Home რუბრიკები პოლიტიკა არჩევნების ნაციონალური თავისებურებანი

არჩევნების ნაციონალური თავისებურებანი

563

1-2 ოქტომბრის მოვლენებმა უკანა პლანზე გადაწია ყველაფერი, რაც საქართველოში არჩევნებამდე ხდებოდა. არადა, წინასაარჩევნო ბოლო კვირა ანალიზისთვის საკმაოდ საინტერესოა. ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, ამ მეტად დაძაბულ დღეებზეც ვისაუბროთ, მითუმეტეს, რომ იმას, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაში მოხდა, «საქართველო და მსოფლიოს» დღევანდელ ნომერში არაერთი წერილი მიეძღვნა.

ჰა ბურთი, ჰა სტადიონი

როდესაც ხუთი თვის წინ (30.05.12) ერთად ვმსჯელობდით იმაზე, თუ რით შეიძლება უპასუხოს სააკაშვილმა «ქართული ოცნების» ხალხმრავალ აქციებს, «საქართველო და მსოფლიო» წერდა: «საბიუჯეტო ორგანიზაციებში სრული მობილიზაციის ჩატარებით და რეგიონებიდან პარტაქტივისტების ჩამოყვანით მან, იდეაში, შეიძლება ხალხმრავალი მიტინგი მოაწყოს (არის ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნოდ სტადიონის გავსებას გეგმავენ), მაგრამ ამ «ნაცმობილიზაციას» იმდენი მამხილებელი სკანდალური ვიდეოჩანაწერი და «მხარდამჭერების» აღიარება მოჰყვება, რომ სიტუაცია ანეგდოტური გახდება და სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწევს იმის მტკიცება, რომ «ეს ხალხი ძალით არავის მოუყვანია». საზოგადოების განხილვის საგნად ისევ გადაიქცევა არა საკუთრივ ღონისძიება, არამედ «იძულება მხარდაჭერისადმი» (ციტატის დასასრული).

ინფორმაცია სტადიონზე თავყრილობის გამართვის თაობაზე 100%-ით დადასტურდა, მაგრამ აქ სხვა რამ არის საინტერესო: სააკაშვილმა ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ სცადა, ივანიშვილისთვის სიმეტრიული პასუხი გაეცა, მიუხედავად იმისა, რომ აპრიორი ცხადი იყო, რომ ამდენ მხარდამჭერს თავს ერთად ვერ მოუყრიდა, ხოლო იძულებითი «ნაცმობილიზაცია» საყოველთაო დაცინვის საგანი გახდებოდა.

 აქ, ალბათ, ერთი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ _ ნაცოდვილარი «სტადიონის აქცია» (ისევე, როგორც «ნაციონალების» სასწრაფო წესით დაგეგმილი თავყრილობა ზუგდიდში) არა იმდენად ქართულ, რამდენადაც უცხოურ აუდიტორიაზე იყო გათვლილი. მარტივად, რომ ვთქვათ, სააკაშვილს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდებოდა «კარტინკა”, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას საკმაო რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს, რათა ცესკოს მიერ გახმოვანებული ციფრები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, «სავსებით ლოგიკურად” წარმოეჩინა. ის, თუ როგორ აღიქვამდა «იძულებას მხარდაჭერისადმი” ქართული საზოგადოება, მისთვის, სავარაუდოდ, მეორეხარისხოვანი იყო.

რაც შეეხება «ქართული ოცნების» წინასაარჩევნო ბოლო შეხვედრას თბილისში, ის ძალიან მასშტაბური გამოდგა და მის ანალოგს ეროვნული მოძრაობის პერიოდში თუ მოვძებნით. ორგანიზატორებმა, ალბათ, დაუშვეს შეცდომა, როდესაც აქციის ჩატარების სტანდარტული შაბლონი გამოიყენეს; კამპანიის კულმინაცია, იდეაში, განსხვავებული, განსაკუთრებული ფორმების მოძებნას მოითხოვდა. თუმცა, ამ ხარვეზის მიუხედავად, მომიტინგეთა შემართებამ და მართლაც რომ ეპიკურმა რაოდენობამ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა მისცა, წინასაარჩევნო პერიოდი წარმატებით დაესრულებინა.

