Home რუბრიკები საზოგადოება პოპულისტების, დემაგოგებისა და მარიონეტების ასპარეზი

პოპულისტების, დემაგოგებისა და მარიონეტების ასპარეზი

749

არსებობს საყოველთაო ჭეშმარიტებები, რომლებიც არასდროს კარგავს თავის ბრწყინვალებას. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად ივიწყებენ მტვერდადებულ სიბრძნეს და მრავალჯერ გაცუცურაკებულნი კვლავ ცდილობენ განსაცდელისგან თავის დაღწევას.

ანტიკური ხანის ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი დიდი ხანი ადამიანებს აფრთხილებდა: «ტირანი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ პირველ ხანებში ხალხის გულის მოსაგებად მოქალაქეებს გადასახადებისგან ათავისუფლებს, აჯილდოებს მათ მიწის ნაკვეთებით. მალე იგი ახერხებს თავისი მტრების ნაწილის განადგურებას, ნაწილს კი ურიგდება და თავის მიერ საგანგებოდ წამოწყებულ ომში ითრევს, რათა ხალხი იძულებული გახდეს, მისი წინამძღოლობა მოითხოვოს. ამის შემდეგ ტირანი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს ანადგურებს, თითქოს ხალხის «მტრებს» ებრძოდეს და საზოგადოებას მოწინააღმდეგეებისგან წმენდს. საბოლოოდ კი იგი ხალხის სიძულვილს იმსახურებს».

პლატონისეული აზრი ტირანის რაობაზე, ალბათ, მრავალს გაუჩენს შესაბამისი პოლიტიკური ტიპაჟის ასოციაციას. ეს ჭეშმარიტება თანამედროვე ქართულ პოლიტიკასაც გაგვახსენებს, რომელიც სათავეს «ვარდების რევოლუციიდან» იღებს. დიახ, ტირანი რევოლუციური იდეოლოგიის პირმშოა, რევოლუციები კი, როგორც საშიში ინფექცია, სწორედ იქ იფეთქებს, სადაც სახელმწიფო და საზოგადოება დაძაბუნებულია. გაცნობიერებული მაქვს, რომ ამგვარი მოსაზრება შინ თუ გარეთ მრავლს გააღიზიანებს. დასავლეთი ხომ ფერადი რევოლუციების დიდი ექსპორტიორია, დაუძლურებული ან არშემდგარი ქვეყნები კი _ მისი ფართო მომხმარებელი. ამგვარი განცხადებით არც ქართული ოპოზიციური სპექტრი და ამომრჩეველი დამირჩება კმაყოფილი, რადგან რევოლუციური ნაყოფისგან კბილებდაცვეთილნი მრავლად მოიძებნება მათ რიგებშიც.

თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ საშველი აღარ ყოფილა. «ვარდების რევოლუციისა» და სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი დამფინანსებელი ამჯერად «ქართულ ოცნებად და იმედად» მოგვევლინა. ბატონ ბიძინასა და სააკაშვილის «თბილ» ურთიერთობებზე მეც მსმენოდა და მაინც აღიარება _ რევოლუციონერებსა და ხელისუფლებას ვაფინანსებდიო, ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კარგად მესმის, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გააჩნდეს პოლიტიკური შეხედულება და სიმპათია, დემოკრატიის ამოსავალი დებულებაც ხომ არჩევანის თავისუფლებაში მდგომარეობს. ისიც ცნობილია, რომ პოლიტიკურ გემოვნებას არც ფული განსაზღვრავს და არც ინტელექტუალური შესაძლებლობა. არა ერთი მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ იღვწოდნენ დიქტატორთა ქოლგის ქვეშ შეყუჟული ცნობადი სახეები. სხვათაშორის ბატონმა ბიძინამ ისიც განაცხადა, რომ პოლიტიკური აქტივობა ჩემი ინტერესების სფეროს არ განეკუთვნებოდა და ასეთი ნაბიჯი მხოლოდ ერთი კაცის აკვიატებული ქცევებით გაუბედურებული ხალხის ყოფამ მაიძულაო.

