Home რუბრიკები პოლიტიკა სამი დღე, რომელმაც დაძრა მიხეილი

სამი დღე, რომელმაც დაძრა მიხეილი

591

ეს დღე 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო, რომელსაც სამი ადამიანის, მაჟორიტარობის სამი კანდიდატის: თემურ ჭკუასელის (ჩოხატაური), ეკა ბესელიას (ფოთი) და გურამ ოდიშარიას (სენაკი) სამი დღის განწყობის ჭრილში წარმოგიდგენთ.

წინა დღით

თემურ ჭკუასელი: _ სააკაშვილმა გურიაში ჩასვლას რომ მოუხშირა, ფაქტია. ეტყობა, იმედი არა აქვს, რომ გურულებს თავისკენ შეაბრუნებს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა ორი დღის წინათ ოზურგეთში მასთან შესახვედრად მობილიზებული მოსახლეობის «მიშა, მიშასარცთუ გულიანი შეძახილების ფონზე გარკვევით გამოიკვეთა: «მიშა, წასული ხარ!».

რა იყო ეს: სპონტანური წამოძახება თუ იმ განწყობილების გამოხატვა, რომელიც გურიაში არჩევნების წინა დღეს შეიმჩნეოდა?

_ ორივე ერთად _ სპონტანური შეძახილიც და საერთო განწყობილების გამოხატვაც. იმ შეკრებაზე რამდენიმე ადამიანი «ქართული ოცნების» მაისურებითაც კი იყო მისული.

_ მიშას ეკალივით ჩაესობოდამაგრამ, მაინც რომ მივიდნენ, ამას რა ახსნა მოეძებნება?

_ ასეთია გურულების ტრადიციული ცნობისმოყვარეობა და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს უჭერენ მხარს «ქართული ოცნების» მაისურებით მისული ადამიანები.

სააკაშვილის მხარდაჭერაზე რომ ლაპარაკობენ, მეცინება. კაცი ქვეყნის პრეზიდენტად ითვლება და, წესით, ყველა პარტიას თანაბრად უნდა უჭერდეს მხარს. ასეთია დემოკრატიის ერთერთი პრინციპი. მაგრამ ეს კაცი «ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზეა» დაციკლული და ამათი პრეზიდენტი გამოდის პრაქტიკულადმაგრამ ეს ცალკე თემაა.

28 სექტემბერს თბილისში სტადიონის შესავსებად ხალხი რომ ჩამოიყვანეს, ვიცი და პირადად დაგიმოწმებთ, რომ ბევრი «მეოცნებე» ფრიად მადლობელი დარჩა, იმიტომ, რომ… უფასოდ ჩამოიყვანეს «ქართული ოცნების» აქციაზე დასასწრებად, რომელიც მეორე დღეს, 29 სექტემბერს, უნდა გამართულიყო.

(ვიცინით).

გურიიდან საღამოსკენ ჩამოვედი თბილისში, იმ დროს, როცა ხალხი გამოდიოდა სტადიონიდან და ფეხით რომ მიუყვებოდა ქუჩას, როგორც ფეხბურთის მატჩის შემდეგ ხდებოდა ხოლმე.

_ მახსოვს.

_ გადმოვედი მანქანიდან და ჩემს სამგზავრო ნივთებთან ერთად ჩემი წინასაარჩევნო გაზეთიც გადმოვიტანე. 41 დიდად იყო დაბეჭდილი პირველ გვერდზე. ერთმა ქალბატონმა შენიშნა. შეჩერდა. შემომხედა და მითხრა:

_ თქვენ ჭკუასელი ბრძანდებით, თემური?

_ დიახ-მეთქი, _ ვუპასუხე.

_ 41 დავინახე გაზეთზე. ახლა სტადიონიდან მოვდივარ, მიშას შეკრებიდან, და წარმატებას კი თქვენ გისურვებთო.

ასეთი განწყობაა გურიაშიც და თბილისშიც.

_ 29-ში თქვენ, «ქართულმა ხმებმა», საქართველოს ჰიმნი იმღერეთ და საზეიმოდ გახსენით «ქართული ოცნების» დასკვნითი აქცია. თქვენი ნამღერი ჰიმნით გაიხსნა ფილარმონიის დიდ დარბაზში «ქართული ოცნების» პირველი «გამოსვლა ხალხში».

იყო რაიმე განსხვავება ამ ორ ნამღერს შორის?

_ ემოციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არა. მაშინ იყო თოხის პირველი დაკვრის განწყობილება, 29-ში _ სვრელის გატანის. ხვალ ველოდებით მოსავალს.

