Home რუბრიკები პოლიტიკა ელისო კილაძე: ჟრიამული, რომ «მიშა დამთავრდა» და შემოდგომაზე ხელისუფლებიდან წავა, აბსურდია

ელისო კილაძე: ჟრიამული, რომ «მიშა დამთავრდა» და შემოდგომაზე ხელისუფლებიდან წავა, აბსურდია

806

«მითები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგად წავა და გზას სხვა პოლიტიკურ ძალას, ანუ ბიძინა ივანიშვილს დაუთმობს, ამ საკადრო ცვლილებებით დაიმსხვრა», _ აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა «ჩემი საქართველოს» ხელმძღვანელი ელისო კილაძე, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი ახლა საარჩევნო პროცესის სრულად და კარგად გაკონტროლებაა.

_ გაზრდის თუ არა ხელისუფლების რეიტინგს წინასაარჩევნოდ განხორციელებული საკადრო ცვლილებები?

_ მიხეილ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით ყველა მის პოლიტიკურ ოპონენტს მკაფიოდ უთხრა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებს, ანუ მითები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგად  წავა და გზას სხვა პოლიტიკურ ძალას, ანუ ბიძინა ივანიშვილს დაუთმობს, ამ საკადრო ცვლილებებით დაიმსხვრა. პირიქით, ამჯერად სააკაშვილმა პოლიტიკურ არენაზე ყველაზე მძიმეწონიანი ფალავანი _ ვანო მერაბიშვილი გამოიყვანა. ცნობილია, რომ ივანიშვილს სურს, მომავალში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს, სააკაშვილმა კი თავის ფალავანს, მერაბიშვილს,  სწორედ პრემიერის თანამდებობა ჩააბარა და ძალიან მკაფიო დავალება მისცა: ვანო მერაბიშვილმა უნდა დაიცვას ეს თანამდებობა, ანუ ერთმანეთის პირისპირ საარჩევნო რინგზე ივანიშვილი და მერაბიშვილი დგებიან. ბიძინა ივანიშვილი ვერ გააკეთებს მერაბიშვილის მიმართ მკვეთრ კრიტიკულ განცხადებებს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, მან ლამის ყველა თავის ინტერვიუში თქვა, რომ ვანო მერაბიშვილმა პოლიციაში კარგი რეფორმები გაატარაო, რამაც საზოგადოებაში იმის განწყობაც კი შექმნა, რომ მერაბიშვილი შეიძლებოდა ივანიშვილის მხარეს გვეხილა, თუმცა ამ საკადრო გადაწყვეტილებით ეს ეჭვიც უარყოფილი იქნა.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები და ჟრიამული იმის თაობაზე, რომ «მიშა დამთავრდა» და შემოდგომაზე ხელისუფლებიდან წავა, აბსურდია. სააკაშვილი ექსტრემალური სიტუაციების პოლიტიკოსია. მან ყოველთვის იცის, რომ უნდა გარისკოს და აქამდე, 8 წლის განმავლობაში, მისი რისკი ყოველთვის  ამართლებდა, ამიტომ ვაივიში, რომ სააკაშვილი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, არარეალური და არაადეკვატურია, ვფიქრობ, არასწორიც. მან გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.

  პრეზიდენტმა საკმაოდ დიდი უფლებამოსილება მიანიჭა ძალოვან მინისტრებს, კონკრეტულად კი ძმებ ახალაიებს _ ერთი ძმა შს მინისტრად, მეორე კი, ფაქტობრივად, თავდაცვის მინისტრად დანიშნა, რადგან ვფიქრობ, დიმიტრი შაშკინი თავდაცვის სამინისტროში მხოლოდ სიმბოლური მინისტრი იქნება.

_ რატომ გაუზარდა მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილება მაინც და მაინც ძმებ ახალაიებს წინასაარჩევნოდ ასეთ საპასუხისმგებლო პოსტებზე?

_ დიდი ხანია, ძმები ახალაიები  სააკაშვილის მეგობრები არიან და მასთან ერთად ბევრი რამ გააკეთეს, კარგიც და ცუდიც. სააკაშვილმა არამარტო უფლებამოსილება გაუზარდა, არამედ პირველი პირი გახადა ბაჩო ახალაია იმ უწყებაში, რომელიც გადამწყვეტია ყველა საარჩევნო კამპანიის დროს, და ნურავის ექნება ილუზია, რომ არჩევნები პოლიციისა და თავდაცვის სამინისტოს გარეშე ჩატარდება. ამასთან, ძალოვანი უწყებები პრემიერ-მინისტრს კი არ ექვემდებარებიან, არამედ პირადად პრეზიდენტს. და მგონი, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს…

_ ამბობენ, რომ ხელისუფლებას სწორედ ივანიშვილის გამოჩენამ აურია გეგმები და აღნიშნული ცვლილებებიც ამის შედეგია.

