Home რუბრიკები პოლიტიკა ჩასაქოლად გამეტებული საქართველო

ჩასაქოლად გამეტებული საქართველო

690

კედელზე დაკიდებული დამბაჩა გავარდა

წინა დღის გამთენიისას ავი თვალი რომ დატრიალდა კახეთში, მეორე დღეს, შაბათს, 21 ივლისს თბილისში, «ვარდების რევოლუციის» მოედანზე «ლუდის დღესასწაული» ჩაატარეს «ღუბერნატორითა, არხიელითა», «კლოუნებითა» და უფასო გასართობი პროგრამით.

მაშინ, როცა იმედგადაწურულ გლეხკაცს გატიალებულ მამულში სიმწრის ცრემლი ჩამოსდიოდა დაღარულ ლოყებზე (ეს კაცი ეკრანზე ვიხილეთ), როცა კაცი ტიროდა(!), თბილისი ამტკიცებდა, რომ ცრემლების არ სჯერა.

თანადგომის ფუნქცია, თანალმობის გრძნობა, ეტყობა, პარლამენტივით თბილისიდან ქუთაისში გადაიტანეს ან _ ბათუმში.

ასეთია «ვარდების რევოლუციის» ბელადების მორალი, რომელმაც ხორშაკივით გადაუარა ქართველების ცხოვრების წესსა და ზნეობას და დროის იმ მიჯნამდე მიგვიყვანა, როცა «გათავისუფლდება სატანა თავის საპყრობილიდან» (გამოცხ. 20,7).

მორალი _ უცხო და უნიადაგო, რომელიც ამათ თავზე მოახვიეს თბილისს, და რომლის შედეგი მეორე დღესვე ვიხილეთ: ბაზრებში ჩაბუდებულ-ჩასახლებულმა გადამყიდველებმა კახეთის ტრაგედიაზე ხელის მოთბობა გადაწყვიტეს და ცეცხლი მოუკიდეს ფასებს.

«სიმებს ცეცხლი ეკიდება,

ამ სიხარულს, ნეტავ, რა სჯობს!» _ წავიმკრეხელე ცოტა. გამწარებისაა. მაპატიეთ…

საიდან მოდის გრძნობათა ასეთი გაქვავება?

კერპთაყვანისმცემლებად რომ გვაქციეს, იქიდან.

ან სურთ, რომ გვაქციონ _ კერპად წარმოდგენილი ამერიკის ტვინგამორეცხილ აღმსარებლებად.

ამერიკელებისთვის გორაკზე შემდგარი თეთრი სახლის ბრწყინვალება ეროვნული იდეალია, ამათ სურთ, რომ ყველა შტატი, ერთად აღებული, ჩვენ გავიხადოთ კერპად.

ორიოდ დღის წინათ კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში, კინოთეატრ «ჩენტურყ-16»-ში კინოფილმის «შავი რაინდი: ლეგენდის აღორძინება» (ბეტმენი) პრემიერის დროს დატრიალებული სისხლიანი ტრაგედიის გამო გაკეთებულ განცხადებაში ბარაკ ობამამ ასეთი რამეც თქვა: მე და მიშელი კი ვართ ბედნიერები, რომ ჩვენი შვილები იმ კინოსეანსზე არ იყვნენ, «მაგრამ ზოგიერთ მშობელს არ გაუმართლა».

არ გაუმართლაო!

ან თარგმანი იყო იდიოტური (რამდენიმე დღეს ატრიალებდნენ ეთერში ობამას გამოსვლის ამ პასაჟს ასეთი თარგმანით), ან, თუ მართლა ასე თქვა, მაშინ არაფერი გამეგება, არაფერი მესმის: შვილების დაღუპვა-გადარჩენა ტრაგედია და უბედურების თავზე დატყდომა კი არ არის, არამედ გამართლება-არგამართლების დონის ფაქტი (!).

ამ ლოგიკით, ავღანეთში, აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში გაწვეული ქართველი ბიჭების დაღუპვაც არგამართლება ყოფილა მხოლოდ! ჩოთქში ჩასული ანგარიშის შედეგი: კრედიტი, დებიტი, მოგება, წაგება: «იყიდე, გაყიდე! რა, ქარვასლაა?!»

