Home რუბრიკები საზოგადოება ბოდვისშვილები

ბოდვისშვილები

649

ნიურნბერგის პროცესზე ფელდმარშალ ვილჰელმ კაიტელს, სხვა მრავალ ბრალდებებთან ერთად, საკუთარი ბრძანება დაუდეს წინ არმიის, ესესისა და პოლიციის საერთო ღონისძიებებით იმ ფრანგი ოფიცრებისა და ჯარისკაცების ოჯახის წევრთა დასჯის თაობაზე, ვინც რუსების მხარეს იბრძოდნენ. ამ დანაშაულს ამაზრზენი და საზიზღარი უწოდეს. რა შეიძლება ეწოდოს ამ ხელისუფლების მიერ თავისუფლად მოაზროვნე, სიმართლისმოყვარე ადამიანების სამსახურიდან დათხოვნასა და დევნას, მათი ოჯახის წევრების, ნათესავების სამსახურიდან განთავისუფლებას; ყველა ოპოზიციურად მოაზროვნის დაშინებას, საარჩებო საშუალების მოსპობას და ბოლოს დაპატიმრების, სამშობლოდან გაძევების ან ლიკვიდაციის მცდელობას? ახლა უკვე კანონით მოწონებული ნადირობაა გაჩაღებული ბიძინა ივანიშვილის საქმიანობაზე. არადა, მას მთელი საქართველო უჭერს მხარს, რამეთუ დღევანდელი გაუსაძლისი ყოფიდან თავის დახსნის პერსპექტივას ხედავენ.

ბიძინა ივანიშვილმა ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება უარყო და მთელი თავისი ოჯახით ქვეყნის გადასარჩენად მძიმე ბრძოლაში ჩაება საკუთარი ერის უბედურებადქცეულ ხელისუფლებასთან. ამგვარ საარაკო თავდადებას სამშობლო განსაკუთრებული პატივით ეკიდება და გმირებს უკვდავებით მოსავს.

ამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ფაშისტური ძალადობის ყველა ფორმას გაუგო გემო და იმდენად მოეწონა, არაფრით აღარ ეთმობა, რადგან უმისოდ ხალხის მრისხანე სამსჯავროს წინაშე მოუწევთ ჩადენილი ცოდვების ერთმანეთზე გადაბრალება. ასე იმართლებდნენ თავს ფაშისტი დამნაშავეები ნიურნბერგის პროცესზე, ადამიანთა მოდგმის სიძულვილით ჰიტლერთან თავს რომ იწონებდნენ.

«ნაციონალების» პანდორას სკივრიდან ამოფრენილი რომელი ცოდვაც გინდა, ისეთ დანაშაულს შეიცავს ქვეყნისა და ერის წინაშე, რომ ისტორიის სანაგვეზე ყველაზე მუხთალ, ხალხის მიერ დაწყევლილთა შორის ადგილი გარანტირებული აქვთ.

დღეს საქართველოში ადამიანები სიცრუეში ისე ფართხალებენ, როგორც თევზები უჟანგბადო აკვარიუმში. ამ ხელისუფლებას სიცრუით გონებადაბუჟებული ადამიანები სჭირდება და ვაი იმისი ბრალი, ვინც ეცდება ამ ილუზიით დაბნელებული გონების სიმართლის სხივით განათებას.

რა შეიძლება ეწოდოს ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებას იმის გამო, რომ ოჯახებს სატელევიზიო ანტენებს უდგამდა?! თუ ნამდვილი ხელისუფლება ხარ და ხალხზე ზრუნავ, რატომ უნდა გეწყინოს?! თუ მართალი ხარ და სხვა ცრუობს, დაე, ხალხმა ესეც მოისმინოს და ისე დამცინავად გაიღიმოს, როგორც მიშას ყოველდღიურ სატელევიზიო ტაკიმასხრობაზე.

ხალხს სიმართლეს ვერ დაუმალავ, იგი ნელა მოძრაობს და არავითარ ძალას მისი შეკავება და მოსპობა არ შეუძლია, რამეთუ ადამიანთა ყველა სიწმინდისა და კეთილდღეობის ურყევი საფუძველია. საქართველოს რეგიონები კი ხელისუფლების ცრუპენტელა ტელევიზიების მიერ არის ოკუპირებული. როგორი საყურებელია ყოველდღე ერთი და იმავე სიცრუით შენელებული სისულელის მოსმენა: თურმე რუსეთმა დრო შეურჩია და ომი მაშინ დაიწყო, როცა მიშა და მთელი მისი მთავრობა საზღვარგარეთ დასასვენებლად იყვნენ წასული. თუ ასე იყო, წითელ ხიდზე რაღა ზედახორა გამართეს, დარჩენილიყვნენ, სადაც ისვენებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ნაძარცვით გატენილი ჩემოდნების წასაღებად შემოირბინეს. ისე კი, თავმოყვარე პრეზიდენტი, შეშინებული და საცოდავი ცხვირით მიწას რომ თხრის, იმ სურათის გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტად ყოფნას კი არა, ხალხში გამოსვლასაც უნდა ერიდებოდეს. ეს კიდევ ტელევიზიით დადის და სპეციალურად მორეკილ ბრბოს თავის მაგარ ბიჭობაზე ბამბას უჩხრიალებს. გერმანელები ჰაილ ჰიტლერს რომ ღრიალებდნენ, ბევრი გულისხმობდა, უმკურნალეთ ჰიტლერსო. ახლა საქართველოში ბევრი იძახის, დააბით მიშა, რადგან მისი მკურნალობა დაგვიანებულიაო.

