Home რუბრიკები საზოგადოება ნოდარ მგალობლიშვილი: ეს ხელისუფლება რომ მიუშვა, ხოლოკოსტს მოგვიწყობს!

ნოდარ მგალობლიშვილი: ეს ხელისუფლება რომ მიუშვა, ხოლოკოსტს მოგვიწყობს!

1226

საქართველოს სახალხო არტისტ ნოდარ მგალობლიშვილს შევუთანხმდით, რომ მცხეთაში, ბებრისციხესთან გამართული აქციის შემდეგ შევხვდებოდით ერთმანეთს და ვისაუბრებდით. ამ ორშაბათს რედაქციაში თავად მობრძანდა. _ გმადლობთ, ბატონო ნოდარ! ცნობისთვის: ეს დიდი ხელოვანი «ქართული ოცნების» ერთ-ერთ ჯგუფშია ჩართული და სოფელ-სოფელ ისე ენერგიულად დადის, უმწვავეს პრობლემებზე ისე აქტიურად და ლაღად ესაუბრება მოსახლეობას, ბევრ ახალგაზრდას შეშურდება. ამიტომ სრულიად მცხეთა-მთიანეთის მხარის 1 ივლისის შეკრების წარმატებაში მასაც თავისი წვლილი მიუძღვის.

_ ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ «ქართულ ოცნებაში» გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ «ეს იყო «ქართული ოცნების» კიდევ ერთი გამარჯვება…»

_ «კიდევ ერთი» კი არა, საბოლოო დასკვნაა, გამარჯვების უტყუარი წინაპირობა, დადასტურება იმისა, რომ მიმდინარე პროცესი, რომელიც შარშანდელი 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო საქართველოში, შეუქცევადი ხასიათისაა.

რაც დრო გადის, ჩვენი ხალხი სულ უფრო რწმუნდება, რომ დგება დიდი ცვლილებების დრო, ჩვენს ქვეყანაში არსებობა გაუსაძლისია, ხელისუფლების პოლიტიკა არა მარტო ხალხსაა დაცილებული, არამედ ეკლესიასაც უპირისპირდება.

მე ძალიან  მწყდება გული, რომ ასეთ ვითარებაში ზოგიერთი ღვთისმსახური უკადრისად იქცევა.

_ თქვენ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს გულისხმობთ?

_ რასაკვირველია, მაგას და კიდევ ბევრ სხვას. სამწუხაროა, რომ მათ მხარი დაუჭირეს ბაგრატის ტაძრის იმ სახით მშენებლობას, სწორედ რომ მშენებლობას, რაც მეცნიერთა, მკვლევართა, არქიტექტორთა, სპეციალისტთა გონიერ პოზიციას ეწინააღმდეგება: ბაგრატის იმ სახით აღდგენა, როგორითაც ხელისუფლების დაჟინებული სურვილით მიმდინარეობს, დანაშაულია და ისტორიის სახის წაშლა.

_ სამაგიეროდ ესალბუნება ხელისუფლის სულსა და გულს… ხოლო «იუნესკო», სააკაშვილს ყური რომ დავუგდოთ, ის ორგანიზაციაა, რომელშიც თურმე საქმეების «ჩაწყობა» შეიძლება. არ ეთანხმება მისი პოზიცია სააკაშვილისას და იმიტომ.

_ როცა სააკაშვილმა თქვა, რომ ბაგრატის ტაძრის «მშენებლობა გაგრძელდებაო», მან აბსოლუტურად არაფრად ჩააგდო პატრიარქის მოწოდება სარესტავრაციო სამუშაოების შეჩერების შესახებ.

ეს იყო სამარცხვინო ამბავი…

_ რომელსაც საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი რეაქცია არ მოჰყოლია.

_ იმიტომ, რომ საზოგადოება მასად აქციეს. მასას კი ვერაფერი გამოაფხიზლებს ერთი მაგარი შეძახილის გარდა, რომელიც, შესაძლოა, მსხვერპლშეწირვასაც მოითხოვს.

ისტორიულად ასე ხდებოდა, ამის მაგალითი უამრავია.

მე მგონი, ჩვენი საზოგადოება მივიდა იმ აზრამდე, თბილისის, ქუთაისის, ოზურგეთის, მცხეთის ყრილობებმა ეს დაამტკიცა, რომ ერთიანობაა საჭირო.

_ გაერთიანება «ქართული ოცნების» გარშემო?

