Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: ეს რეჟიმი მოქალაქეს სამი საბურავის მოპარვისთვის 18 წელს უსჯიდა, ბიუჯეტიდან...

პეტრე მამრაძე: ეს რეჟიმი მოქალაქეს სამი საბურავის მოპარვისთვის 18 წელს უსჯიდა, ბიუჯეტიდან კი ასობით მილიონი დოლარი გაქრა

614

საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს. ძალიან ბევრი ადამიანი შიშის მარწუხებისგან გათავისუფლდა. უკვე საჯაროდ ასახელებენ იმ პირების ვინაობას, რომლებიც მათ უფლებებს არღვევდა. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან კანონდამრღვევი პირების დასჯის ძალიან დიდი სურვილი არსებობს. მოსახლეობაში ასევე ექსპერტებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართაც არსებობს აგრესია. სპეციალისტების აზრით, ყველაფერი კანონის შესაბამისად და ზნეობრივი ნორმების დაცვით უნდა გადაწყდეს. წინააღმდეგ შემთხევაში, საქმე რევოლუციურ სამართალთან გვექნება. ამ საკითხებზე ფრაქცია «ერთობასამართლიანობის» წევრი, პარლამენტარი პეტრე მამრაძე გვესაუბრება.

_ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების უამრავი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება არსებობს. გაიხსენეთ თუნდაც გირგვლიანის საქმეზე ევროპის სასამართლოს შემზარავი განაჩენი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამაზრზენია, როდესაც ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები _ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება იბრძვიან გამოძიების დისკრედიტაციისთვის. ეს ჭირი სჭირდა საქართველოს. ამასთანავე, შეურაცხყოფილი ადამიანები უკვე უშუალოდ ასახელებენ წამებაში მონაწილე პირების ვინაობას. პატიმარი ჩუბინიძე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია პირადად აწამებდა მას. ასევე გავიხსენოთ აბდალაძის და არქანიას მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები. უფრო მეტიც, სულხან მოლაშვილმა განაცხადა, რომ ბოკერია და ადეიშვილი პირადად აწამებდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი დუმდა იმის შიშით, რომ მათ ოჯახის წევრებს სასტიკად გაუსწორდებოდნენ. ახლა ჯებირი გარღვეულია. საქართველოში არის 300 ათასამდე პრობაციონერი. არიან ადამიანები, რომელთაც ბრალი ვერ წაუყენეს და აიძულეს, საპროცესო გარიგება გაეფორმებინათ. 188 ათას ადამიანს ქონება წაართვეს, რომელთაგან უდიდეს ნაწილს დღემდე პირობითი მსჯავრი აქვს. ასე რომ, ზვავი ახლა წამოვა და, თუ უახლოეს მომავალში საქართველოში სამართალმა პური არ ჭამა, საზოგადოებაში ყველანაირ ნდობას დაკარგავს ივანიშვილი და მისი კოალიცია.

 ამასთანავე, ღმერთმა ნუ ქნას, რომ კანონის უზენაესობის ნაცვლად ვინმემ დაამყაროს რევოლუციური სამართალი. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ ჩვენ ამის მომსწრე გავხდით. ეს იქნება ქვეყნის დაღუპვა. ბიძინა ივანიშვილს ახლოს ვიცნობ, ვიცი მისი კრედო. იგი არ დაუშვებს იმას, რომ იოტისოდენად შეილახოს კანონის უზენაესობა. მხოლოდ იმ შემთვევაში დაისჯებიან დამნაშავეები, თუ დაზარალებულები იჩივლებენ.

_ ბატონო პეტრე, ახალაიების კლანისადმი ხალხს ძალიან მწვავე დამოკიდებულება აქვს. სავარაუდოდ, მათი სადისტური მიდრეკილებები ბავშვობაში მიღებული ტრავმის შედეგია. რა მოხდა წლების წინ ფასანაურში?

_ მე, რა თქმა უნდა, ეს ამბავი ვიცი სხვებისგან. თბილისში შემხვდა ცნობილი ოჯახის შვილი, ჩემზე ცოტა უმცროსი ადამიანი. პირველად სწორედ მან მომიყვა ეს ამბავი. ახალაიების მამიდის ქმარი ომარი, იყო ტურბაზის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მას იცნობდნენ, როგორც კარგ მოქეიფეს. ახლობლები ასევე ადასტურებენ, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე კამათის რაღაც შემთხვევები ყოფილა. ერთ ზაფხულს, როდესაც ომარი სახლში დაბრუნდა, ცოლმა ცულით აჩეხა. როგორც ეს კაცი მომიყვა, ზაფხულში ბავშვები მამიდასთან ისვენებდნენ და ამ ფაქტს შეესწრნენ. მოგეხსენებათ, ასეთი ამბები გადამოწმებას საჭიროებს. ფასანაურში მომიწია რაღაც საქმეზე წასვლა. იქ ცოტა უფროს ხალხს შევეკითხე ამ ფაქტზე. მათაც დამიდასტურეს, რომ ეს ამბავი ნამდვილად მოხდა.

_ ამ ქალმა პასუხი აგო?

_ ეს კითხვა ფასანაურელებს მეც დავუსვი. მათ მითხრეს, რომ როლანდმა თავისი და თბილისში წამოიყვანა საცხოვრებლად. ეს ფაქტი კი უბედურ შემთხვევად გააფორმეს, ვითომ კიბიდან გადმოვარდა, თუ რაღაც მსგავსი. საქართველოში სადისტებად ცნობილი ძმები ესწრებოდნენ თუ არა ამ ფაქტს, დანამდვილებით არ ვიცი. ზოგმა დამიდასტურა და ზოგმა უარყო.

