Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა ღლონტი: ყველა უკანონობის სათავე «თეფშთმებრძოლი» სააკაშვილია

მამუკა ღლონტი: ყველა უკანონობის სათავე «თეფშთმებრძოლი» სააკაშვილია

652

მამუკა ღლონტი ტელეკომპანია «მაესტროს» დევნაში პირადად მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. «მაესტროს» ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ქართულ მედიაში არსებულ ვითარებაზე «საქართველო და მსოფლიოს» მამუკა ღლონტი ესაუბრა.

_ ტელეკომპანია «მაესტროს» კუთვნილი აპარატურა საბაჟოზე შეაჩერეს, დააყადაღეს სატელიტური ანტენები. ამის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობას საფრთხე ემუქრებოდა. როგორ აისახა ეს ყველაფერი თქვენს მუშაობაზე და რა ვითარებაა ამჟამად?

_ დღეს ჩვენ ურთულეს ვითარებაში ვიმყოფებით. ბიზნესკომპანიებს ჩვენს ტელეკომპანიაში რეკლამის განთავსების ეშინიათ _ იყო შემთხვევები, კომპანიას გაუფორმებია სარეკლამო ხელშეკრულება და შემდეგ უარი უთქვამს თანამშრომლობაზე. ჩვენს არხზე რომელიმე ბანკის რეკლამა გინახავთ? «თი-ბი-სი ბანკის» ერთ-ერთმა მმართველმა კი ამას წინათ, ძალიან სასაცილო რამ განაცხადა: ტელეკომპანია «საქართველოში» თურმე მხოლოდ იმიტომ მიაქვს რეკლამა, რომ მათი კორპორატიული კლიენტია, თორემ რეკლამას იქ ისინიც კი არ უყურებენ, ვინც მას საეთეროში უშვებს. ქართული კომპანიები, ჩვენზე ბევრად უფრო დაბალრეიტინგულ არხებზე ათავსებენ რეკლამას. მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს გადაცემები, რომლებიც რეიტინგით «რუსთავი 2»-ისა და «იმედის» ბევრ გადაცემას სჯობს.

პრობლემაა მაუწყებლობის გავრცელება. ამას გარდა, პირდაპირ გადმოგვიხტნენ ოფისში და პოლიციამ საერთოდ არაფერი გააკეთა. ხელყუმბარა შემოგვიგდეს ოფისში და ეს ფაქტიც არ გამოუძიებიათ. პრობლემაა ის, რომ 15 ივნისს ჩვენი ჟურნალისტების ცემის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე როგორ დამთავრდა, არავინ იცის. პატრულს როცა გამოვიძახებთ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ფაქტზე, ჩვენთან არც კი მოდის. საჯარო ინფორმაციას არ გვაძლევენ. ხშირ შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლები უარს აცხადებენ ჩვენს გადაცემებში მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი «მაესტროს» მაუწყებლობას პრობლემას უქმნის.

აბსოლუტურად უკანონოდ დააყადაღეს ყველაფერი, ისე, რომ ბრალდებულიც კი არ არსებობს. არადა, საგულისხმოა, რომ, თუ Mუსტ ჩარრყ გულისხმობს პლუს 50 ათას აბონენტს, რომელიც ცხოვრობს ზონაში, სადაც ინტერნეტიც არის და გაზეთიც და აქედან გამომდინარე, ისედაც ინფორმირებულია. «სატელიტური თეფშების» მეშვეობით პლუს მილიონი აბონენტი გემატება.

ყოველდღიურად ცდილობენ, პრობლემები შეგვიქმნან. დღესაც «მაესტროს»  7 ათასი ლარის ღირებულების აპარატურა აღმოჩნდა «წითელ ზონაში». არადა, «წითელ ზონაში» მხოლოდ 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი ხვდება.

შედეგად, რა თქმა უნდა, ეს დაბრკოლებები, პირველ რიგში, მუშაობის ხარისხზე აისახება, მაგრამ «მაესტრო» მაინც ბოლომდე იბრძოლებს და მგონი უკვე უკამეროდაც კი შევძლებთ მუშაობას, ისე გამოგვაწრთეს. ჩვენ ბოლო წამამდე ეთერში ვიქნებით.

_ თქვენ «მაესტროს» დევნაში პირადად მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეთ. უამრავი პრობლემა ჩამოთვალეთ, რაც თქვენს მუშაობას აფერხებს. არ იცოდით, რომ ხელისუფლებას შეიძლებოდა «სატელიტური ანეტენები» დაეყადაღებინა, რატომ არ მიიღეთ პრევენციული ზომები?

