Home რუბრიკები პოლიტიკა «არ დამღუპო, თუ ძმა ხარ»!

«არ დამღუპო, თუ ძმა ხარ»!

630

რამდენიც არ ამუნათა «ნაციონალურმა მოძრაობამ» «ქართული ოცნება» «შევარდნაძის სახეების» გამო, ივანიშვილს მაინც ეყო გამბედაობა, შევარდნაძის მთავრობის შემადგენლობაში ნამუშევარი რამდენიმე პირი მინისტრობის კანდიდატებად წარედგინა: თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად _ ირაკლი ალასანია (შევარდნაძის მთავრობაში – უშიშროების მინისტრის მოადგილე), პოსტები დაიბრუნეს ამირან გამყრელიძემ (შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი), დავით კირვალიძემ (სოფლის მეურნეობის მინისტრი), გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს ასევე შევარდნაძის მთავრობის ყოფილი წევრი – ნინო ჩხობაძე დაიკავებს.  პოსტებს იბრუნებენ ასევე რეზო შავიშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი. პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრად არის წარდგენილი, შევარდნაძის მთავრობაში ერთხანს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

სამაგიეროდ, ახლა სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კახა კალაძე იქნება, საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კი _ გურამ ოდიშარია. განათლების მინისტრის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტურია, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე მაია მიმინოშვილი საკუთარი გუნდით ბრუნდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას კოტე სურგულაძე დაიკავებს, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი გახდება. იუსტიციის სამინისტროს ნაძალადევის ახლადარჩეული მაჟორიტარი თეა წულუკიანი ჩაიბარებს, მთავარი პროკურორი კი ბაღდათის რაიონის რჩეული არჩილ კბილაშვილი იქნება.

ოპოზიციაში გადასული «ნაციონალური მოძრაობა» შარსაც ვერავის მოსდებს; ეკონომიკის მინისტრის კანდიდატურა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ვერონიკა ქობალიაზე უარეს კანდიდატურას, ივანიშვილი, რომც ეცადოს, ვერ იპოვის. ან რა უნდა დააშავოს გრიგოლ ვაშაძეზე მეტი მაია ფანჯიკიძემ? მით უფრო, რომ საგარეოპოლიტიკური კურსი, ივანიშვილისა და ფანჯიკიძის განცხადების თანახმად, კვლავაც უცვლელი უნდა დარჩეს! თანაც, ვაშაძისგან განსხვავებით, ფანჯიკიძე რუსეთის მოქალაქე ნამდვილად არ არის. ვერც ირაკლი ღარიბაშვილი იზამს ბაჩო ახალაიაზე უარესს. მას საამისოდ აუცილებელი სადისტური უნარ-ჩვევები არ გააჩნია. მთავრობის წარდგენისას ჟურნალისტებმა «ნაციონალურ» არხებზე ნეგატიურად გაპიარებულ თამაზაშვილზე დასვეს შეკითხვა და ივანიშვილმაც იქვე უპასუხა, რად მინდა თამაზაშვილი, როცა მისი სიძე აქ მყავსო! ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ივანიშვილმა იხუმრა: «რას ერჩით, კარგი გინება სცოდნიაო». ცხადია, მას შინაგან საქმეთა მინისტრად ღარიბაშვილი არანორმატიული ლექსიკის გამო არ წარუდგენია; შეუძლებელია, ამ პოსტზე თუნდაც საუკეთესო კადრი დანიშნო, თუ მას პირადად არ ენდობი. პირადი ნდობა, თავის მხრივ, იმის პანაცეა არ არის, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გსურს.

პარლამენტის თავმჯდომარედ ივანიშვილმა არა საკუთარი პარტიის თავმჯდომარე, არამედ რესპუბლიკელების ლიდერი – დავით უსუფაშვილი წარადგინა. მანანა კობახიძე მისი პირველი მოადგილე იქნება, სხვა მოადგილეები – ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე. საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების სია ასე გამოიყურება: აგრარულ საკითხთა კომიტეტი _ გიგლა აგულაშვილი; ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაცის კომიტეტი _ ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი _ ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი _ გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი _ ნოდარ ხადური; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი _ ვიქტორ დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი _ ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი _ ვახტანგ ხმალაძე; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი _ ირაკლი ტრიპოლსკი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი _ თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი _ ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი _ დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი _ ლერი ხაბელოვი; ჯანდაცვის კომიტეტი _ დიმიტრი ხუნდაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა იქნება პირველი ნაბიჯები, რაც აქვთ დავალებული მინისტრებს და განსაკუთრებით ძალოვან მინისტრებს, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა: «მე მინისტრები შევარჩიე, ხოლო მოადგილეები, იაქტიურონ და ამათ უნდა შეარჩიონ. ვისაც შეარჩევენ, გააფრთხილონ, თუ ძმა ხარ, არ დამღუპო, რამდენადაც, მოადგილის ქრთამი მინისტრზე გადავა, რაც იქნება აუტანელი ჩვენს ხელისუფლებაში. ეს იქნება ნებისმიერი ტიპის კორუფციული გარიგება. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეუთავსებელი და მინისტრი ვერ დაიძვრენს თავს, თუ მისი მოადგილე რაიმე კორუფციულ გარიგებაში იქნება. ისიც გადაყვება თავისი მოადგილის საქციელს. როგორც იქნა, ამოვალთ ამ სირცხვილიდან და არა ისე, როგორც აცხადებდნენ წინა ხელისუფლებაში. ჩვენ რეალურად მოვახერხებთ ამას».

