Home რუბრიკები პოლიტიკა «ქართულ ოცნებას» შეუძლია გააჩეროს «სომხური კარუსელი»*!

«ქართულ ოცნებას» შეუძლია გააჩეროს «სომხური კარუსელი»*!

572

ამომრჩეველთა სარწმუნო სიები არც ამჯერად, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საქართველოში «დემოკრატიის» გამარჯვებიდან ცხრა წლის შემდეგ გაგვაჩნია. კაციტაძის კომისიის მიერ დაზუსტებული კი – ემიგრანტებისა და საქართველოში დარჩენილების ერთმანეთისგან არგამიჯნული, მკვდარი სულებითა და მიწერილი ხალხით გაძეძგილი _ მხოლოდ ხელისუფლებას და მასთან «დაპირისპირებულ» «ქრისტიან-დემოკრატებსა» და «მემარჯვენეებს» აკმაყოფილებთ.

სიებით გამოწვეულ პრობლემას აღრმავებს ამომრჩეველთა ხმების სხვადასხვა მეთოდით გაყალბება, რომელთაგან ყველაზე ცნობილია ე.წ. სომხური კარუსელი. დარწმუნებული ვარ, მაჭავარიან-გოგორიშვილები პოპულარობაში პირველობას არ დაუთმობენ სომხებს და წმინდა «ქართული კარუსელებით» და «ეშმაკის ბორბლებითაც» გაგვაოცებენ!

მართალია, ყველანაირ «კარუსელს» ეძებნება «ანტიკარუსელი» და მასზე აქტიურად მუშაობს «ქართული ოცნება», მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გადამწყვეტი მაინც ხმების დათვლაა, «ნაცმოძრაობასთან» გამკლავება ძალიან გაჭირდება. ვგულისხმობ იმ დიდ უპირატესობას, რომელიც «ნაცმოძრაობას» აქვს საარჩევნო კომისიებში, სადაც მათ წევრებს სატელიტი ოპოზიციური პარტიების წევრები და ე. წ. დამოუკიდებელი წევრების კვოტით კომისიებში შეყვანილი სკოლის მანდატურები, «ნაცმოძრაობის» აქტივისტი მასწავლებლები, შაშკინ-ნოდია-ლომაიას შერჩეული სკოლის დირექტორები და სხვა, მსგავსი კატეგორიის ხალხი ემატება.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ, კაციტაძის კომისიის მიხედვით, საქართველოდან გასულია მხოლოდ 310000 (!) ამომრჩეველი, ხოლო დანარჩენი ემიგრანტები (სავარაუდოდ, 700-800 ათასი!) შეტანილია საერთო სიაში, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გამყალბებლების მთავარი აქცენტი სწორედ ამ კონტინგენტზე გაკეთდება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რუსეთში, სადაც ერთ მილიონამდე(!) საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, საარჩევნო უბნები საერთოდ არ იხსნება, არც ერთი! კანადაში კი უბნის არგახსნას ხელისუფლება იქ საქართველოს მოქალაქეთა სიმცირით ხსნის _ «სულ 300-400 ადამიანი თუ ცხოვრობსო» (სინამდვილეში, რამდენიმე ათასია), მაშინ, როცა, კანონით, მხოლოდ 20(!) ამომრჩევლის დარეგისტრირების შემთხვევაშიც კი უნდა გაიხსნას საარჩევნო უბანი. ალოგიკურობასა და კანონის (თანაც არა მარტო ამ კანონის!) დარღვევას, სამწუხაროდ, არც «ობიექტური» უცხოელი დამკვირვებლები და დიპლომატიური მისიებიმეგობარი» ქვეყნებიდან, ცხადია!) ეხმაურებიან.

ოპოზიციის მოთხოვნა იყო _ ქვეყნიდან გასული ყოველი(!) ამომრჩევლის გვარის გასწვრივ გაკეთებულიყო სათანადო აღნიშვნა განურჩევლად იმისა, გასვლა წერილობითაა დადასტურებული თუ ოჯახის წევრების ან მეზობლების სიტყვიერი განცხადებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხარატიშვილ-კაციტაძის კომისია ამ მოთხოვნას არ შეასრულებს და მხოლოდ 310000 ემიგრანტით (წერილობით დადასტურებული) შემოიფარგლება.