_ რატომ უნდა მივიღო მიხეილ სააკაშვილის გამო რაიმე ზომები? მგლის შიშით ცხვარი რატომ უნდა დავხოცოთ? მაშინ კრიტიკული გადაცემები არ უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება პრევენციული ზომები ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება სააკაშვილს, ჩემი პირადი აზრით, პროკურატურა, მოგელაძე, მერაბიშვილი, «რუსთავი 2», «იმედი» _ ეს ყველაფერი არის სააკაშვილი.

ბევრს ჰგონია, რომ 4-5 კაცი იღებს ხელისუფლებაში გადაწყვეტილებებს. არავითარ შემთხვევაში! ყველა უკანონობის სათავე მხოლოდ «თეფშთმებრძოლი» სააკაშვილია. პირადად მას ვადანაშაულებ ყველაფერში. წარმოუდგენელია, კაცი დემოკრატიას აშენებდეს და თან «თეფშებს» ებრძოდეს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენც ვერ კი ვიფიქრებდით, თუ «სატელიტურ თეფშებს» დაგვიყადაღებდნენ.

_ განაცხადეთ, რომ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას და პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებთ. კონკრეტულად რას გეგმავთ და როგორ ფიქრობთ, რა შედეგს გამოიღებს თქვენი მცდელობა?

_ საქართველოში ამ ხელისუფლების პირობებში არ მაქვს იმედი, რომ სამართალს ვიპოვით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დიდ ჯარიმას გადაგვიხდიან. რადგან ძალიან დიდი რაოდენობის «სატელიტური თეფშები» დაგვიყადაღეს. რაც ვარსებობთ, სულ ვიბრძვით და ბრძოლას ახლაც გავაგრძელებთ.

_ პარლამენტის წინ «მაესტროს» მხარდასაჭერი აქციები მიმდინარეობდა, თუ გამოგეხმაურა ვინმე ხელისუფლების წარმომადგენელთაგან?

_ არავინ გამოგვხმაურებია და მინდა მკითხველმა იცოდეს, რომ ამ აქციებს უკვე ტელეკომპანია «მაესტრო» აღარ ატარებს, არამედ მისი ორგანზატორია სრულიად მედია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას და ლაშა ტუღუშს.

_ როგორ ფიქრობთ, რამდენად სოლიდარულები არიან დღეს ჟურნალისტები ერთმანეთის მიმართ? ვნახეთ, როგორ ექცევიან «ინფო 9»-ის ჟურნალისტებს კოლეგები…

_ «იმედისა» და «რუსთავი 2»-ის თანამშრომლები ჟურნალისტები არ არიან. არსებობს ასეთი პროფესია, რომელსაც ჰქვია პიარი და ამ საქმეს ისინი მშვენივრად ართმევენ თავს. ესენი არიან პიარკომპანიები, ამიტომ მათ თანამშრომლებზე, როგორც ჟურნალისტებზე, ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ვითომ გადამღებ ჯგუფებს, რომლებიც ჟურნალისტებს დასდევენ, ესენი არიან ნაძირლები, რომლებსაც ასევე ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებ. ასე რომ, თქვენს შეკითხვაზე, არის თუ არა ჟურნალისტური სოლიდარობა, ასე გიპასუხებთ: ვინც ჟურნალისტია, «მაესტროს» დღეს ყველა გვერდით უდგას.

_ თუმცა საზოგადოების ნაწილი ტელეკომპანია «მაესტროსაც» ოპოზიციურად მიიჩნევს. მართალია, ამ მოსაზრებას თქვენ კატეგორიულად არ ეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ფიქრობენ… რატომ?

_ განათლება და ინტელექტი აკლიათ და იმიტომ. ხელისუფლების კრიტიკა არ ნიშნავს ოპოზიციონერობას. ჟურნალისტს, პრინციპში, სხვა არც არაფერი ევალება, გარდა იმისა, რომ იყოს კრიტიკული, მოძებნოს პრობლემა, მუდმივად ძიებაში იყოს. აბა, ჟურნალისტობა რა არის _ დაწეროს, რამდენი კილომეტრი გზა გაიყვანა ხელისუფალმა?

_ მაგალითად, მოძრაობა «ჩემი საქართველოს» დამფუძნებელმა ვალერი გელბახიანმა შალვა რამიშვილი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და გადაცემა «სუბიექტური აზრი» დაახასიათა, როგორც «მიძღვნა «ქართული ოცნებისადმი».

_ სასაცილოა, გადაცემა «სუბიქტური აზრი» სუბიექტურობაში დაადანაშაულო, ამიტომაც აქვს ამ გადაცემას ასეთი სახელწოდება. «მაესტრო» პასუხს აგებს ინფორმაციაზე, რომელსაც ხალხს ვაწვდით, ხოლო შალვა რამიშვილი აგებს პასუხს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ის თავის გადაცემაში აწვდის ხალხს. ის შეიძლება იყოს სუბიექტური და მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, ანუ მე პრობლემა არ მაქვს, განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტებმა იმუშაონ ჩვენთან. მაგალითად, არიან ასეთი ჟურნალისტები _ ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე, რომლებსაც სიამოვნებით დავუთმობ ეთერს, თუ უმუშევრები დარჩებიან. აი, ახლა თქვენი გაზეთის მეშვეობით ორივეს ოფიციალურად ვეპატიჟები ჩვენს არხზე სამუშაოდ და ეს მათი პრობლემა იქნება, თუ არაობიექტურები იქნებიან.

