Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: შესაძლებელია, ციხეებში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდნენ

დიმიტრი ლორთქიფანიძე: შესაძლებელია, ციხეებში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდნენ

687

გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების ერთკვირიანი მინისტრობის წინადადება უყოყმანოდ მიიღო და ამგვარად, სახალხო დამცველის თანამდებობა გაავაკანტურა. პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ არა მარტო არჩევნების შედეგებზე იმოქმედა, არამედ ის საშინელი სურათიც გაამჟღავნა, რომელზეც საქართველო და მსოფლიო მუდმივად წერდა. გადაუჭარბებელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანის უფლებათა უმძიმეს დარღვევებზე საქართველოს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ლაპარაკობდა. იგი შეურიგებელი იყო სასჯელაღსრულების დაწასებულებებში არსებული ვითარების მიმართ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის რეაქცია მის მიერ დასმულ საკითხებზე ისეთივე არაადეკვატური იყო, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში. პატიმართა ოჯახის წევრებმა უკვე 2 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. ისინი სახალხო დამცველად დიმიტრი ლორთქიფანიძის დამტკიცებას მოითხოვენ. საუბარი სწორედ იმით დავიწყეთ, თუ რამდენად ინფორმირებული იყო იგი პატიმრების წამების შესახებ.  

– ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე და, რაც ყველაზე შემზარავია, წამებაზე ინფორმაციები ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ, მტკიცებულების წარმოდგენამდე არ მიდიოდა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს, როგორც იქნა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში შეიქმნა პენიტენციალური სისტემის მონიტორინგის ჯგუფი, პარლამენტის ხელმძღვანელობამ ეს მხოლოდ გარეგნული ანტურაჟისთვის გააკეთა და არა იმიტომ, რომ ციხეებიდან რეალური ინფორმაცია გამოსულიყო. ოპოზიციიდან ვიყავი მე, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკა ხერხეულიძე წარმოადგენდა. კონკრეტული ფაქტები გამომქონდა მაშინ ციხიდან. კარგად მახსოვს 2009 წლის 9 იანვარი, როდესაც მოულოდნელად დავადექი თავზე ქსნის ზონას. ხელმძღვანელი პირი იყო ვინმე არაქელოვი, წარვუდგინე მას საშვი და  არ შემიშვეს. საშვის გაცემა ბაქრაძის კომპეტენციაში შედიოდა და მისი ნება იყო, მომცემდნენ თუ არა ერთჯერად საშვს. საშვის მოთხოვნა კი კონკრეტული საჩივრის ნიადაგზე შეგეძლო, ისე, უბრალოდ, მას არავინ მოგცემდა.

მაგალითად, შეხვედით, მოისმინეთ საჩივარი და პატიმარმა არასათანადო მოქცევის კონკრეტული ფაქტები დაგისახელათ. მერე რა ბედი ეწეოდა იმ პატიმარს?

– მაგალითად, 2009 წლის იანვარში რომ შევედი, კარცერებში შემზარავი სურათი ვიხილე. ინფორმაციაც გამოვიტანე, საინფორმაციო სააგენტოებითაც გავიდა. ვნახე იქ პატიმრები, რომლებიც შვიდ გრადუს ყინვაში ჰყავდათ შეყრილი გადასაფარებლების გარეშე და პინგვინების პრინციპით თბებოდნენ. ვინც არ იცის, ეს რას ნიშნავს, ავუხსნი, რომ ამ დროს წრეში დგებიან, ვინც გათბება გარეთ გადაინაცვლებს და დანარჩენები შედიან წრეში. დაახლოებით 20-25 ადამიანი იყო, მათ შორის, ერთი – ეპილეფსიით დაავადებული პატიმარი, რომელიც ყოველ ორ საათში ეცემოდა და გულყრა ემართებოდა. მას თავი ჰქონდა გადახსნილი, სისხლი მოსჩქეფდა. პატიმრებმა შემომჩივლეს მაშინ. ზოგიერთი 30 დღეზე მეტხანს იჯდა იქ, რაც მოქმედი კანონის უხეში დარღვევაა. მათ შორის იყო ერთი, გვარად იოსელიანი, რომელსაც სისტემატურად ამყოფებდნენ კარცერში. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ყოფნა გაიგივებულია წამებასთან. ჩემი მონიტორინგი მაშინ იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სხვა უფლებადამცველთათვისაც იყო ცნობილი და მეც ძალიან ბევრჯერ მისაუბრია კონკრეტულ ფაქტებზე, შემდეგ თვითონ ამ პატიმართა მიმართ ეს სავალალოდ შემობრუნებულა. როდესაც ჩემმა მუშაობამ სისტემატური ხასიათი მიიღო და უკვე კონკრეტული სახელები და გვარები გამომქონდა, ვინც პატიმრებს აწამებდა, კონკრეტულად აღვწერდი, რას უშვრებოდნენ პატიმრებს, პარლამენტმა მიღო გადაწყვეტილება, აღეკვეთათ ჩემთვის შესვლის უფლება. ამის ფორმალურ მიზეზად ის მოიტანეს, რომ თითქოს უნდა მომხდარიყო ცვლილება როტაციის წესით.

