Home რუბრიკები საზოგადოება მამა თეოდორე: რაც იმ კადრებში ვნახე, ქართველი ერის სულიერი გენოციდია!

მამა თეოდორე: რაც იმ კადრებში ვნახე, ქართველი ერის სულიერი გენოციდია!

1243

ოცი წელია, თავისუფლებით, დამოუკიდებლობით ვამაყობთ, მაგრამ, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი უბედურება მოდის ჩვენს თავზე. რატომ? გვესაუბრება ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.

_ მართლაც, რატომ, მამაო?

_ როდესაც ადამიანი უზნეოდ იქცევა, ამით ის დაბრკოლებას ქმნის თავის თავსა და ღმერთს შორის. ზნეობრივი კანონი კი ასე ჟღერს: არ გაუკეთო სხვას ის, რაც შენი საკუთარი თავისთვის არ გინდა; გიყვარდეს მოყვასი და თითოეული ადამიანი აღიქვი შენს ნაწილად, რადგან ერთი ძირისგან მოვდივართ. ადამიანს უნდა აღიქვამდე ღვთის ხატად და მსგავს არსებად, რომლის შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა არ შეიძლება, რადგან ამით შენ ამცირებ და შეურაცხყოფ თვით ქრისტეს!

უზნეობასთან ბრძოლა არის ერთერთი არსობრივი თვისება ქრისტიანობისა და უზნეობისადმი გულგრილობა ქრისტეს ღალატია!

როდესაც ჩვენი ცნობიერებისთვის გამაოგნებელი უზნეობა ხდება და ჩვენი რეაქცია არ იქნება ქრისტიანული, ანუ აბსოლუტურად შეურიგებელი, მაშინ ჩვენ, როგორც ერი, არსებობის ღირსნიც არ ვართ!

როცა ადამიანი ქრისტეს ღალატობს, როცა ადამიანი თავისი ქვეცნობიერით ამბობს: «ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი, ეგე», თავადაც ვერ ხვდება, რომ ქრისტეს ჯვართამცმელია!

მას უკვე შეფასების გრძნობა აქვს დაკარგული; იგი ვეღარ ხედავს, სად არის სიკეთე და სად არის ბოროტება, სადაა მართალი და სადაა მტყუანი. ასეთი პიროვნება მოვლენებს, მათ შორის პოლიტიკურს, აფასებს თავისი პატარა, შეზღუდული გონებით, რომელიც ანგარებითაა გაჟღენთილი; აფასებს გულითაც, რომელიც საკუთარ თავზე და გარყვნილებაზე ფიქრობს და ქრისტესადმი სიძულვილითაა აღვსებული. აბა, ამის შემდეგ, როცა ვცდებით პოლიტიკურ ან, თუ გნებავთ, ცხოვრებისეულ არჩევანში, რატომ გვიკვირს ამდენი უბედურებისა, რაც ჩვენს თავს ატყდება?!

_ გამოდის, დავიღუპეთ?

_ არა! საბედნიეროდ, არის ის, რაც ადამიანში ბოლოს კვდება. ამ შემთხვევაში, მე იმედს არ ვგულისხმობ. ეს სინდისია! სინდისი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად ხვდება _ აი, ეს მოვლენა, ზნეობრივი თვალსაზრისით, კეთილია თუ ბოროტი, სწორია თუ არა. როცა შეფასებისას ყოველთვის სინდისს მოვიხმობთ, მაშინ დაიწყება ჩვენი ერის აღორძინება!

_ მამაო, პირადად თქვენ რა შეფასებას მისცემთ იმ ნანახი კადრების შემდეგ?

_ რაც იმ კადრებში ვნახე , ესაა ქართველი ერის სულიერი გენოციდი! ზნეობრივი გარყვნილებაც _ გენოციდია; ტერიტორიების დაკარგვაც გენოციდია; უამრავი ხალხის საქართველოდან გასვლა, ესეც გენოციდია!