მთავრობის სავარაუდო შემადგენლობაზე არა, მაგრამ ზოგადად პერსპექტივაზე უამრავი შეკითხვა ჩნდება. მყიფე, 53-პროცენტიანი უმრავლესობა უკვე ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს ახალ პრემიერ-მინისტრს: სამი მაჟორიტარის მთავრობაში გადანაცვლებით იგი სამ ხმას კარგავს პარლამენტში, რადგან გამოკლებული მაჟორიტარების ადგილზე ახალი დეპუტატები მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად აირჩევიან. რაც შეეხება მანდატების საბოლოო განაწილებას, ცესკოს ბოლო, არასრული მონაცემებით, «ქართულ ოცნებას» 82 მანდატი აქვს, ხოლო «ნაციონალურ მოძრაობას» – 68. სამი მაჟორიტარის გამოკლების შემდგომ «ოცნებას» 79 მანდატი დარჩება და განსხვავება მათ შორის სულ 11 მანდატი იქნება.

კონსტიტუციაში ცვლილებებს «ქართული ოცნება» რომ ვერ შეიტანს, ამთავითვე ცხადია; ამისთვის პარლამენტის ხმათა ორი მესამედია საჭირო. 2013 წელს, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ ამისთვის უკვე სამი მეოთხედი იქნება აუცილებელი. ჩვეულებრივი უმრავლესობაც კი არამდგრადია, რადგან ცალკეულ საკითხებზე შეიძლება ხმები გაიყოს (ეს საპარლამენტო ცხოვრებაში ხშირად ხდება) და კრიზისისთვის ხელის შეწყობას სულ მცირე ძალისხმევაღა დასჭირდება.

«ნაციონალების» რევანშისთვის მზადებაზე დღეს უკვე ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს. პასუხად ივანიშვილის მრჩევლები აცხადებენ, რომ «მათ ამაზე უფიქრიათ». ცხადია, ასე იქნება, მაგრამ ბოლო დღეებში სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ცალკეული გამოსვლები აშკარად მიანიშნებს, რომ ძალაუფლების საკუთარი სეგმენტის დათმობას იგი არ აპირებს. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის სფეროში შემავალ «სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს» საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ვეღარ გააკონტროლებს. სააკაშვილმა «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ» ბრძანებულებაში ცვლილება შეიტანა და შსს-ს მმართველობას დაქვემდებარებული სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო ამ უწყების მართვის სფეროდან გაიყვანა. სააგენტო მთლიანად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაექვემდებარა.

სააგენტო თავისი ამოცანების შესასრულებლად ფლობს და განკარგავს სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემას, რომლის სტატუსს და გამოყენების წესს განსაზღვრავს პრეზიდენტი.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც პრეზიდენტს ექვემდებარება, სააკაშვილმა კიდევ ერთი სახელმწიფო ორგანოს კონტროლი გადააბარა. პრეზიდენტის ბრძანებულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოზე სახელმწიფო კონტროლი, რომელიც აქამდე ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს განეკუთვნებოდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაეკისრა.

