Home რუბრიკები საზოგადოება «დუმილით გაიცემა ღმერთი!»

«დუმილით გაიცემა ღმერთი!»

1251

დიდო მეუფეო, მწყემსმთავარო, კათოლიკოს-პატრიარქო ივერიის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისაო, ძვირფასო მამათმთავარო, მოგმართავთ შვილობრივი სიყვარულით, კეთილკრძალულებითი ძრწოლითა და ღრმა მოწიწებით.

მოციქულთა მოსაყდრეო!

ვუმზერთ რა ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს, ისტორიული სინამდვილის სიგრძეზე, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაბეჯითებით ვრწმუნდებით, რომ ეკლესია მუდამჟამს იყო დესპანი საყოველთაო მშვიდობისა და გარანტი სახელმწიფოებრივი კეთილდღეობისა თუ სტაბილურობისა.

მრევლი და ზოგადად ქართული საზოგადოება ნათლად ვაცნობიერებთ, რომ დედაეკლესია არის საყოველთაო საუნჯე თითოეული მართლმორწმუნე პიროვნებისთვის და იგი არასდროს გახდება მხარე ადამიანთა გარკვეული ერთობის სასარგებლოდ, არამედ პირიქით, სამოქალაქო სივრცესა თუ პოლიტიკურ არეალში, მისი მამობრივი არბიტრაჟი ხელს შეუწყობს ნებისმიერ, თუნდაც კონტრასტულად განსხვავებულ პარტიულ ძალებს შორის ძმადმოყვარების, ურთიერთდაახლოებისა და მომრიგებლობის იდეას. თუმცა საქართველოში, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება სრულიად დისკრედიტირებულია, ეკლესიამ მოიპოვა არა მხოლოდ მორალური, არამედ პოლიტიკური ავტორიტეტიც. მას შეუძლია პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა და ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა.

თანამედროვე სამყაროში ეკლესიის აქტიურობის მრავალი დადებითი მაგალითი არსებობს. ეკლესიამ სერიოზული როლი შეასრულა (და ასრულებს) სიცილიაში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში; გერმანიაში სამღვდელოების ნაწილი მწვავედ უპირისპირდებოდა ფაშიზმს; ლათინური ამერიკის ქვეყნებში ეპისკოპოსები ილაშქრებდნენ «სიკვდილის ბრიგადების» და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ. ქართულ რეალობაში კი თუნდაც კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა ამბროსის (ხელაია) მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმი გავიხსენოთ, რაც გახლდათ ერის, მაშინდელი ტკივილით დაწერილი პეტიცია, რომელმაც მსოფლიო თანამეგობრობას ღიად და გამჭვირვალედ წარმოუდგინა ის ავბედითი მდგომარეობა, რომელიც ჩვენს იმდროინდელ სამშობლოში სუფევდა. ეკლესიას არა მხოლოდ უფლება აქვს ასე მოიქცეს, არამედ ასეთი აქტიურობა პირდაპირ გამომდინარეობს მისი ბუნებიდან.

ბრძენო მესაჭეო!

სეკულარისტული ელიტიდან მავანნი მიიჩნევენ, რომ ეკლესია ყრუ ნეიტრალიტეტსა და სახელმწიფოებრივ ინდიფერენტულობას უნდა იცავდეს, რამეთუ, მათი მტკიცებით, იგი რეტროგრადულ ინსტიტუციას წარმოადგენს, რომელიც ვითომდა აფერხებს ქვეყნის პროგრესირებასა და ლიბერალ-დემოკრატიულ განვითარებას, რაც ერთგვარად გამომწვევი და დამამცირებელი გზავნილია მოდერნისტი ნოვატორების მხრიდან. ამ ფონზე, მრევლის ჯანსაღი ნაწილი დაინტერესებულია იმით, თუ რას აკეთებს საპატრიარქო საიმისოდ, რომ კვალიფიციურად განუმარტოს საზოგადოებას იმ გამოწვევებისა და თანამედროვე წინააღმდეგობების შესახებ, რომლებიც გლობალიზაციის პროცესმა მოიტანა.

მართლმკვეთელო მწყემსო!