უცხოეთში გასულების გარდა, ხელისუფლება დიდ იმედებს უეჭველად ამყარებს არჩევნებზე არმისულ კონტინგენტზე. რაც უნდა მაღალი იყოს აქტივობა არჩევნებზე, მაინც ყოველთვის რჩება 15-20%(!) ისეთი კატეგორია, რომელიც სხვადასხვა მიზეზით თუ მოსაზრებით არ მიდის არჩევნებზე, საარჩევნო კომისიას კი შეუძლია (ისევე, როგორც ეს მან გააკეთა 2008-ში ზოგ რეგიონებში) 100%-იანი(!) აქტივობა დააფიქსიროს. მე თქვენ გეტყვით და ხელი აუკანკალდება, ან შუბლის ძარღვი შეუტოკდება.

რაც შეეხება მკვდარი სულებისა და სხადასხვა ადგილას მიწერილი გაურკვეველი წარმომავლობის   ამომრჩევლების რაოდენობას, მიუხედავად მათი საკმაო ოდენობით გამოვლენისა, იგი, ზემოთ ნახსენებ ორ კონტიგენტთან შედარებით  მცირეა და არსებით გავლენას არჩევნებზე ვერ მოახდენს.

გამომდინარე იქედან, რომ აღარავითარი ჩასწორება-გასწორებები, არჩევნების დღის შეცვლა ემიგრანტებისთვის და საარჩევნო კომისიების მართლაც პარიტეტულ საწყისებზე შედგენა უკვე დაგვიანებულია (დროც რომ იყოს, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც ვერაფერს გავხდებოდით ამ ხელისუფლებასთან, გამორიცხულია!), ამიტომ «ანტიკარუსელების» ზომებთან ერთად აუცილებელია კიდევ ერთი, ადვილად შესასრულებელი ნაბიჯის განხორციელება, მას არც ხარჯები სჭირდება და არც დიდი დრო.

არჩევნების გაყალბებისა და ხელისუფლების ხრიკების  მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, მოვითხოვოთ მისგან და საერთაშორისო დამკვირვებლებისგან შემდეგი რამ:

არჩევნებამდე _ ანბანური პრინციპით შედგენილ სიასთან ერთად   გამოქვეყნდეს (დაიდოს ინტერნეტში) იგივე სია მისამართების მიხედვით (პირადობის მოწმობის ნომრის მიუთითებლად), რათა ნებისმიერმა მსურველმა ადვილად(!) შეძლოს როგორც საკუთარი თავის, ისე მეზობლების სიაში და საქართველოშიც ყოფნაარყოფნის გადამოწმება; ასევე, _ როგორც მის მისამართზე, ისე არარსებულ(!) მისამართებზე მიწერილების გამოვლენა (კომპიუტერული მარტივი პროგრამით ამომრჩეველთა ამგვარი დაჯგუფება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს);

არჩევნების შემდეგ _ 2-3 დღეში (საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე!) ისევ დაიდოს იგივე სია (მისამართების პრინციპზე დამყარებული) თითოეული ამომრჩევლის გვარის გასწვრივ (ცალკე გრაფაში) გაკეთებული სიტყვიერი(!) აღნიშვნით _  გამოცხადდა ეს პიროვნება საარჩევნო უბანზე თუ არა. მაგ., გამოცხადდა _ მწვანე ფერში, და არ გამოცხადდა _ წითლად (მხოლოდ + ან – ნიშნებით აღნიშვნა გაცილებით მეტი შეცდომის დაშვების წყაროა და «ჟულიკობის» შემთხვევაში კი – თავის მართლების, აქაოდა, მექანიკური შეცდომა მოგვივიდაო). ამით ამომრჩეველი შეძლებს (რაც  უმთავრესია!) იმის გადამოწმებას, თუ რომელ კატეგორიაში – არჩევნებში მონაწილეების თუ უბნებზე არგამოცხადებულების კატეგორიაში მოხვდა პირადად იგი (მის მიერ გამოვლენილი მიწერილი თუ ქვეყნიდან გასული პირი). ამ წინადადების განხორციელება აზრს დაუკარგავს კაციტაძის ვირეშმაკობას _ მნიშვნელობა აღარ ექნება 3,6 მილიონ ამომრჩეველს დაითვლიან «კარდაკარ» თუ  5 მილიონს!