ან იქნებ ობამა იმ კერპთაყვანისმცემლობის ანი და ჰოეა, რომელზეც სიტყვის თქმა აკრძალულია?

ვაშინერს!

«ნუ შეიქმ კერპს», _ გვასწავლის წმინდა წერილი. «შვილებო, დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან», _ გვაფრთხილებს მოციქული იოანე. (იოან. 5,11)

ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ კერპის გამომსახველნი «ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან…» (ესაია, 40,19).

მოდით, შევეცადოთ, შევხედოთ და მივხვდეთ.

«ვისაც ყური აქვს, ისმინოს…»

როცა ბოროტება ადამიანებში იბუდებს

აშშ-ში, მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში სროლა და უდანაშაულო ადამიანების დახოცვა შემთხვევითი ინციდენტებიდან ტენდენციის ნიშნების მატარებელ საშიშროებად იქცა, _ მიიჩნევენ ანალიტიკოსები და იმოწმებენ ფაქტებს:

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს, უცნობმა ცეცხლი გაუხსნა ვაშინგტონის ცენტრში, ფეიერვერკის საყურებლად შეკრებილ ადამიანებს. დაიჭრა სამი, მათ შორის _ ორი მოსწავლე, ერთი გარდაიცვალა.

წლეულს, 10 ივნისს, ალაბამაში რამდენიმე ადამიანი დაიჭრა იმათგან, ვინც ობერნის უნივერსიტეტთან ტყვიების წვიმაში მოჰყვა.

წლევანდელ აპრილში კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში, რელიგიურ სკოლაში Oikos University უცნობი ბოროტმოქმედის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი.

თებერვლის ბოლოს ოჰაიოს შტატის ქალაქ შარდონის სკოლის (ისევ სკოლა!) მოსწავლემ ესროლა თანასკოლელებს, ერთი ბავშვი დაიღუპა, ოთხი დაიჭრა. 2011 წელს მსგავსი ინციდენტი მოხდა კალიფორნიის ქალაქ სანტა-მონიკაში, სამი მოსწავლე დაიჭრა. ამათ მშობლებს «არ გაუმართლა»?!

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სროლის შესახებ ცნობებს ამერიკაში 1995 წლიდან რეგულარულად აქვეყნებენ…

2011 წელს ტეხასში ბოროტმოქმედმა ამოწყვიტა შვიდსულიანი ოჯახი.

ერთი თვით ადრე ნევადის შტატის სავაჭრო ცენტრის კაფეში მამაკაცმა დაცხრილა ორი ადამიანი და თვითონაც თავი მოიკლა.

შარშან, ივლისში, უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ტეხასის შტატის ქალაქ გრანდ პრერის როლერთა სასრიალოზე მყოფ ახალგაზრდებს. იმავე თვეში ლოს-ანჟელესის სამხრეთში 6 ადამიანი დაჭრა ვიღაც მანიაკმა.

დალასის შემოგარენში (ტეხასის შტატში) მასობრივი მკვლელობის ფაქტი დადასტურდა და ა. შ.

საკმარისია!

ექსპერტები ასეთ დანაშაულობათა მიზეზებს აშშ კონსტიტუციაში ეძებენ, რომლის მიხედვით ცეცხლსასროლი იარაღის ტარება დაშვებულია: ამერიკაში ყოველწლიურად 5 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი იყიდება.

ქალაქ ავრორას კინოთეატრში მაყურებელთა დახვრეტის ფიგურანტმა, კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სტუდენტმა ჯეიმს ჰოლმსმა სხვადასხვა ქალაქის მაღაზიებში სავსებით ლეგალურად, უპრობლემოდ შეიძინა მოიერიშეთა შაშხანა Aღ-15, საფანტის ღემინგტონ, Gლოცკ-ის მარკის ორი პისტოლეტი.

სპეციალისტების ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ  შტატებში, სადაც იარაღის შეძენა დაშვებულია და თავდაცვის მიზნით მისი გამოყენება შეიძლება, ძალადობრივ დანაშაულობათა რაოდენობა ნაკლებია.

სხვები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. კამათობენ სტატისტიკური მონაცემების ირგვლივ.