დღეს, მაშინ, როცა ესოდენ უჭირს ჩვენს დაჩაგრულ და დამცირებულ ერს, თქვენი მამხილებელი და მკაცრი საყვირის მოლოდინში, ძლივძლივობითღა ვიხანგრძლივებთ პატივაყრილ, ღირსებაშელახულ, სიწმინდეშებღალულ და შეურაცხყოფილ სიცოცხლეს, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან თითოეული ჩვენგანის ოჯახს მიადგა. მატერიალურ სიდუხჭირესა და საარსებო პრობლემებს, სულიერი ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების სასტიკი ხელყოფაც დაერთო, რამაც მორალურად გაანადგურა თავისუფლებისმოყვარე ჩვენი ბედკრული საზოგადოება. იმ ფონზე, როცა საპატიმროებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადამიანთა გაუგონარი ტანჯვა-წამება მიმდინარეობს, წმ. სინოდის მღვდელმთავართა მცირე, მაგრამ გარკვეული ნაწილი (რომელიც კონფორმისტული და ხელისუფლებისადმი მაამებლური თუ ანგარებითი ტრფობით არის ცნობილი), არათუ ამხელს, არამედ აბსოლუტურად არ იმჩნევს, არ გმობს იმ შემაძრწუნებელ, ჯერ არნახულ სისასტიკესა და ბოროტებას, რომელიც ტელეეკრანებზე მთელმა მსოფლიომ იხილა. მეტიც, ისინი კვლავინდებურად არღვევენ ამბიონის დანიშნულებას, თავიანთ ე.წ. ქადაგებებში, მკვახე მოწოდებებით, წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას ეწევიან «ნაციონალური მოძრაობის» სასარგებლოდ, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წნეხს ახორციელებენ მრევლზე და სინოდალურ გადაწყვეტილებას «სასულიერო პირთა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შესახებ» უხეშად ეწინააღმდეგებიან.

მორწმუნე საზოგადოების უმრავლესობა, უაღრესად შეშფოთებულია ხელისუფლების მეხოტბე მღვდელმთავართა ცინიკური და გულგრილი დამოკიდებულებით მოცემული ვითარების მიმართ, რაც ძალიან დიდ იმედგაცრუებასა და გულაყრას იწვევს ადამიანთა განწყობილებაში სასულიერო იერარქთადმი. ამ ყველაფრის შემხედვარეს მახსენდება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: «ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას…» ვაითუ ეს სიტყვები ამჟამინდელ ჩვენს რეალობას ასახავს… არაფრით არ მინდა დავიჯერო, მაგრამ ფაქტები ჯიუტად ამაზე მეტყველებენ.

იმისათვის, რათა განგვიქარწყლდეს ადამიანური ეჭვები და ჩვენეული, ცოდვისმიერი სისუსტით დანახული მწარე და თავზარდამცემი სინამდვილე, უმორჩილესად გთხოვთ, მკვეთრი რეაგირება მოახდინოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განგვიმარტოთ ეპისკოპატის წევრთა ესოდენ უცნაური თვითნებობა, რაზედაც მათთან ერთად პასუხისმგებლობა თქვენც გაკისრიათ მოწყალე უფლის, იესო მაცხოვრის წინაშე.

ზნეობისა და ვაჟკაცობის ქომაგო მამათმთავარო!

მაშინ, როცა ჩვენს სოციუმში მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ხორციელ საზრდოს მოკლებული ხალხი სულიერ მანანას ეპოტინება და შველას სამღვდელო დასიდან მოელის. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში იერარქთა (შავი სამღვდელოება, ბერ-მონაზვნობა) ამგვარად დაწინაურებული ყოფა საგრძნობლად არყევს სამოციქულო ინსტიტუტის რეპუტაციასა და აქვეითებს სიმპათიებს უპოვარებისა და სისადავისთვის მოწოდებულ სასულიერო პირთა მიმართ, რაც დამატებითი საზრუნავი უნდა იყოს, თქვენი, როგორც ღარიბ-ღატაკთა, ქვრივ-ობოლთა და შეჭირვებულთა გულშემატკივრის მხრიდან. ვიცნობ რა თქვენს სულგრძელობასა და პიროვნულ თვისებებს, მე, როგორც რიგით სულიერ შვილს, მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ გულწრფელად განიცდით ქვეყანაში არსებულ მდარე მდგომარეობას და დაუცხრომლად იღვწით პრობლემათა დაძლევის გზაზე. სწორედ ეს მაძლევს იმედს იმისას, რომ უფრო მეტად პრინციპულ და მკაფიო პოზიციებს დააფიქსირებთ აწ უკვე საყოველთაოდ გამომზეურებულ იმ მანკიერებებსა და უკეთურობებზე, რამაც დაასნეულა თქვენთვის ღმრთისაგან მობარებული ფარა, რომლის მწყემსსაც, ზეციური ეკლესიის მეუფემ _ უფალმა იესო ქრისტემ, სიფხიზლისთვის ხმამაღლა დაუბარა _ «მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის» (იოანე. 10,11).

