Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველომ სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა

საქართველომ სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა

556

როდესაც 1 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, ცხადი გახდა, რომ მიუხედავად იმისა, საბოლოოდ თუ როგორ გადანაწილდება ადგილები პარლამენტში, სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის შესანიშნავი წინაპირობები შეიქმნა. ეს არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ავტომატურად, «თავისით» დაინგრევა, ამას საკმაოდ დაძაბული და, შესაძლოა, ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდეს, მაგრამ, თუ ვითარების აღწერისთვის ისტორიული მეტაფორის მოძებნას შევეცდებით, ალბათ, შემდეგ ფორმულამდე მივალთ: ბერლინი ჯერ არ აუღიათ, მაგრამ კენიგსბერგი უკვე დაეცა.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური სასწაული მოახდინა; ასეთი წარმატების მიღწევა ამ რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელი ჩანდა. ხელისუფლებამ ათას არაკონვენციურ, მარტივად რომ ვთქვათ, ბინძურ ხერხს მიმართა, როგორც არჩევნებამდე, ისე 1 ოქტომბერს, მაგრამ მისთვის სასურველი შედეგის «დადება» მაინც ვერ მოახერხა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილი ძალიან ცუდად იცნობს ქვეყანას და ერს, რომლის მართვის პრეტენზია აქვს.

რა თქმა უნდა, ეიფორიაში ჩავარდნა ნაადრევია, ოპოზიციურ საზოგადოებას (უპირველესად, იურისტებს) წინ აქვს მომქანცველი ბრძოლა თითოეული ხმის დაცვისთვის, მაგრამ პრინციპული გარდატეხა (როგორც პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიური) უკვე მოხდა; «ქართული ოცნების» მხარდამჭერებმა საბოლოო, ტრიუმფალური გამარჯვების გემო იგრძნეს. რაც შეეხება «ნაცმოძრაობას» და ხელისუფლებას ზოგადად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას დღევანდელი სახით შეუძლია იარსებოს მხოლოდ ფაქტობრივი ერთპარტიულობის პირობებში, შეცვლილ გარემოში კი მისი «ჩამოშლა» (ალბათ, ამ შემთხვევაში მართებული იქნება გამოვიყენოთ ეს სიტყვა მიხეილ სააკაშვილის ლექსიკონიდან) პრაქტიკულად გარდაუვალი ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, მან ახალ რეალობასთან ადაპტირება მოახერხოს. ეტაპობრივი იქნება რღვევის პროცესი თუ მომენტალური, ტექნოლოგიური ნიუანსია, მთავარია, ამ პერიოდში ქვეყანას .. კუდის მოქნევა და მასშტაბური დესტაბილიზაცია ავარიდოთ.

დარღვევები და გაყალბება, რასაკვირველია, იყო და თითოეული საეჭვო ფაქტი სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს, თუმცა ხელისუფლებამ  საბედისწერო ზღვარს არ გადააბიჯა. ეს, სავარაუდოდ, არ გამომდინარეობდა მისი კეთილშობილებიდან ან დემოკრატიის ერთგულებიდან; გადამწყვეტ მომენტში სააკაშვილს, როგორც ჩანს, უბრალოდ, შეეშინდა. თუ ხელისუფლება ტოტალურ, ცინიკურ გაყალბებას მიმართავდა (და არა შენიღბულს და, ასე თუ ისე, «ზომიერს»), საქართველოში, 99% ალბათობით, 1 ოქტომბერსვე რევოლუცია დაიწყებოდა. მაგრამ იმის თქმა, რომ არჩევნები სანიმუშო იყო, ნამდვილად არ შეიძლება, ისევე, როგორც საუბარი იმაზე, რომ «ევროპას დავემსგავსეთ» და «საოცრად დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ». სამწუხაროდ, საქართველოში გაყალბებად, უსამართლობად და უკანონობად, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმას თვლიან, რაც საარჩევნო უბანს, კომისიას, ბიულეტენებსა და ოქმებს უკავშირდება. არადა, ყოველივე ამის ხელოვნური გამიჯვნა წინარე პერიოდისგან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ცუდი გარემო ნორმალურ არჩევნებს გამორიცხავს. საკმაოდ ზუსტად წინასაარჩევნო სიტუაცია აღწერილი იყო «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის», «სამართლიანი არჩევნების» და «საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს» ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 სექტემბერს გავრცელდა: «წინასაარჩევნო გარემო მკვეთრად უთანასწორო იყო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კონკურენცია მიმდინარეობდა არა პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ სახელმწიფოსა და ოპოზიციას შორის, რაც განპირობებულია მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ფუნქციას შორის ზღვარის არარსებობით. აღნიშნული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს». ზრუნვა იმაზე, რომ არჩევნები საქართველოში აღარასოდეს ჩატარდეს, ასეთ კოშმარულ გარემოში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

