Home რუბრიკები საზოგადოება ვასილ ჭიჭინაძე: არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი წელი სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება და მას...

ვასილ ჭიჭინაძე: არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი წელი სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება და მას შეუძლია საერთოდ დაითხოვოს პარლამენტი

695

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება საქართველოს ყოფილი დესპანი ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში, დიპლომატი ვასილ ჭიჭინაძე.

_ ბატონო ვასილ, ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა ევროატლანტიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს წინაშე დგას ამოცანადემოკრატიულად ჩაატაროს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. თქვენი აზრით, რას ნიშნავდა ეს განცხადება და რამდენად შეიძლება იგი ჩავთვალოთ რამე მინიშნებად ხელისუფლების მიმართ, როგორც ამას ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს?

_ ჩემი აზრით, ამერიკის მხრიდან ეს არის ერთგვარი დაფიქსირება იმ პოზიციისა, რომ, რაც აქამდე არჩევნები ჩატარდა, იყო ბლეფი და აბსოლუტურად შეუსაბამო დემოკრატიულ პრინციპებთან. თავისთავად ეს, რა თქმა უნდა, კარგია, ამიტომ, მე პირადად მივესალმები ყველა მსგავს მინიშნებას, მაგრამ, მეორე მხრივ, მოდი, ასე შევხედოთ საკითხს: რამდენი ასეთი განცხადება გვახსოვს ჩვენ იმავე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ევროპელი ლიდერებისგანაც და საბოლოოდ რა მივიღეთ შედეგად? _ აბსოლუტურად ყველა არჩევნები, რომლებიც ჩატარდა ამათ პირობებში, იყო ტოტალურად გაყალბებული. ახლა რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ აქედან: მე ვფიქრობ, შედეგის თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ასე რომ, თუნდაც ყოველდღე გააკეთონ ამერიკელმა დიპლომატებმა ასეთი განცხადებები, ამით რაღაც სასწაული არ მოხდება და სააკაშვილის რეჟიმი ასოთხმოცი გრადუსით არ შემობრუნდება. მე მგონი, ამის ილუზია არც არავის აქვს. ამდენად, თუ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან პარტიას რამე მოლოდინი გაუჩინა ამერიკის ელჩის განცადებამ, მინდა ვთქვა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბასს კი არა, საკუთარ თავს არ ემორჩილება ადამიანი, რაზეა ლაპარაკი, რომელ განცხადებას შეისმენს.

_ თუ ხელისუფლებისთვის ამერიკის მითითებებსაც არ აქვს მნიშვნელობა, რას უნდა ველოდოთ მომავალი არჩევნებისგან?

_ მე არ ვიტყოდი, რომ სააკაშვილი ამერიკის მითითებებს არ ითვალისწინებს, უბრალოდ, ის, რაც ჩვენ, ამ შემთხვევაში საზოგადოებას, მითითება გვგონია, არის მხოლოდ დიპლომატიური ჟესტი სახელმწიფოსგან, რომელმაც მსოფლიოს თვალში სუპერდემოკრატიული ქვეყნის იმიჯი უნდა შეინარჩუნოს. ასე რომ არ იყოს და სააკაშვილს მართლა რაღაც მითითებებს აძლევდნენ იქიდან, დამერწმუნეთ, ესენი იმის ნახევარსაც ვერ გაბედავდნენ, რასაც ახლა შვრებიან.

რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, აქ ერთი რამ იკვეთება, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა ამათ გაყალბების ფუფუნება იმდენად არ აქვთ, იმიტომ, რომ კარგად იციან, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას აქცენტი გაკეთებული აქვს პროპაგანდაზე, რითაც  უნდა, არჩევნები მოიგოს არჩევნებამდე. ნახეთ, რას აკეთებენ ეს ე. წ. ნაციონალური არხები: სამივე ტელევიზია, ფაქტობრივად, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ატრიალებს ერთსა და იმავეს _ სააკაშვილმა გახსნა ქარხანა, სადღაც, რომელიღაც სოფელში ჩაიყვანა ტრაქტორები; შეხვდა მოსახლეობას, მოისმინა მათი პრობლემები და ა. შ. მოკლედ, მთელი ეს პიარი, რომელიც უკვე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, გასცდა ყველაფერს და რაღაც უპრეცენდენტო სახე მიიღო; საბოლოო ჯამში, ერთი რამ არის ნათელი, კერძოდ ის, რომ ხელისუფლებას ამაზე დიდი, ამაზე საიმედო მექანიზმი არ გააჩნია. ესაა მისი მთავარი ძალა, ამიტომ, ბუნებრივია, ყველაფერს აკეთებენ პროპაგანდის საშუალებით. როგორ, რა ფორმით _ ეს უკვე სხვა საკითხია და ამაზე კიდევ ცალკე შეიძლება იმსჯელო.

_ თქვენი აზრით, ეს პროპაგანდა ასრულებს თავის ფუნქციას?

_ ფუნქციის შესრულებაში თუ იმას გულისხმობთ, მოქმედებს თუ არა «ნაცმოძრაობის» პროპაგანდა ვინმეზე, ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ხელისუფლების მცდელობა უშედეგო ნამდვილად არ არის. მერე რა, რომ ეს ყველაფერი იაფფასიანი პიარია და თბილისში ვიღაცებს სასაცილოდ არ ჰყოფნით, საქართველო ხომ მარტო დედაქალაქი არ არის?! აბა, რეგიონებში გადით და დაელაპარაკეთ მოსახლეობას, გაგიჟდებით, ისეთ რამეს მოისმენთ. იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე ძალიან მძლავრად მოექცა ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და ადრე თუ გვიან, ოპოზიციას დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს ამ სეგმენტთან ურთიერთობაში.

 ესაა ადამიანების ის კატეგორია, რომლებსაც შეიძლება მართლა სჯერათ, რომ 2008-ში საქართველომ ომი მართლა მოიგო, რომ ლაზიკა, სადაცაა, შავი ზღვის მარგალიტი გახდება, და ნატოში ხვალ ან ზეგ მიგვიღებენ; ასე რომ, არ არის საქმე ისე მარტივად, როგორც ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ჰგონია, ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში, როგორც მინიმუმ, იბრძოლოს…

_ თქვენ თქვით, რომ ხელისუფლებას გაყალბების ფუფუნება ნაკლებად აქვს, ობიექტური არჩევნების შემთხვევაში, მხოლოდ პროპაგანდის იმედად ყოფნა «ნაცმოძრაობისთვის», ფაქტობრივად, პოლიტიკურ აღსასრულს ნიშნავს და, როგორ ფიქრობთ, დაუშვებს ამას სააკაშვილი?

_ მოკლედ, თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები თუ წააგო, სააკაშვილის საქმე დამთავრებულია. ვთქვათ და მართლა ასე მოხდა, ოპოზიცია მოვიდა უმრავლესობით, რას ვიღებთ ამით? კი, ბატონო, ახლანდელივით ბურთი და მოედანი მარტო ამათი არ იქნება, მაგრამ, მეორე მხრივ, სამოცი პროცენტითაც რომ იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი, ის ხომ ვერაფერს ვერ დაამტკიცებს? ყველამ ვიცით, რომ ამისთვის საჭიროა ხმათა სამი მეოთხედი, რაც, სულ ცოტა, 70%-ით მოსვლას საჭიროებს. ახლა თქვენ გჯერათ, რომ ესენი 70%-ით არიან მომსვლელები?! ამასაც თავი დავანებოთ, ბევრს ავიწყდება, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი წელი სააკაშვილი პრეზიდენტი იქნება და მას შეუძლია საერთოდ დაითხოვოს პარლამენტი.

 არაფერს ვამყობ იმაზე, რომ კონსტიტუცია ისე აქვს მორგებული, ფაქტობრივად, ხელს ვერ ახლებ…

_ გინდათ, თქვათ, რომ ის მოლოდინი, რაც მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს, გადაჭარბებულია?