შესაძლოა, ცოტა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენი პრობლემის გასაღები საეკლესიო სასამართლოს (დიკასტერია) აღდგენასა და მის რეალურ ფუნქციონირებაშია, რაც შედარებით უფრო დაარეგულირებდა მმართველობით წესრიგს, მონიტორინგს გაუწევდა სასულიერო პირთა ყოფაცხოვრებასა და მათ უფლება-მოვალეობებს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია პროფესიონალიზმისა და მაღალი კომპეტენციის ნიშნით სტრუქტურაში დადგენილ იქნან განსწავლული სპეციალისტები. სამწუხაროდ, ეს საკითხიც გაურკვეველ მიზეზთა გამო დღემდე გადაუჭრელია, რაც ეჭვებით სავსე შეკითხვებს ბადებს საპატრიარქოს მისამართით.

მრევლი აღლევებულია იმითაც, რომ ხელისუფლების მხრიდან ინტენსიურად ხორციელდება მატერიალური დაინტერესებით ადამიანთა მოისყიდვა თუ გადაბირება, რაც ღირსების შემბღალავი მეთოდებით აღესრულება და ერთგვარ «სულიერ პროზელიტიზმს» წარმოადგენს. იგი, აგრეთვე, სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაზეც თქვენი ყურადღების მიპყრობა უცილობელ საჭიროებად მიმაჩნია, რამეთუ უფლისგან ნაბოძები უმაღლესი ჯილდოს _ შინაგანი სილაღისა და სოციალურ-სულიერი თავისუფლების სანაცვლოდ ადამიანები დროებით კმაყოფაზე ცვლიან მარადიულ ფასეულობებს და თავიანთი ინსტინქტებითა თუ შეგნებით ემონებიან წარმავალ სარგებელს.

ქრისტეში საყვარელო მშობელო!

უღირს სასულიერო პირთა შევრდომით რატომ ვაძლევთ მტერს, იმის უფლებას, რომ საპატრიარქოს სახელს ჩირქი მოსცხოს, იქედნური სულით გაჯერებულ სისინს მიეცეს და იძახოს, რომ ეკლესია უმოქმედო და პასიურიაო?! ზოგს მიაჩნია, რომ სიჩუმე ეკლესიის სისტემის მნიშვნელოვან გარანტად იქცა და, ვინც ამ მდუმარებას არღვევს, მხოლოდ მას სჯიან და არა იმას, ვინც რეალურად დასასჯელია! რატომ ხდება ასე ქრისტეს მისტიური სხეულის წიაღში? რატომ არის ასეთი დახუთულობა და სულიერი სტაგნაცია? რატომ ვართ ასეთ სტატიკურ მდგომარეობაში ზნეობრივ, ინტელექტუალურ და სულიერ ჭრილში? რატომ არის ბურუსით მოცული ხიდჩატეხილობა იერარქიასა და მრევლს შორის? რატომ ხდება ხშირი კანონდარღვევები, როგორც საეკლესიო, ისე საერო სამართლის სიბრტყეზე? გასაგებია, რომ ეს ქვეყნიური, ანუ მებრძოლი ეკლესიაა და მიწიერ გარემოში დიდია ბრძოლა და დაბრკოლება, მაგრამ ამდენი? ასეთი დიდი დოზით? საბელით შოლტის დაწვნის დრო ხომ არ მოვიდა და ქვაბ-ავაზაკთა გამორეკვისა ტაძრიდან?

