Home რუბრიკები სამართალი იურა ვაზაგაშვილი: ლოპოტას ხეობაში დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახი მის მკვლელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს…

იურა ვაზაგაშვილი: ლოპოტას ხეობაში დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახი მის მკვლელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს…

646

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მოძრაობის «გადაარჩინე სიცოცხლე» ხელმძღვანელი და დამფუძნებელი იურა ვაზაგაშვილი.

_ ბატონო იურა, დღესდღეობით საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში სამართლიანობის მისაღწევად საკმარისი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა არ არის. დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ბევრს ძირეული ცვლილებების მთავარ წინაპირობად მიაჩნია. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ ის, რაც ამ რეჟიმის წყალობით ჩვენს ციხეებში ხდება, ყველა მაგ კითხვაზე პასუხს ცალსახად იძლევა. ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული, ეს არის რაღაც ისტორიული ტრაგედია, რომელსაც გაცილებით უფრო ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ერთის შეხედვით ჩანს. მე მგონი, ერთადერთი ცოცხალი არსება მაიმუნის რომელიღაც სახეობაა, შიმპანზე თუ გორილა, ზუსტად არ მახსოვს, რომელიც მამრი მამრს ახტება. სხვა ცხოველი კი ამას არ აკეთებს. მიხეილ სააკაშვილმა კი თავისი ავადმყოფური გონებით ამას კანონი დაარქვა.

ესენი არიან სადისტები და სისხლში იხრჩობიან. კაცისკვლა, წამება, გაუპატიურება ამათი ცხოვრების წესია და როგორც კუზიანს ვერ გაასწორებს ვერაფერი, სამარის გარდა, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ბოკერიასა და მათ გვერდით მყოფი სხვა ნაძირალების გამოსწორება შეუძლებელია. ამათ ერთადერთი განაჩენი მოუხდებათ: უნდა მიუსაჯო უვადო პატიმრობა და ისეთ დღეში ჩააგდო ეს ვირთხები, რომ სიკვდილი ენატრებოდეთ.

 მე არ ვიცი, ვინ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ, თუ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, თუ ქართველმა ხალხმა დამნაშავეებს პასუხი არ ვაგებინეთ, მაშინ მართლა მიმიფურთხებია ასეთი საზოგადოებისთვის, ასეთი პრინციპებისთვის და მონური აზროვნებისთვის.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა გარანტია არსებობს, რომ მომავალი ხელისუფლება სააკაშვილის მსგავსად წინამორბედის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე თავს არ შეიკავებს?

_ ამის პირობას ვერავინ მოგვცემს, გარანტი უნდა ვიყოთ ჩვენ. ვიქნებით ფხიზლად? ყველაფერი დალაგდება, თუ არა და ყოველი მომდევნო ხელისუფლება ერთიმეორეზე უარესი შეიძლება აღმოჩნდეს. ფხიზლად ყოფნაში საზოგადოების სოლიდარობას ვგულისხმობ, რისი დეფიციტიც დღეს ნამდვილად არსებობს. ეს უნდა გადაილახოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანამ სხვისი ჭირი ღობის ჩხირი გვგონია და ყველაფერი ფეხებზე გვკიდია, საკუთარი თავის გარდა, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე სააკაშვილისნაირი მანიაკი, რომელიც ისე წამოგაჯდება თავზე, რომ ვერც კი გაიგებ, საიდან გაჩნდა. მერე მაგას გულზე მჯიღისცემა არ შველის…

_ დღემდე ხელისუფლების უძლეველობას ოპოზიციის ნაწილი საზოგადოების სისუსტით ხსნიდა, რაც, ალბათ, გარკვეულწილად სინამდვილესაც შეესაბამება. ახლა რამდენად ძლიერია ჩვენი საზოგადოება არსებული გამოწვევების წინაშე, როგორ ფიქრობთ?

_ არაერთხელ მითქვამს, რომ ოპოზიციას არ უნდა, საზოგადოება იყოს ძლიერი და ერთიანი. მეტიც, როგორც ხელისუფლება მუშაობდა და მუშაობს ხალხის გასახლეჩად, წლების მანძილზე ოპოზიციაც არანაკლები მონდომებით იღწვოდა იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო.

_ და რაში სჭირდებოდა ეს ყველაფერი ოპოზიციას?

_ რაში სჭირდებოდა და ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, კარგად იცის, ოპოზიციას ძლიერი საზოგადოება ხელს აძლევს არჩევნების დროს, მერე კი ეს მისთვისაც ისეთივე თავსატეხია, როგორც ხელისუფლებისთვის. მე არ ვგულისხმობ ყველას, მხედველობაში მყავს ოპოზიცის ოთხმოცდაათი პროცენტი, რომელიც ქმნის ფონს. ამათი პოლიტიკა არის ის, რომ მოდიან ცალ-ცალი კალოშით და ხდებიან მილიონერები. საიდან შოულობენ ერთი ამდენ ფულს, გაგვაგებინონ! ხელფასი, ანაზღაურება მათი ყველამ ვიცით… ახლა მე თქვენ გეკითხებით: უნდათ ასეთ ადამიანებს ძლიერი საზოგადოება?!

_ დასასრულს, ისევ დამნაშავეების დასჯაზე გკითხავთ: არჩევნების შედეგები გასაგებია, მაგრამ, რაც უნდა მოხდეს, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტად მაინც სააკაშვილი რჩება. ასეთ პირობებში ცოტა გადაჭარბებულად ხომ არ გეჩვენებათ საზოგადოების მოლოდინი, თითქოს «ნაცმოძრაობის» ბედი ამ არჩევნებზე წყდება?

