Home რუბრიკები ეკონომიკა «დემოკრატიის შუქურამ» ამერიკას მილიარდ 900 მილიონი დოლარი «მოუტეხა»

«დემოკრატიის შუქურამ» ამერიკას მილიარდ 900 მილიონი დოლარი «მოუტეხა»

ბატონი შალვა მექვაბიშვილი ყველა საზოგადოებრივ ფორმაციაში აღიარებული იყო, როგორც მაღალი დონის პროფესიონალი, აბსოლუტურად მოუსყიდველი და უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება: მუშაობდა კომუნისტების პერიოდში, გამსახურდიას დროს, «მოქალაქეთა კავშირის» პერიოდში და სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგაც. არავის ეპუებოდა და ყოველთვის ობიექტურ ანალიზს დებდა მაგიდაზე. კრიტიკა მწარეა, სიმართლე ყველას ხელს არ აძლევს. «ჩარეცხილების» ტალღას გააყოლეს, მოიცილეს. სამაგიეროდ სიმართლისთვის ბრძოლის ტალღაზე, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის ასიათასობით ხელმოწერის ორგანიზების შედეგად მივიდა «ქართულ ოცნებაში», დემურ გიორხელიძესთან ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა შესთავაზეს. იქ შევხვდი, ერეკლე მეორეს მოედანზე, ყოფილ «ჟურნალისტთა სახლში».

თემა _ ელიტური კორუფცია, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, დამტკიცება რომაა ძნელი, კი ვიცით, მაგრამ _ «დედიჯან, შენ ხელი დაადე!» _ არ შეგვიძლია.

გახმაურებულია ჩვენი ამბავი საერთაშორისო მასშტაბით, იმდენად, რომ აშშის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა და მისი შეშფოთების (როგორც ყოველთვის _ «შეშფოთების») საგანიც გახდა: «არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ბიზნესთან მთავრობის კავშირის, კერძოდ, კორუფციული გარიგებების გამო».

ყველა შფოთავს, მექვაბიშვილი კი ფაქტებით ამტკიცებს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს ის შემზარავი რეალობა, რომელიც 2004-2012 წლებში საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ვაჭრობაში არსებული ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს ეხება.

_ ერთ-ერთ პუბლიკაციაში, _ ამბობს ბატონი შალვა, _ რომელიც სააკაშვილისა და ობამას შეხვედრას ეხებოდა, ნათქვამი იყო, რომ საქართველოსთან ექსპორტ-იმპორტი 10-ჯერ გაიზარდა, 2011 წელს 534 მილიონი დოლარის ექსპორტი (ჩვენთვის _ იმპორტი) განხორციელდა ამერიკიდან. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ კი 734 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამ ციფრებმა მეტისმეტად დამაეჭვა. გავეცანი ამერიკის აღწერის ბიუროს მონაცემებს (სტატისტიკის სამსახური შტატებში არ აქვთ), რომლებშიც აღნუსხულია 1992 წლიდან დღემდე თვეების მიხედვით რომელი საქონელი, როდის და რა რაოდენობითაა გამოგზავნილი საქართველოში.

აღმოჩნდა, რომ მათ უფრო დიდი რაოდენობა ჰქონდათ დაფიქსირებული, ვიდრე საქართველოში იყო ნაჩვენები. კერძოდ, აღწერის ბიურო აღნუსხავდა 579,3 მილიონი დოლარის ექსპორტს, ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი _ 245,8 მილიონს, ანუ 2,4-ჯერ ნაკლებს. ამერიკის მხარე აფიქსირებდა, რომ 2011 წელს ჩვენგან შევიდა 176 მილიონი დოლარის საქონელი, ჩვენები კი 143 მილიონს მიუთითებდნენ. რაც მთავარია, გამოიკვეთა უარყოფითი სავაჭრო სალდო: ამერიკა აფიქსირებდა 403 მილიონ დოლარს, ჩვენები _ 102 მილიონს, ანუ ოთხჯერ ნაკლებს.

აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით, 2004-2012 წლებში საქართველოსთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4316,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იმავე პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2418,2 მილიონი აშშ დოლარი იყო. საქართველოს მხარემ დააფიქსირა 1898,8 მილიონი აშშ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი ბრუნვის მხოლოდ 56 პროცენტი.

 მათ შორის: აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში «ვარდების რევოლუციის» შემდგომ პერიოდში, ამერიკის მონაცემებით, შეადგინა 3049,3 მილიონი დოლარი, ხოლო იმავე პერიოდში, საქართველოს მონაცემებით, აშშ-ის იმპორტმა საქართველოში შეადგინა 1662,4 მლნ დოლარი. საქართველოს მხარემ დააფიქსირა 1386,9 მილიონი დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 54,5 პროცენტი (აღურიცხავი აღმოჩნდა ამ პერიოდში აშშ-დან საქართველოში ექსპორტირებული პროდუქციის 45,5 პროცენტი; ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2000-2003 წლებში 34 პროცენტი შეადგინა). სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით დაკარგა, მინიმუმ, მილიარდ ლარზე მეტი, აშშ-დან შემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის გამო.

2004-2012 წლებში, აშშ-ის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტმა აშშ-ში შეადგინა 1267,6 მილიონი დოლარი, ხოლო, საქართველოს მონაცემებით, იმავე პერიოდში ანალოგიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 755,8 მილიონი დოლარი. საქართველოს მხარემ დააფიქსირა 512,2 მილიონი დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 59,6 პროცენტი (ამ პერიოდში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის 40,4 პროცენტი აღურიცხავი აღმოჩნდა; ანალოგიურმა მაჩვენებელმა 2000-2003 წლებში 66,5 პროცენტი შეადგინა).

ბატონი ბიძინა ივანიშვილი გაკვირვებული დარჩა, ამ ციფრებს რომ გაეცნო. შესაბამის სამსახურებს გამოქვეყნება დაავალა, მაგრამ სამი თვე ვერ გავარღვიეთ წინააღმდეგობის რკალი და ვერ გამოვაქვეყნეთ.

ამასობაში სასტუმრო «მერიოტში» ბატონების _ ვახტანგ ხმალაძისა და დავით ნარმანიას დახმარებით გაიმართა ამ თემის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ-ის, იაპონიის, გერმანიის, რუმინეთის, ირანის წარმომადგენლები. ამ შეხვედრაზე წარვადგინეთ ჩემი კვლევის შედეგები, რომლებმაც საერთო ინტერესი გამოიწვია, გვთხოვეს მასალები და გავუგზავნეთ კიდეც ყველას.

_ შედეგი?

_ ეს იმ დროს დაემთხვა, როცა საქართველოში აშშ-ის ელჩი შეიცვალა…

_ ესე იგი, ახალი ამბავია.

_ დიახ, სულ ახალი. წავიდა ელჩი, შემცვლელი არ მოსულა და, როგორც ყოველთვის გარდამავალ პერიოდში, ამერიკის საელჩოშიც, როგორც ჩანს, «საჩემოდნო განწყობილება» იყო. ახალი ელჩის მოსვლის შემდეგ როგორი რეაქცია ექნებათ, დღეს ძნელი სათქმელია.

_ მაგრამ საკითხი სიმწვავეს არ დაკარგავს და არც ეჭვი გაქრებაბატონო შალვა, წლების მიხედვით როგორი დინამიკაა?

_ 2004 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში ჩრდილში იყო მოქცეული, ანუ აღურიცხავი იყო 56,7 პროცენტი, 2005 წელს, შესაბამისად, _ 57,5 პროცენტი; 2006 წელს _ 49 პროცენტი; 2007 წელს _ 38,8 პროცენტი; 2008 წელს _ 42 პროცენტი; 2009 წელს _ 38 პროცენტი, 2011 წელს _ 48,5 პროცენტი; 2012 წლის იანვარ-მარტში _ 46,5 პროცენტი.