ამ არგუმენტის საპირისპიროდ მავანი ხელებს გაასავსავებს და არც თუ უსაფუძვლოდ წარმოთქვას _ რას ბრძანებთ, პოლიტიკა და ფული ხომ ერთი მედლის ორი მხარეა, ცივილიზებულ სახელმწიფოებშიც კი მმართველობა დიდ კაპიტალზე დაფუძნებული ქმედითი სისტემაა, რომელშიც ხალხი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მხოლოდ ორთქლს უშვებს და უკეთესი მომავლის იმიდით გამსჭვალული, კუთვნილ საარჩენო ფსონს თავის რჩეულზე ჩამოდის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ისიც ვამტკიცოთ, რომ მსოფლიოში უმდიდრესი კაცის განცხადება უფრო რომანტიკოსის ლურჯ ოცნებას ჩამოჰგავს, ვიდრე ცივი გონებით ნაკარნახევ პრაგმატიკოსის ნათქვამს (აკი ბატონმა ბიძინამ თავადაც გვაუწყა, ბარათაშვილი ჩემი უსაყვარლესი პოეტიაო).

არ გამოვრიცხავ, «ქართული ოცნების» ლიდერს მართლაც ჰქონდა სურვილი და განზრახვა, ეკონომიკური ბერკეტებით გავლენა მოეხდინა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე. შესაძლოა, დიდ «მეოცნებეს» კულისებს მიღმა ყოფნა უფრო ხიბლავდა, ვიდრე გაკაშკაშებული პოლიტიკური სცენა. «თუ გსურს, მშვიდად იცხოვრო, ყველაზე უსუსური ცხოველის ქურქში გაეხვიე», _ ეს სიტყვები ცნობილ გერმანელ ფილოსოფოს არტურ შოპენჰაურს ეკუთვნის და დასავლეთის ფინანსური მამებიც მას იშვიათად უგულებელყოფენ. ასე რომ, იქ პოლიტიკურ შუქ-ჩრდილებს კულისებს მიღმა ქმნიან და სცენაზე მოთამაშე პოლიტიკოსებსაც შესაბამის როლებს უნაწილებენ.

დღეს მოწინააღმდეგე მხარე საჯაროდ გაიძახის _ «ქართული ოცნების» შემოქმედი სულაც არ არის უცოდველი კრავი და მისი «უხმაურო» ქველმოქმედება მზაკვრული ფანდია, საქართველოს დაუძინებელი მტრების ზრახვების ასახდენადო. ნამდვილად არ მინდა დავიჯერო «ნაცებისა» და მათი მიმდევრების მიერ გაჟღერებული შეთქმულების თეორიები. პირადად ჩემი ყურადღება «ამღვრეულ» საქართველოში მოფუსფუსე ქველმოქმედმა მას შემდეგ მიიქცია, რაც ჭერათხევისა და ზესტაფონ-ჭიათურის საავტომობილო გზის შეკეთებას მიჰყო ხელი. უფრო გზის განახლებამ კი არა, საქმისადმი გულიანმა დამოკიდებულებამ გამაოცა (ეს უცნაური კაცი, იმ დროისათვის დასაძრახ საზოგადო საქმეს, როგორც საკუთარს, ისე აკეთებდა).

აი მაშინ გავიფიქრე _ ქვეყანას ასეთი პატრონები და კაცები სჭირდება-თქო. იმ დღიდან მოყოლებული ყოველთვის ველოდი მის საჯაროდ გამოჩენას. ასე რომ, ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა სიურპრიზად არ აღმიქვამს.

რევოლუციური სიტუაციის მომწიფება და სახელისუფლო კრიზისი ჩემთვის კარგად ნაცნობი მოვლენაა. ამ თემაზე არა ერთ პოლიტიკურ ლიდერთან და მაღალი რანგის ჩინოვნიკთან მისაუბრია უშედეგოდ, 2003 და 2004 წლებში გაზეთ «ლიტერატურულ საქართველოში» საგანგაშო და გამაფრთხილებელი სტატიებიც გამოვაქვეყნე. სამწუხაროდ, მაშინ თვით ჩემს უახლოეს გარემოცვასაც რევოლუციური სახადი სჭირდა. ამგვარ სიტუაციაში, ერთის მხრივ, წარსულში მართლაც აპოლიტიკური ივანიშვილის ქმედებას შეიძლება გამართლება მოუძებნო, თუმცა იმავეს ვერ ვიტყოდი იმ პოლიტიკოსებსა და ყოფილ ჩინოვნიკებზე, რომლებმაც თავიანთი უმოქმედობით და ხშირ შემთხვევაში მოღალატური საქციელით სააკაშვილიზმის აღზევებას შეუწყვეს ხელი.

