Home რუბრიკები საზოგადოება თამაზ ჯღამაძე: ჩემი ფეხით წავალ აფხაზეთში, ჩვენი ძმები, აფხაზები, მიმიღებენ და თავშესაფარსაც...

თამაზ ჯღამაძე: ჩემი ფეხით წავალ აფხაზეთში, ჩვენი ძმები, აფხაზები, მიმიღებენ და თავშესაფარსაც მომცემენ

839

აფხაზეთიდან დევნილი თამაზ ჯღამაძე მხოლოდ 59 წლისაა, მაგრამ გაცილებით ხნიერად გამოიყურება. სწორედ ასეთ ადამიანებზე ამბობენ, «ცხოვრებამ დაჟეჟაო»; და მართლაც რომ დაჟეჟა მატერიალურად, მორალურად და ფიზიკურად!

_ დავიბადე სოხუმში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში, _ იხსენებს წარსულს ბატონი თამაზი. _ ვსწავლობდი პირველ საშუალო სკოლაში. მალე მამაჩემი გალში გადაიყვანეს სამუშაოდ და იქვე მომიწია სკოლის დამთავრება. სწავლა გავაგრძელე სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, შემდეგ კი _ სუბტროპიკული ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე. ვმუშაობდი რძის ქარხანაში, მეცხოველეობის საწარმოო გაერთიანებაში. პირველი გალის დასახლების პროფტექნიკურ სასწავლებელში ვასწავლიდი მექანიზაციას. დავოჯახდი, გამიჩნდა ქალ-ვაჟი.

გორბაჩოვის . . პერესტროიკის დროს, როცა გაჩაღდა «კოოპერატიული მოძრაობა», ახალგაზრდა ინჟინერმა გალში ჩამოაყალიბა პატარა საწარმო, რომელიც კერავდა სამუშაო ხელთათმანებს, ქამრებს, პირსახოცებს. წარმოებული პროდუქცია თამაზ ჯღამაძეს რეალიზაციისთვის გაჰქონდა რუსეთში: ვოლგოგრადში, როსტოვში, კრასნოდარში. მოკლედ, ოჯახი მყარად იდგა ფეხზე. მაგრამ, რომ იტყვიან, კაცი ბჭობდაოაფხაზეთში ხელოვნურად გაჩაღებულმა ძმათა სისხლისმღვრელმა ომმა ყველაფერი ყირაზე დააყენა და ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე და ბედი თავის «ხორცსაკეპში» გაატარა

_ 1993 წლის 28 სექტემბერს გალში დიდი არეულობა იყო, _ აგრძელებს თხრობას ბატონი თამაზი. _ პანიკა, ყვირილი, კივილი, ტირილი, ბღავილი… ქალაქში შემოსულმა ჩვენმა სამხედროებმა მოსახლეობას ურჩიეს, მათ გაჰყოლოდა, რადგან აფხაზები ცოცხალს არავის დატოვებენო…

ჯღამაძეების ოჯახმა თითქმის მთელი თავისი ქონება გალში დატოვა. ღამით ტრასაზე მდგომებს 20-ტონიანი სატვირთო მანქანის გულისხმიერმა მძღოლმა გაუჩერა.

_ ფურგონის კარი რომ გააღო, შევკრთი, _ ყვება ბატონი თამაზი. _ ის გადატენილი იყო ხაბაკ-ხუბაკით დახუნძლული ლტოლვილებით! კიდევ კარგი, ბარგი რომ არ გვქონდა! მძღოლი ენგურის ხიდისკენ არ წასულა, სოფელ ხურჩიდან გავედით ენგურზე და გადავიარეთ იგი. კინაღამ დავიხრჩვით!.. სამი თვე ვიყავით ზუგდიდში, ბაგა-ბაღის შენობაში. მერე თბილისში ჩამოვედით. ჩემი ოჯახი ვოლგოგრადში მცხოვრებ ცოლის ძმასთან დროებით დავაბინავე, მე კი უკან დავბრუნდი. ნაცნობებთან ერთად ვცხოვრობდი პოლიტექნიკური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელში, მაგრამ იქ თავდაპირველად ისეთი გაუსაძლისი პირობები იყო, რომ გადავწყვიტე, ბინა მექირავებინა.

ცხრამეტი წლის მანძილზე თამაზ ჯღამაძემ თბილისსა და რუსთავში 47 ოჯახს ქირა უხადა!

