Home რუბრიკები პოლიტიკა ავიგდორ ესკინი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა _ სააკაშვილის პოლიტიკის ეს შედეგი...

ავიგდორ ესკინი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა _ სააკაშვილის პოლიტიკის ეს შედეგი კატასტროფულია საქართველოს ინტერესებისთვის

1004

ინტერვიუ ისრაელელ პოლიტოლოგ და თეოლოგ ავიგდორ ესკინთან.

_ ორი წლის წინათ თქვენ საქართველოში არ შემოგიშვეს. მაშინ ისრაელიდან ჩამოხვედით თბილისში. რა მოხდა?

_ ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარდა ქართველი ხალხი. ჩემი საყვარელი მეკარე ანზორ კავაზაშვილი იყო, რომელიც მოსკოვის «ტორპედოში» თამაშობდა… ჩვენი თაობისთვის ქართული ეპოსი, ქართული სიმღერა და თქვენი ხალხის ღიმილიანი გულგახსნილობა კეთილი სულისა და მოყვასის სიყვარულის განსახიერება იყო. განსაკუთრებით აღვნიშნავ მეგობრობას ებრაელ და ქართველ ხალხთა შორის, რომელიც ორი ათას ხუთას წელზე მეტს ითვლის. ეს ჩემთვის ფუძემდებლური და უცვლელი ფაქტორებია.

_ და ყველაფერ ამის მიუხედავად, საქართველოს კარი დაგიკეტეს. რატომ?

_ აეროპორტში ჩამაბარეს ქაღალდი გაძევების შესახებ, რომელშიც პუნქტი, რომელშიც მითითებული უნდა ყოფილიყო გაძევების მიზეზი, ცარიელი იყო. ოფიცრებს, რომლებმაც დამაკავეს, ვუთხარი, რომ ისინი უკანონობას სჩადიან, რადგან მაძევებენ ქვეყნიდან მიზეზის აუხსნელად. პასუხად მათ დამცინეს.

ორი დღის შემდეგ ერთმა ქართულმა ტელეარხმა განაცხადა, რომ მე ვარ ექსტრემისტ მუსლიმანთა დაჯგუფების მეთაური და რომ ზურგი დამშვენებული მაქვს სვირინგით: «ქართული სისხლი მწყურია, გაუმარჯოს აფხაზეთს». კომენტარი ზედმეტია.

_ რა მიზნით ჩამოხვედით საქართველოში?

_ «ერეკლე მეორეს საზოგადოებაში» უნდა წამეკითხა ლექცია რუსთაველის დიადი პოემის ივრითზე თარგმანების შესახებ; დიპლომატიურ აკადემიაში კი _ ლექცია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე.

_ ამ ინციდენტის შემდეგ თქვენ მკვეთრად გააკრიტიკეთ საქართველოს მთავრობა, რის გამოც ზოგიერთი ქართველი პუბლიცისტის ასევე მკვეთრი კრიტიკის ობიექტი გახდით.

_ არ დავფარავ ჩემს აღშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემდამი უკანონო მოქმედების გამო. ხაზგასმით ვიტყვი, რომ ბრძენი მმართველები ქვეყნის მტრების მეგობრებად გადაქცევას ელტვიან. ზოგიერთი თქვენი პუბლიცისტი ცდილობდა, საქართველოს მტრად წარმოვეჩინე. ეს სრული აბსურდია! პირდაპირ გეტყვით, ჩემნაირი გულწრფელი მეგობარი საქართველოს მსოფლიოში ბევრი არ ჰყავს. ამასთან, მე არ ვცდილობ, დავმალო ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკის გარკვეული ასპექტების მიმართ.

_ კერძოდ, რა არ მოგწონთ?

_ ჩემს მაგალითზე შეგიძლიათ დარწმუნდეთ, როგორ ირაციონალურად იღებენ ზოგიერთ გადაწყვეტილებას საქართველოში. მეგობრების არაკეთილმოსურნეებად ქცევის უფრო მნიშვნელოვანი მაგალითი იყო ორი ისრაელელი ბიზნესმენის დაპატიმრება. ამ საქმეში ბევრი უსინდისობა იყო. რა აზრი ჰქონდა ისრაელთან ურთიერთობის ამგვარად გაფუჭებას?

მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თქვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგების ანალიზი. ერთის მხრივ, სააკაშვილის მმართველობის პირველ პერიოდში საქართველო გაიწმინდა კორუფციისგან და შეეძლო სხვებისთვის მაგალითი გამხდარიყო, მაგრამ რუსეთის ბაზრის დაკარგვა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა _ სააკაშვილის პოლიტიკის ამ შედეგებს საქართველოსთვის კატასტროფული შეიძლება ვუწოდოთ.

_ გამოდის, რომ ყველა კონფლიქტში თქვენ მხოლოდ საქართველოს ადანაშაულებთ…

_ მე ჯერ სიტყვაც არ მითქვამს, ვინაა მართალი, ვინ _ მტყუანი. მაგრამ სააკაშვილის მმართველობის შედეგების განხილვისას, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ მან ჩაითრია თავისი ქვეყანა ევრაზიულ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ კონფლიქტში; სწორედ მისი, სააკაშვილის, ბრალია ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა.

სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლები საქართველოს პოზიციების შესუსტებით გამოირჩა.

რაც შეეხება საკითხს _ ვისი ბრალია, გიპასუხებთ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტი დაიწყო ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს. ეს საკითხი საკმარისად საფუძვლიანად შევისწავლე.

_ თქვენზე ამბობდნენ, რომ გსურდათ რუსეთის ჯარების შემოსვლა თბილისში.

_ გულწრფელად ვწუხვარ, რომ ზოგიერთმა ქართველმა პუბლიცისტმა გადმოიღო ოცდაათიანი წლების დასასრულის საბჭოთა პროპაგანდისტების მეთოდი. ჩემს წერილებსა და ინტერვიუებში მე ბევრჯერ განმიცხადებია საქართველოსადმი ჩემი თანმიმდევრული მეგობრული დამოკიდებულების შესახებ. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ პასუხისმგებელი ვარ ჩემს პუბლიკაციებსა და ინტერვიუებზე, რომელთა შინაარსი ეჭვქვეშ არ დამიყენებია. ჩემს პოზიციას ყოველთვის ნათლად და ცალსახად გამოვხატავ.

_ აღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?

_ უეჭველად _ დიახ! მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთის პრობლემის ომის გზით გადაწყვეტის მცდელობა დაუშვებელი იყო.

_ როგორ გესახებათ კონფლიქტის გადაწყვეტა?

_ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ გადაწყვეტილების პოვნა შეიძლება მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციით და ოს ხალხთან შერიგების გზით. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ას ათასზე მეტი ოსი ცხოვრობს. ეს ამტკიცებს, რომ თანაარსებობა შესაძლებელია. სამხრეთ ოსეთმა უნდა შეინარჩუნოს გაფართოებული ავტონომიის სტატუსი. მისი ინტეგრაცია შესაძლებელი იქნება რევანშიზმზე უარის თქმის, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენისა და ყველასთვის მისაღები კონფედერაციის სტატუსის შემუშავების შემთხვევაში.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეგიძლიათ მოელაპარაკოთ და შეურიგდეთ ოსებს, თუ კეთილ ნებას გამოამჟღავნებთ და აღადგენთ ნდობას. არ უნდა გეშინოდეთ საკუთარი შეცდომების აღიარების. ეს მხოლოდ გააძლიერებს პატივისცემას თქვენდამი და დაგეხმარებათ უწინდელ მეგობრობასთან ხიდების გადებაში.

უფრო რთული იქნება აფხაზეთის პრობლემის დაძლევა. ბუნებრივ გადაწყვეტილებად მესახება ლტოლვილების დაბრუნება სოხუმში მათი უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის პირობებში. ეს მომგებიანი იქნება რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც. რეგიონში ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად საჭიროა ბუნებრივი ურთიერთობის აღდგენა მართლმადიდებელ საქართველოსთან.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი დათანხმდება საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნებას?