ბუნებრივია, ქვეყანაში არსებული პრობლემები ობიექტური გარემოებებითაც არის განპირობებული. სახელმწიფოებრივი განვითარება პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სტრუქტურიზაციაზე. რეალურად საბჭოეთის უზარმაზარი სივრცე ძირითადად ერთფეროვან _ საშუალო (მშრომელთა) ფენაზე იყო დაფუძნებული. იმპერიის დაშლას მასობრივად გაღატაკებული საშუალო ფენის საპირისპიროდ ერთი მუჭა მდიდრების გაჩენაც მოჰყვა. საზოგადოების ამგვარი დანაწილება, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფდა დემოკრატიის სათანადოდ განვითარებას. მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის, ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის კლასიკური სახით დალაგებას შესაბამისი ნიადაგი არ გააჩნდა. ასეთ ვითარებაში პოლიტიკოსების უმთავრეს იარაღს პოპულიზმი ან გარე ძალების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ოცწლიანი გამოცდილება და დაკვირვება საფუძველს მაძლევს, განვაცხადო, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ქაოტურად ყალიბდებოდა და გამუდმებით განიცდიდა პროფესიონალების დეფიციტს. 80-90-იან წლებში განვითარებულმა პროცესებმა _ გიგანტური ეკონომიკური სისტემის ნგრევამ, მასობრივმა უმუშევრობამ ხელი შეუწყო «ტექნოკრატებისა» და ათასი ჯურის ავანტურისტების პოლიტიკაში მოზღვავებას. დაბალი დემოკრატიული კულტურის ფონზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არაპროფესიონალთა თავყრილობა გახდა, რომელშიც სახიფათო საკანონმდებლო და პოლიტიკური საქმიანობა გაჩაღდა. ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში მოქცეულ ამბიციურ ლიდერებსა და მათ მრჩევლებს (ექსპერტებს) მწირი წარმოდგენა ჰქონდათ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებზე, განსაკუთრებით იმ მასშტაბებზე, რომელთაც ქვეყნის რეალური დამოუკიდებლობა და აღმშენებლობა საჭიროებდა. სათანადო პროგნოზების გასაკეთებლად არ არსებობდა შესაბამისი ინსტიტუტები. ასეთ პირობებში თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის უმთავრეს მიზანს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება წარმოადგენდა. წარმატებულ პოლიტიკოსად კი ის ითვლებოდა, ვინც ჩასაძირად გამზადებული სახელისუფლო ნავიდან დროზე გადმოხტებოდა და რადიკალური ოპოზიციონერის ნიღაბს მოირგებდა.

«იზმების» ტყვეობაში მოქცეული ამომრჩეველი ადვილად ებმებოდა უზნეო პოლიტიკანების მიერ დაგებულ ხაფანგში და ხალხის რისხვაც მხოლოდ იმ ერთისკენ წარიმართებოდა, რომელმაც ნდობა ვერ გაამართლა (მსხვერპლთშეწირვის პრინციპი).

ქართულ პოლიტიკაში დღესაც არ არსებობს პოლიტიკური მორალი და, შესაბამისად, კოლექტიური პასუხისმგებლობის მცნება. პარტიული ორგანიზმების დაშლა, მათი კოალიციებში გაბნევა წითელ ხაზად გასდევს ჩვენს უახლოეს ისტორიას. პოლიტიკური ნიღბების ხშირი ცვლა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ საქართველოში ჯერჯერობით ვერ მოხერხდა პარტიების სახით მყარი პოლიტიკური ორგანიზმების შექმნა. მეტ-ნაკლებად მდგრადობით ლეიბორისტული პარტია გამოირჩევა. სამწუხაროდ, მისი ლიდერის ამჟამინდელი ქმედებები უფრო გაბრაზებული კაცის საქციელს წააგავს, რომელიც ამაოდ ცდილობს, კომუნისტური ლოზუნგებით ამომრჩეველი მიიზიდოს. თუმცა ბატონ შალვას მართლაც აქვს აღშფოთების მიზეზი: ხელისუფლებაში დაფრთიანებულმა სააკაშვილმა მას მართლაც უტიფრად გამოჰგლიჯა მემარცხენეობის ბაირაღი. ნამდვილად არ ვიცი, რას ეფუძნება «ქართული ოცნების» ლიდერის ბრალდება ლეიბორისტებისა და ხელისუფლების ფარული თანამშრომლობის თაობაზე, თუმცაღა სააკაშვილისა და ნათელაშვილის სტილი, მათი პოლიტიკური ლექსიკონი და პოზა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.