სად წერია ეს?

– არსად, რა თქმა უნდა. ეს იყო დავით ბაქრაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ის გაამხოვანებინეს ბატონ გია არსენიშვილს, რომელმაც მითხრა: – ბატონო დიმიტრი, თქვენ ჩამოცილებული ხართ თქვენს მისიას, რათა სხვა კოლეგებსაც მიეცეთ საპატიმროებში შესვლის საშუალება. ორკაციანი კომისიიდან გამიწვიეს და ორივე შემოიყვანეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ბატონი ემზარ გელაშვილი, ქარელის მაჟორიტარი და ახალქალაქის მაჟორიტარი ჰარუთინ ჰოვანესიანი, რომელმაც ქართული ენა არ იცოდა. ჩვენ საკითხიც დავსვით ამაზე და გვაინტერესებდა, როგორ ურთიერთობდა ის იმ პატიმრებთან, რომლებმაც არც რუსული და არც სომხური ენა არ იცოდნენ.  როცა ამა თუ კონკრეტული პატიმრის თხოვნით შევდიოდი, ვცდილობდი, მისი კონფიდენციალურობა დაცული ყოფილიყო. ვიცოდი, საკნებში აუცილებლად იქნებოდა ვიდეომოწყობილობა დამონტაჟებული, ამიტომ ვცდილობდი, მათგან ჩურჩულით მიმეღო საჭირო ინფორმაცია.

ყველაზე მძიმე ფაქტი რა გახსენდებათ?

– არ დამავიწყდება ზუგდიდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნანახით მიღებული განცდა. დავინტერესდი ამ შენობის წარმომავლობითაც. აღმოჩნდა, რომ შენობა მეცხრამეტე საუკუნეში მეფის რუსეთის დროს აშენებული საჯინიბო იყო. როგორ წარმოგიდგენიათ საჯინიბოს ადგილას გაკეთებული ციხის საკნები, რომელთა ფართობი ორ კვადრატულ მეტრს არ აღემატებოდა და იქ ორი ადამიანი იხდიდა სასჯელს. ხონის დაწესებულებაში ვნახე 200 ადამიანი ერთ ყაზარმაში, სრულ ანტისანიტარიაში შეყრილი, ფეკალური მასები საძინებელ გარემოსთან ახლოს იყო. უამრავი ადამიანი იტანჯებოდა უკურნებელი სენით. ეს იყო ენით აუწერელი გარემო, რომელიც ხონში ვნახე. განსაკუთრებით შემზარავი მაინც ქსნის ტუბდაწესებულება იყო. ქსნის დაწესებულება სამ ნაწილად იყოფა – მინუსებად, პლიუსებად, რომელსაც პატიმრებმა `ინდია~ შეარქვეს და ცალკე დაწესებულება კარცერებით, სადაც განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებია განთავსებული. იქ გამკაცრებულია შესვლაც, რადგან უკურნებელი სენით დაავადებულები არიან. პატიმრებს იმ კარცერებში სავალდებულო წესით ათავსებდნენ, სადაც არც ძილის საშუალება არ ჰქონდათ, არც ტუალეტის. იქ რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპირებულ, შორი გზიდან მოყვანილ ავადმყოფს ამყოფებდნენ. იქ არაერთი პატიმარი გარდაცვლილა, იგივე კოხტაშვილი. მოთავსებიდან მესამე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა და გარდაიცვალა. პასუხისმგებელი დღემდე არავინაა. თუმცა ესაა ზღვაში წვეთი იმ ფაქტებიდან, რომლებიც იქ ხდებოდა.