ცალკე უნდა გამოიყოს უცხოეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები სახელმწიფოებისა და გვარების მითითებით (ანალოგიური პრინციპით _ დარეგისტრირებულთა და არჩევნებზე გამოცხადებულების აღნიშვნით);

ნებისმიერი სიის ბოლოში, ცხადია, მითითებული უნდა იყოს ყოველ უბანზე დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა და არჩევნებში მონაწილეთა რიცხობრივი რაოდენობა, პროცენტული მაჩვენებელი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო(!) შედეგების გამოცხადებამდე ყველა, ვისაც კომპიუტერი აქვს, უსწრაფესად  მოახერხებს გადამოწმებას და დამკვირვებლების ყურადღებიდან გაპარული «კარუსელების» გამოაშკარავებას.

დამკვირვებლების (ჩამოსული თუ ოპოზიციის) მიერ გადაღებულ ფოტოვიდეო კადრებს, თუ რამდენი ამომრჩეველი შევიდა უბანზე და რამდენი ბიულეტენი ამოვიდა დღის ბოლოს ურნიდან, უეჭველად დიდზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მაინც სულ სხვაა ცოცხალი მოწმე, ამ მოწმის მიერ აღმოჩენილი გაყალბება და ატეხილი სკანდალი ევროპაამერიკასა თუ საქართველოში. ამავე დროს, არა მგონია, უცხოელმა დამკვირვებლებმა უწყვეტი 12-საათიანი დაკვირვებაგადაღება აწარმოონ ყველა, 3600-ზე მეტ, საარჩევნო უბანზე; ოპოზიციის მიერ გადაღებული მასალა კი, ადვილი შესაძლებელიაცენტრალურმა კომისიამ არ მიიჩნიოს ყურადსაღებად და, როგორც ადრე იყო, სიმართლის დასადგენად სასამართლოში გადაამისამართოს.

გავიხსენოთ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ნაირ-ნაირი შარის მოდებით არ მოხერხდა 1200 უბანზე დამონტაჟებული (ხელისუფლების მიერ!) ვიდეოთვალიდან არც ერთი ჩანაწერის ნახვა; რის ვაი-ვაგლახით მხოლოდ ერთი(!) პროცენტის, 12 ვიდეოჩანაწერის, შემოწმება მოახერხა მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რამდენიმე თვის(!) შემდეგ, და მიუხედავად გამოვლენილი გაუგონარი კრიმინალური გაყალბებებისა, არავის არც ჩვენთან და არც დასავლეთში არ მიუქცევია ყურადღება მისთვის, ანუ ჩვენთვის!

ამიტომ განსაკუთრებული ძალა მიენიჭება ხელისუფლების მიერ საკუთარი ხელით დადებულ სიებში თავად ამომრჩევლების მიერ აღმოჩენილ და ამ სიებითვე დადასტურებულ გაყალბების შემთხვევებს (თუ ზომები არ იქნა მიღებული, სავარაუდოდ, ასეულათასობით!), რასაც სასამართლოში დასაბუთება უკვე აღარ დასჭირდება. და თუ ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ დახუჭავს თავის დემოკრატიულ თვალებს სანაქებო დასავლეთი (აბა, საქართველოს ხელისუფლება რომ დაიბრმავებს თვალებს, ეჭვი არავის ეპარება), მაშინ ცხადი  გახდება ყველაფერი იმათთვისაც კი, ვინც გაყიდული თუ დაკარგული მამულის (აფხაზეთ-სამაჩაბლოსი, ჯერჯერობით!), შებღალული რწმენის (მართლმადიდებლობის სექტებთან გაიგივებით) და ქართული ენის უკანა პლანზე ჩაჩოჩების (ინგლისურის საპატივცემულოდ!) მიუხედავად, დღემდე დასავლეთს მისჩერებია პირდაბჩენილი!