_ ცხადია, რადგან თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთი მოთამაშე შემოვიდა პოლიტიკურ სივრცეში, მრავლისმეტყველი იყო და არა _ ჩვეულებრივი და შემთხვევითი მოვლენა. იმ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის დროს მიიღო (მხედველობაში მაქვს დიპლომატებთან შეხვედრები), დაემატა ხალხმრავალი აქციები და, რამდენადაც სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ჩაიყენოს თავი ხელისუფლებამ და თქვას, რომ «ქართული ოცნების» მიერ გამართულ ქუთაისის საპროტესტო აქციაზე მხოლოდ 6 ათასი კაცი გამოვიდა, ხოლო თბილისში 30 ათასი კაციო, ხელისუფლებამ ყველაზე უკეთ იცის, სინამდვილეში რამდენი კაცი გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად.

ბუნებრივია, ამ რეალობამ ადეკვატური შედეგი გამოიღო და საკადრო ცვლილებებიც სწორედ არსებულმა პოლიტიკურმა რეალობამ გამოიწვია.

_ მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ მოხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, მაგრამ სააკაშვილმა არ შეცვალა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, რომლის მიმართაც საზოგადოებას საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვს.

_ მთავრობის ახალ შემადგენლობაში კობა სუბელიანი რომ არ მოხვდა, ეს ძალიან კარგია, ვინაიდან დევნილთა და განსახლების სამინისტრო ძალიან არაადეკვატური იყო დევნილებთან მიმართებაში. მეორე მხრივ, ეს ცვლილება ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ გიგი უგულავას გავლენა, რომლის მეგობარიც არის კობა სუბელიანი, პრეზიდენტის კარზე მნიშვნელოვად შემცირდა.

ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ კალმახელიძესაც შეცვლიდნენ, რადგან ციხეებში არსებული ვითარება, არამარტო პატიმართა რაოდენობის სიმრავლით, არამედ მათდამი მოპყრობის თვალსაზრისითაც უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება და ხათუნა კალმახელიძის გათავისუფლება ხელისუფლებას გარკვეულ ქულებს მოუტანდა, მაგრამ ეტყობა, სუბელიანის გაშვება და გიგი უგულავას განაწყენება ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და გიგა ბოკერია კალმახელიძის გათავისუფლებით არ მოიმდურეს. რადგან, როგორც ვიცი, ბოკერია თავდაცვის მინისტრის პოსტზე ბათუ ქუთელიას კანდიდატურას ლობირებდა და აქ პრეზიდენტმა არ დაუთმო და მოიყვანა თავდაცვის სამინისტროში დიმიტრი შაშკინი, რომელიც ასევე ამერიკელებისთვის მისაღები კადრია, თუმცა მას სააკაშვილმა პირველ მოადგილედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამსახურის უფროსი დათა ახალაია დაუნიშნა.

_ საბოლოო ჯამში, როგორ ფიქრობთ, გაამართლებს აღნიშნული ცვლილებები ხელისუფლებისთვის?

_ საბოლოო ჯამში, ხელისუფლების მიზანია საარჩევნო პროცესის სრულად და კარგად გაკონტროლება. ასე რომ, ამ მიზნით, ეს ცვლილებები სააკაშვილმა  მართებულად განახორციელა. სხვა საკითხია, რამდენად გაამართლებს ეს ყველაფერი.

თუმცა არის მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიც: მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლო შტოებს შორის არსებული დაპირისპირება, რომელიც მთავრობის დაკომპლექტების პროცესში არსებობდა, შიდაკულუარული იყო და ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. ვფიქრობ, «ნაციონალური მოძრაობის» საარჩევნო სიების დაკომპლექტების დროს სიახლეები გველოდება, რადგან სააკაშვილის მთავარი ამოცანა იქნება, პარლამენტში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ მერაბიშვილის პრემიერობას. ასე რომ, ხელისუფლების შიგნით სახელისუფლო წრეებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია. რამდენად შეიტყობს საზოგადოება ამის შესახებ, არ ვიცი, მაგრამ გარკვეული ტიპის დაპირისპირება ხელისუფლების შიგნით უკვე გაჩნდა.

გადაიზრდება თუ არა ეს უფრო დიდ წინააღმდეგობაში, ამის პროგნოზირება დღეს რთულია, თუმცა ეს პროცესი აუცილებლად იქნება. იმიტომ, რომ აქ არის ე. წ. ჟვანიას გუნდი და მისი ამბიციები გასათვალისწინებელია, ბოკერიას, ადეიშვილის, თავისუფლების ინსტიტუტის გუნდები და ა. შ. ხოლო 150-კაციანი სია ყველას ამბიციების სრულად დაკმაყოფილების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.

