Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ბერძენიშვილი: ვანო მერაბიშვილი ოლიგარქია, აბა, რა არის?!

ლევან ბერძენიშვილი: ვანო მერაბიშვილი ოლიგარქია, აბა, რა არის?!

1069

კოალიცია «ქართული ოცნების» ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება არჩევნების გასაყალბებლად არის გათვლილი. საინტერესოა, საიდან მოიტანს «გაღლეტილი» პრემიერ-მინისტრი მილიარდებს და რა სარგებელს მოუტანენ ხალხს. მართლაც რომ დადონ ეს ფული და დაგვათვლევინონ, მათ არ აქვთ წარმატების შანსი, _ აცხადებს ბერძენიშვილი «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში, _ ჩვენ მაინც მოვალთ ხელისუფლებაში და, თუ არ მოგვცემენ დამსახურებულ პირველ ადგილს, მაშინ ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზს მოვუწყობთ და ამას მთელი საქართველო დაინახავს.

_ ბატონო ლევან, სახელისუფლო გადანაცვლებები, რომლებიც ახლახან განხორციელდა, და ვანო მერაბიშვილის გაპრემიერება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას?

_ სამინისტროებში ახალაიების, შაშკინების გადაყვანა-გადმოყვანა  მიუთითებს იმაზე, რომ «ნაცმოძრაობა» აპირებს ომს არჩევნების მოსაგებად. ახლა ისინი ფიქრობენ, თუ როგორ გააყალბონ არჩევნები. დააკვირდით _ მე რომ ვთქვა, 1000-ლარიან ვაუჩერს დაგირიგებთ-მეთქი, მოსყიდვა იქნება, მაგრამ, თუ ვანო იტყვის, არ იქნება მოსყიდვა. ამასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ 1000 ლარი 4 წელიწადზე უნდა გაიყოს, წელიწადში არის 12 თვე და, 48 თვეზე რომ გაყოფენ, დანამატი ერთ ოჯახზე თვეში იქნება 20 ლარი და, ამით თუ აპირებენ ამომრჩევლის გულის მოგებას, ეს არასერიოზულია, თუმცა კარგად არის მოფიქრებული და ჟღერს. ცალკეულმა მოქალაქეებმა თქვეს, რომ 1000 კარგია, მაგრამ, რომ ამბობენ, იმაში დავხარჯავ 4 მილიარდს, ამაში _ 3 მილიარდსო, სააკაშვილმა ხომ გვითხრა ვანო მერაბიშვილზე, გაღლეტილიაო. ჰოდა, ახალი პრემიერი რომ გვპირდება, იმდენი მილიარდი საქართველოს ბიუჯეტში არ ყოფილა არასოდეს და არც იქნება. მაშ, საიდან მოიტანს ამ ფულს «გაღლეტილი» ვანო მერაბიშვილი?

_ საიდან მოიტანს, თქვენი აზრით?

_ ვერ მოიტანს, უბრალოდ, გვატყუებენ. მათი განცხადებები არის პოპულისტური და ცრუ.

_ ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ითქვა, რომ კოალიცია «ქართული ოცნება» ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ეწინააღმდეგება…

_ «ქართული ოცნების» ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ძალიან გვინდა ნატოში გაწევრიანება; გვინდა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა იმსახურონ ავღანეთში; გვინდა «აისაფის» პროგრამაში მონაწილეობა და ნატოსთან ღრმა თანამშრომლობა. კოალიციაში შემავალ ყველა სუბიექტს ხელი აქვს მოწერილი ამ პროგრამაზე. ვერ გეტყვით, საიდან მოდის ეს აზრები, შეიძლება ვინმეს ნატოზე უფრო მოსწონს კატო, მაგრამ, რაც შეეხება ნატოს სამხედრო ალიანს, კოალიციას მოსწონს ნატო და მიისწრაფვის ნატოსკენ.

_ თქვენი კოალიცია იმასაც აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს. ნატო და რუსეთი კი შეუთავსებელია, როგორ აპირებთ ნატოში შესვლას და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას?

_ ლიტვა, ლატვა, ესტონეთი, პოლონეთი და ბულგარეთი ნატოს წევრები არ არიან? ამ დროს რუსეთთანაც კარგ ურთიერთობაში არიან… ეს არის «ნაცმოძრაობის» პროპაგანდა და ტყუილი, რომ ნატო და რუსეთი შეუთავსებელია.

