Home რუბრიკები პოლიტიკა მამობილო, ფანდარასტ!

მამობილო, ფანდარასტ!

655

«მე ბათუმი ვიშვილე», _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის ნოემბერში რუს ჟურნალისტებთან საუბარში, როდესაც თვითმფრინავის ბორტიდან სიამაყით უჩვენებდა იმას, რასაც «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკურ მითოლოგიაში «განახლებული ბათუმი» ეწოდება. 2012 წლის 5 აგვისტოს ბათუმმა თვითგამოცხადებულ მამობილს ცხვირწინ კარი მიუჯახუნა, ხოლო იმისათვის, რომ უკეთ გადმოვცეთ იმ მესიჯის მოკლე შინაარსი, რომელიც აჭარელების დიდმა ნაწილმა სააკაშვილს გაუგზავნა, ალბათ, ფრიად ტევადი ოსური სიტყვის «ფანდარასტ» (გზა მშვიდობისა) გამოყენება მოგვიწევს.

როდესაც კომენტატორების უმრავლესობა საუბრობს იმაზე, რომ ბათუმში «ქართული ოცნების» აქციაზე მოსალოდნელზე მეტი ადამიანი მივიდა, ალბათ, იმის დადგენა უნდა ვცადოთ, საიდან მოდიოდა ეს «მოსალოდნელი რაოდენობა». სახელისუფლო პროპაგანდა წლების განმავლობაში ამკვიდრებდა აზრს, რომ აჭარის მოსახლეობა კმაყოფილია იმ ცვლილებებით, რომელთაც სააკაშვილი ახორციელებს. ეს რეგიონი ხელისუფლების ერთ-ერთ საყრდენად მოიაზრებოდა. «განახლებული ბათუმის» ილუმინაცია თვალს უბრმავებდა საქართველოს და (მითუმეტეს) გარესამყაროს; ჩვენ, პრაქტიკულად, ვერ ვხედავდით პრობლემებს, რომლებიც ბათუმელებსა და ზოგადად აჭარის მოსახლეობას ამ წლების განმავლობაში ექმნებოდა. აქ, ალბათ, მართებულია პარალელის გავლება ბატისტას კუბასთან. 50-იან წლებში იქ უამრავი ახალი სასტუმრო, კაზინო და ბორდელი აშენდა, განათებულ სანაპიროებზე მშვიდად სეირნობდნენ ტურისტები და ამერიკული პრესა «განახლებულ კუბას» აღტაცებულ რეპორტაჟებს უძღვნიდა. რეალურ, გაღატაკებულ, გაუბედურებულ კუბას პრაქტიკულად ვერავინ ხედავდა, შემდეგ კი ძლიერ გაუკვირდათ, როდესაც კუბელების უმრავლესობა ფიდელ კასტროს მეამბოხეებს ყვავილებით შეეგება, ფულხენსიო ბატისტამ ხომ ქვეყანაში «ამდენი რამ გააკეთა».

მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ალბათ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ძლიერ გაუმართლა _ უკიდურესად მწვავე საპროტესტო განწყობის მობილიზება არა ავტომატიანმა კომანდანტემ, არამედ მშვიდობიანი მეთოდების მომხრე პოლიტიკოსმა მოახდინა. კრიზისი გარდაუვალი იყო, მას ობიექტური წინაპირობები ჰქონდა, თუმცა «თავისუფლების კუნძულისგან» განსხვავებით, საქართველოს შანსი მიეცა სასურველ მიზნებს სისხლისღვრის გარეშე მიაღწიოს.