ამერიკაში სერიოზულად არიან შეწუხებული საზოგადოების დემორალიზაციის პრობლემით, მანიაკალური თავისუფლების მომძლავრების, ერთ დროს კაცობრიობის იდეალებად ცნობილ ღირებულებათა დევალვაციით.

ალბათ, გაიხსნა ფარდა და მეოთხე მოქმედებაში უნდა გაისროლოს და ისვრის კიდეც ის დამბაჩა, რომელიც პირველი მოქმედებიდან დეკორაციის კედელზე კიდია.

ან იქნებ ის საშინელი ტრაგედიები, რისი მოწმეც დღეს ამერიკა გახდა, იმ ცოდვის გამოძახილია, რომელიც 1968 წლის 16 მარტს ვიეტნამური სოფლების  სონგმის თემში ამერიკელი კარისკაცების მიერ 504 გლეხის ამოწყვეტიდან მოდის და შვილიშვილების თაობაზე გადადის?

თუ მაძღარი საზოგადოების თანმდევი სენია?

ამერიკელები შორს არიან თავიანთი ქვეყნის იდეალიზაციისგან. ჩვენს ნაცებს სურთ, შექმნან რწმენის ისეთი კერპი, რომ მაინც და მაინც «ამერიკული ოცნება» უნდა გადმოვნერგოთ საქართველოში სახელისუფლო რესურსების ძალისხმევითა და მონდომებით.

არადა, ხელის გაწვდენაზეა «ქართული ოცნება».

«საიდან იწყება სამშობლო»?

სამშობლო საიდან იწყებოდა, ასე თუ ისე, ვიცოდით, მაგრამ ამ დღეებში «აგვიხსნეს», რომ ამას იქით დევნილთა კარალეთის დასახლებაში ქვების სროლით სურთ სამშობლოს დაწყება.

«ქართული ოცნების» მომხრეთა დასაშინებლად მოწყობილი «ჩაქოლვის» მცდელობის ინკარნაციით თუ ლინჩის წესის გადმონერგვით.

ისტორიული ფაქტია, რომელსაც თედო სახოკია იხსენებს: «სოფელ ჩოჩეთში (ზემო ქართლი, სოფ. კავთისხევთან), XIX საუკუნის ოცდაათიან წლებში, ერთ გლეხის ქალს თავისი შვილის ნათლია შეჰყვარებია. სოფელი აღშფოთებულა და დაუდგენია ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენის ჩაქვავება». აღუსრულებია კიდეც.

ქვა მოგკლავს თუ ტყვია, რა განსხვავებაა?! ჩვენი და ამერიკის რეალობა გოლგოთის გზას შემდგარი მაცხოვრის გაოცების დონემდე აღწევს: დედაკაცებს, «რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო», იესო მიმართავს: «თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?!» (ლუკ. 23,31).

ნედლ ხეს, ქრისტეს მოძღვრებას, ამოსაძირკვად იმეტებენ.

ნედლ თაობას, ბავშვებს, ყმაწვილებს, უაზროდ, უმიზნოდ ხოცავენ ამერიკაში, შვედეთში, უტოიაზე (გასულ კვირადღეს წლისთავი იყო აქაური ტრაგედიის) _ ბოდვითი იდეებითა და წარმოდგენებით შეპყრობილი  კერპთაყვანისმცემელი მანიაკები.

დღეს საქართველოში ჩაქოლვით ემუქრებიან ნედლ ხეს, მომავლის თაობას, ხვალ «ჩარეცხილების» ჩახოცვაზე გადავლენ. არც მაინც და მაინც მოიერიშეთა ღ-15 შაშხანებით, არც პისტოლეტ «გლუკების» მეშვეობით, არამედ თუნდაც  ცხოვრების იმ წესით, რომლის უზნეობასაც თავზე გვახვევენ ასეთივე უზნეო კანონების მეშვეობით, ამათ ხელში მასობრივი განადგურების იარაღად რომაა ქცეული.

«ნუ შეიქმ კერპსა!», რადგან კერპთაყვანისმცემლობა ისეთივე სიმდაბლეა, როგორც სიმხდალე (მიაქციეთ ყურადღება!), ურწმუნობა, მეძავობა, მკვლელობა და ა.შ., და დგება მეორე სიკვდილის ჟამი:

«ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია» (გამოც. 21,8).

«ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს» (გამოც. 4,22).

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here