ნატოშიც შევალთ, რუსეთთანაც აღვადგენთ ურთიერთობას და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ, თუ გაინტერესებთ ჩვენი პროგრამა, ჩვენ ყველაფერი გვინდა _ ტერიტორიების დაბრუნებაც, რუსული ბაზების გაყვანაც, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც. რომელი რომელს დაასწრებს, არ ვიცით. ჩვენ ყველაფერი ეს გვინდა, სააკაშვილს კი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა არ უნდა; ნატო მინდა, მაგრამ არ გამომდისო და ევროკავშირი დაივიწყეთო, სამაგიეროდ ვიზები გექნებათო. მხოლოდ საქართველოს უთხრა უარი ვიზებზე ევროკავშირმა. ის ლაპარაკი, რომ სააკაშვილმა ევროკავშირს დაგვაახლოვა, არის ტყუილი.

_ რატომ გჯერათ, რომ ნატოში შესვლის პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შეუთავსებლობა მხოლოდ სააკაშვილის პროპაგანდაა? რატომ უნდა მოინდომოს რუსეთმა საქართველოსკენ შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა, თუკი საგარეო პოლიტიკაში სააკაშვილისეული რიტორიკა გაგრძელდება?

_ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას წინ არაფერი უდგას. ჩვენ ახლაც ვმონაწილეობთ რუსეთთან მოლაპარაკებაში ჟენევის ფორმატით. ეს ფორმატი უნდა გაფართოვდეს და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მეგობარი ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების, ჩართვით. რაც შეეეხება ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ეს შესაძლებელია ერთ დღეში. საქართველოს ხელისუფლებას ევროპის მიმართ აქვს მხოლოდ საგარეო ვალები და ქართველები ევროპის მაღაზიებში ქურდობენ. აქედან გამომდინარე, ევროპა არ იქნება თავგადაკლული მომხრე იმისა, რომ საზღვრები წაშალოს ჩვენთან და  უვიზოდ ვიაროთ. როცა დაგჭირდება, ევროპული ბანკი კრიმინალურ ბანკად არ უნდა გამოაცხადო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. ევროპასთან დაახლოება შესაძლებელია კანონების ჰარმონიზაციით… არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვა და ორ წელიწადში ნატოსა და ევროკავშირის წევრები გავხდებით, მაგრამ ძალიან მალე, სამოქმედო გეგმას და მაპს რომ მოვიპოვებთ და ნატოს რეალური კანდიდატები გავხდებით, ამის გარანტიას მე გაძლევთ.

_ ტერიტორიების დაბრუნება მაინც რუსეთს უკავშირდება და, თუ რუსეთი არ დათანხმდება საქართველოს ნატოში შესვლაზე, ისევე, როგორც ტერიტორიების დაბრუნებაზე, ამას ერთი კაცი, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ «ოლიგარქად» მონათლული ბიძინა ივანიშვილი როგორ გააკეთებს?

_ ვერ ვიტყვი, რომ ივანიშვილის მოსვლა ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას, ეს ივანიშვილმაც იცის და მეც, მაგრამ, აფხაზებმა რომ შემოგვითვალეს _ ივანიშვილის მოსვლას ვგულშემატკივრობთ, იმიტომ, რომ რეალისტი კაცია და იმასთან უფრო დავილაპარაკებთო, ესეც ფაქტია. რაც შეეხება ოლიგარქს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხელისუფლებასთან ხარ შეკრული და ამით შოულობ ფულს, ივანიშვილი რა, მინისტრად მუშაობდა რუსეთში ან საქართველოში? ფული იმით იშოვა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული იყო? არა, ივანიშვილი არასოდეს არ ყოფილა ოლიგარქი და, ვინც ამ სიტყვას ამბობს, მან მისი მნიშვნელობა არ იცის. მე გეტყვით, ვინ არის ოლიგარქი _ თუნდაც ბატონი ბენდუქიძე, ის იყო მინისტრი და ამ მინისტრობით შოულობდა  ფულს…

_ ვანო მერაბიშვილი ოლიგარქია?

_ ვანოზე რომ ამბობს სააკაშვილი, გაღლეტილიაო, სინამდვილეში რამდენიმე ქარხნის მფლობელია. ვანო მერაბიშვილი ოლიგარქია, აბა, რა არის?!

_ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დროა და დაპირისპირება სახელისუფლო გუნდსა და კოალიციას შორის უფრო გაღრმავდება…

_ რამდენიმე პოლიტიკოსს ჩასვამს ციხეში, არჩევნებს გააყალბებს, გააშავებს, მერე გამოვა ახალი ფილმი «ნოემბრიდან ნოემბრამდე», გაირკვევა, რომ ჩვენ _ ყველა რუსეთის აგენტები ვართ, ეს ყველაფერი იქნება, მაგრამ არჩევნებს მაინც მოვიგებთ.