ყველაზე შემზარავი, რაც იქ ვნახე, ის იყო, რომ 7-8 კაციან პალატაში ტენიდნენ 15-მდე პატიმარს, უმძიმეს ავადმყოფებს, ტემპერატურის ქვეშ მყოფებს და საღამოს 8-დან დილის 9 საათამდე ამ მდგომარეობაში ჰყავდათ. შემდგომში, როგორც გავიგე, დაწესებულების ხელმძღვანელობამ სასტიკი საყვედური მიიღო ჩემი შეშვების გამო. იმის გამო კი არა, რომ ასე ექცეოდნენ ავადმყოფ პატიმრებს, არამედ იმის გამო, რომ მე ეს სიტუაცია ვნახე. იქ ძალიან ბევრი პატიმარი ვნახე, რომლებმაც იცოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც იქ არსებულ სიტუაციაზე მომიყვებოდნენ, აუცილებლად დასჯიდნენ, თუმცა თავს მოვალედ გრძნობდნენ, რომ მაინც ესაუბრათ. შემდგომში, სხვათა შორის, საკუთარი განცხადებით განთავისუფლდა ტუბდაწესებულების მთავარი ექიმი. იგი პარლამენტში მოვიდა ჩემთან და მომიყვა იმ შემზარავი პრაქტიკის შესახებ, რომელსაც ახორციელებდნენ ბაჩო ახალაიას ხელისბიჭები.

სხვათა შორის, ბაჩო ახალაიას ყველა მეგობარი იყო წარმოდგენილი სასჯელაღსრულების დირექციის ამპლუაში. ერთერთი მეგობრის სახელიც კი მახსოვს, რომელიც იმ დაწესებულებაში მუშაობდა. მას ჰქონდა ფსევდონიმი ნინძა და იგი პირადად უსწორდებოდა ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს. ეს დაწესებულება იმითაც იყო საზარელი, რომ საპირფარეშომდე მისასვლელი გზა ფეკალური მასებით იყო დაფარული, რომელშიც აგურები იყო ჩადებული და მხოლოდ ამ გზით შეეძლოთ პატიმრებს საპირფარეშომდე მისვლა. მაშინ მახსოვს ამ „ინდიაში“ 250-მდე პატიმარი იყო. ამ გადატვირთულობის, სიბინძურისა და ანტისანიტარიის გამო შეარქვეს პატიმრებმა ამ ადგილს „ინდია“. 577 ადგილზე 1200 ავადმყოფი პატიმარი იყო მოთავსებული. საკანში რომ შეგეხედათ, დაინახავდით გაბუღულ ოთახს, ერთმანეთზე მიწოლილ დაჩაჩანაკებულ, დაშინებულ პატიმრებს, ანტისანიტარიის კერას. ამას ზედამხედველების მხრიდან მუდმივი ტერორი და მუქარა ემატებოდა.

ამ ყველაფერს პარლამენტში რომ ყვებოდით, მმართველი გუნდის დეპუტატებს რა რეაქცია ჰქონდათ?

– მმართველი პარტია და სასჯელაღსრულების მინისტრები, როგორც კალმახელიძე, ასევე შაშკინი, ახალაია აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ მართალია, პარლამენტის ტრიბუნიდან მძიმე ბრალდება გაჟღერდა დეპუტატ დიმიტრი ლორთქფანიძის მიერ, მაგრამ  ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი, უნდა დაველოდოთ თურმე სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებას და, რომ ის იქნება მხოლოდ ობიექტური, ხოლო არსებული ობიექტური მასალებიდან გამომდინარე, ხელისუფლება აკეთებდა და გააგრძელებს, რასაც აკეთებდა და მიიყვანს ამ დაწყებულ რეფორმას ბოლომდე; რომ უმჯობესია, ლორთქიფანიძემ თვალი კარგად გაახილოს და დაინახოს ის, რაც კეთდება. ამაზე ლორთქიფანიძე არ აკეთებს განცხადებებს და, შესაბამისად, მის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც არის სუბიექტური და სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი დარტყმები კეთდებოდა ჩემ წინააღმდეგ.

მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძემ კრიმინალების დამცველიც გიწოდათ.

