Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: როგორც სოხუმისთვის, ისე ცხინვალისთვის მეტი თავისუფლება უნდა მიგვეცა

ჰამლეტ ჭიპაშვილი: როგორც სოხუმისთვის, ისე ცხინვალისთვის მეტი თავისუფლება უნდა მიგვეცა

866

რუსეთ-საქართველოს ომიდან ოთხი წელი გავიდა. რა შეიცვალა ამ დროის მანძილზე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში, ომის შედეგებსა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება:

_ 2008 წლის ომში ყველა მოგებული აღმოჩნდა. ეს ომი როგორც სააკაშვილისთვის, ასევე დასავლეთისა და რუსეთისთვისაც კარგად დასრულდა. წააგო მხოლოდ საქართველომ. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ისედაც მცირე ტერიტორიის 20%. სამაგიეროდ, სააკაშვილმა მიიღო 4 მილიარდ-ნახევარი აშშ დოლარის დახმარება დასავლეთისგან და მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ვინაიდან ომის შემდეგაც აქტიურად გაგრძელდა დიდი პროპაგანდისტული მუშაობა. დასავლური პრესა მუდმივად წიხლავდა რუსეთს, რადგან მას რუსეთის კრიტიკის საბაბი მიეცა და შედეგად, სააკაშვილის ხელისუფლება უმანკო კრავის როლში, რუსეთი კი დიდი, ბრჭყალებიანი დათვის როლში გამოჰყავდა. ომამდე საქართველოს ნაკლებად თუ იცნობდნენ მსოფლიო არენაზე, მაგრამ ეს ომი დაემთხვა პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს და შედეგად საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

_ თქვენ ამბობთ, რომ მოიგო სააკაშვილმა, მაგრამ ის ხომ ისტორიაში შევა როგორც ხელისუფალი, რომელმაც დაკარგა ტერიტორია?

_ სააკაშვილისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. მან მიიღო დასავლეთის აღიარება, როგორც «მტარვალი რუსეთის» წინააღმდეგ მებრძოლმა პატრიოტმა და «დემოკრატიის შუქურამ». დასავლეთის პრესამ მსოფლიოს ისეთი სურათი დაუხატა,  თითქოს სააკაშვილმა რუსეთის თავდასხმისგან მთელი კავკასია გადაარჩინა. რაც შეეხება დასავლეთს, მას «კოზირები» მიეცა რუსეთთან საჭიდაოდ და სერიოზული ანტირუსული კამპანია წამოიწყო. დასავლეთისთვის რუსეთი იყო და არის ძალიან სერიოზული მეტოქე. ისინი საერთო ენას ვერასდროს გამონახავენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, გავლენის სფეროები და . . რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და მას სერიოზული ამბიციები აქვს მსოფლიოში.

_ რაც შეეხება რუსეთს: რუსეთიც მოგებული დარჩაო, განაცხადეთ, მაგრამ მის იმიჯზეც ხომ უარყოფითად აისახა ეს ომი?

_ რუსეთმა მოიგო ის, რომ მან დააბრკოლა «დასავლეთის ჩექმა» საქართველოში, შეაფერხა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, ნატოს წევრი ქვეყნები დარწმუნდნენ, რომ საქართველო არც ისე სანდო პარტნიორია. ამას გარდა, რუსეთმა მიიღო ორი ბუფერული სახელმწიფო, აღიარა მათი დამოუკიდებლობა და იქ თავისი სამხედრო ბაზები განალაგა.

_ აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან აცილება?

_ ამ ომის აცილება იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ საქართველოს ნორმალური ხელისუფალი ეყოლებოდა, ხელისუფალი, რომელიც არ აჰყვებოდა დასავლეთის გარკვეული წრეების სურვილებს. მაკკეინი სააკაშვილის ჭკუის დამრიგებელი და მხარდამჭერია და საააკაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც სურდა მაკკეინის გუნდს. ეს კი მისცემდა მაკკეინს შესაძლებლობას, გაეკრიტიკებინა რუსეთი და ობამაზე ძლიერ კანდიდატად წარმოეჩინა თავი.