_ დიახ! ხოლო თავშეწირვის მაგალითს იძლევა ივანიშვილების ოჯახი. ხომ კარგად გვახსოვს, რა განაცხადა ქალბატონმა ეკამ, ბიძინა ივანიშვილის ღირსეულმა მეუღლემ, როცა მისი ქმრის წინააღმდეგ მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ ჰკითხეს: ჩვენ ერთად გამოსულებს ვეღარ გვნახავთ, ერთ-ერთი რომ გადავრჩეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთო! ეს იყო ცრემლიანი ნათქვამიც და სიმტკიცის, უმაღლესი ზნეობის დემონსტრირებაც.

ეს მაგალითი დაინახა ხალხმა და შეაფასა.

ხალხმა ისიც დაინახა, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილი ერთი წამითაც არ იმჩნევს, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს. ვაჟკაცია, რწმენითაა ძლიერი. მაგრამ მე მაწუხებს, ამას გულახდილად ვამბობ, რომ ხალხის მასაში ისე გაბედულად შედის, როგორც ქორწილში.

_ ენდობა.

_ ურთიერთნდობაა.

_ მაგრამ, იცით, თქვენს შეშფოთებას ადამიანები იზიარებენ და არ მალავენ ამას. ამ დილითაც «შალვა რამიშვილის დილაში» დარეკა შეშფოთებულმა ტელემაყურებელმა: ბატონმა ბიძინამ მცხეთაში აქციის შემდეგ კარგა დიდი მანძილი ფეხით გაიარა და შემხვედრ ხალხს ხელს ართმევდაო. უთხარით, ნუ აკეთებს ამას, რადგან ყველა ერთნაირი არ არისო.

_ პრობლემა ადამიანურია: ხელი რომ არ ჩამოართვას, უკადრისობაში შეიძლება ჩაუთვალონ. ადამიანური სისუსტის მაჩვენებელია.

_ იმ სისუსტის, რომელიც მაღალზნეობრიობას ახასიათებს.

_ დიახ. მაგრამ არის ეს სისუსტე? ველაპარაკე ამის თაობაზე ბატონ ბიძინას და, მართალი ხარო, მიპასუხა.

როცა ასეთი კავშირია ხალხსა და ლიდერს შორის, მინდა მივმართო ქართულ ოპოზიციურ სპექტრს: დავანებოთ ერთმანეთის ჭამას თავი. ახლა ამის დრო არ არის, ნუ დავძაბავთ სიტუაციას, მტერმა რომ «არ გაიხაროს ჩვენზედა».

მტერი კი ვინცაა, ყველამ კარგად ვიცით: «ნაციონალური მოძრაობა» ფაშიზმზე უარესია! ფაშიზმს, ყველა ნაცისტურ უბედურებასთან ერთად, სხვა ხალხებზე, მთელ მსოფლიოზე არიული რასის ბატონობის პრეტენზია ჰქონდა. ჩვენი ხელისუფლება საკუთარ ხალხზე ბატონობისკენ ისწრაფვის და, თუ მივცემთ უფლებას, ხოლოკოსტს მოგვიწყობს. ამ ხელისუფლების ხელში ერთმანეთი უნდა დავიცვათ ადამიანებმა, ხოლო ისინი, ვისაც ადამიანური აღარაფერი შერჩენია, მოვიცილოთ ისე და იმგვარად, «ქართულ ოცნებას» რომ ეკადრება.

«სანამ პეტრე მოვიდოდა» და იმის შემდეგ…

ხელისუფლებას პატიების, ლმობიერების უნარი დაკარგული აქვს, საზოგადოებას წაართვა თავისუფლება, ზნეობა, სიცოცხლე წაართვა. იმდენი დანაშაული ჩაიდინა, რომ მდგომარეობის შესანარჩუნებლად თავისი ხალხის წინააღმდეგ, გააფთრებული ბრძოლის გარდა, არაფერი დარჩენია.

მთავრობაში გადასკუპ-გადმოსკუპების ეს ახალი ციკლიც ადასტურებს, რომ ზემო ეშელონებში საშინელი კრიზისია.

ვანო მერაბიშვილის გაპრემიერებაც, ვფიქრობ, ამას ნიშნავს.

_ იმ ანდაზისა არ იყოს, «სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო», ბიძინას მოსვლამდე ვანოსაც იგივე საშიშროება ხომ არ ემუქრება? განტევების ვაცად ხომ არ სჭირდება სააკაშვილს?

_ შეწირავს, ყველას შეწირავს და იტყვის _ მე რა, ეგენი აკეთებდნენო ყველაფერს. გამოვა სასამართლოს სხდომაზე და იტყვის, მე ხომ არ დამიხვრეტია 26 მაისს რუსთაველზე, პოლიციელები დემონსტრანტებს დამიზნებით რომ ესროდნენ, მე ხომ არ ვიყავიო?! მერაბიშვილს მოჰკითხეთო.

