Home რუბრიკები პოლიტიკა ხელოვნური ტარიფები, ხელოვნური ოპოზიცია და გაზის ომი ამომრჩევლისთვის

ხელოვნური ტარიფები, ხელოვნური ოპოზიცია და გაზის ომი ამომრჩევლისთვის

889

თანამედროვე საქართველოში ბავშვმაც კი იცის, რომ წინასაარჩევნოდ ისეთი მნიშვნელოვანი კომპანიის შეძენაზე საუბარი, როგორიც «ყაზტრანსგაზია», და მერე გაზზე ტარიფის დაწევით ამომრჩეველთა მანიპულირება, მხოლოდ ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებულ, მისთვის ერთმნიშვნელოვნად სანდო ძალას თუ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ფრიად უცნაური იყო, როდესაც, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად, ოპოზიციური პარტიის «განახლებული საქართველო» ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ გაზის გამანაწილებელ ქსელს ყიდულობს და ტარიფსაც შეამცირებს. ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები გულუასა და ხელისუფლებას შორის ფარული გარიგების არსებობის თაობაზე. გულუამ აქამდეც გააკეთა არანაკლებ ხმაურიანი განცხადებები, რაც საბოლოოდ ბლეფი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გულუას არ გააჩნია ფინანსური რესურსი და კაპიტალი იმისათვის, რომ «ყაზტრანსგაზი» შეიძინოს, პირიქით _ მისი ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა და ეს განცხადებაც მორიგ ბლეფს წარმოადგენს.

ამ თემაზე ნანა ლეჟავამ «კვირის რეპორტაჟი» მოამზადა. ჩვენ გთავაზობთ განსაკუთრებით საინტერესო ეპიზოდებს ლეჟავას გადაცემიდან და იმ დეტალებსაც, რომლებიც «საქართველო და მსოფლიომ» დამატებით მოიპოვა.

წინასაარჩევნოდ ენერგოტარიფებით მანიპულირებას პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა მიმართავს. ამ მხრივ გამოირჩევიან «ქრისტიან-დემოკრატები» და ლეიბორისტები, რომელთაც კამპანია უსამართლოდ მომატებული ტარიფების დაწევაზე აქვთ მიმართული. ამ მიმართულებით გააქტიურდა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუაც, რომლის პარტიაც «განახლებული საქართველო» არჩევნებში ასევე მონაწილეობს. გულუა ამტკიცებს, რომ «ყაზტრანსგაზ-თბილისს», ანუ გაზის გამანაწილებელ ქსელს ყიდულობს და ტარიფებსაც შეამცირებს. ასე რომ, გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილს «ყაზტრანსგაზის» შესყიდვაში მოცილე გამოუჩნდა. რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით სოხუმელმა ბიზნესმენმა, მინდია გულუამ, დაადასტურა, რომ «ყაზტრასგაზის» მთავარ ოფისთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მის პარტიას «განახლებული საქართველო»  მისი და _ ნანა გულუა ხელმძღვანელობს.

მინდია გულუა:

_ გადავწყვიტე, მეყიდა «ყაზტრანსგაზის» თბილისის ქსელი. მიმდინარეობს მოლაპარაკება. დღეს ეს კომპანია მე არ მეკუთვნის, მაგრამ უახლოეს ხანებში, ალბათ, 15 სექტემბრამდე ჩემი მენეჯმენტი შეეცდება, ჩემი დავალების შესრულებას. დავალებული მაქვს ნიუ იორკის ოფისისთვის.

ნიუ იორკის ოფისი, რომელზეც გულუა საუბრობს, კომპანია «სანტ მარია ჰოლდინგია», რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ რუსეთში კომერციული და საცხოვრებელი ფართების მილიარდნახევრიანი ინვესტირება დაიწყო. ის ჰოლდინგ აქტივებს ფლობს ამერიკაში, ევროპასა და რუსეთში. მინდია გულუას რუსეთში კრასნოდარის მხარის ნომერ პირველ ბიზნესმენს უწოდებენ. ის რუსეთში ოთხი კომპანიის დამფუძნებელია. 2012 წლის მარტში საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ გულუას აუდიენცია თვით ვლადიმერ პუტინთანაც კი შედგა. კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა საქართველოში პოლიტიკური პარტია 2011 წელს დააფუძნა და განაცხადა, რომ მთავარ აქცენტს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებზე გააკეთებდა. საბოლოოდ გულუამ პოლიტიკურ პარტნიორად ჯონდი ბაღათურიას «ქართული დასი» აირჩია.

გულუას განცხადებით, ის «ყაზტრანსგაზის» შესყიდვას იმ ვალებიანად აპირებს, რომლებიც ყაზახურ კომპანიას საქართველოში დაუგროვდა.

მინდია გულუა:

_ კომპანია «ყაზტრანსგაზთბილისის» საფასურს არჩევნების შემდეგ გადავიხდით, რადგან არ გვინდა, ამ ხელისუფლებამ თავის საქმიანობას მოახმაროს ეს ფული. ბიძინა ივანიშვილმა 80 თუ 90 მილიონი ჯარიმა გადაიხადა და ეს ფული, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობისთვის მოეხმარებინათ, «ნაციონალურ მოძრაობას» მოხმარდა.