_ სხვათა შორის თქვენი კოალიციის ლიდერი თავიდან მერაბიშვილის მიმართ სიმპათიურად იყო განწყობილი…

_ არა, მერაბიშვილი არავის სიმპათიას არ იმსახურებს, უბრალოდ, ივანიშვილმა თქვა, რომ მერაბიშვილი კარგი მენეჯერიაო; მერე ეს სიტყვები  უკან წაიღო და თქვა, რომ იმდენი რამ აქვს ჩადენილი, რომ ყველა სიმპათია, რომელიც მის მიმართ მქონდა, გაქრაო. მერაბიშვილი ჩვენი კაცი რომ იყოს, ჩვენ გამოვდგებით და დავიწყებთ მის ჩაშვებას სააკაშვილის კარზე? დაე, ასე იფიქროს სააკაშვილმა. მაგრამ, თუ ვინმე ფიქრობს, რასაც ნათელაშვილი ამბობს, რომ მიშა და ბიძინა შეკრულები არიანო, ამას ჰქვია რაღაც დაავადება, მთლად ინფექციური არ არის, მაგრამ აშკარად ავადმყოფობაა. მას მანია გრანდიოზა ჰქვია, თითქოს მთელი მსოფლიო იკრიბება შენ წინააღმდეგ, ხანდახან მეც ვფიქრობ, რომ ჩემ წინააღმდეგ შეკრულია ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ზოგიერთი ჟურნალისტიც.

_ კოალიციაში შემავალი რესპუბლიკელები არც ისე სიმპათიით სარგებლობთ მოსახლეობაში, თქვენ მხარს უჭერდით სექსუალურ უმცირესობებს და რელიგიურ უმცირესობებს, მართლმადიდებლური ღირებულებების უპატივცემულობის ხარჯზე…

_ გეტყვით იმას, რომ ჩვენ არასოდეს ვუჭერდით მხარს ცალკე რომელიმე ჯგუფს, მათ შორის ეთნიკურ ან სექსუალურ უმცირესობებს, ჩვენ მხარს ვუჭერდით კონკრეტულ ადამიანს. საქართველის კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები განურჩევლად და მერე არის გრძელი სია ჩამონათვალის; ამ სიაში კანის ფერი, აღმსარებლობა და სხვა რამ არის მითითებული. თუ ვინმეს არ მოსწონს საქართველოს კონტიტუცია, ეს ჩემი პრობლემა არ არის. რაც შეეხება მართლმადიდებლობას, მას მართავს დღეს საქართველოში ერთადერთი კანონი, რომელსაც ჰქვია კონკორდატი და  რესპუბლიკელების _ ოთარ ზოიძისა და პაატა ზაქარეიშვილის მიერ არის  ინიცირებული. ტყუილია ის, რომ ჩვენ ხმალამოღებული ვებრძვით მართლმადიდებლობას, მაგრამ ყველა ადამიანს დავიცავთ, ნებისმიერი აღმსარებლობისა თუ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს, ადამიანი დგას ყველაზე მაღლა.

_ საუბრის დასასრულს ისევ არჩევნების შესახებ გკითხავთ: თქვენ გეგმავთ გამარჯვებას და ხელისუფლებაში მოსვლას. რას გააკეთებთ, თუკი ვერ მოხვალთ უმრავლესობით _ შეხვალთ პარლამენტში და შექმნით კოალიციურ მთავრობას თუ არ ცნობთ შედეგებს და დაადგებით პროტესტის გზას?

_ ჩვენ ვგეგმავთ პირველ ადგილს, სხვა საკითხს არ განვიხილავთ. სხვა საკითხების განხილვა დაიწყება მაშინ, როცა ეს ვერ ან არ იქნება მიღწეული. თუ არჩევნები გაყალბდება, ჩვენ მაინც დავაფიქსირებთ გამარჯვებას, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს და დავიცავთ ყველა ხმას. იმ შემთხვევაში, თუ მოვიგეთ არჩევნები და გამოგვიცხადეს, არა, თქვენ არ მოგიგიათ, ჩვენ მოვიგეთო… ამ შემთხვევისთვის ჩვენ ხელისუფლებას ძალიან საინტერესო სიურპრიზს ვუმზადებთ.

_ საინტერესოა, რას?

_ ძალიან საინტერესოა, მთელი ქართველი ხალხი ნახავს ამ სიურპრიზს.

ესაუბრა ეთერ ბალაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here