Home რუბრიკები პოლიტიკა ჩინური დებიუტი და ანგოლაში აშენებული ლაზიკა

ჩინური დებიუტი და ანგოლაში აშენებული ლაზიკა

1097

საუბრები ქალაქ ლაზიკაზე პრაქტიკულად შეწყდა; საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ სააკაშვილის იდეა იმდენად აბსურდულია, რომ მის განხილვაზე დროის დახარჯვა არ ღირს. თუმცა, თუ ჩვენ დავაკვირდებით წარმოსახვითი ლაზიკის ორეულის, ნახევარმილიონიანი ზღვისპირა ქალაქის ნოვა სიდადე დე კილამბის ისტორიას, რომელიც ანგოლაში მდებარეობს და ბოლო ოთხი წელია, მართლაც რომ სტახანოვური ტემპით შენდება, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ პროექტის განხორციელება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი, მეტწილად გეოპოლიტიკური საფასურის გადახდა მოგვიწევს. რა კავშირი აქვს ქალაქების, ერთი შეხედვით, უწყინარ მშენებლობას აშშჩინეთის გლობალურ დაპირისპირებასთან? გაუყვება თუ არა სააკაშვილის ხელისუფლება ანგოლელი კოლეგების გზას?

სოფლის შენებას რა უნდა

როდესაც ნოვა სიდადე დე კილამბას (ახალი ქალაქი კილამბა, რომელსაც შემდგომ უბრალოდ კილამბად მოვიხსენიებთ) პროექტი დასრულდება, 5 ათას ჰექტარზე გაჭიმულ ქალაქში დასახლება ნახევარ მილიონ ადამიანს შეეძლება. მშენებლობა ოთხი წლის წინ დაიწყო. დღესდღეობით აშენებულია 750 რვასართულიანი საცხოვრებელი სახლი, ათეულობით სკოლა და საბავშვო ბაღი, დაგებულია გზები, მზადაა ენერგო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა. მშენებლობა დასრულებული არ არის, თუმცა შედეგი, რომელსაც ჩინურმა კორპორაციამ CITIC (China International Trust and Investment Corporation) მიაღწია ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, მითუმეტეს, რომ პროექტის ღირებულებამ სამ-ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩინელი მშენებლების მოწადინება და ორგანიზებულობა, რომლებიც ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტს აფრიკაში ასე «სწრაფად და იაფად» ახორციელებენ, ალბათ, საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს.

კილამბის მშენებლობას ჩინური საკრედიტო ხაზი «კვებავს», ანგოლა ანგარიშს ნავთობით ასწორებს. ის, რომ ჩინეთს ნავთობი სჭირდება, საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ საინტერესოა, რისთვის დასჭირდა ახალი ქალაქის აშენება ანგოლას?

2008 წელს პრეზიდენტმა ჟოზე ედუარდუ დუშ სანტუშმა, რომელიც ქვეყანას 33 წელია მართავს, მილიონი ბინის აშენების პირობა დადო. ქვეყანაში, სადაც უამრავი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს და, პრაქტიკულად, უსახლკაროა, ეს მართალაც აქტუალური დაპირება იყო. ფორმალური თვალსაზრისით, დუშ სანტუშმა დაპირება შეასრულა, აშენდა კილამბა და რამდენიმე შედარებით მცირე დასახლება, მაგრამ გაჩნდა პრობლემა, რომელიც ამ პროგრამის გაუფასურებას ახდენს.

კილამბაში ბინების ფასი 120 ათასი დოლარიდან იწყება და ძალიან ცოტა მყიდველი ჰყავს. «ბი-ბი-სი»-ს ცნობით, 2800 ბინიდან («პირველი პარტია»), რომელთა გაყიდვა ერთი წლის წინ დააპირეს, დღეისთვის მხოლოდ 220 გაიყიდა. ანგოლაში, ისევე, როგორც საქართველოში, არ არსებობს მდგრადი საშუალო ფენა, არადა, ფასების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბინების პოტენციურ მყიდველებად სწორედ მისი წარმომადგენლები მოიაზრებოდნენ. ვერ გამოვრიცხავთ, რომ იგივე ბედი ქართულ ლაზიკასაც ელის (თუ ის ოდესმე აშენდება). გასათვალისწინებელია ისიც, რომ «ანგოლური ლაზიკა» ქვეყნის დედაქალაქ ლუანდასგან, რომელშიც სამუშაო ადგილების უმეტესობაა კონცენტრირებული, სულ რაღაც 30 კილომეტრითაა დაშორებული და მათ ახალი მაგისტრალი აკავშირებს, ხოლო საქართველოში იმ ადგილის სიახლოვეს, რომელზეც ახალი ქალაქის აშენება იგეგმება, ძნელი წარმოსადგენია ხელშესახებ პერსპექტივაში ათიათასობით ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდეს.