გადაერთეთ, რომელიც გნებავთ, ამათ ტელევიზიაზე. ყველგან ტრაბახის, სიცრუისა და ცილისწამების როკვაა. რატომ გაცოფდნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ ანტენების დადგმის გამო? შე ძალა მაცხონევ! შეეშვი ტაკიმასხრობას და შენც მოგისმენენ, მაგრამ მოძალადე მატყუარას ეს რაში აწყობს! ვაი, იმის ბრალი, ვინც ეცდება სიმართლის მოსმენით უიმედობის დამშვიდებას. რატომ მაიძულებს, რომ შენი პრეზიდენტის ყოველდღიურ სისულელეს ნერონის თეატრის სცენაზე როკვასავით ვუყურო, რათა შემდეგ სინანულით ვიცინო მის თავქარიანობაზე.

რომელი ნორმალური ადამიანი იკადრებდა სტუდენტ გოგონებთან იმაზე ტრაბახს, თუ როგორი გაუკუღმართებული სექსი ჰქონდა თვითმფრინავში ვიღაც მდედრთან. ეს იტალიაში რომ წამოეროშათ, მთელი ხალხი ფეხზე დადგებოდა, ამგვარ პრეზიდენტს გადააყენებდნენ. ამ თვინიერ ქართველებთან კი ყოველგვარი უზნეობის კადრებას ბედავენ. ნუთუ «ნაციონალებში» აღარ შერჩათ ისეთი ნორმალური წევრები, რომ ამგვარ გაფრენამდე სადმე მის ბარტყებიანად ტელევიზიის გარეშე აჭენაონ, რამეთუ ტელევიზიის ეკრანიდან გაფრენილი მწყრების დაჭერას და ისევ გადახურებულ თავში ჩაკეტვას ვეღარ ახერხებენ. რატომ უნდათ, რომ ხალხმა ამ თავაშვებულობას უყუროს, რათა მის სექსუალურ გმირობაზე აღფრთოვანებით ილაპარაკონ თავშეყრის ადგილებში.

დემოკრატიის ნიღაბაფარებული მოძალადე დემაგოგები როდემდე შეძლებენ ადამიანთა დამცირება-დაშინება-დამონებით ნებივრობას. ხალხი გააღატაკეს და მშვიდად არიან, რამე თუა პრეზიდენტის ყოველდღიური ბოდვის გარდა, მოსმენის საშუალებას უსპობენ. იმასაც რა ენაღვლება, ქექავს ნაცარს და ყვარყვარეს ზღაპრებს ერთსა და იმავე ნოტზე აგალობებს ისე, რომ შენიშვნა და სიტყვის შებრუნება არ შეიძლება, თორემ, თუ ჯონდი ბაღათურიას კრიტიკის გამო პარლამენტიდან დაფრთხა და ძლივს მოაბრუნეს, რეგიონებიდან დამფრთხალს, ლაზიკაში ჩაყვინთულს თუ დაიჭერენ.

დღეს, როცა მთელმა მსოფლიომ იცის ფაშიზმის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის შესახებ, ვის შეუძლია ეყოს თავხედობა და ამ საშინელი ურჩხულის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა წმინდათაწმინდა ობელისკები დაანგრიოს. ამათ ეს იკადრეს. თუნდაც მარტო ეს ცოდვა არ არის საკმარისი, რომ ხალხის მკაცრი სამსჯავროს წინაშე წარდგნენ?! როცა ადამიანი სულს სატანას მიჰყიდის და ჯოჯოხეთის ბილიკზე შედგება, სხვების ტანჯვა-წამების ხარჯზე ეშმაკის მიერ ნაჩუქარ ამქვეყნიურ ნებივრობას ხალხი ჩააშხამებს და ჯოჯოხეთის კარზე მიკაკუნებამდე ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს.