– არა მხოლოდ კრიმინალების დამცველი. ბაქრაძემ ჩემ მიმართ ბინძურ ცილისწამებას მიმართა. გახსოვთ, როდესაც მე მას `ფეისბუქელი~ მეგობრების ბიუჯეტის ხარჯზე დაპატიჟება გავუკრიტიკე, მან თქვა, რომ ეს კარგი პრაქტიკის დანერგვა იყო, თუმცა ცუდია, როდესაც დეპუტატი ჰპირდება პატიმრის მშობელს რაღაც საფასურის სანაცვლოდ მომსახურეობის გაწევას. მე მოვთხოვე მას, დაესახელებინა, ვის გულისხმობდა, თუმცა მან ამისგან თავი შეიკავა. ამის შემდეგ იძლებული გავხდი, საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მიმემართა სასამართლოსთვის, თუმცა სასამართლომ დავის საგნის არარსებობის გამო, საქმე უკან გადმომიგდო. ამის შემდეგ რაც მოხდა, ამას ექსკლუზიურად გეტყვით. ხვალ აუცილებლად გახდება ეს მსჯელობის საგანი, რადგან, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ბაქრაძის ამ განცხადების შემდეგ პროკურატურა შეეცადა, სისხლის სამართლის საქმის ფაბრიკაცია მოეხდინა. საქმე აღუძრეს ორ ქალბატონს, რომელთა სახელებსაც ჯერ არ დავასახელებ მათი ინტერესებიდან გამომდინარე და ერთ-ერთი ქალბატონისგან პირდაპირ მოითხოვდნენ, თუ უნდოდა, თავისუფლება შეენარჩუნებინა, დაედო ხელი ჩემთვის, მაგრამ ის აცხადებდა, რომ საერთოდ არ მიცნობდა. ადვოკატია ის ქალბატონი. მისი ოჯახის წევრი გამეცნო შემდეგ და მომიტანა სისხლის სამართლის მასალები. მაშინ მივმართე ძალიან ცნობილ იურისტს _ ნინო ნიშნიანიძეს. ჩვენ ერთობლივი ბრიფინგი გავმართეთ. შევედი ბაქრაძესთან და პირდაპირ ვუთხარი: – როგორ არ გცხვენიათ, როდესაც იცით, რომ მსგავსი ფაბრიკაცია მიმდინარეობს პროკურატურაში ჩემ მიმართ? ბაქრაძემ განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ რაღაც საქმის წარმოება მიდიოდა, თუმცა რას ეხებოდა ის, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ამის შემდეგ დეპუტატი თამაზ დიასამიძე ჩავისვი მანქანაში და პირდაპირ პროკურატურაში გავაქანე. ვცადე, ძალით შევსულიყავი მურთაზ ზოდელავას კაბინეტში და მეიძულებინა ის, აბოლუტურად ყველაფერი ეთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან მქონდა შეხება, თუმცა მურთაზ ზოდელავამ არ ისურვა მაშინ ჩემთან შეხვედრა. დაიმალა და ამის მოწმე გახლავთ ბატონი თამაზ დიასამიძე. უნდოდათ ცილი დაეწამებინათ ჩემთვის, მაგრამ, რაც არ არსებობდა რეალურად, საქმეს ვერ შეკერავდნენ და ასე დარჩა განუხორციელებელი მათი მიზანი, თუმცა ის ადვოკატი ქალბატონი სასჯელს იხდის დღემდე და მის მდგომარეობაში ძალიან ბევრი პიროვნებაა. მე ვაპირებ ამ მიმართულებითაც ვიმუშაო მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვა. 

პატიმრების წამებაზე თუ გქონდათ ინფორმაცია?

– წამების, არაადამიანური მოპყრობის, ღირსების შემლახავი ფაქტები ჩემთვის კონკრეტულ შემთხვევაში ცნობილი გახდა სახალხო დამცველის იმ ანგარიშებიდან, რომლებშიც მითითებულია გარემოებები, პატიმრების ინიციალები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ეს ყველაფერი. კონკრეტული ფაქტებია აღწერილი, რომლებიც ლეტალურად დასრულდა. ყველაზე შემზარავი აღმოჩნდა ის მონაცემი, რომლის თანახმადაც ირკვეოდა, რომ 142 გარდაცვლილი პატიმრიდან ყოველ მესამეს აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რაც არ იყო კავშირში სამედიცინო მანიპულაციასთან, ანუ სახეზე იყო წამების კვალი. პარლამენტში ამაზე განგაშის ზარებიც დავარისხეთ, მაგრამ კარგად გვახსოვს ხათუნა კალმახელიძის უტიფარი პასუხი, რომ გარეთაც იხოცებიან ადამიანები ხანდაზმულობის მიზეზით. მოვთხოვე, გარდაცვლილ თამაზ დადვანის საქმის გარემოებასთან დაკავშირებით გაეკეთებინა განცხადება. ეს ის პატიმარი იყო, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა 2011 წლის დეკემბერში. 23 წლის საღსალამათ, ჯანმრთელ ადამიანს ტრანკვილიზატორებს აძლევდნენ გამუდმებით და ერთი თვის განავლობაში, ფაქტობრივად, ეძინა. ბოლოს დედამ რომ მოინახულა, ვერ იცნო თავისი შვილი. ჰკითხა მისი ასეთი მოთენთილობის მიზეზი, რაზეც მან უპასუხა, რომ ყოველდღე აძლევდნენ საძილე საშუალებებს. ერთი თვის თავზე ის აღესრულა ისე, რომ ხათუნა კალმახელიძეს პასუხისგებლობა არ აუღია ამ საკითხზე.