 მებადრუცე იუდას შთამომავალთა ამბორით მე მტკივა თქვენი მაკურთხეველი მარჯვენა, უწმინდესო და უნეტარესო! ამდენის მოთმენა უკვე შეუძლებელია! არ მინდა დაგვავიწყდეს ყველასათვის საგულისხმო, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის უმკაცრესი გაფრთხილება: «დუმილით გაიცემა ღმერთი!».

არ მინდა, ჩემს სულიერ პატრონს ეშინოდეს ბიბლიური სიტყვებისა: «არა არს დაფარულ, რომელი არა გაცხადდეს!».

მიუხედავად ბევრი ადამიანური წყენისა, უკმაყოფილებისა და იმედგაცრუებისა, რაც გულსა და გონებაში დამიგროვდა, მაინც ძალიან მიყვარხართ, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო… ვსასოებ უფალს, რომ თქვენს ცრემლიან ლოცვას შეისმენს და აღარ გამახსენებს თქვენ მიერ ხელდასხმულ მღდელმთავრებზე ფიქრისას წმ. იოანე დამასკელის უმძიმეს სიტყვებს, რომელიც მან თავისი მოღვაწეობის პერიოდში წარმოთქვა უსახურ სასულიერო პირთა სამხილებლად: «ჩვენი დროის ეპისკოპოსები მხოლოდ ცხენებზე, მიწის მოსავალზე, ცხვრის ფარებსა და ფულად შემოსავალზე ზრუნავენ… ხოლო რაც შეეხება სამოძღვრო საქმიანობას, ეპისკოპოსები ოდნავადაც არ ფიქრობენ თავიანთი სამწყსოს სულებზე».

ვაცნობიერებ რა, რომ თქვენი სიტყვა საკმაოდ ფაზიქად და სენსიტიურად აღიქმება საზოგადოებაში, შესაბამისად არ მოველი უკიდურესად მძაფრ განცხადებებს თქვენი მხრიდან, რაც, რა თქმა უნდა, სიფრთხილითა და წინდახედულობით იქნება განპირობებული.

შემინდეთ კადნიერება და ეპისტოლარული ფორმა აზრის გამოხატვისა, რომელიც დარდმა და ემოციამ მაიძულა.

«აჰა, ესერა, მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან».

მარად თქვენი მორჩილი

და  ცოდვილი შვილი:

გიორგი ტიგინაშვილი,

თეოლოგი

 

1 COMMENT

  1. დაანებეთ გენაცვალე უწმინდესა და ეკლესიას თავი, უწმინდესმა უკეთ იცის რა, სად, როდის და რა თქვას, ნამდვილად არ სჭირდება რამის შეხსენება ჩვენს პატრიარქს. მის რომელ ქადაგებას მიაპყარით ყური, მხოლოდ ერთი წინადადება აიტაცეთ რატომ უნდა დაბანოს ცოლმა ფეხები ქმარსო, ხოლო სიონის წინ რომ, ბუდა ბარი და კაზინოა აშენებული მაგაზე ყველა დუმს. იქნებ ჩვენს თავში ვეძებოთ ცოდვა, წაიკითხეთ მისი ქადაგებები და ნახავთ რამდენჯერ აქვს ნათქვამი თითოეულ მათგანზე. მოვუსმინოთ პატრიარქს არა ჩასაფრებულებმა, არამედ როგორც გონიერმა შვილებმა.

  2. ძალიან კარგი წერილია. ამას ბევრი ფიქრობს, უბრალოდ ყველას როდი ყოფნის გამბედაობა რომ ეს თქვას, რაც აქ წერია….

  3. ძალიან მართებული აქცენტებია წამოწეული წერილში. პირადად მეც ხელს მოვაწერდი სიამოვნებით…

  4. ყველაფერი ნათქვამია ამ წერილში. აქ რაც წერია, ეს ბევრი ადამიანის სათქმელი იყო და ეს ყველას აწუხებს. დაბალანსებული წერილია.