ძნელი წარმოსადგენი არაა, რა შედეგებით დასრულდებოდა არჩევნები, თუ არ იქნებოდა «ბიუჯეტნიკების» და რეგიონების მოსახლეობის დაშინება, ზეწოლა, შანტაჟი და ათასი სხვა მამაძაღლობა. შეუძლებელია იმის ზუსტი დადგენა, თუ რამდენი ხმა მოუტანა სახელისუფლო პარტიას ყოველივე იმან, რასაც მთლიანობაში შეიძლება პირობითად «ძალმომრეობის ბონუსი» ეწოდოს, თუმცა აშკარაა, რომ მის გარეშე «ნაცმოძრაობის» შედეგი გაცილებით მოკრძალებული იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად სააკაშვილის ჯგუფმა, მისმა პოლიტიკამ და იდეოლოგიამ კრახი განიცადა.

1 ოქტომბერს გვიან საღამოს დედაქალაქში დიდი ზეიმი დაიწყო; თბილისელები აღნიშნავდნენ გამარჯვებას რეჟიმზე, რომელმაც 7 ნოემბერის და 26 მაისის დარბევები და უამრავი სხვა უბედურება მოუწყო. დრამატურგიის კანონები, იდეაში, მოითხოვს იმას, რომ აქვე აღვწეროთ, თუ როგორ უყურებდა გაფითრებული სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციის გამჭვირვალე გუმბათიდან მოზეიმე, ბედნიერ ქალაქს, რომლის დამორჩილება ვერაფრით მოახერხა, მაგრამ ამ სცენას, ძალიან დიდი ალბათობით, ადგილი არ ჰქონია, რადგან «ნაცმოძრაობის» ლიდერის მთელი პოლიტიკური ბიოგრაფია მიანიშნებს იმაზე, რომ მას არ აქვს საკმარისი გამბედაობა, საკუთარ მარცხს თვალი გაუსწოროს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს იმას, რას გრძნობდა ამ დაუვიწყარ საათებში სააკაშვილი და სად იმყოფებოდა ფიზიკურად, მთავარია, რომ თბილისმა თავისი სათქმელი თქვა. ცხადია, იგივე გააკეთა მთელმა საქართველომაც, თუმცა ეს ეპიზოდი, ალბათ, მაინც ცალკე უნდა გამოვყოთ, რადგან დედაქალაქის დამოკიდებულებაზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ (და პირიქით) ეპიკური პოემებისა და ძველბერძნული ტრაგედიების დაწერა შეიძლება.

უახლოეს დღეებში ოპოზიციური საზოგადოება, სავარაუდოდ, აჩვენებს, რომ ხელისუფლების ზონდერებზე გაცილებით მაღლა დგას და წაქცეულებს არ ურტყამს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მის ინტერესებში არ შედის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური იზოლაცია და მისთვის საოპერაციო სივრცის მიზანმიმართული შეზღუდვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ავლაბრის რეზიდენცია შეიძლება «ერთიან ნაციონალურ გადატრიალებაზე» ორიენტირებული ძალების ბუდედ გადაიქცეს. ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომ «დაფის ამოყირავება» ფიქრადაც არავინ გაივლოს.

გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთ თვეში შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. მართალია, ჯერჯერობით ბარაკ ობამას პოზიციები უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ მიტ რომნის გამარჯვების შანსი მაინც არსებობს. რესპუბლიკელების კანდიდატის წარმატებამ კი შეიძლება შეაგულიანოს (რეალიზმთან ამას საერთო არაფერი ექნება, თუმცა ეს სხვა, ცალკე საუბრის თემაა) სააკაშვილის ჯგუფი და მკვეთრი, რევანშზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაადგმევინოს. ასე იქნება თუ ისე, ოპოზიციური საზოგადოება, ალბათ, წამითაც არ უნდა მოდუნდეს, ვიდრე პროცესს ლოგიკურ დასასრულამდე არ მიიყვანს.

როდესაც 2 ოქტომბერს, ცესკოში დათვლის პარალელურად, «ნაციონალური მოძრაობა» და მისი პროპაგანდისტული მანქანა, ერთის მხრივ, აღიარებდა ოპოზიციის გამარჯვებას პროპორციულ არჩევნებში და ამავე დროს მაჟორიტარებს და წარმოსახვით «უმრავლესობას» ებღაუჭებოდა, ამის მიღმა შეიძლებოდა იმ როლური მოდელის კონტურების დანახვა, რომელიც საზოგადოების აღქმაში უახლოეს მომავალში დამკვიდრდება. მის ფარგლებში სააკაშვილის პარტია აუდიტორიის წინაშე წარდგება, როგორც ძველი, მიმავალი ძალა, რომელიც ცდილობს ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს პოზიციები, თუმცა იძულებულია მათი ნაწილი, ერთი მეორის მიყოლებით დათმოს.