ორიოდე სიტყვით იმაზე, თუ საიდან მოდის სევდიანი რეპლიკა «მან ხომ ამდენი რამ გააკეთა». საქმე ისაა, რომ ბათუმში «ქართული ოცნების» აქციის ჩანაწერს ერთ უცხოელთან ერთად ვუყურებდი და მისი თხოვნით საკვანძო მონაკვეთებს ვუთარგმნიდი. მან საქართველოში მუშაობა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო, სააკაშვილის აპოლოგეტებთან ხშირი კონტაქტი უწევს და თავი ჯერ კიდევ ამოტენილი აქვს პროპაგანდისტული შტამპებით «დემოკრატიის შუქურაზე»; როდესაც რეალობა მათთან აშკარა წინააღმდეგობაში შედის, სავსებით გულწრფელი გაკვირვება და დაბნეულობა ეუფლება. ეს რეპლიკა სწორედ მას ეკუთვნის. როდესაც წინდაუხედავად ვკითხე: და მაინც, როგორ ფიქრობ, რა გაუკეთა სააკაშვილმა ამ ხალხს? პასუხად მივიღე 15-წუთიანი ლექცია «ნაცმოძრაობის» ბელადის ტიტანურ წვლილზე ახალი საქართველოს შექმნასა და «მენტალურ რევოლუციაში». ამ «რეჩს» ვუსმენდი და თან სულ სხვა ქვეყანაში განვითარებულ ისტორიას ვიხსენებდი. 

თითოეულ ჩვენგანს უნახავს თუნდაც ერთი მხატვრული ფილმი რუანდის გენოციდზე («ძაღლებისთვის სროლა», «ოტელი რუანდა», «ეშმაკისთვის ხელის ჩამორთმევა» და ა. შ.) და ახსოვს სცენა, რომელიც თითოეულ მათგანში არის _ ხუტუს ტომის ბოევიკები რადიოს უსმენენ, დიქტორი მათ ტუტსის ტომის წარმომადგენელთა მოკვლისკენ მოუწოდებს და აცნობებს, რა მარშრუტით გადაადგილდებიან დევნილები, რათა გზა გადაუღობონ და ამოწყვიტონ. ყველამ როდი იცის, რომ რადიოწამყვანი, რომელსაც თამამად შეგვიძლია «გენოციდის ხმა» ვუწოდოთ, ბელგიელი იყო, რომელსაც არც ხუტუსთან, არც ტუტსისთან, არც რუანდასთან ამ მოვლენებამდე ხუთიოდე წლით ადრე შეხება არ ჰქონია.

ჟორჟ რუჯუ 1957-ში დაიბადა, მისი მამა ბელგიელი, დედა კი იტალიელი გახლდათ. მთელი ცხოვრება უკეთილშობილეს საქმიანობას ეწეოდა _ მუშაობდა მასწავლებლად სკოლაში გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის, მონაწილეობდა ახალგაზრდა ნარკომანების რეაბილიტაციის პროგრამებში; ერთხელ, შემთხვევით რუანდელი (ხუტუ) სტუდენტი გაიცნო, თანდათან დაუახლოვდა მას და მის თანამემამულეებს, რამდენიმეჯერ ჩავიდა რუანდაში, მოიხიბლა ამ ქვეყნით და იქ გარკვეული დროით დასახლება გადაწყვიტა. რადიოში მუშაობის დაწყება სცადა, მაგრამ ვინაიდან მხოლოდ ფრანგულს ფლობდა, ადგილობრივ ენას, კინიარუანდას, კი არა, უარი უთხრეს. ერთი თვის შემდეგ (ასევე სრულიად შემთხვევით) მან მოახერხა გასაუბრება რუანდის პრეზიდენტ ჟიუვენალ ხაბიარიმანასთან, რომელმაც ეს პრობლემა მოუგვარა. 1994 წლის 6 იანვარს ჟორჟ რუჯუმ პირველად წაიყვანა გადაცემა ავადსახსენებელ რადიოსადგურ «რტლმ»-ის ეთერში; 7 აპრილს კი რუანდაში გენოციდი დაიწყო. რუჯუ, ადგილობრივ წამყვანებთან ერთად, «გენოციდის ხმა» გახდა და გამუდმებით მოუწოდებდა ხუტუს «ტარაკნების» (ასე უწოდებდნენ «რტლმ»-ის დიქტორები ტუტსის) «პრობლემა მოეგვარებინათ».