იყიდება თუ არა ნამდვილად «ყაზტრანსგაზთბილისი» და ამ შემთხვევაშიც ხომ არ გვაქვს საქმე წინასაარჩევნო პიართან? ენერგეტიკის სამინისტორში აცხადებენ, რომ «ყაზტრანსგაზთბილისი» კერძო საკუთრებაა და სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს. კომპანიაში ამბობენ, რომ «ყაზტრანსგაზთბილისი» არ იყიდება.

ეკა სარია, «ყაზტრანსგაზთბილისის» საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

_ პრობლემები არ არის, კომპანია არ იყიდება. ოფიციალური პასუხი ესაა.

ინფორმაციას «ყაზტრანსგაზ თბილისის» გაყიდვის თაობაზე ქართული მხარე არც მაშინ ახმაურებდა, როდესაც ყაზახეთის კომპანიის პირველ პირებთან მოლაპარაკება «კალაკაპიტალის» მფლობელმა, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კახი კალაძემ, წამოიწყო. 2008 წლის ოქტომბერში ყაზახური პრესა თითქმის ყოველდღე წერდა, რომ იტალიის «მილანის» ვარსკვლავი «ყაზტრანსგაზთბილისს» ყიდულობდა.

კახი კალაძე:

_ ჩვენი გუნდის ინტერესი იყო ამ კოპანიის ყიდვა, როდესაც «კალა კაპიტალი» შეიქმნა, ჩემს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტე «თბილგაზის» შესყიდვა.  სურვილი მქონდა, ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე მნიშვნელოვანი გამეკეთებინა.

კახი კალაძესა და «ყაზმუნაიგაზის» ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ყველაფერი უკვე გარკვეული იყო, მაგრამ თბილისში მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა.

კახი კალაძე:

_ ფაქტობრივად, როდესაც ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული იქნა, გამოვითხოვეთ საბუთები ყაზახეთიდან, მოგვაწოდეს ყველა ინფორმაცია კომპანიის შესახებ, ამის მერე მოხდა ასეთი რამ: ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევარდნენ კომპანიაში და, ვინც ყაზახი იყო ხელმძღვანელობაში, ყველა გაყარეს. მიზეზად შემოწმებას ასახელებდნენ, რაღაც ვალებზე იყო საუბარი, რომელიც კომპანიას ჰქონდა, და ასე ჩაიშალა მოლაპარაკება ყაზახებთან.

«ყაზტრანსგაზთბილისში» დროებითი მმართველი 2009 წლის მარტში მას შემდეგ შევიდა, რაც ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიას 80 მილიონზე მეტი კრედიტორული დავალიანება დაუთვალა. აქედან 68 მილიონი ლარი «ყაზტრანსგაზთბილისს» «საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა» მართებდა. ამის შემდეგ «ყაზმუნაიგაზის» პრეზიდენტი კაირგელდი კაბერდინი მზად იყო «ყაზტრანსგაზთბილისი» გაეყიდა, თუკი ქსელში განხორციელებული ინვესტიციების კომპენსირება მოხდებოდა, ანუ კაბელდინს სურდა, კომპანიის მიერ  ჩადებული ყველა ინვესტიცია საქართველოს ხელისუფლებას აენაზღაურებინა. «ყაზმუნაიგაზის» შვილობილმა «ყაზტრანსგაზმა» «თბილგაზი» 2006 წლის 12 მაისს 12 მილიონად შეიძინა და კომპანია «ყაზტრანსგაზთბილისი» დააფუძნა. ჩაშლილი მოლაპარაკებებიდან თითქმის 4 წლის შემდეგ კახი კალაძე ამბობს, რომ ახალი ინვესტორბიზნესმენი მინდია გულუა საქართველოს ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს.

კახი კალაძე:

_ ფაქტი ერთია, რომ მინდია გულუა წარმოადგენს ჩვენი ხელისუფლების ინტერესებს. ის მოქმედებს ისე, როგორც სააკაშვილი ეტყვის. დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა დიდი პროექტები ჩვენთან, რომლებსაც თითქოს უცხოელები ყიდულობენ (არადა, მის უკან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან), ესეც, ალბათ, ერთ-ერთი მორიგი პროექტია.

ირაკლი ლექვინაძე, ეკონომიკის ექსპერტი:

_ თუ ეს ფაქტი დადასტურდა, რომ მინდია გულუამ, რომელიც მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენია და ამავე დროს მისი პარტია საქართველოში არჩევნებში მონაწილეობს, ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა ხელისუფლებასთან კავშირის გარეშე. «ყაზტრანსგაზი» სტრატეგიული ობიექტია და მისი მფლობელი ყოველთვის იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, მთავრობასთან მოლაპარაკების გარეშე ეს ვერ გაკეთდება.