_ ვინაა თქვენი კონკურენტი ჩოხატაურში?

_ ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე. მადლობა მინდა გადავუხადო მას იმიტომ, რომ ერთერთ ინტერვიუში განაცხადა: მე ხალხს ველაპარაკები, ჩემი კონკურენტი მღერის და უნდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან კარგად გამოსდისო. გმადლობთ, ქალბატონო მანანა!

ჩვენი კოლეგაა.

(პაუზა).

ეგაა და ეგ… დანარჩენი ხალხმა გადაწყვიტოს. განწყობა თუ მაქინაციებით არ გააყალბეს არჩევნები, გამარჯვება გარანტირებული გვაქვს.

_ მაქინაციებით?!

_ თუნდაც მოსყიდვებით. ღამ-ღამობით ფულს ურიგებდნენ ამომრჩევლებს. ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრები დამკვირვებლებს გადავეცი. 150 ლარი წინასწარ მისცეს, ერთი ამდენს არჩევნების შემდეგ დაჰპირდნენ. სასამართლოშიც ვიჩივლეთ, მაგრამ «ნაცმოძრაობის» კანდიდატს ჩვენი სასამართლო არჩევნებიდან რას მოხსნიდა…

_ გაიყიდნენ გურულები?

_ არა! ხალხს ვეუბნებოდი, მიშა თქვენ ფულს გირიგებთ, ამიტომ სინდისმა არ შეგაწუხოთ, აიღეთ, ხმა კი ჩვენ მოგვეცით. ამაზე გურულებს ულვაშებში ეღიმებოდათ.

_ რაც თანხმობას ნიშნავს?

_ მე მგონი, ასეა.

_ გაიმარჯვებთ? ამას გეკითხებით არჩევნების წინა დღეს.

_ რომ გითხრათ, ცუდი განწყობილება მაქვს-მეთქი, არ ვიქნები მართალი.

აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

რუბიკონი გადალახულია!

უშუალოდ საარჩევნო უბნებზე გაყალბება გურიაში ნაკლებად მომხდარა. აქ სხვა სიტუაციაა, განსაკუთრებით, ჩოხატაურის რაიონში, სადაც პატარა სოფლებია და სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს. მათი ნების გამოხატვას ვერავინ ხელს ვერ შეუშლის. მით უფრო, რომ ძალიან ბევრი დამკვირვებელია, დამფიქსირებელი და გადამღები. თუმცა სად და როგორ უნდა გადაიღონ, როცა საარჩევნო უბნები ისეთ პატარა ოთახებშია მოთავსებული, რომ სამი კაცი ერთად ვერ დაეტევა. აი, ფანჯრებს თუ გახსნიან და ქუჩიდან თუ გადაიღებენ, მაშინ _ ჰო (ეღიმება).

არჩევნები უნდა მოვიგოთ. ოზურგეთში სააკაშვილის შემაჯამებელი მიტინგისთვის სამივე რაიონიდან 2500-მდე ადამიანი შეკრიბეს. ამაზე მეტი ჩემთან შეხვედრაზე მოვიდა.

_ მიშას ედრებით?

_ როგორ გავბედავ! (იცინის) მიშა პრეზიდენტია!

_ როგორი დღე იქნება ხვალ _ მშვიდი თუ დაძაბული?

_ ერთია სურვილი _ გვინდა, რომ მშვიდი დღე იყოს და ყველაფერი აქეთკენ მიდის. მაგრამ… აი გუშინ, 29-ში, მშვიდი დღე იყო ქუთაისში, მაგრამ ვიღაც გადარეული მიტინგის შემდეგ მანქანით შევარდა ხალხში.

ასეთი გადარეულები, როგორც ჩანს, მოიძებნებიან «ნაციონალური მოძრაობის» რიგებში. ასეთი ექსცესები, მე, მაგალითად, ვთვლი, რომ იქნება, მთავარია, ბევრი არ იყოს.

_ ვითომ დაუპირისპირდებიან გურულები ერთმანეთს მიშას გამო?

_ ძალიან საინტერესო ხალხია გურულები, პოლიციაშიც კი. ჩემი ერთი მხარდამჭერი 20 აგვისტოს დააპატიმრეს. მიზეზად დაუდეს ბახმაროში 19 აგვისტოს, დოღის დროს მომხდარი ინციდენტი.

ჩვენ რომ არ დაგვასწრეს, ხომ გახსოვთ?