_ როცა ქირა 30-40 ლარს შეადგენდა, უმტკივნეულოდ ვარსებობდი. ახლა კი 150, 200 ან 300 ლარის გადახდის საშუალება არ მაქვს! თითქმის ოცი წლის განმავლობაში სამოცდაათზე მეტი განცხადება მაქვს შეტანილი ლტოლვილთა სამინისტროში, მერიაში, საკრებულოში თხოვნით, რომ ბინის პრობლემა მომიგვარონ! უშედეგოდ! მათგან მოსული პასუხი ერთმანეთისგან არ განსხვავდება: «მოიცადეთ და მიიღებთ!»…

დევნილობისას ბევრი ქარტეხილი დაატყდა თამაზ ჯღამაძეს, მათ შორის მთავარი _ დაენგრა ოჯახი, მაგრამ ის ძლიერი პიროვნება აღმოჩდა და გაჭირვებას შეებრძოლა. ნელნელა აღადგინა საქმიანი კავშირები რუსეთში; ცხოვრება, თითქოს აეწყო, მაგრამ

_ 1998 წლის ნოემბერში მოსკოვიდან თბილისში ჩამოვედი, _ ამბობს ბატონი თამაზი. _ იქიდან შვილიშვილებს ტკბილეულობა ჩამოვუტანე და, სანამ ქალიშვილთან ზუგდიდში გავემგზავრებოდი, ლილოს ბაზრობაზე წავედი, რომ პატარებისთვის საჩუქრები და ტანსაცმელი მეყიდა. იქ ჩემი მეზობლები და მეგობრები ვნახე. სახელდახელოდ გამიშალეს სუფრა… მათთან დამშვიდობების შემდეგ, ორი ჩანთით დატვირთული, ჩავჯექი მიკროავტობუსში, რომელიც ვაგზალზე მიდიოდა. უცებ შემოვიდა ორი პოლიციელი; ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა: შენ ამა და ამ მოვაჭრეს საქონელი მოპარეო. გარეთ გამომიყვანეს და შემიყვანეს ვაგონში, რომელშიც მაშინ ბაზრობის პოლიცია იყო განთავსებული. მოაბრძანეს «დაზარალებული», ვიღაც ხანში შესული დედაკაცი, მათი «ნასედკა», რომელიც ისე იყო შეზარხოშებული, რომ სამოქალაქოსამოსიანი პოლიციელი დაადანაშაულა ქურდობაში; მაგრამ ფორმიანმა მისი შეცდომა «გამოასწორა» და ჩემზე მიუთითა: აი, ამან მოგპარაო… «ნასედკამ», რა თქმა უნდა, «ამომიცნო».

«ქურდობაში ეჭვმიტანილი» სასწრაფოდ გააქანეს სამგორის რაიონის პოლიციაში, შეაგდეს «კუტუზკაში», გაჩხრიკეს და ჯიბიდან 900 დოლარი ამოუღეს. ფულმა არა თუ ჯოჯოხეთი, პოლიციის რაიონული განყოფილებაც «გაანათა»!..

_ თანამშრომლებს სიხარულისგან სახეები გაუბრწყინდათ, _ სიმწრით იღიმება ბატონი თამაზი. _ მის შემდეგ ის 900 დოლარი აღარც მინახავს, მაგრამ მაგას დავეძებდი?!

დაკავებული ოთახში შეიყვანეს, მოიტანეს რკინის მილი, მიადეს მუხლების უკან და ჩაჯდომა უბრძანეს; შემდეგ ხელებიც გააყრევინეს და ბორკილები დაადეს. არ ვიცი დღეს ამ ურჯუკობას რა სახელწოდება აქვს, მაგრამ ადამიანის ასეთ პოზას ინკვიზიციის ჯალათები «სრულ კლიტეს» უწოდებდნენრკინის მილი მსხვერპლით ორ მაგიდას შორის მოათავსეს.

_ ოთახში ოთხი პოლიციელი იმყოფებოდა, _ ყვება ბატონი თამაზი, _ ხოლო, როცა «გამამზადეს», კიდევ სხვებიც შემოცვივდნენ. ვერ გეტყვით, მთვრალები იყვნენ თუ «კაიფში».

კაციჭამიების ამ თავყრილობას «თავმჯდომარეობდა» სამგორის რაიგანყოფილების უფროსის მოადგილე, მაიორი სიმონ შარვაძე.

_ ჯერ დაბადების წელი შემეკითხა. რომ გაიგო, 53-ში ვიყავი დაბადებული, სტალინის მკვლელობაში «დამადანაშაულა». _ სტალინი მარტში გარდაიცვალა, მე კი, ივლისში დავიბადე-მეთქი. შარვაძე არ დაიბნა და ახალ «დანაშაულში» მამხილა: _ მაშინ, ბერია მოგიკლავსო…

მაიორ სიმონ შარვაძისა და მისი სადისტების ნახელავის შედეგად, თამაზ ჯღამაძე «დაჯილდოვდა» ქალატვინის დახურული ტრავმით, რომელმაც შემდგომში ეპილეფსია გამოიწვია, ასევე, სასწრაფოდ გაუკეთდა ერთი სათესლე ჯირკვლის რეზექცია