მთელი ქართველი ხალხი ემზადება საშინელი «ნაციონალური მოძრაობის» ჭუჭყის ჩამოსარეცხად. ამას კარგად გრძნობენ ეს ბოდვისშვილები და იმის მაგიერ, რომ ჩადენილი ცოდვების გამოსასყიდად, სიკეთის გზას დაადგნენ, კიდევ უფრო ღრმად ეფლობიან დანაშაულის სიბინძურეში.

თუ ხალხის სასიკეთოდ ირჯებიან, რაღად უნდათ იმავე ხალხის დასარბევად შემართული, ჟანდარმერიად ქცეული უამრავი შეიარაღებული ფორმირებები. რაში სჭირდებათ ხელისუფლებაში ისეთი ჯდომა, როცა ხალხი ამათ დანახვაზე იწყევლება და ფურთხს არ იშურებს. იქნებ დაინტერესდნენ და თვალი გადაავლონ ისტორიას, თავის ხალხთან მებრძოლ ხელისუფლებას ძალადობით რაც უფრო გაუხანგრძლივებია თავისი არსებობა, მით უფრო სავალალო ყოფილა მათი დასასრული. ამათ კი იმდენი მუხთლობის ჩადენა მოასწრეს, რომ იციან, ამგვარი მძიმე ტვირთით ხალხის სამსჯავროს წინაშე წარდგენა სახუმარო არ იქნება; ამიტომაც აღრჭენენ კბილებს კუთხეში მიმწყვდეული ვირთხებივით.

ქართველ კაცს რატომ არ უნდა გეამაყებოდეს საკუთარი პრეზიდენტი, მაგრამ მისი საქციელი სირცხვილის ოფლს გგვრის. ხალხის მიმართ შეუბრალებელი დესპოტი ერის ინტერესებს ფეხქვეშ როგორ უგებს თავის მფარველს შერცხვენილი პოსტის შესანარჩუნებლად, ამის მხილველს გული გიკვდება.

ლაქუცით მისდევს კლინტონის ქალბატონს გატანჯული საქართველოს ბედნიერი პრეზიდენტი და ანგარიშს აბარებს, პირველი კლასიდან ქართველ ბავშვებს როგორ აძალებენ ინგლისური ენის სწავლას, რამდენი ათასი ინგლისურის მასწავლებელი მოიყვანეს და რომ კიდევ უფრო გაზრდიან მათ რიცხვს. ალბათ, უფრო დიდ წარმატებად მოახსენებს, ამათგან რამდენია ფლეთჩერის კლარნეტიანი, რომ საქართველოში ერთსქესიან ქორწინებას დააკანონებენ და პედერასტების აღლუმის ჩატარებას ვეღარავინ შეუშლის ხელს. ის ქალბატონიც სიამოვნებით ისმენს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი, საზღვრებმორღვეული ერის პირმორღვეული პრეზიდენტი როგორი აღფრთოვანებით ახსენებს ავღანეთში ქართველი სამხედროების კონტინგენტის გაზრდის შესახებ. უსმენს ქალბატონი და უკვირს, რა სასწაულებრივი ლაქია იშოვეს, მთელ მსოფლიოში არ მოიძებნება ისეთი პრეზიდენტი თავისი ხალხის ჩამოსახრჩობი თოკით თვითონ რომ დარბოდეს, ოღონდ მას ერთგული გოშიას სალაფავი არ მოაკლდეს.

საქართველოს ტელევიზია კი სიამაყით გვამცნობს გერმანიაში კონდოლიზა რაისისთვის კიდურებდაკარგული ქართველი მეომრის ერთადერთი ხელის ჩამორთმევის ბედნიერებაზე. ადრე იყო ასეთი ანეკდოტი: სეროჟას ჰკითხეს, არ გინდა, მავზოლეუმში იწვე და ლენინი იყოო. ლენინს ჰკითხეთ, არ უნდა, ცოცხალი სეროჟა იყოსო? _ უპასუხა. სიცოცხლეს საშინელ ხეიბრად შემორჩენილი ქართველი ვაჟკაცი იმ ქალბატონის ხელის ჩამორთმევამ გააბედნიერა? რა ცოდვილია ენა მუხთალი ტვინის სამსახურში, მისი ჭკუის დანაკლისით თავხედობა რომ ზეიმობს.

ავღანეთიდან ნატოს წევრ ქვეყნებს ჯარები გამოჰყავთ თავიანთი ხალხის პროტესტის შიშით. ამ დროს გამოჩნდა პატარა, გაღატაკებული, დარბეული ტერიტორიებშემოღრღნილი ქვეყნის მეტიჩარა პრეზიდენტი და იქაჩება ავღანეთში ჯარების გასაგზავნად. ამ უცხოეთის პირმოთნე მსახურს ისინიც ჰპირდებიან ნატოს წევრობას, როგორც ორთვალაში შებმულ სახედარს მის ცხვირწინ ჩამოკიდებული ბალახის შეჭმას. სახედარიც ჭაპანწყვეტით მიაგორებს ტვირთს მწვანე ბალახის მიწვდომის იმედით, რომელიც არც მიეცემა და არც დაეკარგება.

