Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო ცუდად დადგმული, უაღრესად მძიმე სპექტაკლი

ჰამლეტ ჭიპაშვილი: ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო ცუდად დადგმული, უაღრესად მძიმე სპექტაკლი

644

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში უამრავი უპასუხო კითხვა დარჩა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საკუთარ ვერსიას «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი უზიარებს.

_ ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებული სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც ჩვენი საზოგადოების აღელვება და რუსეთის საწინააღმდეგო განწყობის გამოწვევა იყო, რათა ხალხი დაარწმუნონ, რომ თითქოს რუსეთი ისევ არ ისვენებს და საქართველოში დივერსიული ჯგუფების მეშვეობით არეულობის გამოწვევას ცდილობს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სააკაშვილმა თავის საყვარელ ტრიბუნასთან, მთების ფონზე, ხელების ქნევით განაცხადა, რომ იქითა მხარეს არეულობაა, ისინი აგზავნიან დივერსანტებს, რათა ჩვენს ქვეყანაში დაძაბონ და არიონ სიტუაცია, აქეთ კი სიმშვიდე და აღმშენებლობაა. საერთო ჯამში, ხელისუფლებას სურდა, ეს ყველაფერი ივანიშვილთან დაეკავშირებინა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და, სამწუხაროდ, ყველაფერი მსხვერპლით დასრულდა.

ამ სპეცოპერაციამ «მოდელირებული ქრონიკა» გამახსენა. როდესაც ხელისუფლებამ გაბედა და შიშით აკანკალა ხალხი, ამის შემდეგ მათგან რაიმე გასაკვირია? იმ გადაცემასაც ხომ შეეწირა რამდენიმე ადამიანი. ხელისუფლება დაეჩვია ასეთ ე. წ. სპეცოპერაციებს და ისიც ფაქტია, რომ ვიღაცას მოსდის თავში ასეთი სპეცოპერაციები და სატელევიზიო გადაცემები. ეს ვიღაც კი მხოლოდ ქვეყნის პირველი პირია.

_ მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს საზღვარი უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა გადმოკვეთეს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ხელისუფლება, არ უნდა მიიღოს ადეკვატური ზომები?

_ ვინ იცის, რომ ის ადამიანები შეიარაღებულები იყვნენ? ხელისუფლება ბევრ რამეს აცხადებს, მაგრამ ხელისუფლების განცხადებები არასდროს ემთხვევა რეალობას. იმდენად შეირცხვინა ხელისუფლებამ თავი, რომ მისი აღარავის სჯერა.

_ ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იტყუება?

_ ხელისუფლება ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვინაიდან ასეთი დადგმული სპექტაკლები ყოველთვის იშიფრება და სიმართლე ცნობილი ხდება. ტელეკომპანია «მაესტროზე» პანკისელი ქისტების გამოსვლას მოვუსმინე, ისინი შიშის მიუხედავად მაინც ამბობენ სიმართლეს. ეს იყო ცუდად დადგმული, უაღრესად მძიმე სპექტაკლი, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ოფიციალური, სერიოზული განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არც მოგვისმენია. არ აქვს ხელისუფლებას სათქმელი და რა უნდა თქვას? დავუშვათ და ეს ადამიანები ბოევიკებიც რომ ყოფილიყვნენ, რა საჭირო იყო 20 კაცის წინააღმდეგ კბილებამდე შეიარაღებული მთელი არმიის დაპირისპირება და სპექტაკლის დადგმა?

_ შეიძლება ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვეს?

_ არავითარი გაგრძელება ამას არ მოჰყვება. ამ ამბის დაკავშირება ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე «კავკასია 2012»-ის  სამხედრო მანევრებთან აბსოლუტურად მიუღებელია. ამით ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ აშინებს საზოგადოებას და ქვეყანაში ვითარებას ძაბავს. რუსეთმა განაცხადა, რომ არც აფხაზეთში, არც «სამხრეთ ოსეთში» და, სხვათა შორის, არც სომხეთში არავითარ სამხედრო მანევრებს არ ჩაატარებს, რადგან საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველო არ გაღიზიანდეს.

_ თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ დღეებში რუსეთმა დაღესტანში მე-7 მოიერიშე სადესანტო დივიზია შეიყვანა, რომელიც 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა. რა საფრთხეს შეიძლება უქადდეს ეს საქართველოს?

_ ოფიციალური განცხადებებიდან გამომდინარე, «კავკასია 2012»-ის სამხედრო მანევრებით საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, განაცხადა, რომ საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, არ არის გამორიცხული პროვოკაციული ნაბიჯები გადადგას, რომელმაც შეიძლება ჩვენი რეაქციაც გამოიწვიოსო. სხვა მხრივ რუსეთის საქართველოში შემოჭრა გამორიცხულია.

_ თავად ჩრდილოკავკასიელების მხრიდან თუ არის მოსალოდნელი შურისძიება?

_ რაც სააკაშვილი ხელისუფლებაშია, მას ბევრი ანტიჩრდილოკავკასიური გამოხდომა ჰქონდა. იყო მკვახე განცხადებებიც, თუნდაც ჩეჩნეთისა და რამზან კადიროვის მისამართით. მეტიც, კადიროვის მუქარანარევი განცხადებაც მოვისმინეთ, მაგრამ არც ერთი მუქარა არ განხორციელებულა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით საშიშროება იმისა, რომ ჩრდილოკავკასიელმა ვაჰაბიტებმა საქართველოში ტერორისტული აქტები განახორციელონ, არ არსებობს. ისე კი, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში, განსაკუთრებით მარნეულის რაიონში ძალიან ბევრი ვაჰაბიტია და შესაძლოა, ისინი გარკვეულ მომენტსაც ელოდებიან. დღეს ჩვენი ქვეყნის საზღვრის გადმოლახვა სავიზო რეჟიმის გარეშე ძალიან ადვილია, განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიელებისთვის, და სრულიად შესაძლებელია, საქართველოში მართლაც შემოვიდნენ ვაჰაბიტები, მაგრამ ამ ეტაპზე საფრთხეს არ ველოდები.

_ რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს. NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, გარდა იმისა, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ლიდერობს და ბევრად უსწრებს «ქართულ ოცნებას», ბოლო პერიოდში, «ნაციონალების» რეიტინგი საკმაოდ გაზრდილია, ხოლო «ქართული ოცნების» _ შემცირებული. რის საფუძველზე შეიძლებოდა გაზრდილიყო სახელისუფლო პარტიის რეიტინგი?

_ NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით რასაც ვფიქრობ, არაერთხელ მითქვამს. ეს არის აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინსტიტუტის ფილიალი საქართველოში, ისევე, როგორც IRI – რესპუბლიკური პარტიის ინსტიტუტის ფილიალია. ორივე მათგანის შეკვეთით ჩატარებული კვლევები ყოველთვის ეჭვს იწვევდა, ვინაიდან მათი გამოკითხვა, როგორც წესი, არასდროს ემთხვევა რეალობას. როცა ყოველი მეორე მოქალაქე ანტაგონისტურად არის განწყობილი «ნაციონალებისადმი», როგორ შეიძლება ამ პარტიას გამოკითხვებში ასეთი მაღალი რეიტინგი ჰქონდეს?

საგანგაშო ეს გამოკითხვები კი არ არის, არამედ საქართველოში სტუმრადმყოფი ამერიკელი სენატორების განცხადება უფრო შემაშფოთებელია, რომლებმაც მკაფიოდ თქვეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ისინი NDI-სა და IRI-ს მონაცემებს დაეყრდნობიან.

_ რას ნიშნავდა საქართველოში ჩამოსული ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის, განცხადება, რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება მის შედეგებზე დავა დაიწყოს. «მე მინდა ვიხილო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ეს განსაჯონ დამკვირვებლებმა, ხოლო დამარცხებულებმა შედეგები აღიარონ». არის თუ არა ეს ერთგვარი ირიბი გაფრთხილება, რომ  ოპოზიციამ არ გაბედოს ქუჩაში გამოსვლა?

_ რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა, NDI  გააქტიურდა და მის მიერ ჩატარებული ყველა გამოკითხვა არის ის, რაც უნდა საქართველოს ხელისუფლებას. ვინაიდან NDI-ი არის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობა საქართველოში. არ არის გამორიცხული, ნავარო ვაშინგტონიდან იღებდეს დირექტივებს. ვფიქრობ, ორმხრივი შეთანხმება მოქმედებს NDI-ს აქაურ ოფისსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს შორის. ლიდერობს მიხეილ სააკაშვილი, გარკვეული პროცენტები აქვს ბიძინა ივანიშვილს და მცირე პროცენტები _ გიორგი თარგამაძეს. სწორედ ამ სამი პარტიის წარმომადგენელს შეხვდნენ ამერიკელი სენატორები. ფაქტობრივად, ისინი ცნობენ მხოლოდ ამ სამს, მაგრამ დანარჩენი ოპოზიციაც ხომ არსებობს? თუმცა, მათთან არავინ ლაპარაკობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკას პარლამენტში მხოლოდ ამ სამი პოლიტიკური ლიდერის ყოფნა სურს.

მაკკეინმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კმაყოფილია ამ შეხვედრით, რადგან თავისი კონტაქტები ბიძინამ რუსეთთან გაწყვიტაო. დემოკრატიული ქვეყნის სენატორს არავითარი უფლება არ აქვს, მიანიშნოს სხვა ქვეყანას, ვისთან იმეგობროს. მით უფრო მიანიშნოს ამ ქვეყნის ბიზნესმენს, ვისთან ჰქონდეს კავშირი. ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის ლოზუნგს მაგონებს: «ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია».

«ქართული ოცნებაც» იმდენად არის დაშინებული, რომ ხმას ვერ იღებენ. უცხოეთში, საარჩევნო უბნები არ არის ბევრ ქვეყანაშიო ჩივიან, მაგრამ ერთი სიტყვა არ დასცდენიათ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არადა, ყველაზე მეტი, მილიონნახევარი ქართველი სწორედ რუსეთში ცხოვრობს. ხოლო, რუსეთიდან მხოლოდ ოფიციალურად გამოგზავნილი თანხა ორ მილიარდ აშშ დოლლარს აჭარბებს.

ყველაფერი ცხადია, რუსეთის მოძულე ხელისუფალი საქართველოს  სააკაშვილის სახით უკვე ჰყავს. ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ხელს აძლევს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, აშშ-ს სჭირდება მისი პარლამენტში ყოფნა, როგორც ოპოზიციური ძალის, მაგრამ არა ისეთი პროცენტით, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდეს. იქვე თარგამაძეც უნდა იყოს სიტუაციის დასაბალანსებლად.

_ დათანხმდება ივანიშვილი ამ ყველაფერს?

_ არ აქვს მნიშვნელობა, დათანხმდება თუ არა. ივანიშვილთან საუბრის შემდეგ სენატორებიც კმაყოფილები დარჩნენ, რადგან «ქართული ოცნების» ლიდერები არ აპირებენ რევოლუციის მოწყობას; შეიძლება გამოვიდნენ ქუჩაში, მაგრამ, როგორც მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, მხოლოდ გამარჯვების აღსანიშნავად, რაც, მე თუ მკითხავთ, ზღაპარია.

_ ანუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ამერიკასთან შეთანხმებული სცენარით მიმდინარეობს?