ათასი ფიქრი მომდის თავში ამ გადაადგილებასთან დაკავშირებით: ხომ არ არის ეს სააკაშვილის სისუსტის გამომჟღავნება, რომ უფრო ძლიერი და დაუნდობელი, სისხლიანი კაცი დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე.

_ ჯერ რომ არ დაუნიშნავს? (ჩვენი საუბარი ორშაბათს შედგა).

_ ჩემთვის უკვე დანიშნულია, მოდის, რადგან ბაჩო ახალაიას გარდა სხვა ვარიანტი მაგას არ აქვს… აბა, თემურ ჩხეიძეს ხომ არ დანიშნავს ან რობიკო სტურუას?! (ეცინება). გივი ბერიკაშვილს თუ დაითანხმებს, უკეთესი იქნება (გულიანად ვიცინით).

ჩვენი პრეზიდენტის უკანასკნელი გასროლაა ახალაია _ ბრმა იარაღი, და ამიტომ სანდო და უტყუარი.

სააკაშვილს რას გაუგებ?! მისი ექსცენტიულობა დეგენერატიზმამდე მიდის. ყვირის, ისტერიკაში ვარდება, ხელებს არაესთეტიკურად პარჭყავს. ადგილზე იწყებს ხტუნვას.

_ ფეხსაცმლიდან ამოხტაო, ამაზეა ნათქვამი.

_ არ უხდება პრეზიდენტს ასეთი ეგზალტირება, მაგრამ ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ.

_ აგერ, გასულ კვირას, კიევის ცენტრალური სტადიონის ლოჟაში ლუკაშენკოს გვერდით გამოგვეცხადა. დაჯდა პეპელა საჭირო ადგილზე, დიქტატურის სურნელებით მიზიდული.

_ ასეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მას რეალობის შეგრძნება არ აქვს… ბაქოდან სასწრაფოდ ჩამოვიდა, ვითომ ძალიან აწუხებს სამეგრელოში იმ ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც წყალი სახლებში შეუვარდა.

_ რატომ წამოვიდა, ისიც საკითხავია.

_ რასაკვირველია… ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ვიღაცას ისე მოჰკიდა ხელი, რომ იძულებული გახადეს. ესეც არის… ბაქოში ვიყავი ცოტა ხნის წინათ და მაშინ მითხრეს, არ შეიძლება ეგ კაცი თქვენი პრეზიდენტი იყოსო. უზრდელიაო. თქვენ საიდან ასკვნით-მეთქი? ასე გეუბნებით და, როგორც გინდათ, ისე გაიგეო. ძალიან უწესოდ იქცევაო…

უაზროდ იმპულსურია. ხან სად გარბის, ხან სად მიფრინავს…

_ დროს ატარებს.

_ დროსაც ატარებს და ამით გვაჩვენებს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაცია მისთვის პრობლემა არ არის. ამის დემონსტრაციას ახდენს.

სოფელ-სოფელ, ხელისუფლების «ფხიზელი თვალის» მიდევნებით

ნოდარ მგალობლიშვილი ლაპარაკობს მცხეთა-მთიანეთში, სოფელ-სოფელ ჩამოვლით მიღებულ თავის შთაბეჭდილებაზე. ერთგვარი რეპორტაჟია «ქართული ოცნების» ერთი ჯგუფის მიმოსვლაზე ამ მხარეში, მცხეთის 1 ივლისის შეკრების წინ:

_ გავიარეთ რამდენიმე სოფელი. წამოწვიმა. თავი შევაფარეთ ავტობუსის გაჩერებაზე მოწყობილ ფარღალალა მოსაცდელს. ამის აშენებისთვის ჩვენმა გამგებელმა 3 ათასი ლარი დაგვადებინაო, _ გვეუბნება იქაური კაცი, _ ათ-ათი, ხუთ-ხუთი, სამ-სამი ლარი, და ნახეთ, რას ჰგავს! ხელი რომ ჰკრა, წაიქცევა.

20-25 კაცი შეგროვდა ჩვენს ირგვლივ. ვსაუბრობთ. ცოტა მოშორებით რამდენიმე ახალგაზრდა ჩასაფრებულა და თვალს არ გვაცილებს. მოდით-თქო, _ ვეძახით.

_ არ მოვლენო, _ გვეუბნებიან ჩვენი თანამოსაუბრენი, _ ესენი «მთავრობის ხალხია».