_ რუსეთს რომ სურდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთება, ამას გააკეთებდა კიდეც. დღეს მათ დროებით დამოუკიდებელი სტატუსით ინარჩუნებს.  რუსეთის ბიუჯეტს ორივე ზედმეტ ტვირთად აწევს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ საქართველო უარს იტყვის ნატოში შესვლის იდეაზე და რუსეთთან ურთიერთობის გზას დაადგება, დათანხმდება რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მაგრამ სანაცვლოდ მოითხოვს მისთვის სუვერენიტეტის დაბრუნებას. ეს მომგებიანი იქნება რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც. თქვენი მხარე დაიბრუნებს ტერიტორიებს, რომლებიც თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია. რუსეთი შეწყვეტს ამ ტერიტორიების გამოკვებას, მაგრამ შეინარჩუნებს თავის სტრატეგიულ პოზიციებს.

მაგრამ ორივე მხარისთვის მთავარი სარგებელი მეგობრობისა და ურთიერთობის აღდგენაა. საქართველოს გავლენა კავკასიაში, მიუხედავად შეცდომებისა და მარცხისა, დღეს ძლიერდება. მოსკოვში ხვდებიან, რომ რეგიონში ეფექტიანი პოლიტიკის განსახორციელებლად საჭიროა ბუნებრივი ურთიერთობის აღდგენა მართლმადიდებელ საქართველოსთან.

_ ე. ი. თქვენ გვთავაზობთ, კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ მოვექცეთ?

_ არა. მე ვცდილობ გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რა სჭირდება საქართველოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. თქვენს ქვეყანას არც პროამერიკული ორიენტაცია სჭირდება, არც _პრორუსული, არამედ _ მხოლოდ პროქართული.

ვფიქრობ, რომ თქვენი ამჟამინდელი პრეზიდენტი თავისი პროამერიკული ინსტინქტებით უფრო ხელმძღვანელობდა, ვიდრე საქართველოს ინტერესებით.

არსებობს უმნიშვნელოვანესი კულტურული ასპექტიც. მე ხშირად ვუყურებ ტელეარხ «პიკს», რომელიც ყოველთვის იაფფასიან ამერიკულ ფილმებს ატრიალებს. არადა, რა კარგი იქნებოდა, მისი მეშვეობით დიად ქართულ კულტურას რომ ვზიარებოდით. ამის ნაცვლად გაქვთ ამერიკული მასკულტურა და ანტირუსული პროპაგანდა. ეს მღვრიე ტალღა არღვევს თქვენს ტრადიციებს, ძირს უთხრის თქვენს მრავალსაუკუნოვან ოჯახურ წესებს. ახალგაზრდობის აღზრდის პრობლემა არასოდეს ასე მწვავედ არ მდგარა თქვენ წინაშე. ბავშვები მშობლებისადმი პატივისცემას კარგავენ. ეს ყველაფერი იაფფასიანი ამერიკული კულტურის გავლენის შედეგია.

თქვენ უნდა გააძლიეროთ თქვენი საკუთარი ტრადიციონალიზმი.

რუსული კულტურის გავლენა კავკასიაში ყოველთვის სასიკეთო იყო. დღეს კი პოპსა გამოდევნის დიად ქართულ მემკვიდრეობას.

_ როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოში?

_ არ მინდა არანაირად ჩარევა ამ კამპანიაში, მაგრამ გულწრფელად მინდა გისურვოთ, რომ გაიმარჯვოს ყველაზე უფრო პროქართულმა ძალამ.

_ რა შეგიძლიათ თქვათ საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე?

_ საიდუმლო არ არის, რომ ბოლო წლებში ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის გაცივდა. ისრაელი მზად არ არის, ჩაერთოს რუსეთთან კონფლიქტში. ასეთმა პოზიციამ სააკაშვილის ადმინისტრაციის უკმაყოფილება გამოიწვია. ბევრი რამ გააფუჭა ორი ისრაელელი ბიზნესმენის დაპატიმრებამ, რომელიც ჩვენთან არაკანონიერად მიიჩნიეს. თუ ამას დავუმატებთ საქართველოში თურქეთისა და ირანის გავლენას, აშკარა გახდება, რომ სახეზეა ზოგიერთი ნეგატიური პოლიტიკური ტენდენცია. აქვე უნდა ვთქვა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობა იმდენად მტკიცეა, რომ ვერავითარი დროებითი პოლიტიკური უთანხმოება ვერ შეცვლის ჩვენი ურთიერთობის სტატუსს.