ასეთ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სრულიად განსხვავებული ლიდერის გამოჩენა. ბატონ ბიძინას ირგვლივ აუარებელი ჭორ-მართალი ვრცელდება. პირადად ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მისმა პირველმა სატელევიზიო ინტერვიუმ მოახდინა. ამის თაობაზე ცნობილ ტელეჟურნალისტ ეკა ბერიძეს «ფეისბუქის» საშუალებით გულწრფელად მივწერე: ეს კაცი პოლიტიკისათვის ნამდვილად მენანება-თქო. ჩემთვის მაშინვე გახდა ცხადი, რომ ამ პოეტური ბუნების კაცს საჯაროობა და პოლიტიკური შოუ ნამდვილად არ იზიდავდა, მისი ნაბიჯი მართლაც ჰგავდა იძულებითს, ვიდრე წინასწარ დაგეგმილს. ახალ ლიდერს არ გააჩნდა პოლიტიკური ქარაგმა, «გაცვეთილი» პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მწყრალად იყო დემაგოგიის ხელოვნებასთან და ვერც პოპულიზმის ბოლით აბრმავებდა ადამიანებს. ქართულმა საზოგადოებამ პირველად იხილა უბრალო ენით მოსაუბრე პიროვნება, რომლის გულახდილობას, მხოლოდ დიდი საქველმოქმედო საქმეები და ფინანსები უმაგრებდა ზურგს.

მრავალ ჭირვარამგამოვლილ ხალხსაც თითქოს თვალი აეხილა, ზნეობრივი ჩარჩოებიდან ამოვარდნილი ბაქია ლიდერებისგან პირი იბრუნა და თავის მიწა-წყალზე შეყვარებულ საქმიან კაცს მიაშურა. პოლიტიკური სასწორი მკვეთრად გადაქანდა ახალი მხსნელის მხარეს, სასოწარკვეთა კვლავ მომავლის იმედმა შეცვალა. პოლიტიკური კლიმატი ისევ გამოცოცხლდა, ადამიანებმა ძალა იგრძნეს. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტი ბრძოლა ძალზე რთული იქნება. «ნაცმოძრაობა» მხოლოდ ანომალიურად მოაზროვნე პრეზიდენტის (არსებობს ფსიქიკური ანომალია, რაც განდიდების მანიაში გამოიხატება. სამწუხაროდ, ეს სინდრომი დამახასიათებელია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვისაც) და ძალაუფლებას დახარბებული ახალგაზრდების დაჯგუფებას არ წარმოადგენს. ამ საშიში ძალის უკან უზარმაზარი ფინანსური ვალდებულება და «შავ-ბნელი» საქმეების გროვაა აღმართულა. ჩვეულებრივი ინსტიქტია _ როცა გასაქცევი აღარ გაქვს, იძულებული ხარ შეტევაზე გადახვიდე (ასეთ მდგომარეობაში თვით უსუსური ცხოველიც კი აგრესიული ხდება). მიუხედავად ამ ყველაფრისა, «ნაცმოძრაობასთან» გამარჯვება ისეთი რთული არ იქნება, როგორც ქვეყნის სტაბილურობა და რეალური აღმშენებლობის განხორციელება. მართალია, ბატონ ბიძინას განცხადებებში ამ თვალსაზრისით საკმაოდ საიმედო აქცენტები გაჟღერდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალთა ცნობიერება ისევ მესიანიზმის მარწუხებშია მოქცეული.

განვლილი პერიოდის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ამჯერად სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ერთ დროს გაფეტიშებულ ცნობილ ლოზუნგს «კადრები წყვეტენ ყველაფერს». საუბედუროდ, პოლიტიკურმა დილეტანტიზმმა არა მარტო წარმოების საშუალებები, არამედ კვალიფიციური კადრებიც გაანადგურა. სასწავლო პროცესების «ამოვარდნამ» და გაუაზრებელმა რეფორმებმა კიდევ უფრო მოარყია ის საძირკველი, რაზეც უნდა იდგეს ცივილიზებული სახელმწიფო. სამწუხაროდ, ეს საკითხი ქართული პოლიტიკისთვის აქილევსის ქუსლად რჩება. არასწორად განვითარებული ტრადიცია _ მეგობრულ-ნათესაური ჩარჩოები, ხშირად კარიერის მწვერვალზე მოხვედრილ კაცს, საშუალებას არ აძლევს, სწორი არჩევანი გააკეთოს. ზოგჯერ წარმატებულ პოლიტიკურ ლიდერს ძალიან უძნელდება ირგვლივ ჯანსაღი და საქმის მცოდნე ადამიანების შემოკრება. მაღალი თანამდებობების (მდგომარეობის) ირგვლივ სარეველასავით ხარობს უნიჭო კარიერისტების გარემოცვა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, ახლოს არ გაიკაროს მოკრძალებული ინტელექტუალები. ამ საშიში ტენდენციის დაძლევა შესაძლებელია გონიერი საკადრო სისტემით და საღი კონკურენტუნარიანი გარემოს დამკვიდრებით.