კარგად მახსოვს კახაბერ თედლიაშვილის საქმეც, რომელიც გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე აფრთხილებდა ყველას, რომ მოკლავდნენ. ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენე, რომ ამეტეხა განგაში ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. მისი საქმე დღემდე არაა გამოძიებული. ცნობილია, რომ მის ხელთ აღმოჩნდა 2 მეტრის სიგრძის ბინტი, რითაც მან თავი მოიკლა, თუმცა როგორ აღმოჩნდა ეს ბინტი პატიმრის ხელში კარცერში, არავინ გამოიძია. არც ის, თუ რატომ ამბობდა მსჯავრდებული ერთი კვირით ადრე, რომ მას მოკლავდნენ. დღემდე არ გამოუძიებიათ ეს საქმე. ასეთი კიდევ მრავალი საქმეა.

კარგად მახსოვს ქალბატონ ლიდა კორძაიას მიერ მოცემული წერილი, სადაც ბაჩო ახალაიას სწერდა, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში მყოფ პატიმარ, ბატონ ნუგზარ გურჩიანზე უნდა განხორციელებულიყო თავდასხმა, რომ განზრახული იყო მისი ლიკვიდაცია და რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები. ეს წერილი დათარიღებული იყო 14 თუ 15 მაისით და ივნისში ეს პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს საკუთარ საკანში. ესენი იყო, ფაქტობრივად, შეკვეთილი მკვლელობები, რომლებზეც ხმას ვერავინ იღებდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ციხეში გარდაცვლილი პატიმრების ორგანოებით ვაჭრობდნენ, რადგან როცა ახლობლებს მათ ცხედრებს ატანდნენ, ორგანოები ამოცლილი ჰქონდათ.

– სხვათაშორის, ამ ინფორმაციას არსებობის უფლება აქვს. უამრავი შემთხვევა ვიცი, რომ ციხეში გარდაცვლილ პატიმრებს შიგნეულობა ამოცლილი ჰქონდათ. ამდენად, შესაძლებელია, ციხეებში ადამიანების ორგანოებით ვაჭრობდნენ.

თქვენ წამების ფაქტებზე მკითხეთ და არ შემიძლია არ გავიხსენო პატიმარ ბადრი დავრაშოვის საქმე. მის სახელსა და გვარს მისი თანხმობით ვასახელებ. იგი სასჯელს იხდიდა ბოლო ორი თვის განმავლობაში ე. წ. რეზბალნიცაზე. ეს ადამიანი არის თვითმხილველი იმ გახმაურებული წამებების, რომელიც პატიმრების გარდაცვალებით დასრულდა. საუბარი ეხება დუმბაძის, ბარათაშვილის, გიორგი ოქროპირიძის გახმაურებული წამების საქმეებს. ბატონი დავრაშოვი ამჟამადაც მკურნალობის კურსს გადის, რადგან სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან ცენტრალური არტერია გადაიჭრა მარცხენა და მარჯვენა ხელზე. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ იძულებული გავხდი, 30 სექტემბერს გადავმხტარიყავი ღობეზე და პატიმრამდე შემეღწია. ეს იყო არჩევნების წინა დღეს. ჩანაწერიც მაქვს, როგორ ვესაუბრე მას მაშინ. მან აღმიწერა, რა გარემოებაში გარდაიცვალა დუმბაძე, როგორ აუპატიურებდნენ ბარათაშვილს, როგორ „სკოჩავდნენ“ პატიმრებს, ხდიდნენ წელს ქვევით და აუპატიურებდნენ სხვადასხვა საგნების გამოყენებით და არა მხოლოდ. ამას იღებდნენ ვიდეოზეც და ფოტოთიც. შემდეგ ემუქრებოდნენ, რომ გააქათმებდნენ. მაგალითად, დუმბაძეს აგინებდნენ დედას, რის გამოც მან ვენები გადაიჭრა და ეს ადამიანი ისე დაიცალა სისხლისგან, არავინ დახმარებია. ასევე წამებითაა მოკლული საკარანტინო დაწესებულებაში სერგო თეთრაძე. ყველამ დაინახა, როგორ შეიყვანეს 60 წელს გადაცილებული ყოფილი პოლკოვნიკი იქ და შემდეგ გვამი გამოიტანეს. იქიდან ესმოდათ არაადამიანური ყმული, ყვირილი ადამიანისა, რომელიც შველას ითხოვდა.