დღეს კილამბა ქალაქი-მოჩვენებაა, იქ პრაქტიკულად არავინ ცხოვრობს.

ანგოლის ხელისუფლება დღეს იყენებს ამ ახალ ქალაქს ისე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება _ ნებისმიერ ახალ შენობას: კილამბა დიდი, ძვირადღირებული დეკორაციის როლს ასრულებს, რომლის ფონზე სარეკლამო კლიპებს იღებენ. გაღიმებული მსახიობები დასეირნობენ კილამბის ქუჩებში და ტელეაუდიტორიას ბედნიერ ცხოვრებასა და მზურნველ მთავრობაზე  მოუთხრობენ. ძნელი სათქმელია, როგორ რეაგირებს ანგოლელი ამომრჩეველი ამ «მოდელირებულ რეალობაზე», თუმცა ამას მალე გავიგებთ, თვე-ნახევარში ანგოლაში არჩევნები ჩატარდება და იმის ალბათობა, რომ მათ მღელვარებას «ფერადი რევოლუცია» (ან შესაბამისი მცდელობა) მოჰყვება, საკმაოდ მაღალია. 

ათწლეულებია, ანგოლის მმართველი პარტია  ხელისუფლებიდან ფეხს არ იცვლის და, «ნაციონალური მოძრაობის» არ იყოს, პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას აკონტროლებს, მაგრამ ვაშინგტონს არ მოსწონს, რომ პეკინის პოზიციები ამ ნავთობმომპოვებელ ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება, ამას კი შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს. სუდანი, რომელიც ჩინეთის სანავთობო იმპორტის 7%-ს უზრუნველყოფდა (სუდანის ექსპორტის 60%-ს), რომელშიც ჩინელებმა 15 მილიარდამდე დოლარი ჩადეს, დღეს ორ, ერთმანეთთან დაპირისპირებულ, ნაწილად გაიყო, რაშიც ობამას ადმინისტრაციამ უდიდესი, თუ არა გადამწყვეტი, როლი შეასრულა და ჩინური ინვესტიციები ჰაერში გამოეკიდა. ლიბიის სანავთობო ექსპორტის 11% ჩინეთზე მოდიოდა, ამ ქვეყანაში ჩინური კომპანიები 50 მსხვილ პროექტს (18,8 მილიარდი დოლარი) ახორციელებდნენ, დღეს ყველაფერი ეს, შეიძლება ითქვას, წყალში ჩაიყარა. ირანი ჩინეთის საკვანძო პარტნიორია და ამერიკელებს მიზანში ჰყავთ ამოღებული. ზოგიერთი რამ კი ზედაპირზე არ ჩანს, მაგალითად, ეგვიპტურ რევოლუციას, სხვა ყველაფერთან ერთად, ამ ქვეყნის პოლიტიკური სივრციდან პროჩინური ლობის ფაქტობრივი ამოშანთვა მოჰყვა. მოკლედ, იქ სადაც ვაშინგტონი პროცესებში აქტიურად ერევა (და სად არ ერევა?!), მის ამოცანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პეკინის პოზიციების დასუსტებაა. ეს ეხება ჩამოთვლილ ქვეყნებსაც, ნიგერიასაც, სადაც ჩინელები საგრძნობლად გააქტიურდნენ (ათეულობით მილიარდი დააბანდეს და სამ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დამატებით 25 მილიარდის ჩადებას გეგმავენ) და ანგოლასაც, სადაც მალე ოპოზიცია ხელისუფლებას, სავარაუდოდ, არნახული შემართებით შეუტევს.

თუმცა, ალბათ, დროა, აქაურ დუშ სანტუშსა და ქართულ კილამბას, მიხეილ სააკაშვილსა და მის ლაზიკას დავუბრუნდეთ.

