Home რუბრიკები საზოგადოება ჯარში გადაყრილი მილიარდები და უუნარო არმია

ჯარში გადაყრილი მილიარდები და უუნარო არმია

734

«ვარდების რევოლუციის» შემდგომ საქართველოს თავდაცვის სისტემის განვითარება და გაძლიერება, ერთი შეხედვით, ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენდა, რადგან ჯარი მოიაზრებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთ საშუალებად; ჯარის პოზიტიური იმიჯი ასოცირდებოდა ხელისუფლების წარმატებასთან და მოსახლეობაში ზრდიდა პატრიოტულ განწყობას; ძლიერი ჯარის შექმნა დაკავშირებული იყო საგარეოპოლიტიკურ ფაქტორებთან, როგორც ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის, ასევე რეგიონში ძლიერ სუბიექტად აღქმის თვალსაზრისით.

ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და ამ სისტემაში დემოკრატიული ხასიათის რეფორმების გატარება მოემსახურებოდა ზემოაღნიშნულ მიზნებს. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადაიდგა, იყო, ერთის მხრივ, ბიუჯეტის გაზრდა, მეორე მხრივ კი, რეფორმების წამოწყება, რაც გამოიხატა იმაში, რომ აბსოლუტურად სწორად თავდაცვის მინისტრად დაინიშნა სამოქალაქო პოლიტიკური ფიგურა, რითაც გაცხადდა შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის პრინციპის აღიარება და ამასთანავე, საფუძველი ჩაეყარა სამოქალაქო და სამხედრო მმართველობას შორის ფუნქციების განაწილებას.

ერთი შეხედვით, სწორად დაწყებული პროცესი ძალიან მალე აღმოჩნდა სერიოზულ ჩიხში. მთავარი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას მისცა არა დამოუკიდებლად (მიზნობრივად) და ეფექტურად განვითარების შანსი, არამედ ის აქცია ვიწროპოლიტიკური კამპანიის ნაწილად და მოაქცია სახელისუფლო პოლიტიკური დისციპლინის ჩარჩოებში.

ამასთანავე, ხელისუფლება პოლიტიკურ დონეზე ვერ ჩამოყალიბდა _ თუ რა ძირითადი მიზნები და ამოცანები უნდა ჰქონოდა ჯარს და როგორ და რა რესურსით (გრძელვადიანი დაგეგმარების ჭრილში) უნდა მიეღწია შესაბამისი შედეგებისთვის. პრობლემა უფრო ფართო ხასიათს ატარებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთის მხრივ, უსაფრთხოების სისტემის ერთიანი ხედვა არ არსებობდა, მეორე მხრივ კი, თავდაცვის სისტემის რეფორმირება დაიწყო ქაოტურად, შესაბამისი მიზნებისა და ამოცანების გაანალიზების გარეშე.

სამწუხაროდ, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ განვლილი 8 წლის განმავლობაში ჩვენ სახეზე გვყავს შეიარაღებული ძალები, რომელიც

_ სისტემურად გაუმართავია;

_ უუნაროა, შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული ძირითადი ფუნქცია _ დაიცვას ქვეყანა გარე აგრესიისგან;

_ ღიად და აშკარად პოლიტიზირებულია და იძულებით ემსახურება ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს;

_ დარღვეულია სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის დემოკრატიული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი პრინციპი;

_ გამოფიტულია პროფესიონალი კადრებისგან და, ძირითადად, დაკომპლექტებულია ნდობით აღჭურვილი, მორჩილებაზე დამყარებული პერსონალით, რომელიც, თავის მხრივ, მოქცეულია ვიწროპოლიტიკური კონტროლის ქვეშ;

_ არსებული მოცემულობით არ გააჩნია განვითარების და, შესაბამისად, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობის ზრდის მიღწევის პერსპექტივები.

