Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი ლორთქიფანიძე: აჭარა გარყვნილების ბუდედ და საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად იქცა

დიმიტრი ლორთქიფანიძე: აჭარა გარყვნილების ბუდედ და საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად იქცა

740

ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებსა და პატიმართა უფლებების დარღვევის ფაქტებზე «საქართველო და მსოფლიოს» პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ესაუბრა.

_ როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება და როგორ აისახება ქვეყნაში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებზე ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები?

_ ხელისუფლება დღეს მთლიანად გაკოტრებულია, ვინაიდან მას დაპირებების რეზერვიც კი აღარ დარჩა. მეშვიდე მოწვევის პარლამენტში უკვე მესამედ ვამტკიცებთ სამთავრობო პროგრამას და ახალ მთავრობას ძველი ლოზუნგებითა და სლოგანებით «ერთიანი საქართველო _ სიღატაკის გარეშე», «საქართველო _ სიღარიბის გარეშე», «მეტი სარგებელი ხალხს»… თუმცა ამ წლების განმავლობაში რა სარგებელი მიიღო ხალხმა? ის, რომ სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების ერთიან მონაცემთა ბაზაში მათი რიცხვი გასამმაგდა თუ ის, რომ აჭარაში ბინადრობის უფლებით 17 ათასი უცხოელი გახდა საქართველოს მოქალაქე? აჭარა გარყვნილების ბუდედ და საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად იქცა. აქ ნახავთ შუა აზიიდან სპეციალურად ჩამოყვანილ სექსმუშაკებსა და თურქეთიდან გადმოსულ სექსტურისტებს. სხვადასხვა დისკოკლუბისა თუ სასტუმროს საფარქვეშ საროსკიპოებია გახსნილი…

ხელისუფლებამ მისთვის სასურველი და ხელსაყრელი რეგულაციები შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში. მათ შორის, საქართველოს საკუთრების უფლების 21- მუხლი, თავისი ინტერპრეტაციით იმგვარად ჩამოაყალიბა, რომ ჩვენს მიწაზე საკუთრების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეზეც კი თავისუფლად ვრცელდება.

თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ხაიშში, რომელიც ეკომიგრანტებით _ სვანებით არის დასახლებული, აღმოჩნდა, რომ ასეულობით ჰექტრის მესაკუთრეა ირანის მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რომელიც შემდგომ კაბალური პირობებით ასაქმებს ხაიშის მკვიდრთ. მათ შესაძლებლობაც კი არ მიეცათ, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებისა, რათა, თავის დროზე, მამასისხლად მოპოვებული მიწა-წყალი, ოფიციალურად დაერეგისტრირებიათ საკუთრებაში. სოფელ იორმუღანლოში ნათესები გაუყიდეს გლეხებს. იქვე, სოფელ ხაიშთან ახლოს, 3 კმ-ში, ასევე რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა აქვთ გერმანიის მოქალაქეებს ნაყიდი. ივრის ხეობაში, ათასი ჰექტრის მფლობელია ისრაელის მოქალაქე. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ადმინისტრაციისთვის ხელსაყრელი საქმიანი ბიზნესია.

არ ვიცი როგორ ესმის ხელისუფლებას სლოგანი ძლიერი ოჯახი, ძლიერი საქართველო, მაგრამ საქართველოს იურიდიულ სივრცეში არ არსებობს კანონი, რომელიც განსაზღვრავს მრავალშვილიანის ცნებას. მე თავად 7 შვილი მყავს და კარგად ვიცი, მართალია, კანონში საქართველოს ბიუჯეტის შესახებ, წერია, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას იმ ოჯახების მიმართ, ვისაც ჰყავს 7 და მეტი შვილი, მაგრამ უფროსი არ უნდა იყოს სრულწლოვანი და მთელი ოჯახი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი და სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ბაზაში უნდა ირიცხებოდეს.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, მრავალშვილიანი ოჯახი ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებს?

_ ამ შემთხვევაში ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებს, ხოლო, დახმარების შემთხვევაშიც, თითო ბავშვზე მხოლოდ 5 ლარია გათვალისწინებული.