ერთი გამგებლის ძმა ყოფილა, ვიღაც სხვა _ ნათესავი, ვიღაცა კიდევ სახელმწიფო სამსახურში მყოფი.

დავიჟინეთ: ვიცით, რომ ჩვენი მოსვლა გულზე არ გეხატებათ, მაგრამ ხომ გაქვთ რაღაცა სათქმელი, დაველაპარაკოთ ერთმანეთს. ხმაც არ გაგვცეს, გვიყურებენ გაშტერებულები.

აქედან სხვა სოფელში რომ ჩავედით, იქ გვიკადრეს და მოვიდნენ. ერთობ უცნაურად _ აგვივლიან, ჩაგვივლიან და რაღაც უღიმღამოდ იძახიან: «მი-შა! მი-შა!», ჩვენგან ვიღაცამ «ბიძინაო», _ უპასუხა. გავაჩერე _ არ არის საჭირო, იმათ იძახონ, სანამ არ მოსწყინდებათ-მეთქი.

მოსწყინდათ და მოშორებით გაჩერდნენ.

ერთი, წითელპერანგიანი გამოეყო, მოვიდა ჩვენთან და თითქოს კეთილგანწყობით დაიწყო საუბარი: არავისი არ მჯერაო. ბიძინა ვინ არის და მე რა გამიკეთაო. და დაიწყო «საზეპიროებით» ლაპარაკი _ ტურიზმი და ინვესტორები გადაგვარჩენსო. ვუთხარი, რომ, თუ ტურიზმის იმედად დავრჩით, დაიღუპება ქვეყანა, შეგვჭამს ეს დარგი. რატომო? _ არ მეთანხმება. _ კარგი ქალებიც ხომ ჩამოვლენო.

წარმოიდგინეთ, როგორი არგუმენტებით ჰყავთ შეიარაღებული.

ამ ლაპარაკში რომ ვართ, შემოგვიერთდა ერთი ხელჯოხიანი კაცი და ჯიქურ მიმართა წითელპერანგიანს: შენ რა გალაპარაკებს, როცა მკვლელის მეგობარი შენც მკვლელი ხარო. შენმა ძმაკაცმა ჩემს შვილს შუბლში მოარტყა ტყვიაო… ჩხუბი მომხდარა, ამ კაცის შვილი მოუკლავთ და ეს საწყალი ადამიანი, 4-5 წელიწადია, ამაოდ ეძებს სამართალს. საქართველოში რომ ვერ მიუგნია, ამოუთხრია საფლავი და… (უჭირს ნოდარ მგალობლიშვილს საუბრის გაგრძელება)… და შვილის თავის ქალა სტრასბურგში სარჩელთან ერთად ნივთმტკიცებად გაუგზავნია… ხედავთ, სანამდე მიჰყავს გამწარებული ადამიანები ჩვენს «მაღალრეიტინგულ» სასამართლოს!

_ ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება, მაგრამ სამართალი უნდა ვნახოო, _ გამწარებულია კაცი…

…კარგი ქალების ჩამოსვლით საქართველოს ეკონომიკის აყვავების იმედად მყოფი წითელპერანგიანი «აგიტატორი» იქაურობას ისე გაეცალა, ვერც შევამჩნიეთ.

_ ბატონო ნოდარ, სოფლებიდან «აკრეფილი» შთაბეჭლილებით, როგორ ფიქრობთ, აქვს ბიძინა ივანიშვილს მცხეთა-მთიანეთში გამარჯვების შანსი?

_ ყველგან გვეუბნებოდნენ, მთელი სოფელი გამოვა და ბიძინას მხარეს დადგებაო. 90 პროცენტი მაინცო. არიან დაშინებულებიც, მაგრამ ეს შიში თანდათან ნელდება.

ხელისუფლება ასე იოლად დანებებას არ აპირებს და გაყალბების ახალ მეთოდებს სთავაზობს ხალხს. ერთმა ქალბატონმა გამიშიფრა ეს «ინოვაციური» უნამუსობა, რომლითაც სააკაშვილის აგიტატორები არიან შეიარაღებულნი. ამომრჩეველს წინასწარ აძლევენ ბიულეტენს, რომელშიც ხუთიანია შემოხაზული. მას ფარულად შეაქვს ასეთი ბიულეტენი საარჩევნო უბანში და ყუთში აგდებს. სანაცვლოდ სუფთა ბიულეტენი გამოაქვს და აბარებს «კოორდინატორს». ეს უკანასკნელი, ერთის მხრივ, ასე აკონტროლებს «თავის» ამომრჩეველს, მეორე მხრივ, ხელისუფლებისთვის მიცემულ ხმებს ითვლის და უზრუნველყოფს «ნაცების» გამარჯვებას.