ზოგიერთი კომენტატორი ივანიშვილის შტაბს შეცდომად უთვლის იმას, რომ «გლდანიგეიტის» შემდეგ მოწინააღმდგეს «ფეხზე წამოდგომის» შესაძლებლობა მისცა, პოლიტიკური ტემპერატურა მაქსიმუმამდე არ აწია, უწყვეტი, ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ტალღა არ ააგორა და ხელისუფლება (კერძოდ, მისი დაბალი და საშუალო რგოლი, რომელსაც «გლდანიგეიტის» პირველ დღეებში სრულ რღვევამდე ძალიან ცოტა აკლდა) «ქუჩიდან» მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ მოაქცია. წინაპირობები ამისთვის, საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით, ნამდვილად არსებობდა და ამ სტრატეგიას, ერთი შეხედვით, არაერთი ბონუსის მოტანა შეეძლო, თუმცა ის მნიშვნელოვნად ზრდიდა იმის ალბათობას, რომ არჩევნებამდე დიდი შეხლა-შემოხლა და არეულობა მოხდებოდა, სრულმასშტაბიანი ესკალაცია კი შეიწირავდა ივანიშვილის პირვანდელ, ძირითად გეგმას, რომელიც ნებისმიერ ფასად არჩევნებამდე მისვლას ითვალისწინებდა, და «ქართული ოცნების» ლიდერი გამწვავებაზე არ წავიდა.

სექტემბრის ბოლო რიცხვებში იგრძნობოდა, რომ მხარეები ძალებს პოსტსაარჩევნო კრიზისისთვის ზოგავდნენ. განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ ყალბდება, ამ პერიოდში პარტიები ისე იქცევიან, როგორც სპორტსმენები ფინიშის სწორზე და მთელ დარჩენილ ენერგიას დისტანციის ბოლო მონაკვეთზე ხარჯავენ. საქართველოში კი იმთავითვე აშკარა იყო, რომ ასპარეზობა ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგაც გაგრძელდება. მთლიანობაში ეს საინტერესო სურათს ქმნიდა, ყველაფერი თითქოსდა სრულდებოდა, თუმცა საზოგადოების 99% დარწმუნებული იყო, რომ «ყველაფერი» სწორედ ახლა იწყება. სახეზე იყო უცნაური, ტრანზიტული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც ერთმანეთს ერწყმოდა უკიდურესი დაღლილობა და მზადება ბრძოლისთვის, რომელიც გაცილებით მეტი ენერგიის დახარჯვას მოითხოვს.

არა არს დაფარული, რაიც არ გაცხადდების

ბოლო წინასაარჩევნო კვირამ .. კომპრომატების ომის ნიშნით ჩაიარა. განსაკუთრებით საყურადღებო იყო ჩანაწერები, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს ასახავდა და ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა.

ჩანაწერს, რომელშიც ასახულია ხელისუფლების წარმომადგენელთა აშკარა ჩარევა ორი, ფორმალური თვალსაზრისით დამოუკიდებელი, ტელეკომპანიის მფლობელების ურთიერთობაში ან მათი მცდელობა, შეფარული მუქარით მიუთითონ მსხვილ ბიზნესმენს, როგორ მოიქცეს (უგულავას ეპიზოდი), ბევრ სხვა ქვეყნაში მათ გადადგომას (ან იმპიჩმენტს) ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევდა. თანამედროვე საქართველოში ასეთი რამ აშკარა კრიმინალად არ ითვლება. ჩვენ, როგორც ჩანს, მაინც და მაინც იმის დანახვა გვჭირდება, თუ როგორ კლავს ხელისუფალი თავის მსხვერპლს ნაჯახით, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მთავარი არ არის. აშკარა იყო, რომ ჩანაწერები, რომლებიც საერთო შეხვედრებს ასახავს (სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ჟვანიას მონაწილეობით) საზოგადოებას მხოლოდ ნაწილობრივ უჩვენეს. იქ, «უგულავას ეპიზოდისგან» განსხვავებით, არც შეხვედრის დასაწყისი და არც მისი დასასრული ჩანდა. ბუნებრივად გაჩნდა და ფართოდ გავრცელდა ეჭვი, რომ მონაკვეთები, რომლებიც ეთერში არ გავიდა, ხელისუფლებისთვის გაცილებით უსიამოვნოა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე პირდაპირ მიუთითებს.

 ამას დაემატა ხმები იმის თაობაზე, რომ მალე შეიძლება გავრცელდეს ჩანაწერი, რომელიც პრემიერმინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის ოფიციალურ ვერსიას გააცამტვერებს.