დღეს ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოების ზოგადი განწყობისა და რეიტინგების მანიპულაციით ჯარს მისცეს პოზიტიური იმიჯის ნიშანი, რათა ამით თავიდან აიცილოს შესაბამისი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა კი გამოიხატება იმაში, რომ ჯარის მშენებლობას მოხმარდა კოლოსალური თანხა _ მილიარდები, რაც არა თუ პოზიტიურ შედეგში აისახა, არამედ პირიქით: ხელისუფლებამ შექმნილი სისტემით ვერ შეძლო ტერიტორიების შენარჩუნება (აღარ ვსაუბრობთ მის აღდგენაზე), ვერ შეძლო მოქალაქეთა დაცვა, ვერ შეძლო მოწინააღმდეგის მინიმალური სახით შეკავება და კრიზისის დროს გამოავლინა ყველა ის სუსტი მხარე, რომელიც კი შეიძლება თეორიულად ხსენებულიყო.

ხელისუფლებას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ თანამედროვე იარაღის შესყიდვით, სამხედროების ნატოს სტანდარტების მომზადებით თუ სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში წარმატებით მონაწილეობით ან ამ ილუზიის გაჩენით შეძლებს ქვეყნის თავდაცვის სისტემის ეფექტურობის მტკიცებას ან უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დღესაც, ისევე, როგორც 2008 წლის ომის დროს, ხელისუფლებას რეალურად სჯერა, რომ მას გააჩნია უსაფრთხოების სისტემა და სამხედრო ძალები, რომლებსაც ადეკვატური ამოცანების შესრულება შეუძლია. ეს ილუზია ეფუძნება მათ არაპროფესიონალიზმს, სისტემის გამართულობის ძირითადი არსის უცოდინარობასა და გაუაზრებლობას. რეალური მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლებას ორი კურდღლის დაჭერა სურს, ანუ ხელისუფლებას სურს, რომ ჯარი იყოს მათი ვიწროპოლიტიკური იმიჯისა და პიარის ნაწილი, პროფესიონალი კადრების გარეშე და ამავე დროს შეეძლოს ადეკვატური ფუნქციების შესრულება _ ქვეყნის დაცვა.

ქვემოთ დავასახელებ იმ ძირითად პრობლემებს, რომელთა გამოც თავდაცვის სისტემას განვითარების პერსპექტივები ვერ ექნება ამ ტენდენციის ფორმატში.

სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის არარსებობა

დემოკრატიულ ქვეყანაში შეიარაღებული ძალების სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის გარეშე არსებობა მისი დემოკრატიული სისტემიდან ამოვარდნას ნიშნავს და ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჯარის პოლიტიკურად კონტროლი შესაძლებელია, მაგრამ, თუ ის ხორციელდება ვიწროპოლიტიკურად და არა სისტემურად, ის თავისთავად ხდება პოლიტიზირებული, ემსახურება კერძო პოლიტიკურ ინტერესებს, რომლის ფარგლებში მეორეხარისხოვანი ხდება ამ სისტემის განვითარების საკითხი.

დღეს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად ამოვარდნილია საპარლამენტო კონტროლიდან. მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან პოლიტიკური დისციპლინის გათვალისწინებით ხორციელდება შეიარაღებულ ძალებზე არა სამოქალაქო კონტროლი, არამედ მისი ბრმა ადვოკატირება ისევ და ისევ იმ მიზნით, რომ «ჩვენ ერთი გუნდი ვართ», «ჩვენ მიერ თუნდაც დაშვებული შეცდომები უნდა შეფასდეს როგორც წარმატება», იმიტომ, რომ ეს არის საჭირო ძალაუფლებისთვის.

ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი საპარლამენტო კონტროლისა არის ბიუჯეტის დამტკიცება და საფინანსო ხარჯებზე კონტროლი. წლების მანძილზე ბრმად ხდებოდა ერთფურცლიანი ბიუჯეტის დამტკიცება, ხოლო კონტროლის საკითხი საერთოდ არ დასმულა. საბოლოო ჯამში თავდაცვის სამინისტრო იქცა ვიწრო კლანური ინტერესების სამიზნედ, სადაც ელიტარული კორუფცია სისტემურადაც კი ჩამოყალიბდა. მეტიც, არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური არჩევნების დროს და მის ხარჯზე ხდება «ნაციონალური მოძრაობის» სხვადასხვა რგოლის დაფინანსება.

ნდობის ჯგუფი, რომელიც, წესით და კანონით, უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მაკონტროლებელი საიდუმლო ხარჯებისა, რომელშიც, დემოკრატიული პრინციპის გათვალისწინებით, ჩადებულია საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობა, არის მხოლოდ ფიქტიური და ეს ვლინდება შესაბამისი შედეგებითაც. მაშინ, როდესაც არაერთ საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში გაეხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საზოგადოებას არ სმენია ამის შესახებ.

თავდაცვის სამინისტრო აღიარებულია როგორც უკიდურესად დაბალი გამჭვირვალობის მატარებელი ინსტიტუტი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განმკარგველია. ეს არის ყველაზე ჩაკეტილი სისტემა, რომელიც არ იძლევა საჯარო ინფორმაციას. არც მედიასაშუალებებს ეძლევათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება და არც არასამთავრო სექტორს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც მოჩვენებითი საზოგადოებრივი კონტროლი განახორციელოს. თავდაცვის სამინისტროში შექმნილია მოჩვენებითი ფორმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა, მხოლოდ ნატოს თვალის ასახვევად და პიარის უზრუნველსაყოფად, რეალურად კი საქმე გვაქვს უკანონოდ დახურულ სისტემასთან, რომლის მიზანია, საზოგადოებამ არ შეიტყოს არც არსებული პრობლემების და შეცდომების შესახებ და არც კორუფციული ფაქტების შესახებ, რომელთა დადგენაც შესაძლებელია თუნდაც საჯარო ინფორმაციის მოპოვებით.

თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზაცია

2008 წლის აგვისტოს ომამდე თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები საზოგადოებაში აღიქმებოდა როგორც ხელშეუხებელი, ზემიზნების განმახორციელებელი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, უფრო სწორად, ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა იმის პროპაგანდა, რომ ამ ხელისუფლებამ შეძლო ძლიერი არმიის შექმნა, ეს არის წარმატებული პროექტი და ნებისმიერი კრიტიკული მიდგომა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

ომის შედეგებისა და მასში სარდლობის (ხელმძღვანელობის) უსუსური მოქმედების გათვალისწინებით, ხელისუფლების მიდგომა შეიცვალა _ ჯარი, რომელიც პიარულად იყო ხელისუფლების «სავიზიტო ბარათი», როგორც წარმატებული პროექტი, ჯარი, რომელიც იყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტორი, აღმოჩნდა უფუნქციო. მეტიც _ უკვე არსებული შედეგების გათვალისწინებით, ხელისუფლების ძალაუფლებისთვის საფრთხის მატარებელი, შესაბამისი პოლიტიკური მმართველობის მიმართ ჯარში უკმაყოფილების ზრდის გამო. ამოცანა _ ჯარი _ პიარი, შეიცვალა ამოცანით _ ჯარი ვიწროპოლიტიკური კონტროლის ქვეშ, ამ უკანასკნელს შემდგომში დაემატა ფუნქცია _ ჯარი საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებისთვის, რომ ამით საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლებას ქულები დაეგროვებია.

პოლიტიკური მოტივაციით სადამსჯელო ოპერაციების განხორციელება, რომელიც გამოიხატებოდა, ერთის მხრივ, ხელისუფლების მიმართ არალოიალურად ან კრიტიკულად განწყობილი პირების გამოვლენასა და შემდგომში მათ გათავისუფლებაში, მეორე მხრივ კი, _ გაუაზრებელი მოტივებით (როგორიცაა, მაგალითად, რუსეთში მიღებული განათლება ან ასლან აბაშიძის დროს ბათუმის ბრიგადაში მსახურება) სამხედრო პირების დათხოვნა.

