Home რუბრიკები პოლიტიკა კა(დ)რუსელი

კა(დ)რუსელი

1013


–        შედი, ქალო, ბუდკაში!

–        არ ვარ იმნაირი!

–        შედი, ქალო, ბუდკაში!

–        არ ვარ იმნაირი!

–        შედი, რანაირიც გინდა, იმნაირი იყავი, აფეთქებაა, არ დაიღუპო!

ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის საბოლოო შემადგენლობის წარდგენა ამ ძველი ჭიათურული ანეკდოტით დაიწყო. „ჩემი ბავშვობისდროინდელი ანეკდოტია – მაღაროებს რომ აფეთქებდნენ ჭიათურაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა. შემდეგ დასძინა, არ მოსწონთ, ასე ხუმრობით რომ ვიწყებ მთავრობის წარდგენასო. ახლა მთავარია, მთავრობის დამტკიცების შემდეგაც ხუმრობის ხასიათზე იყოთ, ბატონო ბიძინა, თორემ ჩვენი მოსაწონი მთავრობა საქართველოს დღემდე არ ჰყოლია!

რაღაც რომ არც თვითონ მოეწონა, ცხადია, რადგან უკვე წარდგენილი კანდიდატები შეცვალა. ამირან გამყრელიძის ნაცვლად ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად დავით სერგიენკო დაასახელა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობდა. „კარგი პედიატრია, კარგი რეანიმატოლოგი და კარდიოლოგიაშიც ერკვევა“, – ბრძანა ივანიშვილმა. ეს სამმაგი დატვირთვა „ექიმის, მეწარმის და ლიდერის“ მოგონებებს აღძრავს (საოცარი დამთხვევით, ისიც გამყრელიძე იყო გვარად), თუმცა ამ კანდიდატის ერთ–ერთი ღირსება ისიც არის, რომ იგი ქართულად ჩინებულად მეტყველებს. სერგიენკო კონკრეტიკისგან თავს იკავებს, ხოლო გამყრელიძის (ამირანის) დანაპირებ უმუშევრობის კომპენსაციას და მომატებულ პენსიას მას რომ ვეღარავინ მოთხოვს, ეს ნათელია.

ივანიშვილის უშუალო კადრია აგრეთვე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც „ქართუ ბანკის“ ტოპმენეჯმენტში მუშაობდა. სულ მას 18–წლიანი წარმატებული კარიერა ჰქონია, რომელთაგან 13 წელი საფინანსო სისტემებში უმუშავია. ამის მიუხედავად იგი ივანიშვილმა ფინანსთა მინისტრად როდი წარადგინა; იქ ნოდარ ხადური წამოაყენა, რომელიც მანამდე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ მოიაზრებოდა. ასე და ამგვარად, წარმატებული ფინანსისტი ეკონომიკის მინისტრი იქნება, ხოლო ეკონომიკური განვითარების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი – ფინანსთა მინისტრად. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კანდიდატურაც შეიცვალა – ამ პოსტს დროებით დავით ნარმანია ჩაიბარებს, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატად  ადრე წამოყენებული კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრი გახდება. იგი ერთნაირად შორს არის რეგიონული განვითარებისგანაც და ენერგეტიკისგანაც,  თუმცა, ძირითადი თანამდებობის შეცვლის მიუხედავად, იგი ვიცე-პრემიერის ადგილს მაინც შეინარჩუნებს.

განათლების მინისტრობის კანდიდატად დასახელდა გიორგი მარგველაშვილი, რომლის დაყოლიებაზეც ივანიშვილს ყველაზე მეტი დრო დახარჯვია. ეს ის გიორგი მარგველაშვილია, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი პოლიტიკოსები და ამიტომ გიგა ბოკერია პოლიტიკაში უთუოდ უნდა დარჩეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნატვრა მას უკვე აუსრულდა. ბოკერია არა მარტო დარჩა პოლიტიკაში, არამედ ორ ბანაკს შორის ხიდად არის გადებული!

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დავით დარახველიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ამბროლაურის მაჟორიტარული არჩევნები „ნაციონალ“ ენუქიძესთან სულ რაღაც 126 ხმით წააგო. ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომ დარახველიძე შევარდნაძის რწმუნებული იყო რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში. გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად ხათუნა გოგოლაძე დასახელდა.

სააკაშვილის საკადრო კარუსელებს საქართველო იმდენად შეეჩვია, რომ აღარც ვერონიკა ქობალიას „მდგრადად განვითარებული“ ეკონომიკა აოცებდა და აღარც უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნილი მინისტრები თუ პროკურორები. რამ გამოიწვია ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი მთავრობის წევრების ეს კადრუსელი, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ რაკი მომავალმა პრემიერ–მინისტრმა მთავრობის წევრთა წარდგენა ანეკდოტით დაიწყო, ჩვენც ასევე დავასრულოთ: საბჭოთა ხანაში კომპარტიის ცეკაში ერთი გლეხი მისულა და უთხოვია, რამე ისეთ სამსახურში გამამწესეთ, არაფერი რომ ვაკეთო და ჰალსტუხ–კოსტუმით ვიაროო! უპასუხეს: – ეს, ბატონო, ასე არ ხდება, კადრების ამბავია! – თქვენ მიმიღეთ და მე ვიკადრებ, ბატონო, ვიკადრებო! – უპასუხა ენამახვილმა გლეხმა.

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here