Home რუბრიკები პოლიტიკა ლუკა კურტანიძე: «ნაცმოძრაობა», როგორც ფაშისტური ორგანიზაცია, უნდა აიკრძალოს

ლუკა კურტანიძე: «ნაცმოძრაობა», როგორც ფაშისტური ორგანიზაცია, უნდა აიკრძალოს

815

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება კოალიცია «ქართული ოცნების» წევრი, მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი ლუკა კურტანიძე.

_ ბატონო ლუკა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მთავარი, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას, არის, დადგება თუ არა თითოეული დამნაშავის, განსაკუთრებით კი მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. თქვენ, როგორც კოალიციის ერთერთ წევრს, რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

_ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კანონის წინაშე ყველანი სამაგალითოდ დაისჯებიან, რამეთუ არასდროს, არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელს არ გაუჩნდეს იმის ფიქრიც და შანსიც, რომ ამ ნაძირლების მსგავსად გადააჭარბოს ძალაუფლებას. გარდა ამისა, რეჟიმის დამნაშავე წარმომადგენლების დასჯას უნდა ჰქონდეს ისტორიული მაგალითის მნიშვნელობა, ვინაიდან ამით, ერთის მხრივ, შეიქმნება პრეცენდენტი, რომ ამ ქვეყანაში ბოლოსდაბოლოს დანაშაულზე ვიღაცას პასუხს სთხოვენ. მეორე მხრივ კი, შედგება სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც უზენაესი იქნება კანონი და არა სათავეში მოკალათებული რამდენიმე პიროვნების კეთილდღეობა

_ გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეთაგან რამდენიმემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია. როგორ ფიქრობთ, მოხერხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება?

_ თანამედროვე მსოფლიო ძალიან კომპაქტურია და დღესდღეობით უამრავ კანონდამრღვევს, უამრავ ნაძირალას აკავებენ დედამიწის სხვადასხვა წერტილებში იმისთვის, რომ პასუხი აგონ იქ, სადაც დანაშაული ჩიდინეს. გაქცევა რას უშველით, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს დასანახად ობიექტური სასამართლო გამოიტანს განაჩენს და მათი ბრალეულობა ოფიციალურად იქნება დამტკიცებული. სადაც უნდა იმალებოდნენ, ამ ადამიანებს, როგორც ვირთხებს, ჩამოათრევენ და თითოეული მათგანი მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ეს გარდაუვალია და ვიღაცვიღაცები თავს ტყუილად ნუ დაიმშვიდებენ. ის კი არა, მათთვისვე ჯობია, პასუხისმგებლობაზე იფიქრონ და, როცა გამოძიება დაიწყება, როცა შესაბამის დაწესებულებებში დაიბარებენ, ნებით გამოცხადდნენ, რომ ამით რაღაც მინიმალურად მაინც შეიმსუბუქონ სასჯელი…

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საზოგადოებაში მაინცაა განცდა, რომ ზოგიერთი გაუჩინარებული მაღალჩინოსნის პოვნა გაჭირდება. ამასთან, არის საუბარი იმაზეც, რომ ზოგს შეიძლება ხელშეუხებლობის გარანტია ჰქონდეს მიღებული.

_ არავითარი ხელშეუხებლობის გარანტია მათთვის არავის მიუცია და მსგავსი რამ არც მოხდება, იმიტომ, რომ აქ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, რომლის მიჩუმათებაც შეუძლებელია. რაც შეეხება გაუჩინარებას, გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თანამედროვე პირობებში დედამიწა არც ისე დიდია, რომ ადამიანი დაიმალოს და გაქრეს. თუნდაც ისტორიას გადავხედოთ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ცოცხლადგადარჩენილმა ფაშისტებმა, რომლებმაც უდიდესი დანაშაული ჩაიდინეს მთელი კაცობრიობის წინაშე, რა არ ქნეს, რომ მართლმსაჯულებას გაქცეოდნენ, გადაიკეთეს სახელები და გვარები, გადასახლდნენ შორს, ყველაზე უკაცრიელ ადგილებში და წარმოიდგინეთ, პლასტიკური ოპერაციებიც კი გაიკეთეს იმისთვის, რომ გარეგნობა შეეცვალათ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ აიცილა სასჯელი