დრაკონი დასავლეთით მიიწევს

სააკაშვილს არავინ ასესხებს ფულს, რომელიც ლაზიკის აშენებას სჭირდება, მეტიც, ჩინელებიც კი არ მისცემენ ამ ფულს «ხელზე», იმისთვის, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს. თუმცა «ანგოლური სცენარის» რეალიზება სავსებით შესაძლებელია. ჩინელებს შეუძლიათ ააშენონ ლაზიკა, რომელსაც სააკაშვილი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და ამის სანაცვლოდ მიიღონ არა ნავთობი, რომელიც არ გვაქვს, არამედ რაიმე სხვა. როდესაც სააკაშილმა ლაზიკის აშენების იდეა გაახმოვანა, ყოველივე ეს, სავარაუდოდ, მშვენივრად ესმოდა, რადგან მისი ჩანაფიქრის განხორციელების სხვა რეალისტური ვარიანტი, უბრალოდ, არ არსებობს.

გასული წლის ნოემბერში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და «სინძიანის ხუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფს» შორის, რომლის თანახმად, ჩინურმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ თბილისში, «ხუალინის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში» 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ააშენებს დამხმარე სასტუმროს, რომლის საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 65 000 კვ.მ-ს. ასევე მოიცავს ბაზრის ტერიტორიას, საწარმოო და სასაწყობე ფართს, საცხოვრებელ კომპლექსს, სარეკრეაციო და დასასვენებელ ზონას და ა. შ. ჩინური მხარის ინვესტიცია 150 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ აიღო ვალდებულება, რომ ჩინელ ინვესტორებს უშუამდგომლებს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე არანაკლებ 420 ჰექტარი მიწის ფართის შეღავათიან ფასებში მიყიდვაზე.

ეს შეთანხმება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთგვარი მოდელი ჰიპოთეტური შეთანხმებისთვის ლაზიკის აშენების თაობაზე. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა საფასურის გაღება მოგვიწევს არა ერთი «დამხმარე სასტუმროსთვის» მიმდებარე ტერიტორიით, არამედ კილამბის მსგავსი ნახევარმილიონიანი ქალაქის აშენებისთვის. ის, რომ ამის შედეგად ჩინელები მიიღებენ «ენ რაოდენობის» მიწას, ხეტყეს, წყალს, სხვადასხვა ნედლეულს და ა.შ., ერთია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ «ჩინური ალგორითმი», რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ევრაზიის არასანავთობო ქვეყნებში ვლინდება (ყირგიზეთში, ავღანეთში, პაკისტანში). ის, რომ ეკონომიკური პროექტების განხორციელებას და ამა თუ იმ ქვეყანაში პლაცდარმის გაფართოებას (ლაზიკაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს გაფართოება ძალიან სწრაფი იქნება) აუცილებლად გეოპოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი მოსდევს, რასაც სხვა მოთამაშეების, უპირველესად კი, აშშ-ის, მკვეთრი რეაქცია და შესაბამისი რისკები მოყვება. 

ავღანური მაგალითი: ჩინურმა კომპანიებმა იოლად მოიგეს ტენდერები ავღანური სპილენძის მოპოვებაზე და ტრანსავღანური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის გაყვანაზე, მათ კონკურენტებზე გაცილებით მეტი გადაიხადეს.  რეგიონებში, სადაც ჩინელები მუშაობენ, ისინი საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას, ააგონ ინფრასტრუქტურის ობიექტები _ სკოლები, მეჩეთები და ა. შ., რაც მოსახლეობის კეთილგანწყობას იწვევს. ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც პირველი ეტაპი, პოზიციების გამყარება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ავღანეთში, რომელიც ენერგორესურსებით მდიდარ შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ესაზღვრება. შემდეგ დაიწყო საუბარი სხვა ტიპის პროექტებზე, მაგალითად, ტაჯიკეთ-ავღანეთ-პაკისტანის რკინიგზის გაყვანაზე, რომელიც «სუფთა ეკონომიკურ» წამოწყებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. ისევე, როგორც სარკინიგზო პროექტი ყირგიზეთში, რომელიც, განხორციელების შემთხვევაში, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გამავალი, ჩინეთ-ირანის დამაკავშირებელი «ხიდი» გახდება. ისევე, როგორც პაკისტანური პორტის გვადარის განვითარება და ავღანეთსა და პაკისტანში მაგისტრალების გაყვანა, რომელიც მასთან კავშირს უზრუნველყოფს. პეკინი ორი ძირითადი პრობელემის გადაწყვეტას ცდილობს: იმ საზღვაო მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირებას, რომელთაც ამერიკული საზღვაო ძალები ემუქრებიან, და აღმოსავლეთ ჩინეთის ფორსირებულ განვითარებას.