_ ადამიანები, რომლებიც სადისტურ ქმედებებში არიან ეჭვმიტანილები, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან. რასთან გვაქვს საქმე?

_ წლების განმავლობაში ამ რეჟიმს შიგნიდან ვსწავლობდი. სააკაშვილმა გამოაცხადა მერიტოკრატია. ხაზს უსვამდა იმას, რომ ღირსებისა და დამსახურების მიხედვით ქვეყნის მართვაში ადამიანების მონაწილეობა მისი კრედო იყო. სინამდვილეში სააკაშვილის მერიტოკრატია იყო ის, რომ ადამიანს უნდა შესრულებინა ყველა უკანონო ბრძანება. ცხადია, ასეთი ბრძანებები ფურცელზე არასდროს აისახება. ამერიკელმა პროფესორმა ჩარლზ ფერბემ ძალიან ღრმად გაანალიზა ეს სისტემა: ვინც ხელს აიღებს სინდისზე, ასეთ ადამიანებს აწინაურებენ. სწორედ ასე დაწინაურდა ახალაიების კლანი.

_ ყოველივე ამის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, უნდა დადგეს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი?

_ აქაც მთლიანად ყველაფერი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც უმრავლესობა ვერ გამოცვლის. ასევე არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელთა ხელმძღვანელებსაც უფლებამოსილება ჯერ არ ამოწურვიათ. კონსტიტუციით განისაზღვრება, რომ, თუ რაღაც საშინელებას ჩაიდენს პრეზიდენტი, მხოლოდ მაშინ მოხდება მისი იმპიჩმენტი. მიმაჩნია, რომ მინიმალურ დროში უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიების მიერ ყველა მტკიცებულების შეგროვება. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა დიდი მშენებლობა უკანონოა. სააკაშვილი პირადად წყვეტდა და ხელმძღვანელობდა ამ მშენებლობებს. დღემდე ვერავინ მოიპოვა ინფორმაცია, ვინ და როგორ ჩაატარა ტენდერი, როგორ გამოიყო და დაიხარჯა ფული. ეს რეჟიმი მოქალაქეს სამი საბურავის მოპარვისთვის 18 წელს უსჯიდა, ბიუჯეტიდან კი ასობით მილიონი დოლარია გამქრალი. საქართველოს კანონმდებლობით, მოგეხსენებათ, ხშირად საჩივარი საჭირო არაა. დანაშაული თუ დაფიქსირდა, პროკურატურა ვალებულია, ავტომატურად აღძრას საქმე.

_ მინდა გავიხსენო ნიურნბერგის პროცესი. ვინც მესამე რაიხის პროპაგანდას ეწეოდა, ყველას აეკრძალა პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. უნდა გაიზიარონ თუ არა იგივე ბედი სააკაშვილის რეჟიმის პროპაგანდისტებმა?

_ ეს არის ყველაზე ღრმა და, ამავე დროს, ფაქიზი თემა. აქ ნორმების დაწესება შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს ეკლესია. მართლაც სასწაული ხდება. რასაც გვაჩვენებენ ტელევიზიით, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. სამწუხაროდ, აღვირახსნილობა და ორგიები, როგორც ჩანს, ნორმა გახდა. ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ ატარებს უგულავა დროს. იქ ჩანან მამაკაცები და ქალები. ამავე დროს, ერთ-ერთი ქალი მისი ცოლია. აქ რომ გარკვეულ პათოლოგიას აქვს ადგილი, ცხადია. მთვარია, საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა გამოხატოს ღირსეული დამოკიდებულება მათი ცხოვრების წესის მიმართ. ვინ არ იცის სააკაშვილის დამოკიდებულება ქალბატონებისადმი. ექიმებისგან მომისმენია, რამხელა უბედურება მოხდა, როცა მისი ძალადობის მსხვერპლს მუცელი მოუშალეს. ეს გააკეთეს იმ ფაზაში, როდესაც ქმედება უკვე დანაშაულს წარმოადგენდა. ყოველთვის გვესმის, რომ პრეზიდენტმა ვიღაცას ნეკნი გაუტეხა, ვიღაცას ძუძუ მოაკვნიტა, ვიღაც ტალახში ამოსვრილი იპოვეს და ა. შ. ამდენი ინფორმაცია კი ყოველთვის მართლდება. აღვირახსნილობას წერტილი უნდა დაესვას.

_ რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს სააკაშვილმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად?

_ ასე ჩამოვყალიბდები: მათ მზაკვრული და ვერაგი გეგმები აქვთ. მათი მიზანი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის დისკრედიტაციაა. ამისთვის გარკვეული ბერკეტები აქვთ. ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაშია. საგარეო ვალი 12 მილიარდს აჭარბებს. გადახდა გაისად უნდა დაიწყოს. შეეცდებიან, კრიმინოგენული სიტუაცია გააუარესონ. ამ ყველაფერს დააბრალებენ «ქართულ ოცნებას», მაგრამ საზოგადოების ჯანსაღი ძალის კონსოლიდაცია მათი პოლიტიკური გვამის გატანას უზრუნველყოფს. ჰგონიათ, რომ რევანშის აღება შეუძლიათ, მაგრამ ყოველი მცდელობა ათმაგად დაუბრუნდებათ ხალხის რისხვად. S

ესაუბრა

ანა ქევხიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here