პოლიციელთა ეს დანაშაული პრესაში გახმაურდა, დაიწყო გამოძიებაცშეშინებული კანიბალები პროკურორის კაბინეტში დაზარალებულ ჯღამაძეს პატიებას სთხოვდნენ; მანაც ქრისტიანულად აპატია და საქმე ძიებაში არ გაუშვა. ბატონმა თამაზმა დანამდვილებით იცის, რომ ხუთი ჯალათი დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაშია, კერძოდ, «ქალბატონ ხათუნის» უწყებაში, სადაც, უთუოდ, უმი ხორცის ჭამის საქმეში ზონდერთა ახალ თაობას გეშავენ.

დღეს თამაზ ჯღამაძე მეორე ჯგუფის ინვალიდია. ავადმყოფობის გამო პენსია ჯერ 80 ლარი დაუნიშნეს, მერე ნაცხელისუფლებამ რატომღაც ეს თანხა 70-მდე შეამცირა. როგორც დევნილი, იღებს დახმარებას 28 ლარის ოდენობით.

_ ჯამში 98 ლარი მაქვს, ყოველ სამ თვეში წამლებში 260 ლარამდე მიმდის. ბინა არ გამაჩნია და, ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ!

გაწამებულ თამაზ ჯღამაძეს «ნაციონალებისგან» დახმარების ყოველნაირი იმედი გადაეწურა; ამიტომაც მიმართა უცხო ქვეყნების საელჩოებს განცხადებით: «მოგმართავთ თქვენ, ქართველი დევნილი აფხაზეთიდან _ თამაზ ჯღამაძე. 19 წელია, მიწერილი ვარ . თბილისში. გახლავარ 59 წლის პენსიონერი, ავადმყოფობის გამო. არ გამაჩნია თავშესაფარი. რამდენიმეჯერ მივმართე ლტოლვილთა სამინისტროს, მერიას, საკრებულოს, აფხაზეთის მთავრობას, მაგრამ პასუხი ყველგან ერთია: «კი, ბატონო, მიიღებთ აუცილებლად». 6 თვე ვიჯექი ლტოლვილთა სამინისტროს ეზოში და ვშიმშილობდი. ეპილეფსიით ავადმყოფი კაცი ვიღებ პენსიას _ 70 ლარს და ლტოლვილთა დახმარებას _ 28 ლარს. მე კი ყოველ მესამე თვეს მჭირდება 180-260 ლარამდე ღირებული წამლები. რამდენი ხანი უნდა ვიცხოვრო ნაქირავებ ან კიდევ ახლობლების ბინაში?! ომის დროს თვითონ საქართველოს მთავრობა გვერეკებოდა თბილისისკენ, კარგად გაცხოვრებთო. მოგვარბენინეს აქ, ამ ქალაქში, და დაგვტოვეს გარეთ, მინდვრად. რომელი პრეზიდენტის დროს დავბრუნდებით აფხაზეთში ან აფხაზეთში დაბრუნებამდე თავშესაფარი არ მინდა? დიახ, აი ასეა. არჩევნებამდე მე ვტოვებ თბილისს! აქეთ ხომ მოგვარბენინეს აფხაზეთიდან, მე კი თბილისიდან ჩემი ფეხით, წყნარი სიარულით, დინჯად ჩავალ აფხაზეთში, რომელიც ყველა კუთხეს მირჩევნია საქართველოში. იქ კი ნამდვილად ჩვენი ძმები, აფხაზები, მიგვიღებენ, შემოგვეხვევიან და თავშესაფარსაც მოგვცემენ. აი, ეს არის დასაჯერებელი, საქართველოს მთავრობის კი _ არაფერი».

გიორგი კორძაძე

P.S. «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში მოგიყევით აფხაზეთიდან დევნილ ირინა ერინბას ტრაგიკულ ბედზე. ეთნიკურად აფხაზი ქალი, სოციალურად გაუსაძლისი ცხოვრების გამო, აფხაზეთში ფეხით ჩასვლას და ანქვაბის ხელისუფლებაზე ჩაბარებას აპირებს.

ამჯერად უკვე ეთნიკურად ქართველმა, ეპილეფსიით დაავადებულმა, სრულიად იმედგაცრუებულმა დევნილმა, თამაზ ჯღამაძემ, გადაწყვიტა აფხაზეთში ფეხით ჩასვლა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილისა და მისი ნაცხროვის მიერ ცხრა წლის განმავლობაში «აშენებულ და აყვავებულ» საქართველოში ადამიანურ ცხოვრებას ვერც აფხაზი, ვერც ოსი და ვერც ქართველი ვერ ეღირსება!..

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here