შესაბამისად, საზოგადოების დიდ ნაწილში გაჩნდა მოლოდინი, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამ ჩანაწერებსაც იხილავდა, თუმცა ეს არ მოხდა.

ეს სკანდალური ფირები ძალიან დიდი ალბათობით მართლაც არსებობს და ამას კომპეტენტური წყაროებიც ადასტურებენ (თუ ვინმეს ეჭვი ეპარება «საქართველო და მსოფლიოს» ინფორმირებულობაში, შეუძლია ოდნავ ზემოთ დააკვირდეს ცნობას «ნაციონალების» «სტადიონის აქციის» შესახებ, რომელიც მის ჩატარებამდე 5 თვით ადრე გამოქვეყნდა). მაგრამ აქ, ალბათ, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მამხილებელი ჩანაწერი, რომელიც გასაჯაროებული არ არის, შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ერთგვარი გარანტია, რომ მასზე დაფიქსირებული თანამდებობის პირი მოიქცევა ისე, როგორც სურს მას, ვინც ჩანაწერს ფლობს. ზოგიერთ სიტუაციაში პაუზის გაკეთება უფრო მომგებიანია, ვიდრე მომენტალური მხილება ან მუხტის აწევა; ამ აზრმა შეიძლება ოდნავ ცინიკურად გაიჟღეროს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ეს ქართული პოლიტიკაა.

აქ ჩვენ საინტერესო დილემას მივუახლოვდებით: ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი და ყველა ჩანაწერის დაუყოვნებლივი ხილვის სურვილი; მეორე მხრივ კი _ პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რომელიც პაუზის გახანგრძლივებას მოითხოვს. წამით წარმოვიდგინოთ, რომ (თუნდაც) 28 სექტემბერს საღამოს ეთერში გავიდოდა კადრები, რომლებიც ხელისუფლების უმაღლესი პირების დანაშაულებრივ ქმედებას ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა. ამას, დიდი ალბათობით, საპროტესტო დემონსტრაციების მეცხრე ტალღა, შეტაკებები და, სავარაუდოდ, არჩევნების ჩაშლა მოყვებოდა. ცხადია, ვერაფერი გაამართლებს ამ ჰიპოთეტური ჩანაწერების სამუდამო მიჩქმალვას (დანაშაულის დაფარვა დანაშაულია), თუმცა დროის კონკრეტულ მონაკვეთში მათი არგამომზეურების უკან გარკვეული ლოგიკა ნამდვილად იდგა. ამასთანავე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრძოლა ხელისუფლებისათვის 1 ოქტომბერს არ დასრულებულა.

არის კიდევ ერთი, ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ მნიშვნელოვანი ასპექტი; «ვარდების რევოლუცია» სააკაშვილის გუნდიანად ამერიკული პროექტი იყო. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი (ყველა ნამდვილად არა) მამხილებელი მასალა ქართველი მაღალჩინოსნების შესახებ ძია სემმა შეიძლება აღიქვას ისე, თითქოს მას მთელი პლანეტის დასანახად სახეში შეაფურთხეს. მიუხედავად იმისა, თბილი ურთიერთობა ექნება საქართველოს და აშშ მომავალში თუ ცივი, ამის გაკეთება ნებისმიერ შემთხვევაში არასასურველია.

 გამოუქვეყნებელი «ბომბი»-კომპრომატი შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან რესურსად საიდუმლო დიპლომატიური ვაჭრობის დროს, მისი სასწრაფო გასაჯაროების შემთხვევაში კი ეს შესაძლებლობა დაიკარგება.

ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ არ უნდა მოითხოვოს სააკაშვილის მმართველობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საეჭვო ეპიზოდის გამოძიება და მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროება, მაგრამ ის, რომ სკანდალური ჩანაწერების დარჩენილი ნაწილის სავარაუდო მფლობელმა არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში არაფერი გამოაქვეყნა, მის პოლიტიკურ ალღოსა და წინდახედულებაზე მიუთითებს. ეს ძალზე პარადოქსული და საინტერესო ვითარებაა, რომელიც დემოკრატიისა და ეროვნული უსაფრთხოების (სწორედ უსაფრთხოების და არა პოლიტიკის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს) ძირითადი პრინციპების მიჯნაზე შეიქმნა.