_ კვლავ დაიწყო საუბარი კონფლიქტის განახლების საფრთხეზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გახიზვნა დაიწყეს. რამდენად რეალური შეიძლება იყოს საფრთხე?

_ 4 წლის წინაც ზუსტად იგივე რიტორიკა ისმოდა, თუმცა ეს რიტორიკა ომის შემდგომ პერიოდს მოჰყვა. გავიხსენოთ, რა ხდებოდა ომამდე. სააკაშვილმა ჯერ ოსებს შეახსენა, თუ როგორი ისტორიული ძმები ვართ, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ, რაც იყო ფანდი და ოსური მოსახლეობის მოტყუების მცდელობა, ვინაიდან ზუსტად ორი-სამი დღის შემდეგ საქართველომ მიაყენა ჯარი ცხინვალს და ჩაძინებულ ქალაქზე «გრადებით» შეტევა დაიწყო. ყველას ახსოვს, ალბათ, ხელისუფლების წარმომადგენლების  განცხადებებიც, რომ აი, თურმე დავიბრუნეთ ქალაქი, ფაქტობრივად, გამზადებული იყო ტრიბუნა, რათა ომის შემდეგ სააკაშვილი დამდგარიყო ტრიბუნასთან და საქართველოს ბედნიერი მოსახლეობისთვის ეცნობებინა, როგორ გაათავისუფლა და დაიბრუნა «სამხრეთ ოსეთი». მაგრამ მისი ზრახვები არ გამართლდა. რუსმა გადადგა მკვეთრი ნაბიჯი და სამაჩაბლოდან საერთოდ გამოდევნეს ქართველები.

კონფლიქტის განახლების საფრთხე დღეს არ არსებობს, სააკაშვილი ვერ გაბედავს კონფლიქტის დაწყებას, ვინაიდან კარგად იცის, რომ ახლა იქ რუსი მშვიდობისმყოფელები კი არ დგანან, რომელიც დახოცა მაშინ (ცნობილი ფაქტია და ტალიავინის კომისიის დასკვნაშიცაა აღნიშნული), არამედ დღეს იქ არის რუსული სამხედრო ბაზა. როცა ომი დასრულდა და სააკაშვილის ხელისუფლება მიხვდა, რომ ომი წააგო და საჭირო იყო როგორმე თავის გადარჩენა, დაიწყეს საუბარი, რომ აი, ოსები და რუსები ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, ემზადებოდნენ ომისთვის და წინასწარ გაიყვანეს ბავშვები და მოხუცებიო.

დღესაც იმავეს ამბობენ, რადგან არჩევნები ახლოვდება, თუმცა ეს არის ამ ხელისუფლების ისტერია, რომელსაც ძალიან ეშინია ბიძინა ივანიშვილის და მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით სურს დაარწმუნოს საქართველოს მოსახლეობა, თითქოს ივანიშვილი რუსეთის კაცია.

_ მართალია, ინფორმაცია ოფიციალური პირებს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ 27 ივლისს სოფელ დიცისა და ერედვის პირობით საზღვართან ქართველი და რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ფარული შეხვედრის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია

_ მე ასეთი შეხვედრის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. შესაძლოა, ეს იყოს ჭორი, თითქოს რუსეთი რაღაცას აპირებს. რუსეთს რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცია საქართველოსთვის, დღეს ის არ აღმოჩნდებოდა ასე გასაყიდი საქონლის როლში, როცა ხან ვინ აპირებს ჩვენს ყიდვას და ხან ვინ…

_ ყურადღების მიქცევაში რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთს ცოტა სერიოზული დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა იმ განცხადებების მიმართ, რომლებსაც სააკაშვილი 2008 წლის ომამდე აკეთებდა. რუსეთი კი ამას ყურადღებას არ აქცევდა. არადა, ის უფრო სერიოზულად უნდა მოკიდებოდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის საკითხს, რათა სხვას არ გასჩენოდა «აპეტიტი» ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. დღეს ათასი ჯურის, ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი უამრავი ავანტიურისტია შემოსეული, რომელთაგან ზოგი მიწას გვგლეჯს და ზოგიც კაპიკებში ყიდულობს რაღაცებს. ბოლოს ისე მოხდება, რომ საქართველოს ტერიტორია საქართველოს მოსახლეობისთვის არ დარჩება.