თანხობრივად ეს უზარმაზარი ოდენობაა!

ამ რვა წლის განმავლობაში საქართველომ დააფიქსირა მილიარდ 386,9 მილიონი დოლარით ნაკლები თანხის პროდუქტი, რომელიც ამერიკიდან მივიღეთ, ვიდრე ეს შტატების შესაბამისმა სამსახურმა აჩვენა.

ამავე პერიოდში, ამერიკის მაჩვენებლებით, საქართველოდან 512 მილიონი დოლარით მეტი პროდუქტი გაიგზავნა, ვიდრე ეს ჩვენებმა დააფიქსირეს.

ესე იგი, ზუსტად მილიარდ 900 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქტი სად გაქრა, კაცისშვილმა არ იცის.

ზოგიერთმა ვაი თუ უი ექსპერტმა (არ ვიცი, რა დავარქვა) განაცხადა, რომ ასეთი შეუსაბამობა მეთოდოლოგიის ბრალია. ვიცოდი, რომ ამას იტყოდნენ და სპეციალურად ისეთი პროდუქტები შევარჩიე გასაანალიზებლად, რომ ყოველგვარი ეჭვი გამომერიცხა.

ამერიკის მხარე გვიფიქსირებს, რომ 2011 წელს საქართველოში გამოგზავნილია 101,3 მილიონი დოლარის ღირებულების ყველანაირი ხორცი. ქართული მხარის მიხედვით, მიღებულია 33,9 მილიონი დოლარის ღირებულების.

_ დანარჩენი სად არისო?

_ გემები ჩაიძირა, აორთქლდა თუ სად გაქრა, გაუგებარია.

_ მახსოვს, დაახლოებით ასეთივე სიტუაცია იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საქართველოდან ეშელონებით იგზავნებოდა საქონელი ავღანეთის დასახმარებლად, მაგრამ, როგორც ამტკიცებდნენ, ან მოჯაჰედები «აფეთქებდნენ» ამ ეშელონებს, ან სასაზღვრო ქაოსში იკარგებოდადა ვიღაც კეთდებოდა.

_ აქ რაღაც სხვა მექანიზმები მუშაობს, გაცილებით უფრო სრულყოფილი, ვიდრე ეშელონების «აფეთქებით» კორუფციის დამალვა იყო.

ყველაზე დიდი განსხვავება ნავთობპროდუქტებშია. მაგალითად, მანქანის ძვირადღირებული ზეთები. ამერიკიდან წამოსულია სხვადასხვა მარკის ზეთები საერთო ღირებულებით 56 მილიონ 685 ათასი დოლარი. ჩვენი მხარე 771 ათასისას აჩვენებს, ანუ 1,4 პროცენტს .

თევზი. საინტერესო სტატისტიკაა: წამოსულია 5 მილიონ 548 ათასი დოლარის, აქ კი დაფიქსირებულია 4 მილიონ 965 ათასი დოლარის, ანუ _ 90 პროცენტი. ეტყობა, თევზის ბიზნესს არც დიდი მონოპოლისტი მისდევს, არც ბობოლა პატრონი ჰყავს. ამიტომაც დიდი სხვაობა არ არის. სხვადასხვა მეთოდიკების შემთხვევაში განსხვავების პროპორციები შენარჩუნებული იქნებოდა.

_ მაგრამ, ბატონო შალვა, აქაც რომ არის სხვაობა _ ათი პროცენტი?

_ სხვა შემთხვევებშიც ამაზე მეტი რომ არ ყოფილიყო, ქვეყანა ასე არ გაღატაკდებოდა.

განვაგრძოთ: ალკოჰოლური სასმელები _ ძვირადღირებული ვისკების, ჯინების ნაირსახეობა და სხვა ძვირფასი სასმელები.

