Home რუბრიკები პოლიტიკა «ბარაქალა», მიხეილ!

«ბარაქალა», მიხეილ!

713

ჩეჩენი სეპარატისტების ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში ხიზრი ალდამოვი პრაქტიკულად ყოველდღე მასმედიის სხვადასხვა საშუალებებთან საუბარში სააკაშვილის ხელისუფლებას რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ადანაშაულებს. ქართული მხარე ამ ბრალდებებს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შეთითხნილს უწოდებს და დასძენს, რომ ისინი საქართველოში რუსული ჯარების შეჭრის გამართლებას ემსახურებიან. გაუგებრობას ამ სიტუაციას ის მატებს, რომ ალდამოვი არ აქვეყნებს არანაირ დოკუმენტურ მამხილებელ მასალას და მხოლოდ ზეპირი ბრალდებებით შემოიფარგლება.

განხეთქილების ხეობა

ჩეჩნური კრიზისის პირველ ეტაპზე ელცინის ხელისუფლებას საინფორმაციო ფრონტზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მას უჭირდა რუსული საზოგადოებისთვის და გარესამყაროსთვის იმის ახსნა, რას და რატომ აკეთებს ჩეჩნეთში; ომი ძალზე არაპოპულარული იყო, სიმპათია სეპარატისტების მიმართ დასავლეთში იზრდებოდა. 1995 წლის მაისში რუსეთის მთავრობის სპეციალურმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა კომისიამ მოამზადა დოკუმენტი «ჩეჩნური კრიზისის მითოლოგია, როგორც რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების ინდიკატორი». მასში აღნიშნული იყო, რომ საჭიროა «კრიზისის კონკურენტუნარიანი საინფორმაციო მოდელის შექმნა», ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც დასავლეთის ლიდერებს უბიძგებდა, კონფლიქტის ორ მხარეს შორის ბუნებრივ მოკავშირედ მოსკოვი აღექვა.

სასურველი მდგომარეობის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო მსოფლიოს დაენახა რომ მოწინააღმდეგე არის საერთაშორისო ტერორისტული შეთქმულების მონაწილე, რადიკალური კაცთმოძულე ისლამიზმის მატარებლიც, რომელიც დასავლური ცივილიზაციის დაუძინებელ მტერია. 1999 წლისთვის მოხდა პრინციპული გარდატეხა რუსეთის შიგნით; მოსკოვსა და სხვა ქალაქებში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აფეთქების, დაღესტანში ბასაევისა და ხატაბის შეჭრის შემდეგ, რუსული საზოგადოება პრაქტიკულად სრული შემადგენლობით გვერდით დაუდგა ხელისუფლებას და მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებას, რომლის ოფიციალური სახელწოდება «კონტრტერორისტული ოპერაცია» იყო.

დამოკიდებულება ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენების მიმართ დასავლეთში შედარებით ნელა იცვლებოდა. გარდატეხა 11 სექტემბრის ტერაქტის და აშშის მიერ გლობალური ანტიტერორისტული კამპანიის დაწყების შემდეგ მოხდა, მოსკოვისთვის თავისი არგუმენტების გამყარება გაცილებით იოლი გახდა. საეტაპო მოვლენად ასევე უნდა ჩავთვალოთ 2007 წლის ოქტომბერში დოკუ უმაროვის მიერ «კავკასიის იმარათის» შექმნა, რომელიც აშკარად ტერორისტულ მეთოდებს იყენებდა და მხოლოდ კრემლს როდი უპირისპირდებოდა. «ჩვენი მტერია არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ამერიკა, ინგლისი, ისრაელი _ ყველა, ვინც აწარმოებს ომს ისლამისა და მუსლიმების წინააღმდეგ», _ ნათქვამი იყო უმაროვის დეკლარაციაში. ჩეჩენი სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა აჰმედ ზაკაევმა თქვა, რომ ამ დეკლარაციას «ჩეჩენი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საერთაშორისო ტერორიზმის ჭრილში გადაჰყავს, რასაც ჩეჩენი ხალხის ინტერესებთან და ისლამურ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს». ზაკაევმა, როგორც ჩანს, კარგად გაანალიზა ვითარება და მივიდა დასკვნამდე, რომ უმაროვმა თავისი მოქმედებით მნიშვნელოვნად გაუადვილა კრემლს იმ საინფორმაციო და პოლიტიკური მიზნების მიღწევა, რომელიც 1995-ში დაისახა.