შალვა რამიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუბიექტურია, რეიტინგულია. ის არის ობიექტურიც, მაგრამ საკუთარი, სუბიექტური აზრის გამოთქმასაც არ ერიდება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არხის პოზიციას გამოხატავს. საქართველოში მწვავე კითხვას თუ სვამ, ვიღაცების თვალში უკვე მიკერძოებული ხარ. ვალერი გელბახიანს აქვს საშუალება, მოვიდეს ჩვენს ტელეკომპანიაში და ისაუბროს. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.

_ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში გამოჩენისთანავე შემოგთავაზათ თანამშრომლობა, რაზეც მაშინ უარი უთხარით. შედგა თუ არა თქვენ შორის რაიმე სახის ფინანსური თანამშრომლობა?

_ ჩახედონ «მაესტროს» დოკუმენტებს, რომლებშიც ნათლად არის ასახული, ვინ რა თანხას გვირიცხავს. იქ თუ სადმე წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ან «ქართულმა ოცნებამ» გადმოურიცხა «მაესტროს» თანხა, ამაზე რეაგირებას მოგელაძეს ვინმე დაასწრებდა? საკმაოდ დიდ თანხას, დაახლოებით 300 ათას ლარს, გვირიცხავს რეკლამისთვის «ქართული ოცნება», ანუ ბიძინა ივანიშვილის ე. წ. დახმარება გამოიხატება იმაში, რომ მას რეკლამა მოაქვს ჩვენს ტელეკომპანიაში.

_ ეროსი კიწმარიშვილთან რა ურთიერთობა გაქვთ?

_ ეროსი კიწმარიშვილი ნაძირალაა. ბოლოს მან ვანდალური აქტი ჩაიდინა. დავუშვათ და მიიჩნია, რომ უსამართლოდ მოვექეცით და წაიღო აპარატურა. მაგრამ წიხლით დაამტვრიო დეკორაცია და გადაჭრა დენის კაბელები, ეს უკვე ნაძირლობაა. ეროსი კიწმარიშვილის ადგილი ციხეშია და გარანტიას გაძლევთ, რომ ის ციხეში ბევრ წელს გაატარებს. კაპიკს არ შევარჩენ, სახლიდან რომ გამოაგდონ, არ შემეცოდება.

_ თუმცა ბევრი გაკრიტიკებთ იმის გამო, რომ საერთოდ დაიწყეთ მასთან თანამშრომლობა…

_ რატომ მაკრიტიკებენ? ჩემს ბიზნესში ვისთან გავაფორმებ ხელშეკრულებას, მოდი, მე გადავწყვეტ. მე მასთან გავაფორმე ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც სარედაქციო დამოუკიდებლობა და ჟურნალისტების თავისუფლება არ იზღუდებოდა. მას უნდა მოეტანა ფული, ინვესტიცია უნდა მოეზიდა. პირობითად რომ შევადაროთ, ადრე თელასის «მესოჩიკეები» რომ დადიოდნენ და მოსახლეობაში თანხის კრებდნენ, რათა «თელასში» მიეტანათ, ასე იყო ეროსიც. ერთხელაც რომ მივიდეს ეს «მესოჩიკე» და უთხრას «თელასს», რომ მე თქვენთან ამდენი თანხა მაქვს მოტანილი და ჩემია კომპანიაო, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. თავიდან ის მართლაც კარგად მუშაობდა, სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ფულს იპარავდა. მას შემდეგ რაც მაკა ასათიანი გახდა ჩვენი მეწილე, აღმოვაჩინეთ რომ მარტო მაკა ასათიანისთვის, ეროსი კიწმარიშვილს დაახლოებით, 500 ათასი მოუპარავს.

_ დაბოლოს. ამას წინათ განაცხადეთ, რომ მუსიკალურ-გასართობი  არხის დაფუძნებას აპირებდით, რა სიახლეს შესთავაზებთ მაყურებელს?

_ ეს იქნება სატელიტური არხი და გადასახდელი თანხაც სიმბოლური იქნება. მაგრამა მას არ ეყოლება თანამშრომლები, გვაქვს 2 ათასამდე ქართული კლიპი, რომელიც იტრიალებს ეთერში. ეს არხი უფრო ემიგრანტებისთვის კეთდება, რათა მათ საქართველოში თავისი პატარა კუნძული ჰქონდეთ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here