ერთი სიტყვით, პრეზიდენტის და ჯერ კიდევ მისი მორჩილი აპარატის ხარჯები კვლავაც დახურული იქნება, ხოლო ხელისუფლებაში ახლადმოსული «ოცნება» ფარული ჩანაწერების სერიალებს კვლავაც უნდა ელოდოს! სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ გუბერნატორთა და გამგებელთა არმია მისი ერთგულია და იგი არც ერთი ადგილის დათმობას არ აპირებს. სამინისტროს კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილების ფასი კი ნულია, თუ მმართველობის ვერტიკალი მათ არ შეასრულებს ან პირდაპირ საბოტაჟს მიმართავს.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, რომელიც ამ პოსტზე ბოლო დღეებს ითვლის, სააკაშვილისა და ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ არაორაზროვნად მიანიშნა: «მე არ ვისაუბრებდი ხელისუფლების გაყოფის შესახებ, უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ არის ხელისუფლების შტო, რომელიც ექვემდებარება პარლამენტს, არის ხელისუფლების შტოები, რომლებიც პარლამენტისგან დამოუკიდებელია, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევა პარლამენტისგან დამოუკიდებლად ხდება, თვითმმართველობის არჩევნები პარლამენტისგან დამოუკიდებლად ხდება, ამიტომ, რა თქმა უნდა, შეიცვლება ყველაფერი, რაც საპარლამენტო არჩევნებს და არჩევნების შედეგებს უკავშირდება. პირველ რიგში, ეს იქნება სამთავრობო ცვლილება, მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ ხელისუფლების ის ნაწილები არ შეიცვლება, რომლებიც სხვა არჩევნების გზით ირჩევა. ამიტომ ბუნებრივიცაა, რომ პროცესი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა წავიდეს, შეიცვალოს, რაც შესაცვლელია, და დარჩეს ის, რაც მომავალ არჩევნებზე შეიცვლება, ამიტომ ერთი არჩევნებით ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ იცვლება».

მაშ, რა იცვლება ჩვენი ამომრჩევლისთვის? გამარჯვების ეიფორიას უთუოდ ძალიან მალე შეცვლის გაღიზიანება იმით, რომ სწრაფი და ეფექტური ცვლილებები არ არის. ამაზე «ნაციონალების» «სხვანაირად არჩეული» შტოები იზრუნებენ, როგორც ბაქრაძე აცხადებს. ამავე ამოცანაზე იქნებიან ორიენტირებულნი «ნაციონალური» ტელეარხებიც, რომლებიც 24-საათიან საინფორმაციო მაუწყებლობაზე გადადიან და საინფორმაციო ომისთვის მზადყოფნის დემონსტრირებას ახდენენ. ვანო ჩხარტიშვილის მიერ დაბრუნებული ტელეკომპანია «გურია» რომ ნაციონალურ მაუწყებელთა საპირწონე ვერ გახდება, ესეც ნათელია. სხვა ოპოზიციური ტელეარხები უახლოეს ერთ წელიწადში ნაციონალური მაუწყებლების ნიშას რომ ვერ დაიკავებენ, ესეც ცხადია. ამას, რესურსის გარდა, დროც ჭირდება და პოლიტიკური ნებაც.

ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: «დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ექნება ძალიან მაგარი მომავალი და ჩვენც ვაპირებთ ამ მომავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიყოთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები». რიგითი მოქალაქის სტატუსით რომ სააკაშვილი «საქართველოს მაგარ მომავალს» ვერ დააკვირდება, ეს ცხადია. ამერიკელი მეგობრების დახმარებით ჩატარებული «შეკავების ოპერაცია» ახლა სააკაშვილზე მუშაობს და არა ივანიშვილზე. ძალაუფლების ფართო სეგმენტის შენარჩუნებით «ნაცმოძრაობა» უახლოეს მომავალში კვლავ უმრავლესობით მოსვლას გეგმავს, ხოლო მცირე პაუზის შემდეგ «მოქალაქე» სააკაშვილს ვერავინ აუკრძალავს, მისი პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრი გახდეს.

«კონსტრუქციულად და კონსტიტუციურად» დამნაშავე პარტიას არ ექცევიან. მას უბრალოდ კრძალავენ. «ნაციონალური მოძრაობა» უნდა აიკრძალოს 9 წლის განმავლობაში მის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულის გამო, ხოლო მისი წარმომადგენლები საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ლაპარაკს ვერ უნდა ბედავდნენ. მხოლოდ «ნაცმოს» ჩაბეტონებული სისტემის დაშლა მოუტანს საქართველოს მომავალს და არა მისი ერთი ნაწილის მოჩვენებითი გადაცემა. ქართველ ამომრჩეველს ის დრო დაუდგა, როცა ივანიშვილს უნდა შეუძახოს: «არ დამღუპო, თუ ძმა ხარ»!

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. აბსოლლუტურად ვიზიარებტ აზრს რომ ნაც.მოძრაობა უნდა გაუქმდეს ხალხის არჩევიტ. მათ იმდენი ტკვილი და ჭრილობა მიაყენეს კართვწლ ხალხს რომ მათ არანაირი მორალური უPლება არ აკვტ რომ განაგრძონ არსებობა!!!!!!!!!!!!! რეპერენდუმი უნდა ჩატარდეს აუცილებლად!!!!!!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here