ამ პროცესში ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი ოპერაცია იყო მუხროვანის ე. წ. ამბოხება და ღირსეული სამხედროების დაჭერითა და დაპატიმრებით იმის დემონსტრირება, რომ, ვინც თუნდაც ობიექტური მოტივით გამოხატავს პროტესტს, დაისჯება სამაგალითოდ. მეტიც, ამ ოპერაციის დაგეგმვა როგორც ანალიზი, მოხდა თავად ხელისუფლების მიერ, რათა გამოვლენილიყვნენ ის ადამიანები და ჯგუფები, რომლებსაც, შესაძლოა, გასჩენოდათ ღია პროტესტი. პოლიტიკური მოტივებით ჩატარებული წმენდა და აშკარა თვალთვალი დღეს ამ სისტემაში იდეოლოგიის ნაწილად არის ქცეული, რათა თითოეული სამხედრო იყოს შიშისა და მორჩილების ქვეშ, ემსახუროს ბრმად პოლიტიკურ კომენდატურას. ამ ამოცანის მთავარი შემსრულებელია «სამხედრო პოლიცია», რომელიც სისტემურად (მისი პოლიტიკური მინისტრის დაქვემდებარებით) წარმოადგენს ანომალიას, ფუნქციურად კი _ მხოლოდ იდეოლოგიურ მაკონტროლებელსა და დამსჯელ მექანიზმს.

ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს სამხედრო ძალებში დგას არჩევნებში 100%-იანი შედეგის მიღება მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ. არჩევნების დროს სამხედრო მოსამსახურეებს, ფაქტობრივად, ბრძანების საფუძველზე აიძულებენ, ყველა უკლებლივ გამოცხადდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს მმართველ პოლიტიკურ ძალას, რასაც ჯარი ასრულებს კიდეც ზედმიწევნით.

თავდაცვის სისტემური ქაოსი

ზოგადად თავდაცვის სისტემა არის ღირებულებათა და სისტემათა ერთობლიობა, რომელიც იწყება პოლიტიკის განსაზღვრით, ეფუძნება ქვეყნის ინტერესებსა და შესაძლებლობებს და გამომდინარეობს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევებისდან. უნდა ითქვას, რომ წლების მანძილზე პოლიტიკურ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტები არათავსებადი იყო რეალობასთან და არ ხდებოდა მათი რეალიზება პრაქტიკაში. ეს დოკუმენტები იქმნებოდა მხოლოდ დასავლეთისთვის და შიდაპიარისთვის, არსებული თავდაცვის სისტემა კი იმართებოდა ცალკეული მინისტრების ლოგიკური აზროვნებით ან პიარ-საჭიროებით. საბოლოო ჯამში შეიქმნა ვითარება, როდესაც რეალურად არ არსებობს თავდაცვის სისტემის ერთიანი ხედვა, განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები. ის, რითაც ხდებოდა რეფორმების დაგეგმვა და განხორციელება, გამომდინარეობდა ცალკეული ამოვარდნილი საჭიროებიდან და არა სისტემური ხედვის ფარგლებში. არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა გამოქვეყნებული დოკუმენტის (მაგალითად, მინისტრის ხედვა) შესრულების ანგარიში, რამდენადაც არ ხდებოდა შესაბამისი პრიორიტეტების დაცვა. სწორედ ამ არათავსებადობით პოლიტიკას, სტრატეგიასა და პრაქტიკას შორის ჩვენ მივიღეთ აღრეული რეფორმების მთელი კასკადი, რომლის ფარგლებში, ერთის მხრივ, ინგრეოდა შიდა სისტემა და ცალკეული კომპონენტები, მეორე მხრივ კი, ახალი მინისტრები ცდილობდნენ ძველის აღდგენას უკვე არასწორი და არათავსებადი ფორმით.

