Home რუბრიკები საზოგადოება ნოდარ ეფრემიძე: 7 ნოემბერს ხალხის დარბევაში 3 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა

ნოდარ ეფრემიძე: 7 ნოემბერს ხალხის დარბევაში 3 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა

1012

ყოფილი სამხედრო ომბუდსმენი, სამხედრო ექსპერტი ნოდარ ეფრემიძე სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში სამხედრო სფეროში მიმდინარე პროცესებსა და მანკიერებებზე საუბრობს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს სააკაშვილმა რკინის ფარდა ჩამოაფარა და ჩაკეტა, დაშინებული და ნაცემი ჯარისკაცები კი ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდნენ.

_ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ უზარმაზარი დაფინანსება მიიღო. მოიმატა ჯარში ხელფასებმა, ჯარისკაცებს კარგად ჩააცვეს და კვებავდნენ, ფინანსური პრობლემები აღარ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯარისკაცებს კარგი მატერიალური უზრუნველყოფა ჰქონდათ, სხვა პრობლემამ იჩინა თავი: მეთაურების დანიშვნა დაიწყო პოლიტიკური ნიშნით, ანუ მოხდა ჯარის პოლიტიზირება. სამხედრო ძალებში მეთაურები, ბრიგადის მეთაურები და ბატალიონის მეთაურები ინიშნებოდნენ პოლიტიკური ნიშნით, ანუ  ვანოს კაცი, ბაჩოს კაცი, მიშას ნათლული და ა. შ.

_ დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს რა ხდებოდა?

_ კეზერაშვილის მინისტრობის დროსაც ასე იყო და ბარამიძისა და ოქრუაშვილის დროსაც. საერთოდ, ყველა მინისტრის დროს, ფაქტობრივად,  თავდაცვის სამინისტრო იყო პოლიტიკური ორგანო ხელისუფლების ხელში და ამას ხშირად იყენებდნენ ხალხის საწინააღმდეგოდ. თუ გახსოვთ, 7 ნოემბრის აქციის დროს ხალხის წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანეს. მაშინ შინაგანი ჯარის სპეცრაზმმა დაარბია მიტინგი.

_ ჯარს ჰქონდა დარბევის ბრძანება, რამდენი ჯარისკაცი  გამოიყვანეს 7 ნოემბრის მიტინგის დასარბევად?

_ თუ არ ვცდები, 7 ნოემბერს ხალხის დარბევაში 3 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა და კიდევ იყო ე.წ. შავფორმიანი სამოქალაქო ტიპები, ასე დავარქმევ მათ, ვინც ნიღბებში იყვნენ და ხელკეტებით არბევდნენ მოსახლეობას.

სამხედროების ხალხთან დაპირისპირება ყოვლად  დაუშვებელია, მაგრამ სააკაშვილმა ჯარისკაცები გამოიყენა ხალხის დასარბევად. ჯარი იმდენად იყო პოლიტიზირებული, რომ თითქოს იდეოლოგიური ვაქცინა შეუშვეს მათ ტვინში, რომ ისინი, ვინც ოპოზიციურად იყვნენ განწყობილნი, იყვნენ მათი მტრებითითქოსდა მათ უნდოდათ ხელისუფლების დამხობა. არადა, ეს ადამიანები მოითხოვდნენ სამართლიანობას და სამუშაო ადგილებს, მაგრამ, თუ გახსოვთ, მაშინ როგორი მოტივირებული გამოძიება ჩაატარეს… როდესაც მაშინდელი აქციის ლიდერებზე გამოცხადდა ძებნა, სისხლის სამართლის საქმეც კი  აღიძრა, თითქოს ოპოზიციის ლიდერები რუსეთიდან იმართებოდნენ და ა. შ. მაშინ ამაში სამხედრო ძალები იყვნენ ჩართულნი, რაც ყოვლად დაუშვებელია.