ამერიკის მხარე გვიფიქსირებს, რომ 2011 წელს წამოსულია 4 მილიონ 373 ათასი დოლარის, ჩვენი მხარის მაჩვენებლით, 470 ათასი დოლარის, ანუ 87 პროცენტით ნაკლები. 4 მილიონამდე დოლარი გაქრა.

ბრინჯი. რატომ შემოდის ამერიკიდან, ვერ გეტყვით. ბრინჯი ამერიკელების ექსპორტის საგანი არ არის, მაგრამ აქაც იგივე სიტუაციაა: 2 მილიონ 36 ათასი დოლარისაა წამოსული, ჩვენები წერენ 265,5 ათას დოლარს. 87 პროცენტი აქაც გამქრალია.

ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ აღმოვაჩინე ერთი პროდუქტი, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს პატრონი. ეს არის კატებისა და ძაღლების საკვები გრანულები. შარშან ამერიკიდან გამოაგზავნეს 4 მილიონ 779 ათასი დოლარის ეს პროდუქცია. ჩვენები 4 მილიონ 771 ათასი დოლარისას აფიქსირებენ, ანუ 99,93 პროცენტს.

როგორც ჩანს, ეს ბიზნესი აბსოლუტურად არაელიტური, არაპრესტიჟულია.

_ მაგრამ ძაღლებსა და კატებს 4 მილიონის სპეციალურ საკვებს რომ ვაჭმევთ, ეტყობა, კარგად ვცხოვრობთან, იქნებ, რეექსპორტით გაიგზავნა შემდეგ საქართველოდან?

_ ესეც შევისწავლე. მანქანის ზეთები თითქმის 57 მილიონი დოლარის ხომ შემოვიდა?

_ დიახ, ასე თქვით.

_ მხოლოდ 187 ათასი დოლარისაა გასული რეექსპორტზე, ანუ _ 0,3 პროცენტი, რაც, ცხადია, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა საერთო სურათზე.

_ ბატონო შალვა, ჩემისთანა უბირმა ადამიანებმაც იციან, რომ, როცა იმპორტი ექსპორტს აჭარბებს, იმ ქვეყანაში ეკონომიკის საქმე კარგად არ არის. ჩვენი სტატისტიკა სწორედ ამას ასახავს. საქართველოს ხელისუფლება ასე რატომ მანიპულირებს ამ ციფრებით? რა ინტერესი ამოძრავებს?

_ ვერ გეტყვით, მაგრამ იმას კი მოგახსენებთ, რომ სურათის გაუმჯობესებას მანქანების ე. წ. ექსპორტით ცდილობს. შარშან ამ მაჩვენებელმა 450 მილიონს გადააჭარბა და ჩვენ რეექსპორტად ჩავითვალეთ.

ამით სალდო უმჯობესდება.

მაგრამ უბედურება ისაა, რომ არცერთი ქვეყანა, რომელთაც ჩვენგან გააქვთ ავტომანქანები _ არც აზერბაიჯანი, არც ყაზახეთი, არც სომხეთი _ არ გვიფიქსირებს, რომ თუნდაც ერთი მანქანაა ჩვენგან ჩატანილი. ისინი მიუთითებენ იმ ქვეყნებს, რომლებშიც წარმოებულია _ აშშ, გერმანია, იაპონია, სამხრეთ კორეა და ა.შ. ჩვენები ხალხს ატყუებენ, თვალთმაქცობენ.

მონაცემები, რომლებზეც ახლა ვისაუბრეთ, ოფიციალურად წაიღო შემოსავლების სამსახურმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა. მოსალოდნელი იყო, რომ რაღაც რეაგირება მოჰყვებოდა, მაგრამ ყველა გატრუნულია.

_ რატომ არ რეაგირებენ?

_ იმიტომ, რომ არეულია ყველაფერი ამ ქვეყანაში. მანქანების ექსპორტს ჩვენი ფინანსთა სამინისტრო საერთოდ არ აფიქსირებს. ამ უწყებას, ეტყობა, აკონტროლებს ან სავალუტო ფონდი, ან მსოფლიო ბანკი, ვიღაცა მაინც, ამიტომაც თავს იკავებს. სტატისტიკა «თავისუფალ ცურვაშია».