პირადად მე ბოლომდე ვარ შეურაცხყოფილი და ვიტყვი, ყველამ უნდა ნახოს ეს კადრები, ვისაც არ უნახავს და არ დაივიწყოს მანამ, სანამდე ეს უბედურება არ აღმოიფხვრება ჩვენი ერიდან! ამ კადრებში საკუთარი თავი უნდა დავინახოთ!

კაცი, რომელიც ციხეში ზის და სიყალბეზე არ თანხმდება, უკან არ იხევს და მას ამგვარად ექცევიან, ის გაცილებით ღირსეული ადამიანია, ვიდრე ყოველი ჩვენგანი, რომელიც ამ უბედურებას გულგრილად ჩაუვლის. მაგრამ ჩვენ ამ ჭირს, როგორც ქრისტიანებმა უნდა შევხედოთ, ქრისტიანული ხედვა კი ასეთია: ესაა განსაცდელი! და თუ ვინმესთვის ეს განსაცდელი არაა, ვაი მის მდგომარეობას! გაცილებით მეცოდება ეს ადამიანი, ვიდრე ის მანიაკი და მანიაკის ხელმძღვანელები, რომლებიც ამ მანიაკურ დავალებებს იძლევიან!

_ რატომ, მამაო?

_ იმიტომ, რომ მანიაკი ავადმყოფია, მაგრამ შენ ხომ ჯანმრთელად წარმოგიდგენია საკუთარი თავი! ხოლო, იმათთვის, ვისთვისაც ეს განსაცდელია, ერთად შევღაღადებთ და ვიტყვით: უფალო, შეგვინდე, გვაპატიე, რომ ჩვენი ცოდვების გამო მივედით ამ მდგომარეობამდე! უფალო, გვიშველე! და იმ წამსვე უფალი გამოგვიწვდის ხელს, როგორც პეტრეს გამოუწოდა, როცა ის იძირებოდა! თვალები გავახილოთ და, ვინაიდან სინდისი ცოცხალი გვაქვს, ზნეობრივი შეფასება მივცეთ ამ საშინელებას!

_ როგორ შეაფასებთ ჯალათების ქმედებას?

_ მათი სადიზმი, მანიაკალურობა და კანიბალიზმი ლოგიკურად აუხსნელია. ესაა ფაშიზმი! მაგრამ, თუ დავიძაბებით და ანალიზს გავაკეთებთ, მე მგონია, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის მოსახლეობის დაშინების მცდელობა. აი, კაცი იქიდან გამოვიდა და უყვება თავის ახლობლებს, მეგობრებს იმ კოშმარზე, რაც მან საპყრობილეში გადაიტანა. ამის შემდეგ ადამიანს განა ციხის ეშინია, არამედ საკუთარი ღირსების შელახვისა!

_ ზოგიერნთი «ნაციონალების» ამ ქმედებას ამართლებენ იმით, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრაო. რას იტყვით?

_ მოსულიყვნენ და ჩემთვის ეკითხათ: მამაო, ბოროტება ბოროტებით აღმოიფხვრება? ბოროტება ბოროტებით მხოლოდ ძლიერდება! როდესაც იმ საწყალს ცოცხით აუპატიურებდნენ და, მიუხედავად ამისა, მაინც ყვიროდა: ქურდი ვარო, ის რა ღირსებით გამოვა იქიდან! ის მოწამეა, მართალია _ თავის ბნელ საქმეში, მაგრამ მოწამე! ან ის პატარა ბიჭი, რომელსაც ეუბნებიან: შეაგინეო ქურდებს, და არ აგინებს. ამით ეს ჯალათები ბოროტებას აძლიერებენ! ორ ბოროტებას სჩადიან: სადიზმს, მანიაკალურობას, ადამიანის შეურაცხყოფას და, პლუს, ქურდობის ინსტიტუტის უფრო განმტკიცებას და კვარცხლბეკზე მის შემოყენებას. აქაც და იქაც ეშმაკი ზეიმობს!