_ «ნაცმოძრაობის» დღესასწაულიაო.

_ დიახ. მიუსაჯეს 90 დღე.

_ აუჰ!

_ ასე იყო. ოზურგეთის სასამართლოდან, სადაც პროცესი გაიმართა,  ჩოხატაურში ჩამოიყვანეს და იქ ჰყავთ ახლა, პოლიციაში. ჰოდა, მოვიდნენ ჩვენთან პოლიციელები, მოვიდნენ და გვითხრეს, გვეყოლებაო ძალიან კარგად. შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს მობრძანდეთ სანახავად, მოუტანოთ მოსაკითხი და ასე შემდეგ.

ის პოლიციელები აქ ცხოვრობენ და ისეთი დაპირისპირებები სამეზობლოში, რომლებიც სხვაგან ხდება, გურიაში გამორიცხულია.

_ ჰოდა, გაიმარჯვეთ. რას იმღერებენ გურულები გამარჯვების დღეს?

_ რას იმღერებენ, არ ვიცი, მაგრამ მე მინდა, რომ იმღერონ «ბურთის გამარჯვება». არის ასეთი სიმღერა, ლელობურთში გამარჯვებული სოფელი რომ მღერის.

მე ვუსურვებ ყველა გურულს, «ბურთის გამარჯვება» გვემღეროს.

_ სიტყვები თუ გახსოვთ?

_ გურულ სიმღერებს, პრაქტიკულად, ტექსტი არ აქვს. რაც მოუნდებათ, იმას იმღერებენ, ოღონდ იუმორის დიდი დოზით.

ის ბიჭი რომ დაიჭირეს, ვისზეც გელაპარაკეთ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, მივსულიყავი მის დედასთან, დამემშვიდებინა, გამემხნევებინა.

შეხვედრა რომ მქონდა გორაბერეჟოულში, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, იმ ქალბატონის შეკითხვას ვუპასუხე და ასე დავამთავრე: ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ქალბატონო!

ჰოდა, მივედი დაჭერილი ბიჭის დედასთან და პირველი, რაც ვუთხარი, ეს იყო:

_ ხომ გითხარით, ქალბატონო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

(ვიცინით)

დედამაც აიტაცა ეს მწარე იუმორი:

_ აბა, აბაო…

იუმორი ყველა გაჭირვებას გადაატანინებს ადამიანს.

სატელეფონო ხაზზეა ეკა ბესელია:

_ როგორ აფასებთ, ქალბატონო ეკა, მიხეილ სააკაშვილის მიერ «ტაძრის ექსკურსიამძღოლობის» შეთავსებას?

_ მისი ეს ბოლო ვიზიტი ფოთში, რიგით მეხუთე, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო სამარცხვინო იყო. ხალხი მოტყუებით მიიყვანეს მოედანზე, უთხრეს, რომ პატრიარქი აპირებდა ჩამობრძანებას ტაძრის კურთხევაზე.

სააკაშვილმა გადაწყვიტა, არჩევნებამდე ორი დღის ადრე უშუალო მონაწილეობითა და მკრეხელური მცდელობით გადაერჩინა მაჟორიტარობის თავისი კანდიდატი _ რომელი ქარხანა და ფაბრიკა იყო ფოთის ტაძარი, სააკაშვილმა რომ მისი გახსნა მოინდომა?! სამარცხვინო იყო, როცა «მიშა მაგარია» სიმღერის ფონზე ტაძარში შეუძღვა თავის მცირერიცხოვან მომხრეებს?!

ასეთი აქცია, რომლითაც სააკაშვილი თავისი შერყეული პოზიციის გამყარებას ცდილობდა, შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის.

ფოთელებზე, რომლებიც გამოირჩევიან განათლებულობითა და შინაგანი კულტურით, ტრადიციების ერთგულებითა და მართლმადიდებლური რწმენით, ასეთი იაფფასიანი ტრიუკები და მეთოდები არ მოქმედებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ფოთის მოქალაქენი ხვალ გააკეთებენ სწორ არჩევანს და მთელ საქართველოს მისცემენ მაგალითს, თუ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი პროგრესს, დემოკრატიას, სიკეთეს და თავიანთ ღირსეულ კანდიდატს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებაში.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფალის მცდელობა, შეეცვალა ვითარება ფოთში თავის სასარგებლოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

_ თქვენი კონკურენტი, თენგიზ სარიშვილი, როგორც ცნობილია, არაერთხელ შეეცადა ამომრჩევლების მოსყიდვას. ცესკო დუმს. ფოთიც დუმს?