მართალია, დასავლეთი ყასიდად მაინც აცხადებს, რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს და რუსეთმა უნდა დაგვიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ თავადაც იცის, რომ ეს ცარიელი სიტყვებია და რუსეთი ამ ტერიტორიებს არ დააბრუნებს. ჯერ ერთი, ისინი უკვე დამოუკიდებელი ქვეყნებია, ისინი რუსეთის ქოლგის ქვეშ არიან გაერთიანებულები და თავსაც მშვენივრად გრძნობენ, ყოველ შემთხვევაში, მათი უსაფრთხოება გარანტირებულია.

ამიტომ არ ვიცი, როგორ და რა სტატუსით უნდა მოხდეს მათი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება _ ავტონომიის სახით, სპეციალური ტერიტორიის სახით თუ უნდა მოხდეს საქართველოს კონფერედაციულ ან ფედერაციულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ აფხაზებიც და ოსებიც დაჟინებით მოითხოვენ, საქართველოსთან იცხოვრონ ფედერალურ ან კონფედერალურ სახელმწიფოში. არადა, იქაურ მოსახლეობაში უარყოფითი განწყობაა ქართველების მიმართ, ქართველი მათთვის მტერია. არ ვიცი რა დრო უნდა გავიდეს, ეს დამოკიდებულება რომ შეიცვალოს. 20 წელია, დავშორდით აფხაზებს და ოსებს და ეს მოხდა შევარდნაძის უტვინო პოლიტიკის შედეგად. 1992 წელს ის რომ არ შევარდნილიყო აფხაზეთში, დღეს ყველაფერი კარგად იქნებოდა…

ახლა რომ ვიძახით, აფხაზები და ოსები ჩვენი ძმები არიანო, უფრო ადრე სჯობდა ამაზე გვეფიქრა. ცენტრსა და რეგიონს შორის მუდმივად იყო დაპირისპირება, რაც მე თავადაც განვიცადე თბილისსა და აჭარას შორის მძიმე ურთიერთობების პირობებში. მაგალითად, დამლაგებელს რომ ვერ დანიშნავს თავისი სურვილით, რანაირი ავტონომიის მეთაურია? როგორც აფხაზეთის, ისე «სამხრეთ ოსეთისთვის» მეტი თავისუფლება უნდა მიგვეცა.

_ და თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს რუსეთი აძლევს მათ სრულ თავისუფლებას?

_ რა თქმა უნდა, რუსეთი მათ ფინანსურადაც ეხმარება. ისინი სრულ თავისუფლებას გრძნობენ, იმ დონეზეც კი, რომ სერიოზული უთანხმოებაც კი აქვთ მთელ რიგ საკითხებში, როგორიცაა მიწების ყიდვა-გაყიდვისა თუ საზღვრების საკითხი აფხაზებსა და რუსებს შორის. არ არის მთლად ისე, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, დაბეჩავებულად რომ მიაჩნიათ აფხაზები და ოსები. ასე რომ, დღეს ამ ტერიტორიების დაბრუნების შანსი ნულის ტოლია.

_ რუსეთის ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ საქართველოსადმი დამოკიდებულება სააკაშვილის ხელისუფლების წასვლასთან ერთად შეიცვლება. რამდენად რეალურია აღნიშნული განცხადება?

_ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ საქართველოში ისეთ დონეზე არ შეიცვლება პოლიტიკური ვითარება, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სერიოზული ლაპარაკი დაიწყოს. 20 წლის განმავლობაში საქართველოს არც ერთ ქვეყანასთან არც ერთი სერიოზული მოლაპარაკება არ უწარმოებია. სანამ ვიზიტი დაიგეგმება, წინასწარ უნდა მოხდეს მოსალაპარაკებელ საკითხთა შეთანხმება. მიხეილ სააკაშვილი, მართალია, მატყუარა და გაიძვერაა, მაგრამ პრიმიტივი პოლიტიკოსია, რაც დამანგრეველია ქვეყნისთვის. ოპოზიციასაც იგივე პრობლემები აქვს. გახსოვთ, ალბათ, კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ჟირინოვსკის რომ შეხვდნენ, ჟირინოვსკი ფეხზეც არ წამომდგარა და ხელიც არ ჩამოურთმევია მათთვის, ვინაიდან ასე არ ხდება შეხვედრების ორგანიზება. საერთაშორისო ურთიერთობებში თუნდაც პარტიის ლიდერთან წინასწარ უნდა დაიგეგმოს შეხვედრაც და განსახილველი საკითხებიც. დღეს ქართული დიპლომატია, როგორც ასეთი, საერთოდ არ არსებობს.

ელემენტარულ მაგალითს გეტყვით: დიდი აჟიოტაჟი ატყდა საზოგადოებაში, როცა ირანმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დროებით შეაჩერა. არავინ დაინტერესებულა, რა მოხდა სინამდვილეში. ნებისმიერი სახელმწიფო, როცა ქვეყანაში ტარდება სერიოზული ღონისძიება, ცდილობს, შემომსვლელთა რაოდენობა შეზღუდოს. თეირანში ტარდება ისლამური ქვეყნების დიდი ღონისძიება, რომელსაც 50 ქვეყნის პრეზიდენტი უნდა დაესწროს. ტერორიზმით შეწუხებულ სამყაროში, უსაფრთხოების მიზნით, 5-დან 15 აგვისტომდეა ეს შეზღუდვები დაწესებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ეს იცოდა ოფიციალურად, კეთილი უნდა ენება და ტელევიზიით განცხადება გაეკეთებინა. მათ კი მხოლოდ თავის ვებგვერდზე, რომელსაც არავინ კითხულობს, განათავსეს განცხადება. ამან ქართველებს სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა. იმდენად არასერიოზულია ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ასეთი პრიმიტიული ამბავიც კი ვერ გაითვალისწინა. ბევრი კი იჩემებს ჩვენთან დიპლომატობას, მაგრამ ჯერჯერობით არც პოლიტიკოსები გვყავს და არც დიპლომატები.

_ ხიზრი ალდამოვმა საქართველო ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ვის ინტერესებს შეიძლება ახმოვანებდეს და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მისმა განცხადებებმა საქართველოს?

_ საქართველოს ეს არავითარ პრობლემებს არ შეუქმნის. მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება შეუქმნას პრობლემები ხელისუფლებას. ხიზრი ალდამოვამდე ისეთმა სერიოზულმა ორგანიზაციამ, როგორიცაა რუსული Aჩ