_ ხელისუფლება ხალხს არწმუნებს, რომ თავად არ იცოდა, რა ხდებოდა საპყრობილეებში. თქვენი აზრით?

_ ამის მე არ მჯერა. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია! წარმოიდგინე, შენ თუ ხარ თანამშრომელი, გაბედავ ვინმეს წამებას ან მოკვლას ისეთ დაწესებულებაში, სადაც ყველაფერი კონტროლდება, თუ ზურგი არ გაქვს? კი, ბატონო, დავიჯერებ ერთი ყოფილი «გაიშნიკის», მანიაკისა და გარეწრის ვერსიას და, გნებავთ, მის რეალურად არსებობას, მაგრამ ამდენი მანიაკის ერთად ყოფნას ვერ დავიჯერებ! როცა უმრავლესობა აწამებს და კლავს, როცა თანამშრომლების უმრავლესობა სადისტია, რატომ არ ეშინიათ სასტიკად დასჯისა? იმიტომ, რომ  ყველას აქვს გარანტირებული დაუსჯელობა; ხოლო გარანტია სულ ზემოდან მოდის. ვინც ზემოთაა, მან არა თუ იცის, უბრძანებს კიდეც _ გააკეთე! ზემოთ მჯდომი დამკვეთია!

_ სააკაშვილი თავს ქრისტიანად თვლის. ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი ადამიანი?

_ სადაც ნათურა კიდია, იქ ყველაფერი დალაგებულია; სადაც ნათურა არ კიდია და სიბნელეა, ზუსტად იქ უნდა მქონდეს სისუფთავე! რაც არ ჩანს, ისაა მოსავლელი. ეს ქრისტიანული მიდგომაა; აგერ, პავლე მოციქულიც ბრძანებს: სხეულის ის ნაწილები, რომლებიც ყველაზე უპატიოა, ყველაზე დიდ მოვლას საჭიროებენო. ეს ბუნებრივიცაა. სახელმწიფოშიც ასეა. აქ ყველაზე მიმალული _ ციხეა და, თუ მანდ ასეთი სავალალო მდგომარეობაა, ყველაფერი უმსგავსი აქაა კონცენტრირებული, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მართვა არ შეგიძლია და უნდა წახვიდე! შენ თუ ქრისტიანი ხარ, ანუ გიყვარს ქრისტე, საქმით მოინანიე, ხოლო თუ არ გიყვარს _ შეჩვენებული ხარ!

მერვე საპყრობილეში რაც ვიხილეთ, სატანის სადიდებელი რიტუალი იყო! აქედან გამომდინარე, მთელი ეს ნაგებობა გადაიქცა სისაძაგლისა და ადამიანური ღირსების აყრის სიმბოლოდ. ჩემი აზრით, შენობა, რომელშიც ეს ხდებოდა, უნდა დაინგრეს და მის საძირკველზე აიგოს ტაძარი, როგორც თავის დროზე წარმართული ბომონის საძირკველზე შენდებოდა ქრისტიანული ეკლესია! აქვე უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელშიც უფასო მკურნალობას გაივლიან ნაწამები პატიმრები და მათი ოჯახის წევრები. და კიდევ: როცა ყოფილი პატიმარი ჩაუვლის მაგ ადგილს და სამონასტრო კომპლექსს იხილავს, ის იფიქრებს ღმერთზე, მიტევებაზე და არა შურისძიებაზე _ მწვალებლის ოჯახის ამოწყვეტაზე!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. მადლობა უფალს,მე არ მინახავს ის საშინელი კადრები და ვერც ვნახავ ,ჩემს ძალებს აღემატება,წარმოდგენაც კი მზარავს და მანადგურებს. მაპატიეთ,ეს სადისტები, ეს მხეცები ქალის საშოდან კი არა, სწორი ნაწლავიდან არიან დაბადებულები და იქ არის მაგათი ადგილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here