აუდიოჩაწერის ნაციონალური თავისებურებები

ხელისუფლების მოქმედება «კომპრომატების ომში» .. სურმავას ჩანაწერების ფართო ტირაჟირებით განსაკუთრებულ ყურადღებას, ალბათ, არ იმსახურებს: მათი ნამდვილობა (პატარკაციშვილის ფარული ჩანაწერებისგან განსხვავებით) სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას, თანაც არანაირი კრიმინალი ამ საუბრებში არ არის, ისინი, მაქსიმუმ, ზოგიერთი პოლიტიკოსის ცუდ აღზრდაზე მიუთითებს. სახელისუფლო პროპაგანდა ამ ფირების გავრცელებით, სავარაუდოდ, ორი ძირითადი მიზნის მიღწევას ცდილობდა: საზოგადოების ყურადღების გაფანტვას, რომელიც პატიმრების წამების სკანდალურ კადრებზე და პატარკაციშვილის ჩანაწერებზე იყო კონცენტრირებული, და ნიჰილიზმის დათესვას პრინციპით: «ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ ისინიც ცუდები არიან».

ერთადერთი, მეტ-ნაკლებად საინტერესო ნიუანსი, რომელიც «სურმავას ჩანაწერებს» უკავშირდება, ისაა, რომ კოალიციური პარტნიორების ლანძღვაში მონაწილეობს ყველა, რესპუბლიკური პარტიის საკვანძო ფიგურების გარდა. აქედან გამომდინარე, ან ის უნდა დავუშვათ, რომ ისინი არასოდეს ლანძღავენ პოლიტიკურ პარტნიორებს (მათ, ვისაც «რესპების» ელიტასთან შეხება ჰქონია, ეს ვარაუდი, ალბათ, დიდად გააკვირვებს), ან კიდევ უნდა ვიფიქროთ, რომ ის, ვინც ამ ფირებს ავრცელებდა («ქართული ოცნების» ვერსიით, ეს ხელისუფლება იყო), თავისი ჭკუით, რესპუბლიკელების ავტორიტეტს უფრთხილდებოდა ან, სულაც, ოპოზიციურ კოალიციაში მათ თავის ბუნებრივ მოკავშირედ აღიქვამდა. ამ ფუნდამენტზე ძალიან ბევრი კონსპიროლოგიური სპეკულაციის დაფუძნება შეიძლება, მაგრამ, რადგან ეს ჩანაწერები განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს, ამჯერად დროის ეკონომიის მიზნით ჩავთვალოთ, რომ რესპუბლიკელების ლიდერები ცით მოვლენილი ანგელოზების თვისებებს ავლენენ და შესაბამის ლექსიკას იყენებენ.

კითხვა _ «თუ ფაბრიკაციას მიმართავდნენ, რატომ არ შექმნეს რაიმე უფრო წონადი?» _ უპასუხოდ დარჩა. ამის მიზეზი შეიძლებოდა ზოგადი უნიჭობა ყოფილიყო ან კიდევ ის, რომ ოპონენტის ხელთარსებული უსერიოზულესი კომპრომატი (რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ) სახელისუფლო ბანაკის მკვეთრ მოძრაობებს ბლოკავდა. არსებითი მნიშვნელობა ამას უკვე აღარ აქვს, თუმცა მხარეს, რომელიც სახელმწიფო მანქანას სრულად აკონტროლებდა, ბოლო დღეებში, არჩევნების წინ, იდეაში, გაცილებით ძლიერი სვლის გაკეთება შეეძლო.

წინასაარჩევნო ბოლო კვირა მეტად დაძაბული გამოდგა, თუმცა 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნების გახსნისთანავე ის პრაქტიკულად სრულ დავიწყებას მიეცა, რადგან საზოგადოებას აღარაფერი აინტერესებდა არჩევნების შედეგებისა და იმ პროცესების გარდა, რომელთაც ისინი დასაბამს მისცემდნენ. სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დრო გავა, ვიდრე ჩვენ სრულ ინფორმაციას მივიღებთ საიდუმლო პარტიაზე, რომელიც სექტემბრის ბოლო დღეებში, უშუალოდ არჩევნების წინ გათამაშდა, თუმცა ვიდრე წარსულის რეკონსტრუირებას დავიწყებთ (ამას გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებთ), ალბათ, მიზანშეწონილი იქნება, ყველა ის პრობლემა მოვაგვაროთ, რომლებიც პოსტსაარჩევნო აწმყოში გვაქვს.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here