სანდრო თვალჭრელიძე, ეკონომიკის ექსპერტი

_ სახელმწიფოს რომც არ ჰქონდეს არანაირი ზეგავლენა, აქვს მაინც ბერკეტები, რომლებიც გამომდინარეობს კანონმდებლობიდან. მას შეუძლია, მაგალითად, ლიცენზია ჩამოართვას კომპანიას და აუკრძალოს გაზის შესყიდვა. რასაკვირველია, ასეთი ტიპის ბიზნესები, რომლებიც ბუნებრივ კომპონენტებს ეხება, სახელმწიფოს ინტერესების გარეშე ვერ განიკარგება.

მეექვსე წელია, «ყაზტრანსგაზ-თბილისი» 2000-კილომეტრიან ქსელს ფლობს, რომელიც თბილისის 230 ათასზე მეტ აბონენტს, 1700 კომუნალურ ობიექტსა და 600 მსხვილ საწარმოს ემსახურება. თბილისის ბუნებრივ აირზე წლიური მოთხოვნა ამჟამად 500 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს. ბოლო 6 წლის მანძილზე გაზის ფასი რამდენიმეჯერ გაიზარდა. 1 კუბურ აირში თბილისელები 51 თეთრს იხდიან.

დიმიტრი ლორთქიფანიძე:

_ მინდია გულუას შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, გარდა იმისა, რომ მან ჩამოაყალიბა პარტია «განახლებული საქართველოსთვის», რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებს ჯონდი ბაღათურიასთან ერთად. მაგრამ ამ პარტიის მიერ რეალურად გაკეთებული არაფერი მინახავს. რაც შეეხება «ყაზტრასგაზის» ყიდვას, საყოველთაოდ ცნობილია, რაც მასმედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

არის თუ არა ეს დაკავშირებული ხელისუფლებასთან, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ირიბად ვიმსჯელოთ. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქვეყანაში არის ნომენკლატურული კაპიტალიზმი, დამოუკიდებელი ბიზნესის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია. «ყაზტრანსგაზი» სერიოზული კომპანიაა, ქვეყნისთვის სტრატეგიულ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს და მისი შესყიდვა, პირდაპირ თუ არა, რაღაც საკითხში მაინც უნდა ემთხვეოდეს ხელისუფლების ინტერესებს. ვერ ვიტყვი, რომ გულუა ხელისუფლების კაცია, მაგრამ ხელისუფლებასთან კავშირის გარეშე ის თავის მიზანს ვერ მიაღწევს.

«საქართველო და მსოფლიო» დაუკავშირდა პარტია «განახლებული საქართველოსთვის» პრესსამსახურის უფროსს _ გიგა მაქარაშვილს.

_ რამდენად შეესაბამება სიმართლეს, რომ მინდია გულუამ «ყაზტრანსგაზი» შეისყიდა?

_ ბოლო პერიოდში ძალიან მუსირებს მედიასაშუალებებში აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მინდია გულუამ შეისყიდა «ყაზტრანსგაზი». ჯერჯერობით ეს არის ბიზნესპროექტი. მან რამდენიმე ტელეგადაცემაში დაადასტურა თავისი ინტერესი კომპანიის შესყიდვასთან დაკავშირებით. დაადასტურა, რომ ის და მისი კომპანია აუცილებლად იზრუნებს, კომპანია «ყაზტრანსგაზის» თუნდაც მცირე ნაწილი მაინც მის მფლობელობაში გადავიდეს და ამ ყველაფრის მიზეზი  მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ ბუნებრივ აირზე ფასები ძალიან გაზრდილია და მინდია გულუა ამ კომპანიის შეძენის შემთხვევაში გეგმავს რამდენადმე შეამციროს იგი. რაც შეეხება ექსპერტების აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ესაა ხელისუფლების სატელიტი პარტია თუ უშუალოდ პოლიტიკური ფიგურა და ბიზნესმენი, ბუნებრივია, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, რადგან მე ვარ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და მინდია გულუას ბიზნესპროექტებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვერც მის პიროვნებასთან და ვერც მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

_ ამაზე კომენტარს არც მისი და აკეთებს, ქალბატონი ნანა გულუა. როდესაც ამ თემაზე კომენტარი თქვენ გთხოვეთ, განგვიცხადეთ, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება თქვენ გაქვთ დავალებული.

_  ქალბატონ ნანას კომენტარი აბსოლუტურად იდენტური იქნება ჩემ მიერ მოწოდებული ინფორმაციისა, ამიტომაც მე მევალება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მინდია გულუა «ყაზტრანსგაზის» ყიდვის შემთხვევაში აპირებს ბუნებრივ აირზე ფასის შემცირებას. არადა, ფასებს ამ შემთხვევაში ენერგეტიკის სამინისტრო ადგენს და არა თვითონ «ყაზტრანსგაზი»…

_ ბუნებრივი აირის შეძენა კატასტროფულად ძვირ ფასში ხდება, რაც  ბუნებრივი აირის მომხმარებლისთვისაც ზრდის გადასახადს. მინდია გულუა ფიქრობს, რომ ბუნებრივი აირი იაფად შეიძინოს(?!), რის ხარჯზეც მოხდება მასზე გადასახადის შემცირება.   

ლილი მიროტაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here