ახლა თუ შევადარებთ შევარდნაძის პერიოდს სააკაშვილის  მმართველობის პერიოდს, თუ შევარდნაძის დროს «დედოვშინა» იყო, სააკაშვილის პერიოდში არაფორმალური ლიდერების პრობლემა გაჩნდა, შეიძლება სამხედრო მოსამსახურე ყოფილიყო რიგითი, მაგრამ მას იმხელა გავლენა და პოლიტიკური ზურგი ჰქონოდა, რომ, ფაქტობრივად, ის იღებდა გადაწყვეტილებას.

 გარდა ამისა, ჯარი იყო ინფორმაციულ ვაკუუმში. სააკაშვილის მმართველობის დროს სამხედრო ნაწილები ჩაიკეტა, მათ შორის, ჩემთვის, როგორც სამხედრო ომბუდსმენისთვის. ვერც სახალხო დამცველი ვერ შედიოდა იქ და, საერთოდ, ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. ფაქტობრივად, ჯარიდან ინფორმაციის გამოტანა შეუძლებელი იყო. ჯარისკაცები იმდენად დაშინებულნი იყვნენ, რომ ხმამაღლა ვერ ბედავდნენ რაიმეს თქმას და ჩურჩულით ან საიდუმლოდ თუ გვეტყოდნენ იმ დარღვევების თაობაზე, რომლებიც ჯარში ხდებოდა.

_ რამდენი სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს «ვარდების რევოლუციის» შემდეგ?

_ რევოლუციის შემდეგ 4 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს, ლეიტენანტის თანამდებობიდან დაწყებული პოლკოვნიკის თანამდებობის ჩათვლით. იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც საპენსიო ასაკი ჯერ არ ჰქონდათ და ხელისუფლება პოლიტიკური მოსაზრებების გამო მიუღებლად თვლიდა, იძულების წესით აწერინებდნენ განცხადებას სამხედრო ძალებიდან ნებაყოფლობით წასვლის შესახებ. და ეს ხდებოდა ყველა მინისტრის დროს. შეურაცხყოფილნი და დამცირებულნი გამოუშვეს სამხედრო მოსამსახურეები, ყოველგვარი პენსიისა და კომპენსაციის გარეშე. ვფიქრობ, ამ პერიოდში უამრავი პრობლემა დაგროვდა სამხედრო ნაწილებში, მაგრამ  ვიზუალურად დღესაც ყველაფერი ძალიან ლამაზია: ყაზარმები სტანდარტებთან არის მიახლოებული (სხვათა შორის, ივანიშვილის დაფინანსებით აშენებული), ყოველივე ამის მიღმა კი იმალება მთავარი _ გაუგებარი, ანუ არაპროფესიონალური ნიშნით დანიშნული მეთაურები (ვიღაცის კაცი), ასეთია 80%. 

_ სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებულები დღეს სასჯელს იხდიანამირიძესა და კობა ოთანაძეს შესაბამისად ოცი და ოცდაათი წელი აქვთ მისჯილი. როგორ ფიქრობთ, გადაიხედება მათი საქმეები? ფიქრობთ, რომ ისინი უდანაშაულოდ დააპატიმრა სააკაშვილის ხელისუფლებამ?

_ გეუბნებით, რომ არავითარი ამბოხი არ ყოფილა, ეს ადამიანები ხალხის წინააღმდეგ არ წასულან. მათ ჰქონდათ დავალება, დაერბიათ საპროტესტო აქცია, მაგრამ, იმის გამო, რომ მუხროვანის სამხედრო ბატალიონმა არ შეასრულა ეს ბრძანება და არ დაუპირისპირდა ხალხს, არ დაარბია ისინი, ამიტომ მათ დააბრალეს ამბოხი და დააპატიმრეს. ახლა ხალხის დარბევის ბრძანებას ვერსად ნახავთ, რადგან ეს იყო სიტყვიერი ბრძანება.