 აი, ზუსტად ასე მოუვათ ამათაც, სადაც უნდა იყვნენ, ვერანაირი კოსმეტიკური ოპერაცია ვერ უშველით ამ ნაძირლებს, სადაც უნდა იყვნენ, სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს ხალხისა და კანონის წინაშე…

_ ყველაფრის მიუხედავად, მოქმედი კონსტიტუცია სააკაშვილს აძლევს იმის საშუალებას, რომ გარკვეული პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას. რა აზრის ხართ ამაზე? რამდენად არის ეს კოალიციისთვის საფრთხე?

_ არანაირად, სააკაშვილს, მაგ უბედურს, მაგ ნაძირალას, ხალხი არ მისცემს ამის საშუალებას. საზოგადოებაში სულ სხვა განწყობაა, სულ სხვა სულისკვეთება სუფევს; ის შიში და ტერორი, რაც ადრე იყო, აღარაა, ამიტომ დღეს სააკაშვილის მხრიდან ერთი უმნიშვნელო გაფართხალებაც არასწორი მიმართულებით მას გამოუტანს ისეთ განაჩენს, რომ ვერც კი წარმოიდგენს. დედაბუდიანად პასუხს აგებს ყველა.. ხალხს კიდევ ჩვენ ვაჩერებთ, რომ ეს ხელისუფლება ლინჩის წესით არ გაასამართლოს, მათ ეს კარგად იციან და ამიტომაა, რომ დიალოგსა და თანამშრომლობაზე მოდიან.

_ დასჯაზე როცა ვსაუბრობთ, თვითონ სააკაშვილი, როგორც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და მთავარი შემოქმედი ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკისა, როგორ ფიქრობთ, არ უნდა მიეცეს პასუხისგებაში? რატომღაც ამაზე არ მახვილდება დღეს ყურადღება. ლაპარაკია მხოლოდ მინისტრების გასამართლებაზე.

_ აბსოლუტურად გეთანხმებით, ყველაფრის თავი და თავი სააკაშვილია და ის ყველაფერზე აგებს პასუხს. ამ ნაძირალა ადამიანმა, ამ ავადმყოფმა, ფაქტობრივად, რა ქნა? _ დანაშაული აქცია სისტემად და კანონის სახელით ხდებოდა საშინელება. თვითონ რანაირი მანიაკი და ავადმყოფიცაა, ზუსტად ისეთივე ავადმყოფები ჰყავდა ირგვლივ შემოკრებილი. რამდენი ოჯახი დააქციეს, რამდენი ადამიანი გააუბედურეს, ვინ იცის… არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ ყველაფრის დასასრული არ შეიძლება იყოს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა, ესენი უნდა ამოიკვეთონ საზოგადოებიდან და «ნაცმოძრაობა», როგორც ფაშისტური ორგანიზაცია, საერთოდ უნდა აიკრძალოს. სხვანაირად იმ კოლოსალური ზიანის რეაბილიტაცია, რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში მიიღო საზოგადოებამ, პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ, რომ, სანამ იარსებებს ეს პარტია, სანამ მისი წევრები ივლიან დაუსჯელად, მუდმივად იქნება შიში, ტერორი და განცდა იმისა, რომ რეჟიმი შეიძლება ნებისმიერ დროს შემოტრიალდეს.

