Home რუბრიკები საზოგადოება ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვედნამყოფი ვეტერანები: ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეობაში მრავალ...

ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვედნამყოფი ვეტერანები: ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეობაში მრავალ საშინელებაგამოვლილებსაც კი არ გვინახავს ამგვარი სისასტიკე

584

ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისთვის თავდადებული, შრომასა და ბრძოლაში დამაშვრალი ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ამაგდარი ვეტერანები უსაზღვროდ აღშფოთებულნი ვართ  ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში დანერგილი თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ ზემოქმედებისა და დასჯის უკანონო ზომების, ფაშისტური მოპყრობის ამ დღეებში გავრცელებული შეურაცხმყოფელი ფაქტებით.

ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეობაში მრავალ საშინელებაგამოვლილ ვეტერანებსაც კი არ გვინახავს პატიმრებისადმი ამგვარი სისასტიკით გამორჩეული ძალმომრეობის ფაქტები.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში შეტანილი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის 2011 წლის ანგარიშში  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული რეგულარული მონიტორინგის შედეგებისა და შესწავლილი საქმეების ანალიზი გვიჩვენებს, რომ თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ ზემოქმედებისა და დასჯის უკანონო ზომების გამოყენება, როგორც წესი, წახალისებული იყო ზოგადად სისტემისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელი პირების მიერ. ასევე სისტემის თანამშრომელთა შორის დანერგილი იყო დაუსჯელობის სინდრომი და ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავდა პრობლემის დამალვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე. კანონიერებაზე ზედამხედველობის სამსახურის, ხელისუფლების რეაგირება ვერ უზრუნველყოფდა პრობლემის გადაწყვეტას.

ასეთი ვითარება ახლა, როდესაც მრავალტანჯული საქართველო განსაცდელშია, დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა, ხალხის ერთობა, რომელიც უამრავი პარტიის არსებობის პირობებში ვერ პოულობს ქვეყნის გადარჩენისთვის მობილიზაციის გზებს, ოკუპირებულია მშობლიური კუთხეები, უჭირთ მშობლიური ადგილებიდან დევნილ ადამიანებს, აბუჩად იგდებენ ვეტერანებს, «ვარდების რევოლუციის» შემდეგ შეიზღუდა ვეტერანთა შესახებ კანონით გათვალისწინებული უფლებები, შეღავათები, დახმარებები, მძვინვარებს უმუშევრობა, უამრავი პრობლემაა სოფლის მეურნეობაში, მრეწველობის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროებში, გაჩაღებულია ისტორიულ ძეგლებთან ბრძოლა, ეროვნულ ღირებულებათა გადაფასება მოითხოვს, ყველა, როგორც ერთი, დავდგეთ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. ყველგან, ყოველთვის, ყველა საკითხი გადავწყვიტოთ ისე, როგორც «ხმა ღვთისა და ხმა ერისა» გვიკარნახებს. გვახსოვდეს, რომ «ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდვნოდეს», მხოლოდ მშვიდობიანი, ნამდვილად სახალხო არჩევნების გზით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივები.

პატიმართა მიმართ ძალადობის, ცინიკური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების აღკვეთისათვის საჭიროდ მიგვაჩნია ახლადარჩეული პარლამენტის გადაწყვეტილებით შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების უკომპრომისო აღსრულება.

სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ უკლებლივ დანაშაულის ყველა მონაწილე _ ძალმომრეობის უშუალო შემსრულებელი თუ ძალმომრეობაზე ზედამხედველი პირი. მათ უნდა აგონ პასუხი დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის თუ გულგრილობით ჩადენილი ძალმომრეობისა და ადამიანის წამებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ეს უზრუნველყოფს ქართველი ერის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებას და ჩაუნერგავს მომავალ თაობას  კანონის უზენაესობის რწმენას.

ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვედნამყოფი ვეტერანები:

ბარბარე ნინიკელაშვილი,

ლეონტი ოდიკაძე,

არამი კიკოიანი,

დავითი გოგობერიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here