_ ივანიშვილი დღესდღეობით ძალიან კარგად ასრულებს ოპოზიციონერის როლს, მაგრამ, როცა არჩევნები ჩაივლის, ყველაფერი გამოჩნდება. მოვლენები ისე ვითარდება, რომ პირველ ადგილზე «ნაციონალები», მეორეზე «ქართული ოცნება» და მესამეზე «ქრისტიან-დემოკრატები» გავლენ. ის გამოკითხვები, რომელთაც ნავარო ერთი წლის განმავლობაში ატარებს, ზუსტად ამაზე მეტყველებს, თორემ ამ ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა უამრავი კაცი გამოიყვანა ქუჩაში თბილისსა თუ სხვა ქალაქებში და როგორ დავიჯეროთ, რომ მხოლოდ 12% აქვს? რის საფუძველზე გაიზარდა «ნაციონალების» რეიტინგი, არ ვიცი, როცა ქუჩასა თუ ტრანსპორტში სულ მათი ლანძღვა-გინება ისმის.

ბიძინა ივანიშვილი არ მოვიდოდა პოლიტიკაში, რომ არ ჰქონოდა შეკვეთა. შემკვეთი კი ამერიკის შეერთებული შტატებია, ვინაიდან მას აქვს ავტორიტეტი და დიდი ფული, რაც საშუალებას მისცემს პარლამენტში რესპუბლიკები და ალასანია შეიყვანოს. ამას ისინი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ.

_ რატომ დათანხმდებოდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკის გეგმაში მონაწილეობას, მას ხომ რუსეთში ჰქონდა ბიზნესი და არა ამერიკაში?

_ მართალია, მას ფული ამერიკაში არ უშოვია, მაგრამ დიდი ფული, გარკვეულ ფულიან წრეებს უკავშირდება, რომელიც ამერიკაშია. დღეს რომ გაქვს მილიარდები, შეიძლება ხვალ კაპიკებად იქცეს თუ წინააღმდეგობას გაუწევ. ეს ჩვეულებრივი ამბავია.

დადგება 2 ოქტომბერი და ვნახავთ, რა იქნება, მაგრამ ამგვარი ვარაუდის საფუძველს ალასანიასა და რესპუბლიკელების განცხადებები მაძლევს. ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან, პარლამენტში «ნაციონალებთან» ითანამშრომლონ, მაშინ, როცა ივანიშვილი ამბობს, რომ უმრავლესობით მოდის. მათთვის უმთავრესია, პარლამენტში მოხვდნენ. საკრებულოში ხომ არის ოპოზიცია? ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ საკრებულოში მათ მიერ გაკეთებული ერთი საქმეც არ მინახავს. გახსოვთ, იპოდრომის ტერიტორიაზე სახლების მშენებლობასა და იქ მწვანე ნარგავების განადგურებაზე რა «ცეცხლი დაანთო» თინა ხიდაშელმა? მაგრამ ნახეთ, რა დღეშია იპოდრომი, გულზე მჯიღის ცემა ჩვენს საჩვენებლად დარჩა. ასე ილაპარაკებს ოპოზიცია პარლამენტშიც, ივლიან უცხოეთში და ა. შ.

_ რასმუსენის ხანმოკლე კავკასიურ ვიზიტს როგორ შეაფასებთ, რას უკავშირდებოდა ეს ვიზიტი?

_ შეიძლება ითქვას, რომ რასმუსენმა, რამდენიმე საათით კავკასიაში ჩამოიარა. მართალია, საქართველოში არჩევნების მოახლოების გამო გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა, მაგრამ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და არ არის გამორიცხული, რასმუსენის ვიზიტის მიზანიც ეს ყოფილიყო. აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურის უნგრეთის ციხიდან გათავისუფლებას აზერბაიჯანში დიდი ზარზეიმით შეხვდნენ. ამ სამხედრო მოსამსახურემ 8 წლის წინ უნგრეთში სომეხი ჯარისკაცი ნაჯახით მოკლა, ხოლო უნგრეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აზერბაიჯანში მას მაიორის წოდება მიანიჭეს, ბინა აჩუქეს და ლამის გმირად შერაცხეს. ამ ამბავმა, ბუნებრივია, სომხეთში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია. ვფიქრობ, რასმუსენის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, ხოლო საქართველოში მან, უბრალოდ, შემოიარა და, პრინციპში, ახალი არც არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რასაც ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნის შემდეგ გვიმეორებს, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა…

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here