_ ერთია, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხომ არ მივიღებთ იმავე მდგომარეობას, რაც შექმნა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შედეგად ციხეებში გადატვირთულობამ კატასტროფულ მაჩვენებლამდე მიაღწია

_ სათითაოდ ყველას დასჯაზე არცაა საუბარი, არის კატეგორია, რომელმაც კანონი კი დაარღვია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თვითონაც წნეხის ქვეშ იყო და ბრძანებას ასრულებდა. მათ მიმართ, ცხადია, სხვა მიდგომა იქნება, რაც შეეხება დამკვეთებს: ახალაიას, მერაბიშვილს, ადეიშვილს, კალმახელიძესა და პირადად სააკაშვილს, რა თქმა უნდა, არაფერი არ უნდა შერჩეთ. ეს ვინმეს აკვიატება კი არაა, ამას სამართლიანობა მოითხოვს, იმიტომ, რომ ჩადენილია კონკრეტული დანაშაულები და ამ დანაშაულების ობიექტი იყო უშუალოდ საზოგადოება, ქართველი ხალხი.

_ «ნაციონალური მოძრაობის» ოპოზიციაში გადასვლას, რაც ყველასთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, ბევრი გარკვეულწილად საფრთხის შემცველად აღიქვამს. თავის მხრივ, ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები  ხელისუფლებას კრიჭაში დგომით ემუქრებიან. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია ალბათობა, რომ მომავალ არჩევნებზე ან თუნდაც შემდგომში «ნაცმოძრაობა» ისევ ვიხილოთ ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტად, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი ექნება?

_ მე მგონი, ამაზე საერთოდ საუბარიც არ ღირს, ერთ თვეში ნახავთ, ესენი  რა დღეში იქნებიან.

_ მაინც რა დღეში იქნებიან?

_ ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ბაქიბუქობენ და ვითომ რაღაც მძლავრ ოპოზიციურ ფლანგს ქმნიან, აღმოჩნდებიან პოლიტიკურ სანაგვეზე. უფრო სწორად, ახლაც სანაგვეში არიან, მაგრამ ერთ თვეში მოხდება ამის ოფიციალურად გაფორმება. გაფორმებაში რას ვგულისხმობ: მხედველობაში მაქვს ის, რომ ერთ თვეში «ნაცმოძრაობა» პარლამენტში ხუთ პროცენტამდე დავა და ეს ხუთი პროცენტიც იქნება ხელისუფლების მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ სიბინძურეებში უშუალოდ მონაწილე ბირთვი. აქ ლაპარაკია ადამიანებზე, რომლებსაც კონკრეტული სისხლის სამართლისა და კიდევ სხვა სახის მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ამიტომ მათ მიმართ, ცხადია, აღიძრება საქმეები, თავის მხრივ, პასუხისგებაში მიცემული ხალხი,  ბუნებრივია, ვერავითარი პროცესების წარმართვას ვერ უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ამათი საარსებო წყარო ხომ იყო დაყაჩაღება, როგორც მსხვილი ბიზნესის, ისე მცირე მეწარმეებისა და მოსახლეობის, მათ ეს არტერია უკვე გადაჭრილი აქვთ. არანაირი ფინანსური რესურსი «ნაციონალურ მოძრაობას» უკვე აღარ გააჩნია და ამ დროს პარტია ეყრდნობა იმ ადამიანებს, რომელთათვისაც მთავარია ფული. აქ ხომ არაა ლაპარაკი ისეთ ხალხზე, რომელსაც წმინდა პარტიული მიზნები ამოძრავებს და სახსრების გარეშეც შეუძლია ბრძოლა?! ესენი არიან ნაძარცვ-ნაგლეჯზე დახარბებულნი. ასე რომ, როგორც კი მართალი სასამართლო მათ შესაბამის განაჩენს გამოუტანს და იმ ნაძარცვ მილიონებს თავის ადგილზე დაადებინებს, მოქმედი ჩინოვნიკები, ეს არამზადები, მაშინვე ერთმანეთს დაერევიან. «დათა თუთაშხიაში», ხომ იცით, როგორაა, ერთ კასრში ჩამწყვდეული ვირთხები ჯერ ერთმანეთს დაჭამენ და ბოლოს, რომელიც დარჩება, თავის ხორცის ჭამას დაიწყებს. ზუსტად ასე მოუვა სააკაშვილის ხროვას და დამერწმუნეთ, ამას დიდი ხანი არ დასჭირდება…