ახალი დასაქმების სამინისტრო შექმნეს, მაგრამ არავინ სვამს კითხვას: მაშინ, როცა არსებობს უწყება, რომელიც სეგმენტურად მოიცავს შრომას, ჯანდაცვასა და სოცუზრუნველყოფას, მაშინ, როცა ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მრავალმილიონიანი ბიუჯეტი, რატომ ვქმნით ახალ სამინისტროს? თან აცხადებენ, რომ დასაქმების წყარო, ჩვენი მრავალმილიონიანი საგარეო ვალის მომსახურებაში კურსთა შორის სხვაობიდან მიღებული მოგება იქნება, რომელიც, მათი გათვლებით, წელიწადში 950 ათას ლარს შეადგენს. რამდენად რენტაბელური და კანონზომიერია ეს, ამაზე ვინმეს უფიქრია? დასაქმების მსურველთა რეესტრში დღეში უამრავი ადამიანი დარეგისტრირდება და ეს სამინისტრო, ძირითადად, იმუშავებს რეესტრზე.

_ ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მიზანი რა არის?

_ სანდო პირების მოძებნა და გადმობირება. მთელი ძალა და რესუსრები მიმართული იქნება იმისკენ, რომ დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს მხარდამჭერთა დიდი რაოდენობის მოპოვება და მათი ელექტრონული აღრიცხვა.

_ მაგრამ კენჭისყრა ხომ ფარულია და ნებისმიერი მოქალაქე ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას? ამ შემთხვევაში როგორ გააკონტროლებს ხელისუფლება?

_ თუ კონკრეტული ადამიანის დიდი ნდობა არ აქვთ, მტკიცებულების სახით, მობილური ტელეფონით გადაღებულ ფოტოსაც სთხოვენ, სადაც არჩევნების დროს ფარული კენჭისყრის პროცესია გადაღებული. ყველაფერი ზედმიწევნით გაწერილია. ეს არის ჩვენი დროის მაფია.

_ რა იგულისხმეთ, როცა მთავრობის ახალ შემადგენლობას «საბრძოლო შემადგენლობა» უწოდეთ? მთავრობაში მხოლოდ გადანაცვლება მოხდა, არც ერთ საპასუხისმგებლო პოსტზე ახალი კადრი არ გამოჩენილა

_ საბრძოლო შემადგენლობა გულისხმობს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის დამნაშავემ ჩაიბარა. დაწყებული ციხის ბუნტის ინსპირირებითა და ჩახშობით და რამდენიმე ათეული ადამიანის პირდაპირი ლიკვიდაციით, დასრულებული _ საკუთარ უწყებაში განხორციელებული არაადამიანური რეფორმებით, მათ შორის, გაგახსენებთ, ოფიცერ თეთრაძის მკვლელობის გარემოებებს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბაჩო ახალაია არად დაგიდევთ კომპრომისს. მითუმეტეს, ცნობილი გახდა, რომ კრიმინალური პოლიცია, მეშვიდე სამმართველო და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ერთიანდება და მას შეიძლება კვლავ ერეკლე კოდუა ჩაუდგეს სათავეში. ეს, ფაქტობრივად, პოლიტიკური პოლიციაა და მისი ხელმძღვანელობა საზოგადოების არანაირ ინტერესს არ გაითვალისწინებს და მას შემდეგ, რაც ეცდებიან არჩევნების გაყალბებას, შეეცდებიან შემდეგშიც შეინარჩუნონ არჩევნების შედეგები.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ ვერსიებს, თითქოს მერაბიშვილის პრემიერის პოსტზე გადმოყვანა მის პოზიციებს ასუსტებს. ის, რომ შს ახალი მინისტრი ახალაია ემორჩილება სააკაშვილს, სულაც არ გამორიცხავს, რომ თავად სააკაშვილი ემორჩილება მერაბიშვილს.

ახალაიას, შაშკინისა და კალმახელიძის დატოვება მთავრობაში უზნეობის გამომხატველი აქტია. წარმოიდგინეთ, ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების დღიდან ციხეში 600-ზე მეტი პატიმარია გარდაცვლილი, რომელთა ასაკიც 24-დან 40 წლამდე მერყეობს. მათი უმრავლესობა აბსოლუტურად ჯანმრთელი შევიდა ციხეში. თუ ცოცხალი გადარჩა პატიმარი, ან დეპერსონალიზაციას განიცდის, ან სამუდამოდ ხეიბარი რჩება. პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული არც ერთი საქმე, არათუ გამოძიებულია, სასამართლოსთვისაც არ არის გადაცემული.