_ ახლახან სოციალურ ქსელში განაცხადეთ, რომ გაქვთ ინფორმაცია იმ მედიაჯგუფზე, რომელიც «ინფო-9»-ის ჟურნალისტებს დასდევს. ვინ არიან ისინი?

_ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ჟურნალისტებზე ზეწოლა, იქნება ეს სახელისუფლო თუ ოპოზიციური მედიასაშუალება. ასევე მიუღებელია, რასაც ზესტაფონში სჩადიან «ინფო-9»-ის ჟურნალისტებთან დაკავშირებით.

ესენი არიან «ნაციონალური მოძრაობის» ახალგაზარდული ფრთის წარმომადგენლები და მათი კურატორი გახლავთ იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გიგა შუშანია, რომელსაც, როგორც ჩანს, საკუთარი პოლიტიკური წარსული დაავიწყდა, როცა ბონდო შალიკიანის საარჩევნო შტაბში პლაკატების გამკვრელად მუშაობდა. ის არ შედგა, როგორც ჩინოვნიკი და ვერ შედგება, როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამ როლს თამაშობს.

ამას გარდა, გიგა შუშანია გახლავთ დეზერტირი, მან თავი აარიდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს და არ ვიცი, საერთოდ რამდენად აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება. მის სამედიცინო ცნობაში, რომელიც ჩემთან ინახება, წერია, რომ არის ავად, ქოშინებს და ჰაერი არ ჰყოფნის. იმედი მაქვს, ვიცე-გუბერნატორის პოსტზე გიგა შუშანიას ეს ჩივილები უკვე აღარ აწუხებს.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვალერი გელბახიანი პარტიის შექმნას აპირებს და მას ინა გუდავაძე დააფინანსებს.

_ ორგანიზაცია «ჩემი საქართველო» ბადრი პატარკაციშვილის გუნდის წევრებმა დააფუძნეს და მისი ხელმძღვანელი ვალერი გელბახიანი გახლავთ, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, ვალერი გელბახიანს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მისთვის ამ უფლების მინიჭებას არც არავინ ჩქარობს.

უამრავი მხარდამჭერი იყო რეგისტრირებული პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბში და მათ დიდ ზეწოლას გაუძლეს. სხვადასხვა რეგიონიდან 340 კაცი ერთდროულად იყო დაკითხვაზე და თითოეულს დაპატიმრების საფრთხე ემუქრებოდა, რადგან სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული პატარკაციშვილის წინააღმდეგ. ეს ერთიანი გუნდი შენარჩუნებულია და მისი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს. არსებობს სახელფასო დავალიანება, ანუ გარკვეული ფინანსური ვალდებულებებიც. ასე რომ, ეს გუნდი ჩამოყალიბდება თუ არა პოლიტიკურ პარტიად, ალბათ, მომავლის საქმეა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მასში არიან თავმოყრილნი მეგობრები, თანამებრძოლები, ერთი იდეის  და არა ფულის გამო გაერთიანებული ადამიანები.

_ ბიძინა ივანიშვილის გუნდს გულისხმობთ? რატომ ფიქრობთ, რომ «ქართული ოცნება» ფულის გარშემო გაერთიანებული პარტიებისგან შედგება?

_ როდესაც ვამბობ, რომ ფულის გამო არიან ეს ადამიანები გაერთიანებულები, დიახ, ბიძინა ივანიშვილის გუნდს ვგულისხმობ. სხვა შემთხვევაში ვერ წარმომიდგენია, რა იდეური ერთიანობა შეიძლება ჰქონდეთ, მაგალითად, «ეროვნულ ფორუმს», რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ეროვნული ძალაა, და რესპუბლიკურ პარტიას, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ფასეულობები ჰქონდა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. მიშა თუ ბიძინა?-არცერთი!
    ჩვენი თვალით ვუყურებთ ,როგორი გამმეტებლები არიან ორივე მხარეს.

  2. არავინ არსად წასვლას არ აპირებს. ორ ოქტომბერს ცას გაანათებს ტრიუმფატორების ფეერვერკები. პოლიტიკურად ატროფირებული ახალგაზრდობი და მშიშარა კაცები ბრძოლას ვერ მოიგებენ.

  3. დიდი ბოდიში, მაგრამ რა არის მთავარი-ის თუ რას აპირებს მიშა, თუ რას უპირებს უფალი მას!
    უფლის ხელს ნებისმიერ საქმეში ხომ არ გამორიცხავდით???

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here