_ დასასრულს, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე გკითხავთ: ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კრემლთან საერთო ენის გამონახვა და როგორც აფხაზებთან, ისე ოსებთან დიალოგის დაწყება მისი პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება. «ნაცმოძრაობა» ამას სათავისოდ გამოიყენებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ პროპაგანდა, რომელსაც ამ შემთხვევაში ივანიშვილის რუსეთუმეობაზე ააგებს სააკაშვილის გარემოცვა, კოალიციას სერიოზულ ზიანს მიაყენებს?

_ დასაწყისშიც აღვნიშნე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფრის რესურსი დღეს «ნაციონალურ მოძრაობას» არ აქვს, მისი არსებობა არის მხოლოდ და მხოლოდ ფორმალობა; პირადად სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, მკვდარია და ამას ის უკვე თვითონაც აცნობიერებს.

რაც შეეხება ისევ რუსეთთან ურთიერთობას, რა ფორმითაც უნდა გვიპირისპირდებოდეს ჩვენ ეს სახელმწიფო და რაც უნდა ურთიერთსაწინააღმდეგო იყოს ამ ეტაპზე ჩვენი ეროვნული ინტერესები, ის არის მეზობელი ქვეყანა და, ცხადია, მასთან მუდმივ კონფრონტაციაში ყოფნას საქართველოსთვის სიკეთე არ მოაქვს. აი, ზუსტად ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეს ხელისუფლება და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მიმდინარე პროცესებში ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად როგორმე მომგებიან მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ის დაძაბულობა, რაც დღესაა, გამოწვეულია ამ ნაძირალა ავადმყოფის პოლიტიკით და ეს არ უნდა განმეორდეს. ჩემი აზრით, ახლა, როცა ყველაფრის გადაფასება ხდება და, ფაქტობრივად, სუფთა ფურცლიდან იწყება თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ამის რეალური შანსი არსებობს. მთავარია, ამ შანსის გამოყენება სწორად მოხდეს, რისი ძალაც და უნარიც ბიძინა ივანიშვილს, კოალიციის ძირითად ბირთვთან ერთად, დარწმუნებული ვარ, გააჩნია.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ეს პირადად ამ საიტის ადმინისტრაციამ წაიკითხოს:
    რატომ აქვეყნებთ მოგვიანებით ჩვენს კომენტარებს?? ეგაა დემოკრატია? სანამ გაცხრილავთ ხალხის აზრს დრო ჭირდება ხო?? ეგაა თავისუფალი თქვენი პრესააა? დადეთ ჩემი კომენტარი…
    18 საათის მერე ოფისი დაკეტილია და მხოლოდ მომდევნო სამუშაო დღეს განხილული კომენტარებს დადებტ საიტზე, ჰაჰა და შაბათ კვირას როგორ მუშაობთ? შეიძლება კომენტარების გაკეთებაა?

  2. ეს მუტანტი მთელი ოცნების სახეა,ეს სულით მახინჯები სად შეყარეს ერთად ამასაც ნიჭი უნდა.. მსგავსი მსგავს ეძებს და ხალისით უკავშირდება..

  3. მეოცნებეების უმრავლესობა ეგეთია)) მაგას უმაღლესი განათლებაც ექნება. მერე იტყვიან რა განათლების სისტემა დაგვინგრიესო)) ისე მაგ კაცს რაგაც ჭირს სერიოზული ფსიქიკაში, მე მგონი სეკსუალურ პრობლემებს უნდა უკავშირდებოდეს

  4. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ,ბატონო ლუკა!თქვნ და მთელ ქართულ ოცნებას წარმატებებს გისურვებთ,ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.

  5. მთელს ქართულ ოცნებას ვუსურვებ წარმატებებს.გაიხარეთ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here