იაკობ ლეჟავა

P.S. ერთი წინადადებაც, არჩევნებთან ირიბად დაკავშირებული – «ქართული ოცნების» 29 სექტემბრის აქციის ირგვლივ. მიტინგზე მისვლა, მიუხედავად დიდი სურვილისა, ბევრისთვის ფიზიკურად არც ისე ადვილია მანძილის, ასაკის, უსახსრობის თუ ოჯახური მოუცლელობის გამო; საჯარო სამსახურებში მყოფთაგან საკმაო ნაწილი, სამსახურიდან დათხოვნით დაშინებული, ერიდება ოპოზიციის მიტინგებზე გამოჩენას, თუმცა სულით და გულით თანაუგრძნობს მას (ნუ დავძრახავთ ყველას ხელაღებით!). ამ ხალხს, საერთო ჯამში, გაცილებით მეტს, მიტინგებზე მიმსვლელებთან შედარებით, უშიშრად(!) და ძალზე ადვილად შეუძლია თავისი პოზიციის დაფიქსირება შემდეგნაირადმიტინგის ჩატარების საათებში თავიანთი საცხოვრებელი სახლების წინ (ან სადაც იმყოფებიან იმ მომენტში) ქუჩაში გამოსვლით, თუნდაც მხოლოდ ეზოებში ჩასვლით დაახლოებით 15-20 წუთით (ყოველგვარი მსვლელობისა და სიტყვებით გამოსვლის გარეშე!). ამას წინ არაფერი უდგას, ვერც ვერავინ აკრძალავს და შარსაც ვერავინ მოსდებს, ვერც კორპუსის ფასიანი ინფორმატორკოორდინატორი (რუსულად _ «სტუკაჩი») გაუბედავს _ ქუჩაში რატომ დგახარო. გაბედავს და საკადრის პასუხსაც მიიღებს მეზობლებისგან, თანაც ეს კოორდინატორები, ყველანი, ხომ მიტინგზე იქნებიან მობილიზებულნი, იქ დამსწრე მეზობლებზე ინფორმაციის შესაგროვებლად! ზედმეტია იმის თქმა, რომ ოპოზიციამ ყველაფერი უნდა დააფიქსიროს ფოტოდა ვიდეოკამერებით.

ჩემს ამ წინადადებას თბილისის 1,5 მილიონი მოსახლეობიდან ყველა ვერ წაიკითხავს, მაგრამ იმედი მაქვს, «ქართული ოცნების» პრესსამსახური მაინც გაეცნობა მას და ხალხის თანადგომის მაქსიმალურად გამოსავლენად სათანადო მიმართვათხოვნასაც გაავრცელებს ტელევიზიით.

* ამომრჩეველს, რომელიც წინასწარ არის შერჩეული, გამზადებულ, შემოხაზულ საარჩევნო ბიულეტენს აძლევენ. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ წინასწარ შემოხაზული პარტია « ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა». როდესაც ამომრჩეველი წინასწარ შემოხაზული ბიულეტენით საარჩევნო უბანზე შედის, ახალ ბიულეტენს იღებს, კაბინაში შედის ვითომ ხმის მისაცემად, სინამდვილეში კი ცარიელ ბიულეტენს ჯიბეში იდებს და გარეთ გამოაქვს, წინასწარ შემოხატულ 5-ნომრიან ბიულეტენს კი საარჩევნო ყუთში აგდებს. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები ამომრჩევლის მიერ გარეთ გამოტანილ ცარიელ ბიულეტენში 5 ნომერს საგულდაგულოდ შემოხაზავენ და შემდეგ ამომრჩეველს გადასცემენ. ამგვარად, წინასწარ ხუთიანშემოხაზული ბიულეტენები წრეში ტრიალებს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here