  5. ყველაფერში ვეთანხმები ავტორს. და საერთოდაც მიმაჩნია რომ ეკლესიაში დიდი წმენდა უნდა მოხდეს და აუცილებლად უნდა დაისაჯონ უღირსი სასულიერო პირები და კარგი იქნება თუ ეს ილია მეორის მოღვაწეობის დროს მოხდება! ბოლოს და ბოლოს უნდა დასაჯოს მან ის ფარისევლები, ვინც არცხვენენ მის სახელს

  6. უკაცრავად თუ შეიძლება მიპასუხეთ ეს წერილი მხოლოდ სტატიის დონეზე დარჩა თუ ნამდვილად გადაეგზავნა პატრიარქს

  7. გულით ჰალალი,სუფთა და გონებით გამჭრიახი პიროვნებაა ავტორი მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ასეთი მძიმე ტვირთისთვის რომელიც მას სურს ამჟამად იტვირთოს…მე მხოლოდ უსურვებ მას სიძლიერეს და ასეთივე დამოუკიდებელ თვალთხედვას ქრისტე ღმერთში რომ ყველა ის უბედურება რომელთანაც მას მოუწევს ზიარება…არ ჰქონდეს მის სულიერებაზე აღმატებული ძალა,რომელიც უმეტეს შემთხვევაში ამა-თუ-იმ ერარქიული სიმაღლიდან იღებს სათავეს და ერწმის მოკვდავ ბუნებას..!!!

  8. ელენეს…თქვენ შენიშვნას ბუდა ბართან და კაზინოსთან მიმართებაში რომელიც სიონთან და საპატრიარქოსთან ახლო მანძილშია…ვფიქრობ დაგავიწყდათ მეტად გამორჩეული ფრაზა რითაც გვომძღვრავდნენ ჩვენი საულიერო პირების უმრავლესობა რომ ‘ყველაფერი ღმერთის ნებაა’და რატომ არ სურთ საპატრიქოს წარმომდგენლებს და თქვენც აღიაროთ თქვენი მრწამსი და გაიმეოროთ თქვენი საყვარელი ფრაზა??? ხომ შესაძლებელია კაზინოსა და საპატრირაქოს სიახლოვე ერმმანეთთან მანიშნებელი იყოს ღვთისგან იმ გზააბნეულობის რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი მართმადიდებული ეკლესია???
    ისე რომ იქნებ მართლა ღმერთის ნება იყო ასეთ სიახლოვეს კაზინოს მშენებლობა,რაც არ უნდა ითქვას ფული ხომ ყველას უყვარს ..?

  9. გაბედული ნაბიჯია! მივესალმები ასეთ გულწრფელობას და ჩემი აზრით ავტორმა ძალიან კულტურულად ჩამოაყალიბა სათქმელი, რაც ყველას გვაწუხებს მრევლში.

  10. ნეტავ თუ მივიდა ადრესატამდე… ? წესით აქ რაც წერია გასათვალისწინებელი და დამაფიქრებელი მაინც უნდა გახდეს საპატრიარქოსთვის ეს ყველაფერი. პრობლემები დაგროვდა და მიხედვა უნდა ამას…

  11. ძალიან ზოგადია. ფაქტებია საჭირო. ასე ყველა სასულიერო პირი ისვრება ლაფში.
    ციტატა : „რატომ ვაძლევთ მტერს, იმის უფლებას, რომ საპატრიარქოს სახელს ჩირქი მოსცხოს, იქედნური სულით გაჯერებულ სისინს მიეცეს და იძახოს, რომ ეკლესია უმოქმედო და პასიურიაო?! “
    ამ პათოსით არის მთელი წერილი გაჯერებული და პატრიარქს ბრალს უმოქმედობაში სდებს.
    ახალგაზრდა ავტორი რატომ იღებს ამხელა ტვირთს თავზე თითი დაუქნიოს პატრიარქს და შენიშვნები აძლიოს, თუნდაც ყველაზე მოკრძალებული და მოწიწებული ტონით?

  12. ვეთანხმები სტატიის ავტორს, დიახ მკაცრად უნდა მოეკითხოთ იმ სასულიერო პირებს ვინც საკმაოდ დიდი ქონება ჩაიგდო ხელში, კერძო სკოლები და ბაღები გახსნა სასულიერო სკოლის ეგიდით და საკმაოდ ძვირადღირებული გახადა იქ სწავლა. რაც შეეხება კონკრეტიკას თავად ყველაზე კარგად მოეხსენებათ ვინ რა ქონებას ფლობს. მაპატიე უფალო მე არავის განვიკითხავ , მაგრამ გაჩუმებაც ხომ ცოდვაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here