Home რუბრიკები პოლიტიკა დოკუმენტური «იდიოტიზმი» ანუ грешно смеяться над больными людьми

დოკუმენტური «იდიოტიზმი» ანუ грешно смеяться над больными людьми

645

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მორიგი დიპლომატიური «გამარჯვება» მოიპოვა: სააკაშვილისადმი კეთილგანწყობით ცნობილ «ეხო მოსკვის» ჟურნალისტთან _ ალექსეი ვენედიქტოვთან ეთერში «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» კანონის მოთხოვნებს «იდიოტიზმი» უწოდა.

 

ვენედიქტოვის კითხვაზე _ რატომ არ შეუძლიათ საქართველოში იმ უცხოელ (ამ შემთხვევაში რუსეთის) მოქალაქეებს შემოსვლა, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არიან ნამყოფი, ვაშაძემ ჯერ უპასუხა, რომ კანონი მკაცრია, მაგრამ მისი დაცვა სავალდებულოა. დაჟინებული ჩაკითხვის შემდეგ კი საქართველოს ნომერ პირველმა დიპლომატმა განაცხადა: «სიტუაციის იდიოტიზმი იმაშია, რომ ნაცვლად ხელგაშლილი დახვედრისა, ჩვენ იძულებული ვართ, ამ იდიოტიზმით ვიყოთ დაკავებული». მართალია, ეს «იდიოტიზმი» პრიმა-ბალერინას მეუღლემ ისევ რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის აღიარებით ახსნა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სააკაშვილის მიერ ინიცირებული სავიზო სანქციები მისმა თანაგუნდელმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გრიგოლ ვაშაძემ იდიოტიზმად მოიხსენია.

«საქართველო და მსოფლიო» პრეზიდენტის პრესსპიკერს დაუკავშირდა მინისტრის ამ გამონათქვამის განმარტებისთვის. მანანა მანჯგალაძე ჯერ აშკარად დაიბნა, მცირე პაუზის შემდეგ კი გვიპასუხა: «არ ვიცი, გრიგოლ ვაშაძე რას გულისხმობდა თავის განცხადებაში, ეს, ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ, უფრო ამომწურავი პასუხისთვის. მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, არანაირი აზრი არ გამაჩნია. ვერც ვხვდები, რეალურად რას გულისხმობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც ამას ამბობდა. საჭიროა უფრო ვრცელი განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც ის, ალბათ, აუცილებლად გააკეთებს».

საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერჯერობით დუმს, მისი პრესსამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ამ «იდიოტიზმის» ახსნა მართლაც რთულია, თუმცა ხსენებულ ინტერვიუში ეს მინისტრის ერთადერთი ლაფსუსი არ ყოფილა; მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ვაშაძის ეს «დემარში» რადიკალურად განსხვავდება «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» კანონის მიმართ სააკაშვილის ოფიციალური დამოკიდებულებისაგან, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია ახმოვანებს: «ეს არის არა ჩემი, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. შესაბამისად, «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» კანონი მოქმედებს. შესაბამისად საქართველო «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» კანონის გაუქმების საკითხს არ განიხილავს»…  თავად განსაჯეთ, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი, «საერთაშორისო თანამეგობრობა» და თვით მალაშხიაც კი ამ კანონს მხარს უჭერენ, რას უნდა ნიშნავდეს ვაშაძის მიერ ამ კანონის იდიოტიზმად გამოცხადება. ვის შეჰბედა ბალერინას მეუღლემ იდიოტი: საერთაშორისო თანამეგობრობას, მის აღმატებულება პრეზიდენტს თუ მხოლოდ შოთა მალაშხიას? და თუ ვაშაძემ მხოლოდ მალაშხია იგულისხმა «იდიოტიზმში», რას ერჩოდა ამ ისედაც შეზღუდულ ადამიანს, მითუმეტეს, რომ სად კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და სად შოთა?! სად მეფე ერეკლე და სად… მალაშხია?!

ეჰ, ბატონო გრიგოლ, დიპლომატი კაცი ხართ და ნუთუ ან «კავკასიელი ტყვე ქალი» არ გინახავთ, ან «რუსეთში ცხოვრებისა და წარმატებული კარიერის» მანძილზე ერთხელაც არ მოგიკრავთ ყური გამოთქმისთვის _ Uჰტიყჯ ცვტზნმცზ ყფლ ,ჯკმყსვბ კ.ლვბ? 

ხუმრობა იქით იყოს და, ვაშაძე კიდევ უფრო შორს წავიდა, მან კანონისთვის გვერდის ავლის ის პრაქტიკა მოიწონა, რომელსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ნამყოფი რუსეთის მოქალაქეები მიმართავენ: «არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ 400 ათას რუს ტურისტს შორის, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ, ამ ორ რეგიონში ნამყოფი პირები არ არიან. ისინი ან სხვა პასპორტით შემოვიდნენ, ან…»

ვენედიქტოვი: «ან მათ შტამპი არ ჩაურტყეს».

ვაშაძე: «დიახ, კანონის გვერდის ავლა შეძლეს».