როგორი შეიძლება იყოს «მეორე ეტაპის», გეოპოლიტიკური დატვირთვის მქონე ჩინური პროექტი საქართველოში? მისი კონტურები ჯერჯერობით ბუნდოვანია, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წაიწევენ წინ ჩინელები ცენტრალურ აზიაში და რა მოხდება ირანში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ვაშინგტონის რეაქცია მასზე ნეგატიური იქნება.

ვაის გავეყაროთ თუ უის შევეყაროთ?

ჩინური კომპანიები საქართველოში სულ უფრო მეტ პროექტს ახორციელებენ, ჩვენ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ჩინელი სახლდება. ეს ერთგვარი ავანგარდია, რომელიც იკავებს პლაცდარმს და აფართოებს მას. საერთოდ, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ჩინელებთან, რომელთა შრომისმოყვარეობა აღტაცებას იწვევს, ჩვენთვის შეიძლება მეტად სასარგებლო გამოდგეს, მაგრამ ამ ურთიერთობებში საქართველოს ხელისუფლებამ, ალბათ, მაინც ზომიერება უნდა გამოავლინოს. პროცესი შეიძლება წყალსაცავიდან წყლის გამოშვებას შევადაროთ, თუ ეს მომენტალურად მოხდება, ნაკადი ყველაფერს წალეკავს. ცხადია, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ჩინურ კაპიტალს გზა ხელოვნურად უნდა გადავუღობოთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამერიკელები აუცილებლად დაიწყებენ კონტრ-თამაშს, რომელმაც შეიძლება არასასურველი შედეგები მოგვიტანოს.

ყირგიზეთის არასტაბილურობას მნიშვნელოვანწილად ის განაპირობებს, რომ იქ ერთმანეთს სამი მოთამაშის ინტერესები შეეჯახა, რომელთაგან თითოეულმა ამ ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში საკმაოდ მოცულობითი სეგმენტი დაიკავა. «სამთა შეჯახება» საქართველოსთვის ამოუცნობ შედეგს მოასწავებს, მითუმეტეს, რომ ჩვენთან წარმოდგენილია მეოთხე (მართალია, რეგიონული, მაგრამ მაინც) ძალა _ თურქეთი. სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც ხშირ შემთხვევაში, პრიმიტიული ინსტინქტებით ხელმძღვანელობს და ფულს ან ტაქტიკურ ამონაგებს დახარბებულმა შეიძლება უმძიმესი შეცდომა დაუშვას, მოხდენილ მანევრირებას ამ უზარმაზარ აისბერგებს შორის, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვაშინგტონის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ შეიცვალა და ამის ათას მიზეზს ვასახელებთ, არადემოკრატიულობიდან დაწყებული, უმართავობით დამთავრებული, არასოდეს ვახსნებთ შემდეგ გარემოებას: ბოლო დროს სააკაშვილი სულ უფრო ფართოდ უღებს საქართველოს კარს ჩინურ კაპიტალს და, შესაბამისად, ჩინურ გავლენას და ეს არ შეიძლება მოსწონდეს ამერიკელებს, როგორც ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მაგალითებიდან ჩანს, რადგან მათ მშვენივრად იციან, რომ ჩინელების ეკონომიკურ პროექტებს, გეოპოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტები მოჰყვება. ამერიკელები, პრინციპში, საკმაოდ მშვიდად აღიქვამენ გეოპოლიტიკურ ჭადრაკს რუსეთთან (ანგოლაში იქნება, ირანში თუ საქართველოში), მაგრამ, როგორც კი ავანსცენაზე ჩინელები გამოდიან, ისინი მოსვენებას კარგავენ, რადგან მათ ყველაზე საშიშ მოწინააღმდეგეებად აღიქვამენ.

თქმული არ ნიშნავს, რომ ძია სემის დაკრულზე უნდა ვიცეკვოთ ან ჩინელებს გადავემტეროთ; მთავარია, სიფრთხილე და წინდახედულობა გამოვავლინოთ, რათა კიდევ ერთხელ არ ვაქციოთ ქვეყანა ზესახელმწიფოების თამაშის მძევლად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სხვა არაფერი გვიკეთებია.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here