როდესაც ყველაფერი დასრულდა, რუჯუ გაიქცა და მიმალვა სცადა, მაგრამ 1997-ში დააკავეს. ის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგა. მას 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული აღიარა და მოინანია. 2009-ში იტალიის ხელისუფლებამ (ბოლოს სასჯელს იქ იხდიდა) ის ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

ეს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული და ამავე დროს წარმოუდგენლად ტრაგიკული ისტორიაა. ყველაზე საჭირო მომენტში რუჯუს არ შეხვდა ადამიანი, რომელიც შემოულაწუნებდა და ეტყოდა: «ჟორჟ, სად მიძვრები? რას დაეძებ? თუ გესმის, რას აკეთებ?».

ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ადამიანი, რომელსაც ცხოვრების «პირველ ნაწილში» სიკეთის გარდა არაფერი უკეთებია, სინამდვილეში პათოლოგიური მიზანთროპი იყო, რომელსაც ბნელი ინსტინქტების გამოვლენის შესაძლებლობა მიეცა, რომ ის მოისყიდეს, დააშინეს და . . თუმცა, შესაძლოა, სიმართლესთან გაცილებით ახლოს ის ვარაუდი დგას, რომ ჟორჟ რუჯუ იყო ადამიანი ოცნების გარეშე და ის შორეულ, რომანტიული ბურუსით მოსილ რუანდაში დაინახა, ჩაებაღაუჭა მას და თავბრუდახვეულმა რეალობის ადეკვატური აღქმის უნარი დაკარგა.

შემდეგ კი მას, სავარაუდოდ, უკარნახეს, რომ მასსა და მის ოცნებას, «იდეალურ რუანდას», შორის «ტარაკნები», ტუტსის ტომის წარმომადგენლები, დგანან და ის, აი ასე, თამაშ-თამაშ, მილიონამდე ადამიანის მკვლელობის თანამონაწილე გახდა.

სააკაშვილის ყველა უცხოელი თაყვანისცემელიც როდია მოსყიდული ან დაშინებული, უბრალოდ, მათ ცხოვრებაში იყო მომენტი, როდესაც მოიხიბლნენ «ნაცმოძრაობის» ბელადით და მის ექსპერიმენტებში თავიანთი ოცნებების კონტურები დაინახეს. ამის შემდეგ ისინი ხედავენ პოლიციელებს, რომლებიც ქრთამს არ იღებენ, მაგრამ ვერ ხედავენ იმას, რომ იგივე პოლიციელები კლავენ და აწამებენ ადამიანებს, უყურებენ გადაღებილ, განათებულ ფასადებს, მაგრამ ვერ ამჩნევენ უკიდურესად გაჭირვებულ ქართველებს, რომლებიც იქვე, ასიოდე მეტრის მოშორებით ცხოვრობენ. მათ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეუძლიათ რეალობა მთლიანობაში აღიქვან, ისინი დანახულიდან მხოლოდ იმ დეტალებს იღებენ, რომელიც მათ რწმენაწარმოდგენებს შეესაბამება. სამყაროს სურათის ასეთი ფრაგმენტაცია შიზოფრენიის განვითარების აშკარა საფრთხეზე მიუთითებს. პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, კრიტიკული აზროვნების უნარის დაკარგვა, ამა თუ იმ სიტუაციაში მხოლოდ კარგის ან ცუდის დანახვა პირველი სიგნალია იმისა, რომ ვიზიტი ფსიქიატრთან არ უნდა გადაიდოს.

დავტოვოთ ჩვენი უცხოელი მეგობარი მონიტორთან, ბათუმის აქციის გაკვირვებულ დაკვირვებაში (და ფიქრში!) ხელს ნუღარ შევუშლით და მომხდარის კიდევ ერთ, საინფორმაციო-პოლიტიკურ ასპექტს შევეხოთ. პრაქტიკულად არავინ დავობს იმაზე, რომ ბათუმში მიხეილ სააკაშვილმა მორიგი მარცხი იწვნია და ამ ქალაქთან მისი «განსაკუთრებული ურთიერთობის» გათვალისწინებით, ეს მარცხი საკმაოდ დამამცირებელი იყო. ამასთანავე, აშკარა გახდა, რომ ტაქტიკა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, მას სულ უფრო სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. ვერც ივანიშვილის მიტინგების ჩაშლის, ვერც მისი კამპანიის მიბაძვის მცდელობებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, მთელი ძალისხმევა მაინც ერთი და იმავე შედეგით და შეფასებით სრულდება: «ბიძინამ მაინც თავისი გაიტანა». სუფთა სპორტული ინტერესიდან გამომდინარე, შეიძლება დაიბადოს კითხვა: წინასაარჩევნო ბრძოლის რა ლეგიტიმური ფორმა შეიძლება გამოიყენოს სააკაშვილმა, რათა მისთვის არასახარბიელო სიტუაციაში გარდატეხა შეიტანოს, ან, როგორც მინიმუმი, ოდნავ მაინც შეაფერხოს «ნაცმოძრაობის» პოზიციების გაუარესება?

