხარო, და არავის გახსენებია ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელილი ნება, არავის გახსენებია «ძალაუფლების დემოკრატიული გადაბარება», როგორ გავიგოთ ეს? ესე იგი, ის არჩევნები არ იყო დემოკრატიული. მაშინ რატომ აღიარებდნენ მათ ამერიკელები დემოკრატიულ არჩევნებად?

ადამიანები, რომლებზეც უკვე დადასტურებულად ცნობილია, რომ  გარეულნი არიან ამაზრზენ სისხლიან დანაშაულებში, რომელთა ნაწილს ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ელფერი დაჰკრავს,  უცებ გაქრნენ საქართველოდან და თავს აფარებენ დასავლეთ ევროპას და ამერიკას.

მოსახლეობას, ამომრჩეველს აქვს სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა: რატომ იღებს და იფარებს დასავლეთი ამ ხალხს? ანუ რა გამოდის: თუ დემოკრატიის სახელით ჩავიდენ ყოველგვარ ზღვარგადასულ დანაშაულს, არაფერი არ მომივა _ ამერიკა და ევროპა შემიფარებს, როგორც ილფისა და პეტროვის გენიალურ ნაწარმოებშია _ ზაგრანიცა ნამ პამოჟეტ?

დასკვნის სახით კი  ვეკითხები საკუთარ თავს და კიდევ მილიონ ას ოთხმოცდაერთი ათას რვაას სამოცდაერთ  ამომრჩეველს, რომლებმაც ჩემსავით 41 შემოხაზეს: ამაზე ვოცნებობდით?

რა თქმა უნდა, არა და ამ შემთხვევაში გამოსავალიც, თხოვნაც და, გნებავთ, მოთხოვნაც ერთადერთია: ბატონო ბიძინა, მოგვაშორეთ ეს მავნებელი!

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. სრულიად გეთანხმებით ბატონო დავით.ქართველი ხალხი იმედგაცრუებას არავის აპატიებს,უფრო მეტად კი მას, ვისიც ყველაზე მეტად დაიჯერა და სათაყვანებლად გაიხადა. ამიტომ ფრთხილად ბატონებო! თქვენ ვალდებულნი ხართ აღასრულოთ ქართველი ხალხის ნება. მისი დაკვეთა თქვენთვის ცნობილია.კარგად დააკვირდით კიდევ ერთხელ მიტინგებზე და შეხვედრებზე მოსული ხალხის სახეებს და როგორ გგონიათ შეიძლება მათი ღალატი თუნდაც სიცოცხლის ფასად დაუჯდეს ვინმეს? გაძლიერებას, გამთლიანებასა, დიდებას ვუსურვებ საქართველოს და ჩემს არაჩვეულებრივად ბრძენ ქართველ ხალხს!

  2. აბსოლუტურად ვიზიარებ ამ სტატიის პათოსს. ამერიკასთან ლაქუცი ქართველი ხალხის ნების უპატივცემულობას ნიშნავს. სააკაშვილი ნამდვილი კრიმინალია, გაიხსენეთ მისი სიტყვები აფრასიძეების წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციაზე, ეს ხომ ნამდვილი აღიარებითი ჩვენებაა. სააკაშვილის მეთაურობით ყველა კრიმინალი მოხელე უნდა დაისაჯოს. თუ არ უნდათ, რომ ქვეყანაში მათ მიმართ ტერორი დაიწყოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here