_ მე იმის თქმა მინდა, რომ მთლიანად საზოგადოების მიდგომაა ჩვენთვის წამგებიანი და არასწორი. პოლიტიკოსებზე არაფერს ვამბობ. მოკლედ, სამწუხარო რეალობა ისაა, რომ, ფაქტობრივად, ფუქსავატი ერი გავხდით… თქვენ მოლოდინი ახსენეთ და ჩვენ ახლა რას ველოდებით, იცით? რომ გამოჩნდება ვინმე მესია, ბიძინა იქნება ეს, პეტრე თუ პავლე, რომელიც მოგვცემს მილიარდებს და მერე კარგად ვიცხოვრებთ. როგორ, რანაირად მოხდება ეს და რა მიმართულებით უნდა წარიმართოს ქვეყნის მომავალი, საკითხი ასე არ დგას. ასე ვიყავით 80-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, გვახსოვს ყველას, ძარღვის გაწყვეტამდე გავიძახოდით, ბალახს მოვძოვთ, ოღონდ თავისუფლება მოგვეცითო. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე მთლად ასე იოლიც არ ყოფილა ეს ყველაფერი, როგორც ჩვენ გვეგონა, მაგრამ, საუბედუროდ, საზოგადოებამ ამით მაინც ვერ მიიღო საკმარისი გაკვეთილი, ხალხმა ვერ ისწავლა და ვერ განსაზღვრა, სად იყო შეცდომა, სად _ არა, პირიქით _ შემდეგ და შემდეგ კიდევ უფრო დიდი შეცდომები  დაუშვა…

_ დასაწყისში თქვით, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი, იბრძოლოს. 27 მაისს ბიძია ივანიშვილმა გრანდიოზული აქცია მოაწყო და, ფაქტობრივად, მთელი თბილისი ფეხზე დააყენა. თქვენი აზრით, სააკაშვილის რესურსი რამდენად საკმარისია ამხელა ძალასთან დასაპირისპირებლად?

_ რა ძალაა ივანიშვილი, მოდი, ამაზე ჯერ ნუ ვისაუბრებთ, ხალხი ქუჩაში ლევან გაჩეჩილაძესაც გამოჰყავდა თავის დროზე და ოპტიმიზმი მაშინაც არანაკლებ დიდი იყო, მაგრამ ყველას გვახსოვს, რა კრახიც მაშინ განვიცადეთ. რაც შეეხება 27 მაისის მანიფესტაციას, კი, ხალხი იყო და აქცია ნამდვილად შედგა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე გაცილებით მეტს ველოდი. ახლა რას ვგულისხმობ: ესენი აცხადებდნენ, 150 ათასი კაცი გამოვიდაო. ვთქვათ და ამდენი ყოფილიყო, თითქმის მილიონნახევრიანი ქალაქია თბილისი და, პროცენტულად თუ დავიანგარიშებთ, მარტივი არითმეტიკით ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ ათ პროცენტზე. აქედან გამომდინარე, მინდა ვკითხო იმ ადამიანებს, რომლებიც გაიძახიან, რომ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია: 10% არის ის მაჩვენებელი, რომელიც ამხელა აჟიოტაჟის საფუძველს იძლევა?

_ გასაგებია, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, ბევრი მიზეზთა გამო ვერ ახერხებს ამას.

_ ხშირად მსმენია ასეთი საუბარი, ყველა იმ ადამიანის უკან, რომელიც გამოდის და ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ პროტესტს, მინიმუმ სამი-ოთხი კაცი უნდა მოვიაზროთ ოჯახის წევრებისა და ნათესავების სახითო. დალოცვილო, იმ პოლიციელს, სპეცრაზმელს თუ უბრალო ჯარისკაცს, სააკაშვილის სამსახურშიაო, რომ გაიძახი, როგორ ფიქრობ, ოჯახი არ ჰყავს? რა ვქნათ ახლა, რად მოვიაზროთ ეს ხალხი? ან პედაგოგები ავიღოთ, საერთოდ, საჯარო სექტორში მომუშავე ხალხი, მათ თუ ხელისუფლების მხარდამჭერებად აღვიქვამთ, რა გამოდის _ მოსახლეობის სულ ცოტა 30-40 პროცენტის ხმა გარანტირებული ჰქონია «ნაცმოძრაობას»… მოკლედ, არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ხელისუფლების მიმართ კითხვები არ ჩნდება, მაგრამ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კრიტიკა, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად გვმართებს ოპოზიციის მისამართით, იმიტომ, რომ სწორედ ოპოზიციაა პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც  დაზღვეული უნდა იქნეს შეცდომებისგან. ხელისუფლებასთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია, დიდი ხანია, შევთანხმდით, რომ ესენი გასასტუმრებლები არიან, ამიტომ სამსჯელო და სადისკუსიო აქ არაფერია…