მაშინ, როცა, 2010 წლის ანგარიშის მიხედვით, 142 პატიმარი იყო გარდაცვლილი და ყოველ მესამეს აღენიშნებოდა ფიზიკური ზემოქმედების კვალი. ასეთი მინისტრი არათუ ჩამოსაშორებელია თანამდებობას, საერთოდ დასაჭერია, მაგრამ ვანო მერაბიშვილმა კალმახელიძე ახლოს დაიყენა, რადგან იმ საწამებელში, საიდანაც, როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, ხდება სიკვდილის ექსპორტი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პატიმარი და მისი ოჯახი ყველანაირად ეცდება, რომ ამ ჯოჯოხეთიდან ადამიანი დაიხსნას და ამ ადამიანების დახსნის საფასური, წინასაარჩევნოდ ხელმოწერების შეგროვებაა. პატიმარ რატი მაისურაძის დედა მარინა ქებაძე აღმოჩნდა პირველი მოქალაქე, რომელმაც საჯაროდ მისცა ჩვენება, რომ მისი შვილის გათავისუფლება მას 120 ხმა დაუჯდა, რომელიც მას თავის უბანში უნდა მოეგროვებია.

_ ევროპარლამენტში ქართულმა ოპოზიციამ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა, ხოლო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ ისიც კი განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითია.

_ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპაში კარგად იციან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და ჩვენ არ უნდა ვენდოთ მხოლოდ ნაციონალური ტელეარხების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. იქ გამომსვლელი ევროპარლამენტარები, დიდი ხანია, ჩვენი ხელისუფლების ლობისტებად ითვლებიან. მიხეილ სააკაშვილს ჰყავს თავისი მგობრები ევროპარლამენტში, განსაკუთრებით ლიტვის სეიმსა და პოლონეთის პარლამენტში.

საინტერესოა, რა არგუმენტებს ეყრდნობიან კოლეგადეპუტატები ევროპარლამენტიდან, როდესაც სააკაშვილის რეჟიმს იცავენ? ქვეყანაში, სადაც ამდენი პოლიტპატიმარია და ყველამ კარგად იცის საქართველოს ციხეებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, ზოგიერთ ევროპარლამენტის დეპუტატს მაინც ჰყოფნის კადნიერება, ისაუბროს მიხეილ სააკაშვილის სიკეთეებზე და ერთი სიტყვაც არ თქვას ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე.

_ ამ დღეებში კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა პატიმრების წამების შესახებ. ქსნის #15 დაწესებულებაში ორმა პატიმარმა: ზურაბ ნასყიდაშვილმა და პაატა მოდებაძემ დახმარებისთვის უფლებადამცველებს მიმართეს. რატომ არანაირი შედეგი არ მოსდევს მსგავს ფაქტებს, მით უფრო, როცა დამნაშავეების გვარებიც ცნობილია?

_ მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან დღემდე ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდა და სასამართლო-სამედიცინო პათანატომიური ექსპერტიზის დასკვნებით გამყარებული, კონკრეტული დამნაშავეების გვარები და სახელებია ცნობილი, არც ერთზე არ არის საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოში მიღებული. მე პირადად არაერთი საჩივრითა და განცხადებით მიმიმართავს მთავარი პროკურატურისთვის, დაეწყო კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ასევე კონკრეტული დამნაშავეების გვარები იყო ჩამოთვლილი სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში.  ცნობილია ვინაობა ადამიანებისა, რომლებმაც ეტლს მიჯაჭვული პატიმარი სცემეს. გადმოაგდეს ეტლიდან და მთელი დღე ასე დატოვეს. საქართველოს საპატიმროებში, როგორც გითხარით, ძირითადად, 24-დან 40 წლამდე ახალგაზრდები არიან დაღუპულები, ხოლო პატიმრების რაოდენობის მიხედვით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. ამ დროს კი ვანო მერაბიშვილი გვიმტკიცებს, რომ კრიმინალი წელში გადატეხა და კორუფცია აღმოფხვრა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here