სააკაშვილმა თავიც კი მოიწონა, რომ, როგორც კი აღმოვაჩინეთ წამების ფაქტები, მაშინვე დავაკავეთ დამნაშავეებიო, თან განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები ყველა ქვეყნის საპატიმროებში ხდება.

– შემთხვევით არ ვახსენე ვიდეო და ფოტოგადაღებები. არ გამიკვირდება, თუკი ერთხელაც ვიღაცის პირად არქივში აღმოჩნდება ეს ჩანაწერები. ის, რომ წამების ფაქტები რამდენიმე წელი მიმდინარეობდა, ამას ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმარი მიშა ამაშუკელიც ადასტურებს. მან დეტალურად აღწერა ის ფაქტი, რომელსაც ქუთაისის დაწესებულებაში ჰქონდა ადგილი. ერთი პატიმარი გამოიყვანეს და სხვა პატიმრების დასანახად, რომლებიც ამ ყველაფერს „ვალჩოკებიდან“ უყურებდნენ, ისე სცემეს, სისხლის გუბე დააყენეს. შემდეგ გამოიყვანეს მისი 4 თანასაკნელი და აიძულეს, ოთხზე დამდგარიყვნენ და ეს სისხლი ენით აელოკათ. გლდანში, მაგალითად, წესად იყო ე.წ. კარმუშკაში შეხედვა და დაძახება – აბა, რამდენიც ხართ, გამოდით და საპირფარეშოში შედითო. საპირფარეშო კი 2 კვადრატული მეტრია. 7 პატიმარი უნდა შეტენილიყო შიგნით და რამდენიმე საათი ყოფილიყო იქ. თუ კარი გაიღებოდა და რომელიმე გაბედავდა გამოსვლას, ყველა გაყავდათ საშხაპეში და შლანგებით სცემდნენ. ამას ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. ყველა პატიმარი, რომელიც გლდანში იჯდა, აღნიშნავს, რომ ღამით ვერ იძინებდნენ, რადგან წამებით გამოწვეული ყვირილისა და ღმუილის ხმა ისმოდა.

პატიმრების მშობლებმა უკვე 2 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს  სახალხო დამცველის თანამდებობაზე თქვენს წარსადგენად.

– დღეს როგორც სახალხო დამცველი, ასევე გენერალური პროკურორი, იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობა ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ წინ აღუდგნენ სახელწიფო მაფიას, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ეს ადვილი არ იქნება. დღეს სახალხო დამცველმა, ერთის მხრივ, უნდა დაიცვას მათი უფლებები, ვის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა, და მეორე მხრივ, უნდა მიადევნოს ყურადღება, რომ აუცილებლად დაისაჯონ ჯალათები. მან ყოველი კვირის ბოლოს უნდა გააკეთოს ანალიზი და არა წელიწადში ერთხელ ასახოს ეს თავის ანგარიშში. უბედურება ისაა, რომ წამების ფაქტები ეპიზოდური კი არ იყო, არამედ სისტემურ ხასიათს ატარებდა და ამ რეჟიმს ადამიანობის წინააღმდეგ აქვს ჩადენილი დანაშაულები.

როგორი დასაცავია იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელთა კისერზეცაა პატიმართა წამება?

– ამისთვის არსებობს კანონი და ისინი უნდა დაისაჯონ. მეტსაც გეტყვით, სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორთან ერთად უნდა ჩაერთოს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეებში და პარლამენტის, ხელისუფლების პარტნიორი უნდა გახდეს. პირველი, რასაც ბატონი ტუღუშისგან მოვიხოვდით, მას უნდა ეღიარებინა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები, რასაც ვერ მივაღწიეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წამოყენების ინიციატივა, ჩემთვის მოულოდნელად, ფართო საზოგადოებიდან წამოვიდა და არა რომელიმე კერძო სეგმენტიდან. სხვა საკითხია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ახალი პარლამენტი.

 

ესაუბრა ლილი მიროტაძე

 

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here