Home რუბრიკები საზოგადოება დავით წიქარიშვილი: მაია მიმინოშვილი გიული ალასანიას სტრატეგიული პარტნიორი იყო, ის დღესაც ხელისუფლების...

დავით წიქარიშვილი: მაია მიმინოშვილი გიული ალასანიას სტრატეგიული პარტნიორი იყო, ის დღესაც ხელისუფლების კადრია

833

საქართველოს განათლების მუშაკთა თავისუფალი პროფესიული კავშირის _ «ერთობის» ერთერთი ლიდერის, დავით წიქარიშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები თუ უხვი დაპირებები, მათ შორის, დასაქმების სამინისტროს ამოქმედება, მხოლოდ წინასაარჩევნო პიარია და რეალური ცვლილებები დასაქმებისა თუ განათლების სფეროში არც ამჯერად  განხორციელდება.

_ ბატონო დავით, რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს უმუშევრობის პრობლემის დაძლევის სურვილი?

_ ხელისუფლებას არ უნდა დასაქმებული, წელში გამართული ქართველი. ხელისუფლებას რომ უმუშევრობის დაძლევა სურდეს, ეს პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებული იქნებოდა. ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აქამდე არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ტრაგედია ისაა, რომ, როგორც წესი, საქართველოში ტენდერებს იგებენ თურქული ან სხვა უცხოური ფირმები. მერე რა, თუ სახურავი ჩამოინგრა ან გზები გახდა თავიდან დასაგები(?!). სახეზე გვაქვს შემდეგი სურათი: თურქული კომპანია საქართველოში თავისი მუშებით შემოდის, მაგრამ თურქი მუშა, რომელიც თავის სამუშაოში, მაგალითად, 30 აშშ დოლარს იღებს, 10 ლარს უხდის ქართველს და თავად ზედამხედველობას უწევს მის მუშაობას. ეს არის დღეს ჩვენი დასაქმების პოლიტიკა და, სამწუხაროდ, ქართველების ეთნიკური ნიშნით ჩაგვრასაც არავინ კრძალავს. ის მშენებლობები, რომლებიც ჩვენი ფულით ხორციელდება, მხოლოდ უცხოელებს ასაქმებს.

ქვეყანაში მოქმედი შრომის კანონმდებლობაც ისეთია, რომ მუშახელს, როგორ ხელშეკრულებაზეც გინდა, მოაწერინებ ხელს და, როცა გინდა, მაშინ გაათავისუფლებ სამსახურიდან, შეგიძლია პირად მოსამსახურედაც აქციო და პასუხს ვერავინ მოგთხოვს.

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში უმუშევართა აღრიცხვაც კი არ ხდება და სრულიად გაუგებარია, დღეს რამდენი უმუშევარია ქვეყანაში. თვითდასაქმებულს ეძახიან ადამიანს, რომლსაც საარსებო მინიმუმის მეოთხედი აქვს შემოსავალი. თავად ტერმინიც «სამუშაო ადგილი» არ არის განმარტებული კანონში და, ვისაც რაიმე ერთჯერადი შემოსავალი აქვს, ყველა დასაქმებულად ითვლება. საქართველოში რეალურად, 16% კი არა, 76%-ია უმუშევარი. ამას გარდა, საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც უმუშევარს არანაირ დახმარებას არ აძლევენ. მართალია, განაცხადეს, «სამუშაოს მაძიებელთა» აღრიცხვას ვიწყებთო, მაგრამ ამ ტერმინით უნდოდათ, ტერმინ «უმუშევარს» გაქცეოდნენ. სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა კი არ უნდა დაიწყოს, უმუშევართა აღრიცხვა ყოვედღიურად უნდა მიმდინარეობდეს. ასევე უნდა ხდებოდეს იმ ხალხის აღრიცხვა, ვინც დაბალშემოსავლიან საქმიანობას ეწევა, თუმცა თავისი პროფესიონალიზმითა და განათლებით უკეთეს სამუშაო ადგილს იმსახურებს. ამით სახელმწიფოსა და ოჯახსაც მეტად არგებს. თუ მთავრობას არ შეუძლია ხალხის დასაქმება, პრობლემა მთავრობაშია და არა ხალხში. ჩვენი თანამემამულეები საზღვარგარეთ დღე და ღამეს ასწორებენ, რათა ოჯახები არჩინონ.