8 წლის მანძილზე შეიცვალა თავდაცვის 6 მინისტრი და გაერთიანებული შტაბის 5 უფროსი. მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის, ხშირი ცვლა, შესაძლოა, არც ისე მგრძნობიარე ყოფილიყო თავდაცვის გამართული სისტემისთვის, მაგრამ საკადრო დეფიციტის პირობებში თითოეული მინისტრი საკუთარი გუნდით თავიდან აკომპლექტებდა თავდაცვის სამინისტროს მმართველ და აღმასრულებელ შემადგენლობას და, რაც ყველაზე მიუღებელია, ეს ხდებოდა მხოლოდ ნაცნობ-მეგობრობის ხარჯზე, გუნდის წევრობის ფარგლებში და არა პროფესიონალიზმის გათვალისწინებით. თითოეული ახალი გუნდი პირველი 5 თვე დაკავებული იყო სისტემის შესწავლით და ელემენტარული ცოდნის დაუფლებით, რაც, თავისთავად ცხადია, საქმისთვის მიუღებელი იყო. მეტიც, თითოეული მინისტრი ცდილობდა, უკვე თავისი ლოგიკური აზროვნებით დაელაგებია სამინისტროს სტრუქტურა და მოერგო ის საკუთარი გუნდის წევრებისთვის.

მსგავსი სიტუაცია იყო შეიარაღებულ ძალებშიც. ზოგიერთი ხელმძღვანელის გარდა, გაერთიანებული შტაბის უფროსის შეცვლას მოჰყვებოდა ჯარში უფროსი თანამდებობების გადანაწილება ნაცნობ-მეგობრების მიხედვით, რის გამოც ბევრი სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული, ბევრმაც ვერ გაუძლო უვიცთა მმართველობას, დაშვებულ შეცდომებს და თავად მიატოვა სამხედრო სამსახური. ამას ემატებოდა აწ უკვე ნახსენები პოლიტიკური წმენდა სამხედრო სამსახურში სხვადასხვა ნიშნით, რის გამოც ბევრი პროფესიონალი და გამოცდილი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს.

ცალკე განხილვის თემაა, თუ რა კადრებით ხდებოდა საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკომპლექტება. ქაოსური საკადრო პოლიტიკის ფარგლებში ძალიან ხშირად წარმოიქმნებოდა საკადრო დეფიციტი, რის გამოც უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე ინიშნებოდნენ გამოუცდელი დაბალი რანგის ოფიცრები, რომლებიც თავიანთი განათლებით, გამოცდილებით წოდებრივად არათავსებადი იყვნენ შესაბამის თანამდებობებზე. ყოველივე ამან მოშალა მმართველობის ეფექტიანობა და სისტემის განვითარების პერსპექტივები.

2004 წელს, ერთი შეხედვით, განხორციელებული სწორი რეფორმა, რაც გამოიხატა იმაში, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტი განისაზღვრა როგორც პოლიტიკური თანამდებობა, რომელსაც უნდა განეხორციელებია სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, ფუნქციების არასწორი გადანაწილების გამო, რაც, თავის მხრივ, ეფუძნებოდა ძალაუფლების არდათმობის პრინციპს, საბოლოო ჯამში მივიღეთ პოლიტიკური პირი _ მინისტრი, როგორც სამხედრო მმართველი, და გაერთიანებული შტაბის უფროსი, როგორც პოლიტიკური კომენდანტი.