_ გუშინ განიხილა სწორედ ეს საკითხი სასამართლომ და, მიუხედავად იმისა, რომ იურისტებმა უტყუარად დაადასტურეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები «ნაცმოძრაობის» მხრიდან, რაც ვიდეოფირზეცაა ჩაწერილი, 3 საათის განხილვის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება _ უარი თქვა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოში დამკვიდრებული უსამართლობის ჯაჭვში სასამართლო არის ერთ-ერთი მთავარი რგოლი.

მე ვფიქრობ, რომ ფოთში «ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატს ჰქონდა არაჩვეულებრივი შანსი, გამოსულიყო იმ ფრიად უარყოფითი სიტუაციიდან, რომელიც «ნაციონალური მოძრაობის» ირგვლივ შეიქმნა, არ ყოფილიყო იდენტიფიცირებული იმ ძალასთან, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო სასტიკი და კრიმინალური ძალა, მაგრამ რახან ეს არ გააკეთა და მასთან ერთად დარჩა ბოლომდე, ალბათ, მასთან ერთად დაასრულებს პოლიტიკურ კარიერას.

_ როგორ ატყობთ, გაყალბდება ფოთში არჩევნები?

_ აპირებენ. გაყალბების სხვადასხვა სქემა აქვს «ნაციონალურ მოძრაობას», მაგრამ ჩვენც დამუშავებული გვაქვს შხამსაწინააღმდეგო საშუალებები. ხვალ ყველა უბანზე იმუშავებს ტელეკამერები, რაც საშუალებას მოგვცემს, დავაკვირდეთ მთელ პროცესს, იქ იქნებიან ჩვენი წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი მეთვალყურეები. ვფიქრობ, რომ გაყალბების ყველა მცდელობა კრახით დასრულდება, გაიმარჯვებს «ქართული ოცნება» და ამით გაიმარჯვებს, კერძოდ, ფოთიც და სრულიად საქართველო.

_ მოსალოდნელია დაპირისპირება ფოთში?

_ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. მაგრამ უკვე იგრძნობა, რომ «ნაციონალური მოძრაობა» დასრულებულია.

გურამ ოდიშარია.

სენაკი.

_ სააკაშვილის მიერ სენაკის იგნორირება ხომ არ ნიშნავს, რომ იგი დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში ამ რეგიონში?

_ არა მგონია, რომ გაიმარჯვოს, თუმცა მას აქ აქვს თავისი რეზერვი _ ოთხ ათასამდე ჯარისკაცი და სამხედრო მოსამსახურე არის განლაგებული სენაკის ბაზაზე. ამის იმედი აქვს.

მაგრამ შიდა გამოკითხვებმა გვაჩვენა, რომ სენაკში «ქართული ოცნება» და მისი მაჟორიტარი კანდიდატი ლიდერობს. ბოლო გამოკვლევა ორი-სამი დღის წინათ ჩატარდა. ხალხის განწყობა შესანიშნავია, ყველანაირად ჩვენთან არიან. ხალხს მობეზრდა წლების მანძილზე უცვლელი რაიონის ხელმძღვანელობა. დაიღალა. ცვლილებებისკენ ისწრაფვის ხალხი.

ყველაზე მეტად უძრაობის სიტუაცია სამეგრელოს რეგიონში მაინც და მაინც სენაკის რაიონშია. არსად და არაფერში ეტყობა რაიმე ცვლილება. სრულიად გაჩანაგებულია ეკონომიკა, უწინ სახელგანთქმული საწარმოებიდან არაფერი მუშაობს.

_ გაყალბებას შეძლებენ?

_ ეს არის მათი ბოლო იმედი _ როგორმე მასობრივად გააყალბონ არჩევნების შედეგები. სამი დახურული უბანია სენაკის რაიონში. ერთი, როგორც გითხარით, ჯარია, სადაც არავინ შეგვიშვა და, მაშასადამე, ჯარისკაცებთან შეხვედრის არავითარი საშუალება არ გვქონდა. და არც ჩვენი დამკვირვებლები გვეყოლება იქ. ამიტომ ვერავინ შეედავება, «ნაცმოძრაობის» თუნდაც ასპროცენტიანი მხარდაჭერა რომ აჩვენონ.

_ ქუთაისში იქნებოდით გუშინ აქციაზე

_ ვიყავი, როგორ არა.

_ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

_ ძალიან ამაღლებული და საზეიმო განწყობილება ჰქონდა ხალხს, რომელიც უამრავი ოდენობით იყო წარმოდგენილი. ბატონ ბიძინას სიტყვას, რომელიც მან თბილისში წარმოთქვა, ყველამ ყურადღებით მოუსმინა. ჩვენ, მაჟორიტარობის კანდიდატები, სცენაზე ვიდექით. მოლოდინი, იმედი ძალიან დიდია.

_ რახან მომავალი მაჟორიტარები ახსენეთ, შეგეკითხებით: გუბაზ სანიკიძე, რომელიც თქვენთან ერთად იდგა, ხომ არ დაითრგუნა იმ პროვოკაციული, შეთითხნილი, ბინძური ჩანაწერის პუბლიკაციით, რომლებიც . . კომპრომატად შემოაგდო ხელისუფლებამ?

_ არა. არავითარი გულგატეხილობა. შემართული იყო გუშინაც ისე, როგორც ყოველთვის. «ნაციონალური» ტელეარხების ეს პროვოკაცია არავითარი დიდი დატვირთვის მატარებელი არ არის და ვერც სერიოზულ გავლენას მოახდენს ვინმეზე.

პირველი ოქტომბერი

სატელეფონო ხაზზეა თემურ ჭკუასელი.

ნაშუადღევია.

_ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, ბატონო თემურ?

მშვიდობიანად. იმდენად მშვიდობიანად, რომ ხალხი ნერვიულობს, რატომ არაფერი ხდებაო (იცინის). ჩოხატაურში შუალედური გამოკითხვით 67 პროცენტით «ქართული ოცნება» იგებს.

_ მაჟორიტარები?

_ ხვალ გეტყვით.

_ დარღვევები არ არის?

_ სერიოზულო დარღვევა არ მომხდარა, შედარებით უმნიშვნელო _ იყო, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. მაგალითად, დაფიქსირდა ისეთი კალმისტრების არსებობა, რომლებითაც შემოხაზული წრეები ქრება.

_ ჭორი მეგონა.

_ მართალი აღმოჩნდა.

_ ამომრჩევლების აქტიურობა როგორია?

_ როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტიურობაა საქართველოში.

_ ვემზადებით, «ბურთის გამარჯვების» სამღერლად?

_ ის დროა!..

სატელეფონო ხაზზეა ეკა ბესელია.

საღამო ხანია.

_ როგორ ხასიათზე ხართ, ქალბატონო ეკა?

_ ძალიან კარგ, ძალიან კარგ განწყობაზე ვარ.

_ ესე იგი, ტაძრის ექსკურსიამძღოლმა სააკაშვილმა სიტუაცია სათავისოდ ვერ შეაბრუნა?

_ ვერა, ვერა. ფოთი ძალიან ღირსეულად იცავს თავის პოზიციას. 3 საათისთვის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ჩვენ გვქონდა.

(აქ წყდება ჩვენი საუბარი, ქალბატონი ეკა ამბობს, რომ რაღაც აცნობეს და ცოტა ხანში დამიკავშირდება… ათი წუთის შემდეგ ზარია ფოთიდან).

_ იყო მცდელობა, რომ ყალბი პირადობის მოწმობებით შეეყვანათ უბანზე ამომრჩევლები, _ მაცნობებს ქალბატონი ეკა, _ აღვკვეთეთ.

_ დაპირისპირება ხომ არ არის მოსახლეობაში?

_ არა, არავითარი დაპირისპირება, არავითარი. მაგრამ დარღვევების ძალიან ბევრი ფაქტია. ასზე მეტი საჩივარი დაწერეს ჩვენმა წარმომადგენლებმა.

_ ეს შეცვლის საერთო სურათს?

_ ახლა მთავარია, დარჩენილ 2 საათში აღვკვეთოთ გაყალბების ახალი მცდელობები. მაგრამ ვითარება ისეთია, რომ შეუძლებელია რაიმემ შეცვალოს საერთო სურათი.

სატელეფონო ხაზზეა გურამ ოდიშარია

_ არნახული დარღვევებია სენაკში, _ შეწუხებულია ბატონი გურამი, _  ძალიან დიდი. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაშინების გზით მიაღწიონ მათთვის სასურველ შედეგს. მთელი ღამის განმავლობაში პოლიციდან ურეკავდნენ ჩვენს დამკვირვებლებს აშინებენ: _ ფული გაქვთ აღებული და 2 ოქტომბერს, .. ხვალ გამოცხადდით პოლიციაში დასაკითხადო.

ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა.