შრომის საერთაშორისო განაწილებაში საქართველოს იოტისოდენა ადგილიც არ აქვს, მართლა დასაქმებაზე ორიენტირებული მთავრობა ამ ადგილს აუცილებლად მოძებნიდა. შადრევნების ყიდვას და ნაფტალინიდან ამოღებული მომღერლების ჩამოყვანას, ქარხანა ეყიდათ ან, დავუშვათ, «მერსედესის» დონის რომელიმე ფირმას შეთანხმებოდნენ და მათ შეკვეთაზე ემუშავათ. ამერიკას ქარხნები გააქვს ჩინეთში, ამით გაძლიერდა ჩინური მრეწველობა და დღეს მსოფლიოს ნებისმიერი ბაზრისთვის მზადდება ჩინური საქონელი, რომელიც ხარისხიანიცაა და იაფიც…. შედეგად: ჩინელები ახალ ტექნოლოგიებს სწავლობენ. ერთი ქარხნის აქ აშენება ამხელა პრობლემაა? ჩინეთის მთავრობას ენდობიან და ჩვენსას _ არა.

დღეს ბევრს საუბრობენ ტურიზმის განვითარებაზე, თუმცა ტურიზმი სპობს და აჩანაგებს მრეწველობას. ინდუსტრიული პეიზაჟის სანახავად საქართველოში არავინ ჩამოვა. ტურისტს არ უყვარს, როცა ათვალიერებს ისტორიულ ძეგლს, რომლის გვერდითაც ქარხანა მუშაობს. დარწმუნებული ვარ, სპეციალურად აირჩიეს პრიორიტეტად ტურიზმი, რომ მრეწველობა ვერ განვითარებულიყო.

ამას გარდა, ბიზნესი მთლიანად მაღალჩინოსნების ხელშია. რეალურად, ხელისუფლების ტერორმა, კორუფცია კი არა, ბიზნესი დაამარცხა.

_ ახალი პრემიერმინისტრის _ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, უმუშევართა რაოდენობა სამი ათასით შემცირდება. «მზად ვარ, ნებისმიერ ინვესტორს გადავუხადო იმდენი მადლობა, რამდენ ადამიანსაც დაასაქმებენ. ჩვენს ჩინელ მეგობრებს სამი ათასი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ მათ საქართველოში 3 ათასი სამუშაო ადგილი შექმნეს», _ განაცხადა პრემიერმა.

_ ამერიკაში რომ დაიწყეს შესვლა ჩინელებმა, ისინი იაფი მუშახელი იყვნენ. 30 წელიწადში უზარმაზარი პრობლემები გაუჩინეს ამხელა რესურსების მქონე ქვეყანას. კარგია, როცა შემოდის მეწარმე, ქარხანას აშენებს, ადგილობრივ მუშახელს ქირაობს, მაგრამ ასეთი შემთხვევა ჯერ ჩვენთან არ ყოფილა. ჩინელები, რომლებიც აქ შემოვიდნენ, წარმოების განსავითარებლად კი არ შემოსულან, ისინი ჩვენს ტერიტორიას ითვისებენ. საერთაშორისო პრაქტიკაში ამას ეთნიკური შეჭრა ეწოდება. დიდი სიფრთხილე იყო საჭირო ამ ხალხთან ურთიერთობაში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ფულის მეტს ვერაფერს ხედავს და ამჩნევს.

_ მასწავლებლების ატესტაცია ადამიანის შრომითი უფლებების დარღვევად შეაფასეთ. რატომ ფიქრობთ ასე? ცუდია, როცა მასწავლებელს შესაბამისი ატესტაციის გავლის შემდეგ მაღალი ხელფასი ექნება?

_ თუ მაღალი ხელფასი დაენიშნება მასწავლებლებს, ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი ზღაპრებია. მე ვიცი, მასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს ატესტაცია, მიიღეს უმაღლესი კატეგორია, იმავე თვეში გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხოლო მას შემდეგ, რაც მათ სხვაგან დაიწყეს მუშაობა, არავის გაუთვალისწინებია, რომ ატესტაცია ჰქონდათ გავლილი.

ამ ატესტაციის მიზანია მასწავლებლების შემცირება. 2013 წლის არჩევნები ჩაივლის და მასწავლებლებიც არავის დასჭირდება. როგორც გიგი უგულავაზე ამუშავეს ისინი ადგილობრივი არჩევნების წინ და შემდეგ დაივიწყეს მათი «ღვაწლი» და  გაყარეს სამსახურებიდან, ახლაც ასე მოხდება. ამას გარდა, სრულიად გაუგებარ ტესტებს აბარებენ პედაგოგები, რომლებიც მათ არაფერში სჭირდებათ.