_ სქემა გაშიფრულია!

_ გაშიფრულიცაა, მაგრამ არის შხამსაწინააღმდეგო მეთოდიც, რომელიც იქვე შევთავაზე. დაფიქრდნენ, მოეწონათ, სწორი ხარო, მითხრეს, და ასეც მოვიქცევითო.

_ იტყვით, რა შესთავაზეთ?

_ არა. ახალი რომ არ მოიგონონ: სახელისუფლო მანქანა არჩევნების გაყალბებაზე მუშაობს.

_ მცხეთა-მთიანეთში ექსცესები არ იყოო, ამბობენ.

_ გამოხდომების მსგავსი არაფერი მინახავს… მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება ყველგან ერთნაირია. ერთმა ახლობელმა, რომელიც სამეგრელოს კარგად იცნობს, მითხრა, რომ სამეგრელოშიც კი, სადაც ახალაიების გვარი პარპაშობს, იქაც კი გატყდა შიში. კახეთში გულგატეხის მსგავსი რამ შეინიშნება:  ხელისუფლების ძალადობა თრგუნავს ადამიანების ფსიქიკას… ასეა ან დაახლოებით ასეა დღეს. ვნახოთ, რა იქნება ხვალ-ზეგ, როცა ბატონი ბიძინა თვითონ შეხვდება კახელებს.

_ მცხეთაში ვნახე ბატონი კახი კავსაძე რომ იყო, ბატონი გივი ბერიკაშვილი… ეს ნიშნავს, რომ ხელოვანი ხალხი ჩართული ხართ სოფლების «მოხილვის» საჭირო საქმეში?

_ გულახდილად გეტყვით, რომ მთლად ასე არ არის, მაგრამ გააქტიურების ტენდენცია სახეზეა.

მე სხვა საკითხი უფრო მაწუხებს.

აი, გავიმარჯვეთ, მოვიდა ახალი მთავრობა, დაიწმინდა ამღვრეული წყალი. გაივლის ორიოდე თვე და, ვაითუ, საზოგადოებაში გაჩნდეს ასეთი განწყობილება: ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მე რა? რა სიკეთე მერგო მე? მეშინია სულსწრაფობის,  უმადურობის გამჟღავნების, იმიტომ, რომ ადამიანში ესეც არის.

_ ბატონომა ბიძინამ აკი თქვა მცხეთაში, რომ თითოეულ ადამიანამდე მივალთო. კოალიციის პროგრამები აქეთკენააო მიმართული.

_ ბატონმა ბიძინამ ისიც თქვა, რომ ძალიან მალე ყველაფრის შესრულებას ნუ ელითო. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან კი არის ადამიანი «საზოგადოებრივი ცხოველი», მაგრამ სათავისოდაა განწყობილი ყოველთვის. ამის სამწუხარო მაგალითები ვიცი, თუნდაც იგივე ჭორვილაში, სადაც ივანიშვილი თავის თანასოფლელებს თან გადაჰყვა. ერთი ჭორვილელი თავის უკმაყოფილებას საჯაროდ გამოთქვამდა: ჩემს მეზობელს 500 ლარს აძლევს, მე _ სამასსო. თუმცა იცოდა, რომ მეზობლის ოჯახი გაცილებით მრავალსულიანი და უფრო გაჭირვებული იყო. სხვა კაცი თავის პრეტენზიას არ მალავდა: იმას წითელი კრამიტით გადაუხურა სახლი, მე ყავისფრითო! არადა, ორივეს აუშენა ის ნაირფერსახურავებიანი სახლები.

ასეთი განწყობილება რომ ჩნდება, გადამდებია და ჭიასავით ხრავს სიკეთის ნაყოფს.

ამის მეშინია და ამისგან მინდა გავაფრთხილო ხალხი.

მადლიერება _ მადლის წილ, ქრისტიანობის აქსიომაა.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. ივანიშვილის ფულებს სანამ იღებდნენ ჩასარეცხი წითელი ინწილიგენცია მიშაზე ხმას არ იღებდნენ.

  2. აი ქართველი ვაჟკაცი..დიდხანს სიცოცხლე და უფლის წყალობა უსაყვარლესო ქართველო.

  3. აი ქართველი ვაჟკაცი..დიდხანს სიცოცხლე და უფლის წყალობა უსაყვარლესო ქართველო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here