ამასთან ერთად ცესკომ, რომელსაც ჩვენი დამკვირვებლების 270-კაციანი სია დროულად გავუგზავნეთ, 113 დაგვაკლეს _ მანდატი არ მისცეს მოვალეობის შესასრულებლად. ზუგდიდსაც დააკლეს, სხვა რაიონებსაც.

მთელი დასტა გვაქვს მასალების, როგორ ყრიდნენ ყალბ ბიულეტენებს ურნებში. დაფიქსირებული გვაქვს ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების ფაქტებიც.

და, რაც მთავარია: ჩვენთან განლაგებული ჯარის ნაწილები ხმას აძლევდნენ  მხოლოდ პარტიულ სიებს. ახლა ნება დაურთავთ მაჟორიტარებისთვის ხმის მიცემის. გასაგებია, რომ ამით ხმების დიდ «მოსავალს მოიმკიან». იმდენ ათასს დაუმატებენ, რამდენსაც მოისურვებენ. ვინმე შეამოწმებს, თუ რა?

_ ფიქრობთ, რომ ზოგიერთ უბანზე დარღვევების გამო შეიძლება გაუქმდეს შედეგები?

_ ზოგიერთ უბანზე შეიძლება გაბათილდეს. უამრავი დარღვევაა. უბნების დახურვამდე კი ორი საათია დარჩენილი.

ჩვენს ხმებს ახლა დაცვა სჭირდება.

ეგზიტპოლების წარმომადგენლებს სენაკში «ნაციონალები» მასპინძლობდნენ. მაჟორიტარობის კანდიდატი მისაბიშვილი, მისი ოჯახის წევრები დახვდნენ ზოგიერთ უბანში. ეს ფაქტი ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს.

დღე მესამე

ბატონ თემურ ჭკუასელს უკვე შეიძლება მივულოცოთ გამარჯვება

_ იღებთ მოლოცვებს?

_ ვიღებ, ვიღებ. ბევრი მირეკავს, მადლობას ვეუბნები ყველას. მადლობელი ვარ თქვენი გაზეთის, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ვაჟკაცურად მხარში ამომიდგა.

_ ახლა საით? ანუ რას მეტყვის გამარჯვებული თემურ ჭკუასელი?

ბატონმა თემურმა ნოდარ დუმბაძის აღმოჩენილი «მარადისობის კანონის»  ციტირებით მიპასუხა:

«ადამიანის სული გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია. ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული… რამეთუ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ქვეყანაზე…»

* * *

საოცარ გამარჯვებას ვულოცავ ქალბატონ ეკა ბესელიას ჩვენი რედაქციის სახელით:

_ ფოთელების მხარდაჭერა არნახულია! საქართველოს საზღვაო კარიბჭემ კარი გაუღო ახალ ეტაპს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

გმადლობთ, გმადლობთ! მადლობა «საქართველო და მსოფლიოს» მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი.

* * *

ბატონი გურამ ოდიშარია ამბობს, რომ არჩევნების მეორე დღეს თავს ისე გრძნობს, როგორც ფრონტის წინა ხაზზე მყოფი მებრძოლი:

_ ვებრძვით ტოტალურ გაყალბებას მთელ სამეგრელოში: მხოლოდ ფოთში ვერ მოახერხეს ამის გაკეთება და ქალბატონმა ეკამ უპირობოდ გაიმარჯვა.

_ ეგზიტპოლების მიხედვით, თქვენ 13 პუნქტით უსწრებდით კონკურენტს: 53 პროცენტი 40 პროცენტზე, ასეთი იყო შეფარდება.

_ სააკაშვილმა რომ განაცხადა მაჟორიტარებში ვუგებთო «ქართულ ოცნებასო», ამის შემდეგ დატრიალდა გაყალბების მანქანა. წარმოუდგენელ სიყალბეს ჩადიან სააკაშვილის ერთგული ჩინოვნიკები.

_ ხომ არ ეგუებით?

_ არა, რასაკვირველია. შევაგროვეთ ყველა დამადასტურებელი ფაქტი, დოკუმენტი, ვიზუალური მასალა და გადავცემთ ცენტრალურ საარევნო კომისიას.

ვიბრძოლებთ ბოლომდე!

P.S. მესამედ მოსვლა

«მესამე ანგელოზმა დაუკრა ბუკი და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა, და დავარდა მდინარეების მესამედ ნაწილზე და წყალთა წყაროებზე.

ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა». (გამოცხ. 8, 10-11)

ნაცების აბზინდა ჩამოვარდა ხელისუფლების კაბადონიდან.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here