კანონის მიმართ ვაშაძის დამოკიდებულება ერთობ თავისუფალი რომ არის, ამაზე იმავე დღეებში გამოქვეყნებული 2012 წლის 11 ივლისს მის მიერ ხელმოწერილიN158 ბრძანებაც მეტყველებს, რომელიც «საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 10 ოქტომბრის #241 ბრძანებაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

ადრე საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად საკმარისი იყო შემდეგი დოკუმენტები: ა) განცხადება-ანკეტა; ბ) თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში, მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი; გ) 3 ფოტოსურათი (ზომა 3X4 სმ). ამასთან, ფოტოსურათის წარმოუდგენლობაც კი არ შეიძლებოდა ყოფილიყო საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის მიზეზი.

ახლა ვაშაძემ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისთვის სერიოზული ბარიერი შექმნა:

«ა) წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს «დ» ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

დ) ცნობა საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილიდან».

ეს ერთი «უწყინარი» შესწორება რომ საქართველოს უამრავ მოქალაქეს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში დაბრკოლებას შეუქმნის, ცხადია. საკონსულო აღრიცხვის გარეშე კი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას ისინი ვერ შეძლებენ. როგორც ჩანს, ნაციონალური ხელისუფლება იმდენად შეაშინა უცხოეთში ქართველი ემიგრანტების მიერ «ქართული ოცნების» გახშირებულმა მხარდამჭერმა აქციებმა, რომ ვაშაძეს მორიგ «იდიოტობაზე» მოაწერინეს ხელი და ემიგრანტებს ხმის უფლება ასე შეუზღუდეს.

«საქართველო და მსოფლიო» ვაშაძის ამ მართლაც აუხსნელი გამონათქვამებისა და დოკუმენტური იდიოტიზმის კომენტარისთვის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტს, პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს დაუკავშირდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი: «საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომელიც უცხოეთში იმყოფება, არალეგალურადაა იქ ან საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლის. არა მგონია, ბრძანებაში შესული ახალი პუნქტის დაკმაყოფილება ბევრმა შეძლოს. კერძოდ, იმ ფაქტმა, რომ საკონსულოს აღრიცხვაზე დასადგომად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება ცნობა საზღვარგარეთის საცხოვრებელი ადგილიდან, არა მგონია, ამან დიდი სიხარული გამოიწვიოს იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებში. მე უფრო ის მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული. ახალი ბრძანება იმ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე არჩევნებში ამ ცნობის გარეშეც შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა, ფაქტობრივად საკონსულოს აღრიცხვაზე დადგომის შანსს უკარგავს. ხელისუფლებას არ აინტერესებს იმ მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის ბედი, ვისი რეალური მხარდაჭერის იმედიც გამარჯვებისთვის არ აქვს. ამ ხელისუფლებას სათავისოდ ჰყავს უცხოეთში აღრიცხული ქართველები, ეს სია, თუ არ ვცდები, პაატა დავითაიას უწყებას აქვს და დარწმუნებულიცაა ამ ადამიანების ხმებში. რაც უფრო მეტ ბიუროკრატიულ დაბრკოლებას შეუქმნიან «ნაცები» საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, უფრო დარწმუნებულნი იქნებიან გამარჯვებაში.

დავეთანხმები გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადებას, რომელიც მან «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» გააკეთა. მეც ვფიქრობ, რომ ეს კანონი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკანონებული კიდევ ერთი იდიოტობაა, რომელიც მან 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო. ვაშაძე იდიოტობას უწოდებს იმას, რაშიც, ფაქტობრივად, მასაც მიუძღვის წვლილი. ეჭვი ჩნდება, რომ ის მალე «ნაციონალებიდან» გაქცევას აპირებს. სხვანაირად ვერ აიხსნება ეს ფაქტი, როდესაც საკუთარი გუნდის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებ. ზოგადად, ვაშაძე, როდესაც პირს დააფჩენს, ბევრი იდიოტობა ამოსდის იქიდან, თუმცა ეს განცხადება ყველაზე თვალშისაცემია. ვფიქრობ, მალე ივანიშვილის ბანაკში გადაბარგებას ხომ არ აპირებს(?). არაფერს გამოვრიცხავ.»

ლილი მიროტაძე

P.S. სხვათა შორის, სიტყვა იდიოტიზმი აღნიშნავს ინტელექტის ღრმა სისუსტეს ან მის სრულ არარსებობას, სუბიექტის სულიერი ცხოვრების იმ დონეს, რომელიც საწყის, ბავშვურ სტადიასაც კი ჩამორჩება. იგი შეიძლება განხილული იყოს, როგორც გონებრივი განუვითარებლობით განპირობებული ფსიქიკური სისუსტე. საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ დეფინიციით, ფაქტობრივად, აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლება გონებრივად სუსტი, უინტელექტო და ბავშვზე უფრო განუვითარებელია. საქართველოს მოსახლეობამ ეს ვაშაძის გარეშეც იცოდა, მაგრამ, როგორც საბჭოთა პროკურორი ვიშინსკი იტყოდა, «აღიარება მტკიცებულებათა დედოფალია»!

 

1 COMMENT

  1. მთავრობის ყველა წევრის საქციელი დღეს აშკარად გავს ობობას აბლაბუდაში მოხვედრილი ბუზის საქციელს. თანდათან უფრო გაეხვევიან თავისივე მიერ უაზროდ აბლანდულ აბლაბურაში

  2. მთავრობის ყველა წევრის საქციელი დღეს აშკარად გავს ობობას აბლაბუდაში მოხვედრილი ბუზის საქციელს. თანდათან უფრო გაეხვევიან თავისივე მიერ უაზროდ აბლანდულ აბლაბურაში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here