მოსკოვი პანკისის ხეობას ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებსა და მათ უცხოელ სპონსორებს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს ანიჭებდა, შევარდნაძის ხელისუფლება პანკისში ცალკეული პრობლემების არსებობას აღიარებდა, თუმცა ეწინააღმდეგებოდა ხეობის წარმოჩენას ჩეჩენი ბოევიკების საყრდენ ბაზად, მითუმეტეს _ საერთაშორისო ტერორისტების ბუდედ და მტკიცე უარს ეუბნებოდა რუსეთის ხელისუფლებას იქ ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაზე. შექმნილი ვითარებით ვაშინგტონმა ისარგებლა, მან, ერთის მხრივ, პრაქტიკულად გაიზიარა მოსკოვის არგუმენტები პანკისში ტერირისტების ყოფნის თაობაზე; 2002 წლის თებერვალში საქართველოში აშშის ელჩის მოვალების შემსრულებელმა ფილიპ რამლერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: «ჩვენი ინფორმაციით, ავღანეთიდან გამოიქცა და კავკასიაში შემოვიდა რამდენიმე ათეული მოჯაჰედი. ვიცით, რომ რამდენიმემ თავი პანკისის ხეობას შეაფარა და ურთიერთობა აქვთ არაბ ტერორისტ ხატაბთან. მას, თავის მხრივ, კავშირი აქვს უსამა ბინ ლადენთან. პანკისის ხეობა საქართველოსთვის ძალიან საშიში ადგილია, განსაკუთრებით კრიმინალური კუთხით, თუმცა პანკისის ხეობაში მყოფ კრიმინალებს საქართველოს პოლიტიკურ ძალებთანაც აქვთ კავშირი. ეს კრიმინალები გასული წლის ოქტომბერში გადავიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც კავშირი ჰქონდათ პოლიტიკურ ძალებთან». თუმცა, მეორე მხრივ, ამერიკელებმა სიტუაციის დარეგულირება საკუთარ თავზე აიღეს და საქართველოში გავლენის გაფართოებისთვის გამოიყენეს. დაიწყო ქართული ძალების «წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა», რომელიც აშშ-საქართველოს სწრაფი დაახლოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა. ჯორჯ ბუშმა იმ პერიოდში (2002 წლის სექტემბერი) შემდეგი განცხადება გააკეთა: «მე ვუთხარი ვლადიმერ პუტინს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს შანსი, მიაღწიოს იმას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის, თბილისისთვის და აშშ-ისთვის, იპოვოს მკვლელები «ალ ქაიდას» ორგანიზაციიდან და დასაჯოს ისინი».

ეს იყო პრინციპული არჩევანის მომენტი, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ არა რუსეთის, არამედ აშშ-ის სასარგებლოდ გააკეთა. რაც უნდა ილაპარაკოს მიხეილ სააკაშვილმა თავის როლზე აშშ-საქართველოს დაახლოებაში, ფაქტია, რომ სტარტი პროცესს მისმა წინამორბედმა მისცა.

პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. საინტერესოა დაკვირვება იმ შეფასებებზე, რომელთაც მის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები აკეთებდნენ. ისინი საუბრობდნენ მნიშვნელოვან პროგრესზე, მაგრამ ამავე დროს მიუთითებდნენ, რომ პრობლემა საბოლოოდ მოგვარებული არ არის. 2003 წლის აგვისტოში სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, კოფერ ბლეკმა, განაცხადა, რომ მოხდა იმ საფრთხის შემცირება, რომელიც შეიძლებოდა პანკისიდან წამოსულიყო, თუმცა არ ღირს იმ ძალისხმევის შეწყვეტა, რომელიც მიმართულია იმაზე, რომ პანკისის ხეობა ბოევიკების მიერ არ გამოიყენებოდეს. 2004 წლის 13 სექტემბერს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ მაილსმა, კი განაცხადა, რომ «პანკისის ხეობას რამდენიმე საერთაშორისო ტერორისტი აფარებს თავს». ამ დღეს მოხდა «ვარდოსანი ხელისუფლების» პირველი სერიოზული წაკამათება ამერიკელ პარტნიორებთან. პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ, მაშინ განაცხადა: «იგი ამას არ იტყოდა… საქართველოში ტერორისტები არ არიან. ეს აბსურდია». პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარა. მოგვიანებით, ამავე დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ «პანკისის ხეობა აღარ წარმოადგენს ტერორისტების თავშესაფარს», თუმცა აღინიშნა, რომ აშშ და საქართველო რეგიონში ტერორისტებთან ბრძოლას განაგრძობენ.

რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარეები განაგრძობდნენ კონცენტრირებას პანკისის ხეობაზე? ვინ იცის, იქნებ რამდენიმე წელიწადში სააკაშვილის ხელისუფლებას მიეღო საქართველოს ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ცენტრი, ამერიკული ძალების წარმომადგენლობით, და მისი სანუკვარი ოცნება _ ქართულ მიწაზე ამერიკული ჩექმა იხილოს, ამ ფორმით მაინც ახდებოდა. თუმცა პანკისში ანტიტერორისტული კამპანიის გაგრძელება გარკვეულ წინააღმდეგობაში მოვიდოდა ახალგაზრდა, წარმატებული დემოკრატიის მითთან, რადგან სახელმწიფო, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ტერორისტების ბუდე აქვს, სრულფასოვნად ვერ აღიქმება; «დემოკრატიის შუქურას» არ შეიძლება მსგავსი პრობლემები ჰქონდეს. ამ ეპიზოდიდან მოყოლებული, რეგიონში ტერორისტებთან ბრძოლამ აშშ-საქართველოს ურთიერთობაში უკანა პლანზე გადაინაცვლა, «გლობალურ ანტიტერორისტულ კამპანიაში» მონაწილეობა კი საქართველომ შორეულ ერაყსა და ავღანეთში განაგრძო.

 ცუდად დავიწყებული ძველი

მთელი ამ პრეისტორიის გახსენება საჭირო არ გახდებოდა, რომ არა ერთი გარემოება: დღეს ჩვენ საქმე გარკვეულწილად ათი წლის წინანდელი პროცესების ერთგვარ რიმეიქთან გვაქვს, თუმცა ამჯერად მოსკოვი ტერორისტულ საფრთხეს არა იმდენად კონკრეტულ სივრცეს უკავშირებს (პანკისის ხეობას), რამდენადაც სააკაშვილის ხელისუფლებას. 10 მაისს რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა დაადანაშაულა ის დოკუ უმაროვთან ერთად სოჭში ტერორისტული აქტების მომზადებაში, ახლახან ავანსცენაზე ხიზრი ალდამოვი გამოვიდა და სააკაშვილი რუსეთში მომხდარ ლამის ყველა ტერორისტული აქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

თუ ჩვენ თვალს გადავავლებთ რუსულ მედიას, ვნახავთ, რომ თემა «სააკაშვილი _ სამხედრო დამნაშავე», რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული ასეთი აქტუალური იყო, ნელნელა უთმობს პირველ ადგილს თემას «სააკაშვილი _ ტერორისტების პარტნიორი» და ამ ცვლილების მიზეზი, შესაძლოა, სწორედ «კრიზისის კონკურენტუნარიანი საინფორმაციო მოდელის» ძიებას უნდა დავუკავშიროთ, რომელიც ზემოთ ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით ვახსენეთ. სააკაშვილის სამხედრო დამნაშავედ წარმოჩენა რუსეთისთვის უკავშირდება 2008 წლის აგვისტოში საკუთარი უცოდველობის დამტკიცებას. ამ მიზნის მიღწევა კი დღეს დასავლეთის საინფორმაციო სივრცეში მისთვის არც ისე იოლია. ხოლო თუ მოსკოვი მოახერხებს სააკაშვილის ტერორისტების პარტნიორად წარმოჩენას, ის პირდაპირ «დააჯდება» იმ სააზროვნო შაბლონებს, რომელიც  დასავლეთში ჩამოყალიბდა და 2001 წლიდან მოყოლებული საყოველთაოდ დამკვიდრდა; ნორმალური ლიდერისთვის ტერორისტებთან თანამშრომლობა გამორიცხულია, მათ სპონსორებს მსოფლიო თანამეგობრობა იზოლაციაში აქცევს და სასტიკად უსწორდება. ამ საინფორმაციო ასპექტის ანალიზი სიტუაციაში გარკვევისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