სააკაშვილს ეს სპექტაკლი სჭირდებოდა იმისთვის, რომ 6 მაისის დარბეული აქცია გადაეფარა. ალბათ, გახსოვთ, როგორ დაარბიეს პოლიციის შენობასთან აქცია, ერთ კაცს თვალიც კი ამოთხარეს. უამრავი პოლიტიკური ლიდერი სცემეს. ამას საპროტესტო ტალღა რომ არ მოჰყოლოდა, სააკაშვილმა ასეთი ბინძური სპექტაკლი შეთხზა _ თითქოს მუხროვანის ბატალიონში ამბოხება მოხდა. კობა ოთანაძე, ამირიძე, გორგიაშვილი, კობა კობალაძე, ყველა ომის მონაწილეა. კობა ოთანაძეს 39 ჭრილობა ჰქონდა აფახაზეთისა და სამაჩაბლოს ომში მიღებული, დანარჩენი კი სააკაშვილმა დაუმატა. ეს ადამიანები სააკაშვილმა სამხედრო სამსახურიდან დაითხოვა, მათ შორის გია კრიალაშვილი, რომელიც მოკლეს. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული, ეს საქმე  ხელახლა გამოსაძიებელია. როგორ შეიძლება ამირიძე, ოთანაძე და გორგიაშვილი სამშობლოს მოღალატეები იყვნენ, ეს სირცხვილია. მაშინ, როდესაც დამფრთხალი სააკაშვილი და ბაქრაძე  ხალხს მოუწოდებდა, დანა-ჩანგლებით ებრძოლათ რუსული ტანკების წინააღმდეგ, ამირიძე 10 დღის შემდეგ გამოვიდა ბრძოლის ველიდან. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, გმირები არიან.

2008 წლის შემდეგ სამხედროები «სამოქალაქო ტიპების» (გიგი უგულავასა და სხვების მიმართ) მისამართით სამართლიან გულისწყრომას გამოხატავდნენ  იმის გამო, რომ მათ ისინი მიატოვეს, მთავარსარდალი სადღაც იმალებოდა, პარლამენტის თავჯდომარე ჯარისჯაცებს საიდანღაც მოუწოდებდა ბრძოლისკენ, ხოლო ქალაქის მერი რაღაც განკარგულებებს იძლეოდა… ეგონათ, ომში «კმარას» პროგრამით ისარგებლებდნენ და ცხინვალს ისე აიღებდნენ, როგორც აჭარაში შევიდნენ. ჯარისკაცები ტყეში მიატოვეს, მათ არც კი იცოდნენ, ომი დამთავრდა თუ არა. მაშინ, როდესაც სააკაშვილი თბილისში ზეიმობდა და ხალხს ატყუებდა, გავიმარჯვეთოჩვენი მოკლული ბიჭების ცხედრები ბრძოლის ველზე უპატრონოდ ეყარა და მხოლოდ პატრიარქის ჩარევის შემდეგ გამოიტანეს და მიწას მიაბარეს.

ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას სამხედროების მიმართ და ეს ჯარისკაცებმაც კარგად იციან. სამხედროები ძალიან მგრძნობიარე მექანიზმია, არ შეიძლება ჯარის პოლიტიზირება, სამხედრო პირი უნდა ემსახურებოდეს თავის ქვეყანას და არა შევარდნაძეს ან სააკაშვილს. სამხედროებს მხედრული რომანტიზმი აქვთ, ისინი განსაკუთრებული  ადამიანები არიან და სახელმწიფოსგანაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სამხედრო ძალები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები დეპოლიტიზირებული იყოს.

_ რაც შეეხება კორუფციას ჯარში, დღეს აღმოფხვრილია?

_ რაც შეეხება კორუფციას, გამოსაკვლევია: ვის შეჰქონდა სამხედროებისთვის საკვები, რა ხარისხის პროდუქცია შედიოდა, ვიღაც პრივილიგირებული ადამიანები ან შპს-ები როგორ იმარჯვებდნენ ტენდერებში,  და ა. შ. ეს ყველაფერი გამოსაძიებელია, სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჯარს ჩამოაფარეს რკინის ფარდა, ადამიანებს  ნულოვანი წვდომა ჰქონდათ იმ ინფორმაციაზე, თუ რა ხდებოდა ამ ფარდის მიღმა.

ესაუბრა ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here