შეიძლება პარადოქსულად გაიჟღეროს, მაგრამ, შესაძლოა, სააკაშვილისთვის სასარგებლო იქნეს ივანიშვილთან დებატების გამართვაზე დაფიქრება. ჯერ ერთი, ასეთი დებატების დაანონსების შემთხვევაში, ისინი იქცევიან კულმინაციის ერთგვარ წერტილად, რომლისკენაც მიმართული იქნება საზოგადოების ყურადღება, ამჯერად კი ასეთ წერტილებად «ქართული ოცნების» მიტინგები გვევლინება და თითოეულ მათგანს ივანიშვილისთვის დადებითი შედეგი მოაქვს. დებატების დანიშვნა მმართველ პარტიას შესაძლებლობას მისცემს, ეს ვითარება ნაწილობრივ მაინც შეცვალოს.

ამასთანავე, სატელევიზიო ეთერი შესაძლებლობას აძლევს კანდიდატს, ქულები არა მხოლოდ გამოთქმული აზრების ხარჯზე დაიწეროს, არამედ იმის ხარჯზე, თუ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორც გამოიყურება, რა შემართებით საუბრობს და ა. შ. ჩვენ შეგვიძლია ქრესტომათიული მაგალითი _ კენედისა და ნიქსონის 1960 წლის დებატები გავიხსენოთ. ნიქსონის არგუმენტაცია უფრო დამაჯერებელი იყო, მან რადიომსმენელების უმრავლესობის მოწონება დაიმსახურა, მაგრამ კენედი უკეთ გამოიყურებოდა, უფრო კარგად ეჭირა თავი და ტელემაყურებლების ხარჯზე დებატები მოიგო. თუ სააკაშვილი მთელ თავის ენერგიასა და ორატორულ ნიჭს დებატებისკენ მიმართავს, მან შეიძლება კამპანია შემოატრიალოს თუ არა, ივანიშვილთან თანაბარი პოტენციალის მქონე ფიგურად მაინც წარმოჩინდეს, რასაც დღევანდელი მოუქნელი ნაბიჯების მეშვეობით ვერ ახერხებს. სატელევიზიო მაგიას ძალიან ბევრი რამის შეცვლა და ილუზიების შექმნა შეუძლია.

საინტერესოა, არის თუ არა სააკაშვილი ფსიქოლოგიურად მზად ასეთი დებატებისთვის? შეძლებს თუ არა, დაძლიოს შიში ოპონენტის წინაშე და მასთან თანაბარ პირობებში იკამათოს? ძნელი დასაჯარებელია, რომ მან ეს მოახერხოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მუქარებითა და უკვდავი რეპლიკით «ბაბაბაბა» პარლამენტის დარბაზიდან ჯონდი ბაღათურიას გაექცა. სააკაშვილი სადებატო მარათონს, ძალიან დიდი ალბათობით, ვერ გაუძლებს.

არადა, ალტერნატივა მისთვის მეტად არასახარბიელოა. თუ ის დებატებზე, როგორც თავისებურ ვა-ბანკზე, წასვლას ვერ გარისკავს, ათიოდე დღის შემდეგ იმავე სათაურებსა და საზოგადოებრივ აზრს მიიღებს, რაც ბათუმის აქციის შემდეგ; დაახლოებით ასეთს: «ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ივანიშვილმა რუსთავში მორიგი ტრიუმფალური აქცია ჩაატარა»; «სააკაშვილი ინიციატივას ვერ ეუფლება»; «ნაცმოძრაობის» რეიტინგი ეცემა».

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here