ბუნებრივად იბადება კითხვა: სადაა კონკრეტიკა? ხიზრი ალდამოვი 15 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად «იჯდა ინფორმაციაზე», თუმცა მას არ წარმოუდგენია არანაირი ჩანაწერი ან დოკუმენტი, რომელიც 100%-იანი სამხილის შთაბეჭდილებას თუ არ დატოვებდა, ეჭვნარევ კითხვებს მაინც გააჩენდა. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაზე _ არ ჩანდა, თუ რით ამყარებს რუსული მხარე ასეთ მძიმე ბრალდებებს სოჭის სავარაუდო ტერაქტების თაობაზე. მაგრამ, ალბათ, უნდა  გავითვალისწინოთ ისიც, რომ მამხილებელი (ნამდვილი თუ ფალსიფიცირებული) მასალების თითქმის მომენტალური გასაჯაროება, რომელიც სასამართლო დარბაზში ბუნებრივი ჩანს, საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. რუსებისთვის გაცილებით მომგებიანია ინფორმაცია, რომელიც აქვთ (თუ აქვთ) რუსულ-ამერიკული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში (აშშ-ის მხრიდან მასში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და გამოძიებათა ფედერალური ბიურო შედიან, რუსეთის მხრიდან კი საგარეო დაზვერვისა და ფედერალური უშიშროების სამსახურები), ჯერ ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდონ, რათა მათ თავად დაიწყონ მისი გადამოწმება საქართველოში, ხოლო მისი გასაჯაროება კრიტიკულ მომენტში, სათანადო ფონის შექმნის შემდეგ დაიწყონ.

შეიძლება თუ არა, რუსეთის სპეცსამსახურებს რაიმე ხელჩასაჭიდი ჰქონდეთ? სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ბოლო წლებში იმდენი სისულელე ჩაიდინა, რომ ვერ გამოვრიცხავთ, რომელიმე იდიოტს მისი რიგებიდან აზრად არ მოუვიდა, მაგალითად, «ახალი ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის» ფარგლებში რომელიმე ჩეჩენ საველე მეთაურთან სატელეფონო საუბრის გამართვა (ამ კონტექსტში, როგორც წინდაუხედაობის ნათელი მაგალითი, შეგვიძლია გავიხსენოთ გივი თარგამაძის სკანდალური საუბრები უკრაინასა და ბელორუსიაზე, რომელთა ჩანაწერები ინტერნეტში გავრცელდა). ამ გარემოების გათვალისწინებით, იმის ალბათობა, რომ რაღაც ორაზროვან კონტაქტებს ან გადარიცხვებს ადგილი მართლაც ჰქონდა, ნულოვანი ნამდვილად არ არის. თუმცა ვარაუდების გამოთქმას, ალბათ, აჯობებს, რუსული მხარის მიერ შესაბამისი მასალების გამოქვეყნებას დაველოდოთ, ამხელა მოსამზადებელი კამპანიის შემდეგ, ის ამას ადრე თუ გვიან გააკეთებს. საუბარი იმაზე, თუ რამდენად დამაჯერებელია მოსკოვის მტკიცებულებები, შესაძლებელი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება. ეს, სავარაუდოდ, მაშინ მოხდება, როდესაც კრემლი ჩათვლის, რომ ამერიკელი პარტნიორები საკმარისად შემზადებულები არიან და მისთვის სასურველი რეაქცია ექნებათ.

შემოვლითი მანევრის მოკრძალებული ხიბლი

სააკაშვილის «ახალი კავკასიური პოლიტიკის» ათვლის წერტილად განიხილება მისი გამოსვლა გაეროში 2010 წლის სექტემბერში; მას  აფრთხილებდნენ, რომ ეს რუსეთის ნეგატიურ რეაქციას და საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევდა. 2010 წლის 22 ოქტომბერს «ამერიკის ხმასთან» საუბარში ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თქვა: «პრაქტიკულად ერთადერთ წყაროდ, რომელიც მათ (ბოევიკებს) დახმარებას უწევს, საქართველო რჩება»; შეიძლება ითქვას, რომ ამ განცხადებიდან აიღო სტარტი კამპანიამ, რომელიც  სააკაშვილის კავკასიურ პოლიტიკას ტერორისტების მხარდაჭერად წარმოაჩენდა.