_ დასასრულს, ისევ ბიძინა ივანიშვილზე გკითხავთ: თქვენი აზრით, რამდენად გააჩნია მას, თუნდაც პიროვნულად, იმის რესურსი, რომ რუსეთთან ურთიერთობა თუნდაც ნაწილობრივ მოაგვაროს? ადრე თუ გვიან, ალბათ, მაინც მოგვიწევს ამაზე ფიქრი.

_ გვიან კი არა, ახლავე, ამთავითვე თუ არ იფიქრა ამ პრობლემის გადაჭრაზე იმ ძალამ, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს, რა აზრი აქვს ან ამათ გაშვებას, ან, საერთოდ, არჩევნების ჩატარებას! ეს უნდა იყოს პრიორიტეტი, იმიტომ, რომ არ გამოდის ქვეყნის განვითარება სხვანაირად; ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ამერიკელებს დღე უთენდებათ და ღამე უღამდებათ იმაზე ფიქრში, როგორ უშველონ საქართველოს. ეს აბსურდია და ასეთი ილუზია, მე მგონი, დღეს არავის აქვს, გვინდა თუ არა, გვიხარია თუ არა, რუსეთი _ ეს უზარმაზარი სახელმწიფო არის შენი კარის მეზობელი და ვერსად ამ რეალობას ვერ გაექცევი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რუსეთთან მიმართებაში მას ჯერჯერობით მკაფიოდ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია. ამიტომ ამ ეტაპზე ძნელია, მის რესურსებზე, კონკრეტულად ამ თვალსაზრისით, საუბარი, მაგრამ ერთი რამ უდავოა, თუ მან ერთ-ერთ მთავარ ამოცანად არ დაისახა კრემლთან ურთიერთობის მოგვარება, სხვა, რაც უნდა გააკეთოს, ვერანაირ წარმატებას მისი პოლიტიკა ქვეყანას ვერ მოუტანს.

_ არსებობს რეალურად ამის საშუალება?

_ სწორი მიდგომის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ,  უამრავი ჩვენი თანამემამულეა, რომელთაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ამ ურთიერთობების მოსაგვარებლად. მაგალითად, ამასწინათ ალექსანდრე ჭაჭიას ინტერვიუ წავიკითხე თქვენს გაზეთში და მინდა გითხრათ, რომ ის მოსაზრება, რომელიც მან გამოთქვა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ფუნქციაზე მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე, არის ერთგვარი რუკა, რომელიც პირდაპირ გისახავს და გიჩვენებს, რა გზით შეიძლება წარიმართოს მომავალი. ერთია, რომ ხელისუფლებას არ სჭირდება ასეთი ხალხი და ახლოს არ იკარებს… თუ ივანიშვილიც, ან ვინც იქნება შემდეგში, ამ პოლიტიკით იხელმძღვანელებს, _ ჩემზე ჭკვიანი ჩემთან არ უნდა იყოს, _ მივიღებთ იმავეს, რაც ახლა გვაქვს, ამ ხელისუფლების სახით, და მეტიც _ შეიძლება ბევრად უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს ის ძალა, რომელიც მომავალში იქნება ქვეყნის სათავეში, იმიტომ, რომ საერთოდ, ერთი და იმავე შეცდომის გამეორებას, როგორც წესი, აქვს ხოლმე ორმაგი ეფექტი, რაც ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის და სახელმწიფოსთვის, შეიძლება ითქვას, ათმაგად დამღუპველია…

ესაუბრა

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here