თავდაცვის მინისტრები (ზოგიერთის გამოკლებით) უშუალოდ ერეოდნენ ბატალიონების, ბრიგადების, ჯარების სახეობათა მართვის პროცესებში და ღებულობდნენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, როცა არ გააჩნდათ შესაბამისი განათლება, ცოდნა და გამოცდილება. ხშირად მათი გადაწყვეტილება იმ ამოცანების შესრულებისას, რაც გააჩნდათ შეიარაღებულ ძალებს, იყო არაადეკვატური. ამავე დროს სრულიად იგნორირებულ იყო გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული რგოლი _ გენერალური შტაბი. ხშირ შემთხვევაში გენერალური შტაბი აღმოჩნდა ხელისშემშლელი რგოლი არაპროფესიონალი მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისა, რაც მათ აყენებდა რთული არჩევანის წინაშე _ ან ბრმად შეესრულებიათ მინისტრის «ლოგიკური» რეფორმები და შეენარჩუნებიათ თანამდებობები, ან შეწინააღმდეგებოდნენ და თანამდებობებსაც გამომშვიდობებოდნენ.

პოლიტიკოსების სამხედრო საქმეებში ჩარევამ გამოიწვია ის, რომ თავდაცვის სამინისტროში გაუქმდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სამმართველო, სისტემაში ჩატარდა N რაოდენობის რეორგანიზაცია, პერიოდულად ტარდებოდა გამოგონილი ატესტაციები, რომელთა რეალური მიზანი იყო კადრების წმენდა და საკუთარი ნდობით აღჭურვილი კადრებით მათი ჩანაცვლება. ამ ქაოტური პროცესის შედეგი იყო ფუნქციების აღრევა, დუბლირება და საერთო სისტემური თავსებადობის დაკარგვა. ყოველივე ამის აღმოსაფხვრელად 2010 წელს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სამხედრო ფუნქციების მატარებელი «სამხედრო პოლიცია» გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებიდან გადმოიყვანა თავის დაქვემდებარებაში, დააკომპლექტა თავისი ერთგული სამოქალაქო კადრებით (სასჯელაღსრულების სისტემიდან და შსს-დან) და, ფაქტობრივად, ჯარების არა მარტო კონტროლის, არამედ არაფორმალურად მართვის ფუნქციებიც კი დააკისრა. დღეს ამ სტრუქტურას «პოლიტიკური პოლიციის» ფუნქციები აქვს, რაც ეწინააღმდეგება არა მარტო სისტემურ მიდგომებს, არამედ ანგრევს სამხედრო მოსამსახურეთა «ღირსების» ინსტიტუტს, რის გარეშეც სამხედრო, როგორც ასეთი, ვერ იარსებებს.

ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები პირდაპირ მიგვანიშნებს ძლიერი სამხედრო სარეზერვო სისტემის არსებობის აუცილებლობაზე. 2005 წლიდან ხელისუფლებამ დაიწყო აბსოლუტურად გაუაზრებელი სამხედრო სარეზერვო სისტემის შექმნა, რომელსაც, ერთის მხრივ, არ ჰქონდა განსაზღვრული ფუნქციები და ამოცანები, მეორე მხრივ კი _ შესაბამისი მართვის სისტემა. სარეზერვო სამსახური უფრო პიარ-კამპანიის ნაწილი იყო, ვიდრე თავდაცვის სისტემის შემადგენელი ნაწილი. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ასევე გაუაზრებლად მოხდა რეზერვისტთა ჩაბმა საომარ თეატრში, რამაც მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოუტანა საერთო პროცესს.