_ დიდი ხანია, «ნაცმოძრაობის» ბედი ისედაც გადაწყვეტილია. ხალხმა ხელისუფლებას რეჟიმი რომ დაარქვა, ჯერ კიდევ მაშინ გამოუტანა სააკაშვილს განაჩენი. მერწმუნეთ, ახლა რაც უნდა ეცადონ და რამდენიც უნდა იფართხალონ, საბოლოოდ კარგი დასასრული არ ექნებათ. ახალაიათი დაწყებული, დამთავრებული კალმახელიძით, რომელსაც რეალურად არავინ არაფერს ეკითხებოდა და ჩვარივით იყო მაგ უწყებაში, საბრალდებო სკამი არ ასცდებათ. პირადად სააკაშვილს, როგორც მეთაურს ამ კრიმინალური დაჯგუფების, გამზადებული აქვს შემზარავი განაჩენი. ვგულისხმობ სამართლებრივ განაჩენს, რასაკვირველია, მაგრამ, ვინაიდან მსაჯულის ფუნქციას ხალხი შეასრულებს, ეს განაჩენი იქნება უსასტიკესი და შემაძრწუნებელი. ბოლოს ამ ადამიანს ან გული გაუსკდება, ან აღმოჩნდება საგიჟეში, ვინაიდან, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მისთვის იმდენად დაჟინებული, ამოჩემებული, მანიაკალური აკვიატებაა პრეზიდენტობა, თუ კი ეს ბედნიერება არ ექნება, დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ხალისსაც დაკარგავს.

_ ალბათ, დამეთანხმებით, რომ საზოგადოების მხრიდან მუდმივად საჭიროა გარკვეული წნეხი, რათა მომდევნო ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული იყოს დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

_ ცხადია, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხი კარნახობს მმართველ გუნდს, თუ რა არის პრიორიტეტული, ამიტომ, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მას მიმართულება ჩვენ უნდა მივცეთ. ამათზე არ მაქვს საუბარი, იმიტომ, რომ ესენი თვითონვე არიან დამნაშავეები და კრიმინალები, მხედველობაში მყავს ჭეშმარიტად დემოკრატიული ძალა, რომელიც აქამდე არ გვყოლია. მე პირადად, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, როგორც ვერაგულად მოკლული შვილის მამა, ვაცხადებ, რომ არ გავჩერდები, სანამ ცოცხალი ვარ. სანამ ამ სისხლისმსმელების დასჯას არ მოვესწრები, არ გავჩუმდები… არ შევეგუები ამ მკვლელების, ჯალათების პარპაშს ქვეყანაში. მაშინ მე საკუთარი შვილის საფლავს უნდა გადავაბიჯო…

_ იქნებ წნეხისა და ზეწოლის შემდეგ, რაც ამ დღეებში განიცადა ხელისუფლებამ, მიგვეცა შანსი სააკაშვილისთვის? გამორიცხავთ, რომ ასეთმა მძლავრმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, გარკვეულწილად შეარბილოს მმართველი გუნდის რიტორიკა?

_ თქვენ ხედავთ მაგის ნიშნებს? ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება მართლა შეცდომებზე სწავლობს და იწრთობა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ ხდება _ ჯერ ერთი ესენი ვერასოდეს ვერაფერს ისწავლიან და მეორეც, აქ შეცდომებზე კი არა, უმძიმეს დანაშაულებზეა საუბარი. არ მინდოდა, ჯერ ამ თემას შევხებოდი, მაგრამ, რადგან დანაშაულებზე ვსაუბრობთ, აქვე, პირველად თქვენი გაზეთის საშუალებით, მკითხველს ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც მივაწვდი: ახლახან ლოპოტას ხეობაში რომ შეტაკება მოხდა, ყველამ იცის. იმ ინციდენტის შედეგად დაღუპული სოლომონ წიკლაურის დეიდა იყო რამდენიმე დღის წინ ჩემთან და ისეთი რამეები მომიყვა, რასაც საჯაროდ ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობენ. დაღუპულს უკან, ყურისძირში ჰქონდა თურმე ჭრილობა და ქალი თავს იკლავს, იქიდან არც ერთი ტყვია არ ყოფილა ნასროლიო. თვითონ ამათი მოკლულიაო, დარწმუნებულები არიან გარდაცვლილის ძმა სააკაშვილის პირად დაცვაშია და მანაც იცის, სინამდვილეში რაც მოხდა, მაგრამ თურმე ისეთი პირობები შეუქმნეს, ხმას ვერ იღებს: კრედიტი გაუუქმეს, ბინა უყიდეს, ალბათ, ხელფასიც გაუზარდეს… ერთი სიტყვით, კაცი იყიდეს. მაპატიოს იმ ქალბატონმა, რომ ვარღვევ პირობას და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობ, შეიძლება, არასწორად ვიქცევი, მაგრამ ახლა სიჩუმის დრო არ არის. თუ მე არ ამოვიღე ხმა, შენ არ ამოიღე ხმა, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს სიმართლის ცოდნას?! მითუმეტეს ასეთი ფაქტები, იცით, რამდენია? უამრავი ოჯახი ჰყავთ გაუბედურებული და იმის გამო, რომ ზოგი გაიყიდა, ზოგიც დაშინებულია, ბევრი რამ საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ, ეს უნდა მორჩეს, თორემ რეჟიმი კი არ დასუსტდება თავისთავად, რეჟიმი მუტაციას განიცდის. ხალხმა შეიძლება კიდევ არ იცის, სანამდე შეიძლება ამ ყველაფერმა მიგვიყვანოს. არადა, მერწმუნეთ, შესაძლოა, ბევრად უფრო დიდ სიმახინჯესა და უბედურებაში გადაიზარდოს არსებული სისტემა, თუმცა ამაზე დიდი სიმახინჯე ძნელი წარმოსადგენია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here