მინდა მჯეროდეს, რომ არჩევნების შემდეგ ცვლილებების დრო დადგება.

ისრაელთან დაახლოება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. შემთხვევითი არ იყო, რომ აზერბაიჯანმა ახლახან ისრაელისგან მილიარდ-ნახევრის იარაღის უდიდესი პარტია შეიძინა. ასეთი თანამშრომლობა ორმხრივ სასარგებლოა, რადგან ისრაელი არ ფიქრობს არავითარ კულტურულ ან პოლიტიკურ ექსპანსიაზე თქვენს რეგიონში.

_ რა არის დღეს თქვენთვის საქართველო და რას უსურვებთ მას?

_ საქართველო უდიდესი სასწაულია, რომლის შედარება მხოლოდ ისრაელთან თუ შეიძლება. იგი მხოლოდ უძველესი ცივილიზაცია არ არის. იგი არის ცოცხალი სიძველე. შეადარეთ ათენს ან რომს. იქაურ წარსულს დღევანდელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. საქართველოში ყველაფერი ძველი თანამედროვეობაში განაგრძობს ცხოვრებას.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს უდიდესი პოეტი და მოაზროვნე შოთა რუსთაველი სწორედ იერუსალიმშია დაკრძალული. ბიბლიური სული იყო და არის დიადი ქართული კულტურის შთაგონების წყარო. ღმერთმა თქვენს ქვეყანაზე კალთა დაიბერტყა.

მიიღეთ ჩემი კეთილი სურვილები იერუსალიმიდან.

სიმონ ხალხოსანი,
პარიზი, სპეციალურად «საქართველო და მსოფლიოსთვის» 

1 COMMENT

  1. ეს კაცი მე მგონი სწორს ლაპარაკობს, საქართველოსთვის სიკეთე სურს, ეტყობა. მისი მსჯელობა პრაგმატულია, გონებიდან მომდინარე. აქაური ცხელთავიანების ურაპატრიოტიზმიდან შორსაა, რაც მართლა ანგრევს ქვეყანას თანდათან. მე მგონი მადლობა უნდა უთხრათ მას იმისათვის, რომ რაღაც რეალური გზისკენ მიმვითითებს გზააბნეულებს…

  2. „საქართველო უდიდესი სასწაულია, რომლის შედარება მხოლოდ ისრაელთან თუ შეიძლება. იგი მხოლოდ უძველესი ცივილიზაცია არ არის. იგი არის ცოცხალი სიძველე. შეადარეთ ათენს ან რომს. იქაურ წარსულს დღევანდელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. საქართველოში ყველაფერი ძველი თანამედროვეობაში განაგრძობს ცხოვრებას“.
    ეს სიტყვები არ არის უბრალო კომპლიმენტი საქართველოს. ეს არის უდიდესი ჭეშმარიტება, რომლის შინაარსიც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვასო კუკუნაშვილის წიგნში „ჯვარ–პატიოსანი“. საიტი gimg.ge

  3. ქართველი და ებრაელი ერი ოდიდგანვე მეგობრული და ძმური ერს წარმოადგენდნენ, ქართველებისათვის ზურგიდან ლახვრის ჩაცემა იყო როდესაც ისრაელის მთავრობამ 2008 წელს რუსეთს გადასცა საპილოტე აპარეტების კოდემი ეს კი ღალატიო ქართველი ერისა და საქართველოს მიმართ, რომლებმაც 26 საუკუნე შეინახა ებრაელი ერი, როცა სხვა დევნიდა მათ შორის რუსეთშიც.

  4. "საქართველო უდიდესი სასწაულია, რომლის შედარება მხოლოდ ისრაელთან თუ შეიძლება. იგი მხოლოდ უძველესი ცივილიზაცია არ არის. იგი არის ცოცხალი სიძველე. შეადარეთ ათენს ან რომს. იქაურ წარსულს დღევანდელობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. საქართველოში ყველაფერი ძველი თანამედროვეობაში განაგრძობს ცხოვრებას". – დიახ და კიდევ დიახ! აი რაშია საქმე და რატომ გვტკივა ეს ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here