_ თქვენს ერთერთ წერილში მანდატურის მუშაობას გმობდით. რა საფრთხეს ხედავთ მანდატურის სამსახურში, რომელიც ხელისუფლებამ სკოლებში სწორედ უსაფრთხოების მიზნით დანიშნა?

_ არავითარი წესრიგი სკოლებში არ დამყარებულა. ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ წესრიგი და საკონცენტრაციო ბანაკის მდგომარეობა. ის, რომ ბავშვებს თამაშისა და გაკვეთილების შემდეგ სირბილის ან 5 წუთით დაგვიანების ეშინიათ, ამას წესრიგს ვერ დავარქმევ. ასე გავატარეთ ჩვენ ბავშვობა და ამას არც მანდატური სჭირდებოდა და არც მედილეგე. ბავშვები სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. დღეს სკოლებში არ არის წესრიგი, არის ტერორი.

_ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა, აღმოაჩინა, რომ განათლების სფეროში ბევრი დარღვევა ყოფილა. შაშკინის მუშაობას როგორ შეაფასებთ და შეიცვლება თუ არა რაიმე მისი წასვლის შემდეგ?

_ შაშკინის მოღვაწეობას მკვეთრად უარყოფითად შევაფასებ. მის ხელში დაიხურა ასობით სკოლა და განათლების სისტემა ჟურნალისტებისგან და საზოგადოებისგან სრულიად იზოლირებულ, შიშსა და ტერორზე დამყარებულ დაწესებულად გადაიქცა. არ დაწყებულა დიალოგი საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან, მაგალითად, უცხოეთიდან არც ერთი კვალიფიციური პროფესორი არ მოუწვევიათ, რომელიც ლექციების კურსს ორი სემესტრის განმავლობაში მაინც წაიკითხავდა. ერთჯერად სემინარს ან ლექციას არ ვგულისმხობ. ამიტომაა ჩვენი უნივერსიტეტის მომზადებული კადრები არავის სჭირდება, აქაც კი. განათლების სფეროში სრული იზოლაციონალიზმია და შაშკინის მოღვაწეობა რეპრესიებს უფრო ჰგავდა, ვიდრე საკადრო პოლიტიკას. პედაგოგების ასეთი დევნა, თანაც პოლიტიკური ნიშნით, რაც შაშკინის დროს დაიწყო, მანამდე არ ყოფილა. თუ რეალურად რაიმეს შეცვლა სურთ, მინისტრი კი არა, პოლიტიკა უნდა შეცვალონ.

საქართველოს ხელსაყრელი მდებარეობა აქვს რეგიონში, შეგვეძლო ამ მდებარეობის სწორად გამოყენება, უნივერსიტეტების სწორი რეფორმირება და ნორმალური საგანმანათლებლო პოლიტიკითა და სწორად დაგეგმილი კურსით, მილიონ ტურისტს კი არა, მილიონ სტუდენტს მოვიზიდავდით. დავიჯერო, არავის მოსვლია ეს აზრად? მაგრამ ხელისუფლებას ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარების ეშინია.

რაც შეეხება მაია მიმინოშვილს, ის იყო გიული ალასანიას სტრატეგიული პარტნიორი და, რამდენადაც მე ვიცი, დღესაც მის პარტნიორად რჩება. ამდენად, მისი მოხსნა და შემდეგ შაშკინის თავდაცვის მინისტრად გადაყვანა ერთმანეთთან კავშირშია. ის შეხვდა ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ჩანს, კადრებით ივანიშვილის მომარაგების საქმეში «ნაციონალები» მაგრები არიან. ისეთ ვინმეს მოხსნიან და ისეთი მიზეზით, «ოცნებას», უნდა თუ არა, რეაგირება უწევს. მიმინოშვილი ისევ ხელისუფლების კადრია. ხოლო საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს მიმინოშვილის დროს ყველაფერი კარგად იყო, ძალიან დიდი ტყუილია. უმაღლეს სასწავლებლებში წერა-კითხვის უცოდინარი სტუდენტები სწავლობენ, რაც სატელევიზიო სიუჟეტებშიც არაერთხელ ვიხილეთ. სტუდენტებმა არ იციან, ილია ჭავჭავაძე  ვინ იყო. განათლების სფეროში ხელისუფლების მთავარი მიზანი, კორუფციის დაძლევა კი არა, სწავლის ხარისხის ამაღლება უნდა ყოფილიყო. ნიჭიერები ვერ იღებენ დაფინანსებას, ათასობით სტუდენტი ვერ ამთავრებს სწავლას, მარტო უფულობის გამო კი არა, მათ ნახევარზე მეტს ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ჰყოფნის.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here