შესაძლოა, ხიზრი ალდამოვს სურს, რუსეთის ხელისუფლების ყურადღება მიიქციოს. ვერ გეტყვით, ეს ამბავი სიმართლეა თუ არა, მაგრამ ის ფაქტი, რომ მან მაინც და მაინც ნუგზარ წიკლაური დაასახელა, საეჭვოა. როგორც ჩანს, მან დაასახელა ის პირები, რომლებიც ასე თუ ისე რაღაც პროცესებში მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოძიება სჭირდება, მაგრამ როგორც ხელისუფლების, ისე «ქართული ოცნების» წარმომადგენლებმაც სასაცილოდ აიგდეს, ვინ არის ხიზრი ალდამოვიო. არადა, სერიოზული ბრალდებაა, რომელიც მთლად ტყუილზე აგებული ვერ იქნება, თუმცა რა მოტივები ამოძრავებს ხიზრი ალდამოვს, ჩემთვის რთული სათქმელია. ვერც იმას ვიტყვი, რომ რუსებმა წააქეზეს, მათ ეს, უბრალოდ, არ სჭირდებათ, ისედაც იციან, რა ხდება. ამ შემთხვევაში, ისევ საზოგადოებას უნდა გამოეხატა გულისწყრომა და მოეთხოვა საქმის გამოძიება, მაგრამ საზოგადოებას არ აინტერესებს, რა ხდება. საზოგადოება დაშინებულია. ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ქართული საზოგადოება 8 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ზომბირებულია. მას შია და მშიერ ადამიანს შეუძლია ხიზრი ალდამოვზე იფიქროს?

_ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება. თუ ხელისუფლების წარმომადგენლების წინასაარჩევნო თამამ განცხადებებსა თუ NDI-სა  დაUIRI-ის კვლევებს გავითვალისწინებთ, რომლებშიც «ნაციონალები» ლიდერობენ, ეს ყველაფერი ნიშნავს თუ არა, რომ ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებს და რა შანსი რჩება ოპოზიციას?

_ ალბათ, უყურეთ აჭარაში პრეზიდენტის სტუმრობას, სადაც მან საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა. აშკარად ჩანს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს. ოპოზიციას, ალბათ, მასობრივი გამოსვლების იმედი აქვს, რადგან ივანიშვილმა მოახერხა ხალხის შეკრება თბილისსა თუ სხვა ქალაქებში. აქედან გამომდინარე, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხალხი მხარს უჭერს. ნორმალურ ქვეყანაში, გაყალბების გარეშე რომ ტარდებოდეს არჩევნები, ეს იქნებოდა კიდეც გარანტია იმისა, რომ ივანიშვილი 100%-ით მოიგებდა არჩევნებს. «ნაციონალური მოძრაობა» კი, დარწმუნებული ვარ, 10%-საც ვერ მიიღებდა, მაგრამ საქართველოში სხვა ვითარებაა _ ხალხი დაშინებულია და ამას არ ითვალისწინებს ივანიშვილი. დასაქმებულებს ეშინიათ, რომ სამუშაოს დაკარგავენ, ამიტომ, ხალხი გამოვა თუ არა ქუჩაში, ესეც საკითხავია და გასათვალისწინებელია ისიც, მიიღებს თუ არა ოპოზიციის პროტესტს დასავლეთი. დარწმუნებული ვარ, აშშ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს მხარს დაუჭერს. რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ადგილზე გასული იძულებული იქნება, დათანხმდეს, რასაც მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეამბოხე დასავლეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდება.

ხელისუფლება, როგორც მიჩვეულია, ძალისმიერ არჩევნებს ჩაატარებს და საკმარის ხმებსაც მიიღებს. ალბათ, «ქართული ოცნებაც» შევა პარლამენტში, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ «ნაციონალების» ხელისუფლებიდან განდევნა შეძლოს. მათ, უბრალოდ, მიეცემათ შანსი, იყვნენ პარლამენტში, ეს არის კიდეც ხიდაშელუსუფაშვილის და ყველა იმ ბედოვლათის ოცნება, რომლებიც ივანიშვილთან არიან შეყრილნი. ასე რომ, ეს არჩევნები დიდი გამოცდა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის. რეალური ცვლილება იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ «ქართული ოცნება» მოიგებს არჩევნებს, რაც არ მოხდება. სააკაშვილი ასე იოლად არ შეეგუება დამარცხებას, ის ბოლომდე იბრძოლებს

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. საინტერესო სტატიაა მაგრამ ივანიშვილი არა მგონია ის კაცი იყოს ასე იოლად რომ დათმოს და ამ ყბადაღებულ მეორე ადგილს დასჯერდეს, თუ ასე განვითარდა მოვლენები ა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here