 ეს ძალზე წამგებიანი როლია, როგორც პოლიტიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. «ნაციონალური მოძრაობის» არაერთ ფუნქციონერსა და ჩინოვნიკს, სავარაუდოდ, მალე გაუჩნდება დაუოკებელი სურვილი, ყოფილი თანაგუნდელებისგან რაც შეიძლება შორს გაიწიოს. ალბათ, უახლოეს მომავალში ჩვენ ვიხილავთ სცენას, რომელიც «საქართველო და მსოფლიოს» ფურცლებზე ჯერ კიდევ თებერვალში აღვწერეთ: «ორ სკამზე ჯდომა და ათას წინაღობაზე ხტომა პოლიტიკური სპორტის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა. გამორიცხული არაა, რომ მალე ამ დისციპლინებში ერთმანეთს «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები შეეჯიბრებიან, რადგან სულ უფრო მეტი ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნება მომავალში ვერ მოხერხდება. შესაბამისად, მათ თავი უნდა დაიზღვიონ და საკუთარ მომავალზე წინდაწინ იზრუნონ, რასაც, დაუზუსტებელი ინფორმაცით, აქტიურად აკეთებენ კიდეც და ბიძინა ივანიშვილთან საიმედო კონტაქტების დამყარებას ცდილობენ». თუმცა ახლა, პროცესი, რომელიც ადრე გარე თვალისთვის შეუმჩნეველი იყო (და ბუნდოვანი ფორმულის «დაუზუსტებელი ინფორმაციით» მოშველიებას მოითხოვდა), ყველასათვის ხილული გახდება. ის, სავარაუდოდ, სპორტის ახალ, ჯერაც არნახულ სახეობას დაემსგავსება: «სირბილი ბარიერების გადალახვით, კომპრომატით კბილებში»; პრინციპში, შეგვიძლია პატარა ტოტალიზატორი გავხსნათ და მომავალი ჩემპიონის წინმსწრები ამოცნობა ვცადოთ.

1 ოქტომბერს ახალი, გარდამავალი ეტაპი დაიწყო. მას დაუკავშირდება არა მხოლოდ განუმეორებელი განცდა, რომელიც შეიძლება შევადაროთ იმ ადამიანის შეგრძნებებს, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა და ნაბიჯნაბიჯ შორდება ციხეს, არამედ უამრავი საფრთხე, თუმცა მათი ჩამოთვლა და შეფასება დღეს, ალბათ, არ ღირს. საზოგადოების უმრავლესობა ზეიმობს და, აქედან გამომდინარე, დეტალური საუბარი პრობლემებზე, უმჯობესია, მომავალი კვირისთვის გადავდოთ. ახლა კი, ალბათ, ურიგო არ იქნება, უბრალოდ, გავიდეთ ქუჩაში და შევეცადოთ, დავაფიქსიროთ, თუ როგორ იცვლება ყველაფერი ჩვენ გარშემო; ერთი რამ შემიძლია გადაჭრით ვთქვა: ამდენი გაღიმებული ადამიანი თბილისის ქუჩებში, წლებია, არ მინახავს.

23 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში შესანიშნავი მწერლის, ჰარი ჰარისონის, ციტატა მოვიყვანე, რომელიც მინდა გავიმეორო: «ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი განწირულია, ადრე თუ გვიან დაემხობა და ყველაზე მძიმე პრობლემები დადებითად გადაწყდება. კაცობრიობას თვითრეგულაციის მაშველი მექანიზმი აქვს _ ცუდი დრო არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. გწამდეთ და იმედი გქონდეთ!». მიუხედავად იმისა, რომ დღეს სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს, თავი დემოკრატიის მედროშედ წარმოაჩინოს, რომელმაც უპეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა, ჩვენ, უცხოელი მეგობრებისგან განსხვავებით, კარგად ვიცით, რას წარმოადგენდა (და სხვათა შორის, ჯერ კიდევ წარმოადგენს) ეს რეჟიმი სინამდვილეში. თუმცა მთავარი ეს კი არაა, არამედ ჰარისონის მიერ ნახსენები რწმენა და იმედი, რომელიც «შორეულ» 2003-05 წლებში რეჟიმის თითზე ჩამოსათვლელ ოპონენტებს გვასულდგმულებდა, 2007-2011 წლებში უამრავ მომიტინგეს სიმტკიცეს უათმაგებდა, 2012-ში კი ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მთავარი წინაპირობა გახდა; რწმენის, იმედის და, ცხადია, სიყვარულის გარეშე, არაფერი გამოვიდოდა და არც მომავალში გამოვა.

მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგებს გამოაქვეყნებს საბოლოოდ ცესკო და რა პოლიტიკური პროცესების მომსწრენი გავხდებით უახლოეს დღეებში, მთავარია, რომ «ცუდი დრო», სავარაუდოდ, მალე დასრულდება; არჩევანმა, რომელიც ერმა 1 ოქტომბერს გააკეთა, ამისთვის ყველა წინაპირობა შექმნა.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here