გამოცდილი ამერიკელი პარტნიორები ჯერ კიდევ 2003-2004 წლებში (ბლეკისა და მაილსის განცხადებები, რომელზეც ვისაუბრეთ) მიანიშნებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან რეგიონში ტერორიზმთან აქტიური ბრძოლა და შესაბამისი იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა წამითაც არ უნდა შეაჩეროს, თუმცა რად გინდა, «ვარდოსნებმა» 2004 წლის 13 სექტემბერს ცნობილი ისტერიკა მოაწყეს და დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ ყველა პრობლემა მოგვარებული აქვთ. არადა, თუ პროცესები ალტერნატიული სცენარით განვითარდებოდა, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღეს მოსკოვიდან წამოსული ბრალდებების მოგერიება ოფიციალური თბილისისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა.

2002-04 წლების პოლიტიკის განახლების აუცილებლობაზე აშშ-ის ხელისუფლებას ამა წლის მარტში ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა არიელ კოენმა მიანიშნა, რომელმაც ჩრდილოკავკასიურ ტერორიზმს საგანგებო მოხსენება მიუძღვნა. კოენმა თეთრ სახლს საქართველოსა და აზერბაიჯანის გაძლიერება ურჩია; კაცმა რომ თქვას, ახალი ანტიტერორისტული პროგრამა ამერიკელებისთვის მშვენიერი საბაბი გახდებოდა, რომ ამ ორ ქვეყანაში საკუთარი გავლენა გაეფართოებინათ და ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები გაეძლიერებინათ ისე, რომ მოსკოვის მკვეთრი რეაქცია არ გამოეწვიათ და «გადატვირთვისთვის» აშკარა საფრთხე არ შეექმნათ (განსაკუთრებით ეს საქართველოს შემთხვევაშია აქტუალური). ამასთანავე, ეს მისცემდა სააკაშვილს შესაძლებლობას, რეგიონში ტერორიზმთან მებრძოლის იმიჯი მოერგო. თუმცა ასეთი პოლიტიკის გატარების აუცილებელი წინაპირობა საკუთარ ტერიტორიაზე (მაგალითად, პანკისის ხეობაში ან ზოგადად რუსეთ-საქართველოს საზღვარზე) ტერორიზმთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების არსებობის აღიარებაა, რის გაკეთებაც სააკაშვილს ცოცხალი თავით არ სურს. ამასთანავე, სააკაშვილი მუდამ ორიენტირებულია აშშ-რუსეთის დაპირისპირების გაღვივებაზე და ნაკლებად აინტერესებს რუსეთთან ბარიკადების ერთ მხარეს აღმოჩენა, თუნდაც ეს ტერორიზმთან ბრძოლას ეხებოდეს. მისი ეს ვნებები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი ამერიკელებისთვის, რომელთაც სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლა, არამედ საკუთარი გავლენის «ჩაბეტონება» სურთ. სააკაშვილი კი, როგორც ჩანს, უბრალოდ ვერ ახერხებს 1-2 სვლაზე უფრო ხანგრძლივი კომბინაცია გათვალოს.

მეგობრების სწორი შერჩევა ვერაფერს გიშველის, თუ მტერს არასწორად შეარჩევ. სააკაშვილმა ფატალური შეცდომა დაუშვა, რუსეთი გადაიმტერა და ეს საქართველოს ეროვნული კატასტროფის ფასად დაუჯდა. ამ მტრობის გაგრძელება კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოასწავებს და განხილული საკითხი მისი მხოლოდ ერთი ასპექტია, რომელსაც სულ უფრო მეტი ავისმომასწავებელი სიგნალი უკავშირდება.

იმედია, ახალი ხელისუფლება ამ ვითარების გამოსწორებას შეძლებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შენება ნგრევაზე გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს და გაფუჭებულის გამოსწორებას საკმაო დრო დასჭირდება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here