ამ პრეზიდენტის შემყურეს საკუთარი თავი შეგეცოდება შენს მრავალტანჯულ სამშობლოსთან ერთად და უნებლიეთ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გაგახსენდება _ პრეზიდენტის მგზნებარე მეხოტბე, რომლის წარმოდგენით თანამედროვე დავით აღმაშენებელი საქართველოს ტერიტორიებს უნდა ანიავებდეს; თავის მიერვე დაწყებული ომიდან გამოქცეული ცხვირით მიწას უნდა ხნავდეს, საქართველოს აქუცმაცებდეს და საქართველოს აღიარებულ დედაქალაქს იქით მიათრევდეს, საიდანაც დავით აღმაშენებელმა დაქცეულ-დარბეული საქართველოს აღდგენა დაიწყო; ამერიკელთა პამპერსების მომარაგებით გულმოსული ყვირილით უნდა იკლებდეს ქვეყანას, ომი იმათ დაიწყეს, მე კი გავიმარჯვეო. ახლა მაგას თუ მხედველობაში აქვს მილიარდობით დოლარით დახმარება, ნამდვილად გაიმარჯვა, მაგრამ ხალხს რა?.. აღმართი და დაღმართი არც ერთია წარმართი. რაც პრეზიდენტია, შესაფერისი მეხოტბეც იშოვა. ალექსანდრე მაკედონელმა აქილევსის ძეგლს უთხრა: ჟამთააღმწერელს უმადლოდე შენი სახელის სიდიადესო. კალისტრატემ კი მიშას შექებაში იძუნწა, უფალს რომ არ შეადარა. ჰიტლერის ეპისკოპოსი _ ლუდვიგ მიულერი უფრო ბარაქიანად ქადაგებდა: განგებამ ქრისტე აღამაღლა ცათა შინა, ჰიტლერი კი თავის წარმომადგენლად დატოვა ამქვეყნადო. ალბათ, კალისტრატე ამ იაღლიშს მომავალში გამოასწორებს, რამეთუ ენას ძვალი არ აქვს, გაჭენებულ პირმოთნეობას კი _ აღვირი.

სავალალო კი ის არის, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ბატონყმობის დონემდე დავეშვით. რა ვქნათ, მაინც ხომ ვარსებობთ და დემოკრატიის ნიღაბაფარებული მოძალადენი ამ ცივილიზებულ და ჭკუით გაძეძგილ ქართველებს ხიდან ახლადჩამომხტარ პაპუასებივით «მიშა, მიშას» აღრიალებენ.

«ერთი შერჩა მელასა, სხვას დაუწყებს კბენასა». უამრავი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ხალხი, დიდი ხანია, გააგზავნიდა მოუსავლეთში. ესენი კი, ყოველ შერჩენილ დანაშაულზე გათამამებულები, უფრო უარეს ცოდვას იკიდებენ.

მთელი საქართველო გაოგნებულია ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით იმათ მიერ, ვინც საქართველოს მოქალაქეობის ღირსი არ არის.

მე პირადად არ ვიცნობ მას და არც არავითარი ურთიერთობა არ მაქვს «ქართულ ოცნებასთან». ასე რომ, ეს ხელისუფლება ვერაფრით ვერ მომაკრავს მოსყიდულის იარლიყს. მაგრამ განა არ აღშფოთდება ყველა რიგითი ქართველი იმ ძალადობრივ, ცალმხრივ კანონებზე, რომლითაც ყაჩაღურად ეწევიან სამარცხვინო ლაშქრობას ბიძინა ივანიშვილის და, აქედან გამომდინარე, მთელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

მუსოლინი ბრძანებდა: მეგობრებს _ ყველაფერი, სხვა ყველას _ კანონი. ნახეთ, როგორი წარმატებით აქვთ ათვისებული ამ პირველი ფაშისტის დამოძღვრა. ოღონდ არც ის უნდა დაავიწყდეთ, როგორი წარმატებით გადალახა ამ არსებამ ამქვეყნიურობის ფინიშის ხაზი.

გონს მოდით, ხელისუფლების ნებიერნო! ქართველი ხალხის მოთმინების ფიალა გადავსებულია. გაჯიუტების გარეშე დატოვეთ თქვენ მიერ შერცხვენილი პოსტები, რათა ხალხმა შემწყნარებლურად იმსჯელოს თქვენს ცოდვებზე. ნუ ინებებთ მათი ბედის გაზიარებას, ვინც ხალხის სამართლიან მოთხოვნას ძალადობითა და რეპრესიებით უპასუხეს.

გივი სომხიშვილი,

დავით აღმაშენებლის სახელობის

პრემიის ლაურეატი, მწერალი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here