ისეთი ქაოსია, რომ ყველა იმას აკეთებს, რაც ხელს აძლევს. 2011 წელს, მაისში ფინანსთა სამინისტრომ აჩვენა, რომ თითქოს ჩვენგან ინდოეთში გავიდა 305 მილიონი დოლარის არმატურა.

სტატისტიკის სამსახური კი 2011 წელს ინდოეთში გატანილად მიიჩნევს მხოლოდ 3,5 მილიონი დოლარის არმატურას, ანუ 87-ჯერ ნაკლებს. მთელი ექსპორტი კი ამ ქვეყანაში 19 მილიონ დოლარს არ აჭარბებს.

_ რისი ბრალია?

_ იმისი, რომ კონტროლის პალატა არ არსებობს.

_ სამაგიეროდ არსებობს ემანსიპირებული ნათია მოგელაძის ოპოზიციასთან ბრძოლის სპეცსამსახური.

_ 2006 წლამდე, ზურა სოსელიას პერიოდში, რაღაც კონტროლი მაინც ხორციელდებოდა. შემდეგ ყველაფერი თვითდინებით წავიდა.

ხელისუფლება ტრაბახობს _ ბიუჯეტი 20-ჯერ გავზარდეთო.

აქაც თაღლითურად მანიპულირებენ. სინამდვილეში ბიუჯეტი, 20-ჯერ კი არა, 5-ჯერ გაიზარდა. შევარდნაძის დროს სამი სახის ბიუჯეტი ქვეყნდებოდა, მათ შორის ერთ-ერთი _ სახელმწიფო ბიუჯეტი. ამათ ყველა საგადასახადო შემოსავალი (საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი) სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიტანეს და «არნახულად გაზარდეს».

აი, ასეთი რეფორმატორები გვყავს.

_ ბატონო შალვა, ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვენ დაასახელეთ აშშსა და საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩრდილში მოქცეული 50 პროცენტზე მეტი. მილიარდ 900 მილიონ დოლარზე ლაპარაკობდით, რაც ჩვენმა მხარემ არ აღრიცხა.

სად მიდის ელიტური ბიზნესის ეს სხვაობა?

_ ჯიბეში! ნებისმიერი ხელისუფლება, თუ მოისურვებს, ძალიან ადვილად გაარკვევს, კერძოდ ვის ჯიბეში ილექება ეს კოლოსალური თანხა.

_ თუ არ არკვევს?

_ მაშასადამე, დამტკიცებულად ჩათვალეთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს სხეულს ელიტური კორუფციის მეტასტაზები ისე აქვს მოდებული, რომ რადიკალური ამოკვეთის გარდა არაფერი უშველის.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

P.S. ჩვენი ბობოლები ამერიკას მილიარდ 900 მილიონს «უტეხავენ» იმ დროს, როცა შტატებს თავისი გასჭირვებია: წლევანდელ ივლისში აშშის ბიუჯეტის დეფიციტი 70 მილიარდი დოლარით გაიზარდა და, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, წლის ბოლოსთვის, შესაძლებელია, ერთ ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს.

2012 წლის ბიუჯეტის პირველ ათ თვეში (საბიუჯეტო წელიწადი აშშში 30 სექტემბერს მთავრდება) დეფიციტმა 974 მილიარდი დოლარი შეადგინა. თეთრ სახლში მიიჩნევენ, დეფიციტი ერთ ტრილიონ დოლარზე ნაკლები, შესაძლებელია, 2013 წელს იყო.

ყველა ბეღელს თავისი თაგვები ჰყავს შესეული. ჩვენებურები თავისას ხომ ხრავენ, მაგრამ, როგორც ნახეთ, არც კეთილისმყოფელთა ბეღლის «ხორბალზე» ამბობენ უარს.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here