აგვისტოს ომის შემდგომ, ორი წლის მანძილზე, ფაქტობრივად ,არც ერთი სარეზერვო შეკრება არ ჩატარებულა, რითაც, ერთი მხრივ, ირღვეოდა შესაბამისი კანონი, მეორე მხრივ კი, ხელისუფლებას, მიუხედავად მუდმივად იმის გაცხადებისა, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი სამხედრო აგრესიის ალბათობა მაღალი იყო, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის ჩამოყალიბებისთვის. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მიიღო კრიტიკა ამ უმოქმედობის გამო, თავდაცვის ხელმძღვანელობამ ფაქტობრივად არაფერი შეცვალა სამხედრო სარეზერვო სისტემაში, რომელიც თავის დროზე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი ომის დროს, და კიდევ უფრო მახინჯი ფორმით მოხდა მისი აღდგენა. მეტიც, პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად, მინისტრმა გამოაცხადა ე.წ. ნებაყოფლობითი რეზერვისტების მიღება და 5-დღიანი სწავლებების გამართვა, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, სრულ სისულელეს წარმოადგენს.  არ იცის და არ ესმის, თუ როგორ უნდა მოხდეს სამხედრო სარეზერვო სისტემის შექმნა, ამიტომ მის პოლიტიკურ მიზნებთან თავსებადობით გამოყენებას ცდილობს, რაც ყოვლად მიუღებელია და ეწინააღმდეგება სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობის პრინციპებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამხედრო სამსახური ეს არის პატრიოტიზმისა და პირადი ღირსების ერთობლიობა. არ არსებობს სამხედრო მოსამსახურე, ეფექტურად ემსახუროს ქვეყანას, თუ მისი ღირსება არ იქნება აღიარებული. დღეს თუ ამ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გავამახვილებთ ყურადღებას, შესაძლოა, პირველ რიგში, დაგვეწყო საუბარი სწორედ იმაზე, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება სამხედროების მიმართ არის აბსოლუტურად არასწორი და შესაბამისი გარემო არის ღირსების შემლახავი. დღეს სამხედროები არიან პოლიტიკური თვალთვალის ქვეშ, არიან ვიწროპოლიტიკური კონტროლის შიშით შეპყრობილნი და უწევთ პოლიტიკური მოტივებით მსახური. სამხედროების უფლებები არის სრულებით იგნორირებული, არსებული ხელშეკრულებები არის კაბალური და კანონმდებლობა ისე არის ჩამოყალიბებული, რომ ნებისმიერ დროს მეთაურს შეუძლია სამხედრო სამსახურიდან დაითხოვოს პირი.

რაც შეეხება მოვალეობებს, ესეც განსჯის საგანია, იმდენად, რამდენადაც, ერთის მხრივ, მართლაც რომ არსებობს მოვალეობები, თუმცა პრაქტიკაში მოვალეობები უფრო მეტად გამომდინარეობს მეთაურთა მოთხოვნებიდან, რომელთაც, შესაძლოა, საერთო არ ჰქონდეს სამხედრო საქმესთან. გასაჩივრების მექანიზმები არის იგნორირებული და ჩამოყალიბებულია ისეთი მიდგომა, რომ ვინც ჩივის, ის მტერია. სადისციპლინო წესდება ქცეულია დამსჯელ დოკუმენტად, რომელსაც ზოგი მეთაური სწორედ რომ ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს. ბოლო პერიოდში გახშირდა სამხედრო მოსამსახურეთა დასჯა სადისციპლინო წესდების მიხედვით და მათთვის ხელფასის 30%-ის დაქვითვით დაჯარიმება, რითაც ხდება, ერთის მხრივ, სამხედროების მორჩილების იძულება, მეორე მხრივ კი, ბიუჯეტისთვის თანხების ამოღება და ისევ და ისევ საკუთარი კომფორტისთვის გამოყენება. საერთო სურათი გვიჩვენებს, რომ დღეს ჯარისკაცს უკარგავენ რეალურ მოტივაციას, იმსახუროს ჯარში. სწორედ ამიტომ დღეს რეალურად  წარმოიქმნა დეფიციტი პროფესიონალი (საკონტრაქტო) მოსამსახურეებისა, რის გამოც 2011 წელს 3-ჯერ მეტი წვევამდელი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, ვიდრე წინა წელს, რათა როგორმე შეევსოთ არსებული სამხედრო ქვედანაყოფები. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.

მაიზერ გელოვანი,

თადარიგის კაპიტანი, სამხედრო ჟურნალისტი,

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების მონაწილე,

 მედლების: «საბრძოლო დამსახურებისათვის»

და «უმწიკვლო სამსახურისათვის» კავალერი,

წიგნის «ოფიცრის მწარე მოგონებები» ავტორი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here