Home რუბრიკები პოლიტიკა ძია სემის მორიგი ფოკუსი

ძია სემის მორიგი ფოკუსი

1284

„ქართული ოცნების“ გამარჯვებით აღფრთოვანებულ ხალხს „უფროსი ძმა“ ნათლად მიანიშნებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ შედეგები გადახედვას არ ექვემდებარება. პირსისხლიანი რეჟიმი, რომლის გასტუმრებასაც ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ, არსად არ წასულა, მეტიც – ოკენისგაღმელი პატრონები აშკარად გვაჩვევენ იმას, რომ იგი დემოკრატიის ნიმუში და პატრიოტიზმის მაგალითია. „დემოკრატიის შუქურა“ ახლა უკვე შუქურაზე მეტია; იგი „დემოკრატიული პროგრესისა და წარმატების“ ფლაგმანი ხდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ოპოზიციაში გადასული პარტიის ლიდერს და შეთავსებით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბარაქ ობამას წერილი გადასცა, 
რომელშიც ნათქვამია: „ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის დასაცავად და თქვენი ქვეყნის მომავლის ევროპასთან დასაკავშირებლად შეუძლებელია გაკეთებულიყო იმაზე მეტი, ვიდრე ისეთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა, როგორიც დაადასტურებდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებას… ახლა, როდესაც არჩევნებმა უკვე ჩაიარა, მსოფლიო ხედავს, რომ საქართველომ ეს ეტაპი თქვენი ლიდერობით გადალახა“.

ერთი სიტყვით, არც იფიქროთ, რომ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების გამო ვინმეს პასუხს მოთხოვთ – მთავარი ის არის, რომ სააკაშვილმა საარჩევნო ურნებთან არ დაგვხოცა! ამერიკის შეერთებული შტატები ცოცხალი თავით არ აღიარებს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში დემოკრატიის სახელით მოქმედ ბანდას უჭერდა მხარს. „თავისუფალ და სამართლიან“ არჩევნებს უწოდებენ იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩვეული უტიფრობით მიიწერა ამომრჩევლის ხმები და 40 პროცენტი გაიფორმა! პირიქით, ობამას ეს წერილი სამომავლოდ სააკაშვილის „დემოკრატიულ მემკვიდრეობას“ უყრის საძირკველს.

„ეს არის თქვენი დემოკრატიული პროგრესისა და ამ კურსის მიმართ ერთგულება, რაც თქვენი მტკიცე მემკვიდრეობა იქნება. მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგები თქვენთვის და თქვენი მხარდამჭერებისთვის დიდი იმედგაცრუება იყო, ამ შედეგებმა აჩვენა, რომ თქვენი მმართველობის დროს საქართველოში ჩამოყალიბდა მოქნილი და კონკურენტუნარიანი დემოკრატია. წინსვლისთვის საქართველოს დასჭირდება, რომ თქვენ განაგრძოთ ქვეყნის მართვა და პარლამენტთან და „ქართული ოცნების“ კოალიციის ლიდერებთან ერთად იმუშაოთ, რათა მთავრობის გადაბარებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. თქვენ ერთად გეკისრებათ პასუხისმგებლობა, განაგრძოთ თქვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. თქვენმა საჯარო განცხადებებმა არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით, დაამტკიცა, რომ თქვენთვის უპირველესი ყველა ქართველის ინტერესის გათვალისწინებაა“.

შეერთებულ შტატებს სწორედ ასეთი ხელისუფლება სჭირდება საქართველოში; არცერთს არა აქვს გადამწყვეტი უმრავლესობა. ერთიც და მეორეც შეკავებულ მდგომარეობაში ჰყავთ და არცერთს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ მკვეთრი მოძრაობა გააკეთონ. „დარჩი ჩვენთან, არ მიგვატოვო“, – მიმართავს ობამა სააკაშვილს. პასუხისმგებლობაც ორივეს გეკისრებათო, შეახსენებს. თუ იმას, რაც საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში ხდება, მართლაც „ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება“ ეწოდება, რაღას ვერჩოდით სააკაშვილს? მაინც აქ არის და სამუდამოდაც დარჩენილიყო! თუმცა არის ასეთი ფრთიანი გამოთქმა: „წადი, რათა დაბრუნდე“!

ამასობაში სააკაშვილისაკუთარ უფლებამოსილებას სრულად იყენებს და რეგიონებში რწმუნებულებს ნიშნავს. კახეთის რეგიონში რწმუნებულად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა, იმერეთში – ვახტანგ ბალავაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ზაზა გოროზია, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთში – გიორგი ჭელიძე. საკუთარ კრეატურას ხელფასებს უზრდის და პარტიულ მშენებლობასაც განაგრძობს. ბიძინა ივანიშვილი კი ბოლომდე იმასაც ვერ ამბობს, რომ მის წინააღმდეგ რევანშისტული გეგმა არსებობს.

„რაც შეეხება რევანშისტულ გეგმას ჩემს წინააღმდეგ, ასეთი გეგმა არ არსებობს და საზოგადოებას შეუძლია მშვიდად იყოს. თუმცა არ გამოვრიცხავ ასეთი გეგმის მზადებას, ჩვენ პოლიტიკური დევნის განხორციელებას არ ვაპირებთ და ამგვარ გეგმებს მათი არსებობის შემთხვევაში სამართლიანი სასამართლო გაარჩევს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ვიდრე ჩვენი ამერიკელი ძმები სასამართლოსაც ისეთივე „სამართლიანად“ არ მოგვინათლავენ, როგორც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებს, რევანშისტების გასამართლების იმედი არ დაგკარგვოდეთ, უსამართლობის გამოსწორება კი დღესაც ისევე შორია, როგორც 1 ოქტომბრამდე! ყოველ შემთხვევაში, ობამას წერილი ზუსტად ამაზე მიგვანიშნებს…

თამარ დავითულიანი 

1 COMMENT

  1. შემაშფოთებელი წერილია!!!! რეაგირება ნამდვილად საჭიროა!!! მე ამ წერილმა საგონებელში ჩამაგდო!!! არის კი ამ წერილის ავტორი დემოკრატი?!

  2. უკაცრავად, მაგრამ რომელ დემოკრატიაზე საუბრობთ?…აშშ-ს უშუალო მითითებით "დემოკრატიულად" დაემხო ეროვნული ხელისუფლება საქართველოს რესპუბლიკაში და მას შემდეგ წარმატებით შენდება "დემოკრატიული წეს-წყობილება" შევარდნაძის, სააკაშვილისა და ამჯერად დამატებული ივანიშვილისა და მისი ამერიკული ქართული ოცნების ეგიდით…ჯერ სად ვართ, მთელი სიურპრიზები წინაა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here