დადგა დრო, კატეგორიულად უარი ვთქვათ ქარიზმატულ, საეჭვოდ პოპულარულ სახეებზე და ქვეყნის მომავალი ფუტკარივით მოფუსფუსე პროფესიონალებს მივანდოთ. ყველაზე მეტად დღეს, ალბათ, დიდი შოთას შეგონება გვჭირდება: «ვისაც ღმერთმა რაცა მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს; მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს», დარწმუნებული ვარ ქართულ პოეზიაზე შეყვარებულმა «ქართული ოცნების» ლიდერმა ნამდვილად იცის ამ მარგალიტის ფასი. დღეს ყველა ხელებდაკაპიწებული უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რომლის გაკეთებაც კარგად შეუძლია. სწორედ ამ პრინციპზე იდგა მე-12 საუკუნის ძლიერი საქართველო. ესაა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ დემოკრატიული სამართლებრივი მოდელების პრიმიტიულად მორგება, ძალზედ სახიფათო საქმეა. მიმაჩნია, რომ უახლოეს მომავალში უარი უნდა ვთქვათ მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე და იგი საპარლამენტო რესპუბლიკით ჩავანაცვლოთ. ამის თაობაზე ჯერ კიდევ საქართველოს კონსტიტუციის მიღებამდე ვწერდი (გაზეთი «ერი», 3-9 ივნისი, 1992 წელი – «კონსტიტუციური მონარქია პარლამეტარიზმის ყველაზე კლასიკური და გავრცელებული მმართველობის ფორმაა»; გაზეთი «სარანგი», 26 მაისი, 1995 წელი _ «ძლიერი პარლამენტი მყარი ხელისუფლების საფუძველია»). ამ სტატიებში უცხოელ მეცნიერთა ნაშრომებზე დაყრდნობითა და პოსტსაბჭოურ სივრცეში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით ვასაბუთებდი, რომ საპარლამენტო მმართველობის ფორმა საპრეზიდენტო მმართველობასთან შედარებით დასავლეთში (განსაკუთრებით ევროპაში) ყველაზე მეტად არის გავრცელებული. მმართველობის ასეთი ფორმა ხელს უწყობს დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპის _ კოლექტიური პასუხისმგებლობის განვითარებას და გამორიცხავს ერთი პიროვნების ხელში განსაკუთრებული ძალაუფლების კონცენტრირების შესაძლებლობას.

ამ არგუმენტების გასამყარებლად ცნობილი მეცნიერის _ ლინცის მოსაზრებას ვიშველიებდი: «ვინაიდან პრეზიდენტი ფლობს დამოუკიდებელ ძალაუფლებას და საერთო სახალხო მანდატს, ამიტომაც მისი ხელისუფლება ერთგვარი განსაკუთრებული მისიის შეგრძნებით არის გამსჭვალული. სრულიად სახალხოობის ელემენტმა, რომელიც ახასიათებს პრეზიდენტის ხელისუფლებას, შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ წინააღმდეგობა და ოპოზიცია, ვისაც ის ეჯახება, მოეჩვენოს უფრო და უფრო გამაღიზიანებლად, ხოლო იმედის გაცრუება შეიძლება გახდეს ცდუნება, თავისი პოლიტიკა განიხილოს, როგორც ხალხის ნების გამოხატულება, ოპონენტების პოლიტიკა კი _ როგორც ვიწრო წრის ეგოისტური მისწრაფება. ლიდერის ხალხთან იდენტიფიკაციას მივყავართ პოპულიზმთან, რომელიც ხელისუფლების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს, აქედან იბადება სურვილი საკუთარი უფლებამოსილების საზღვრების არცნობისა, რაც უმცირესობამაც კი, აღარაფერს ვამბობ საშიშ უმრავლესობაზე, შეიძლება, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, გამართლებულად ჩათვალოს.

პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრემიერ-მინისტრი, ჩვეულებრივ, პარლამენტის წევრს წარმოადგენს, მიუხედავად სამთავრობო სკამზე ჯდომისა, იგი რჩება უფრო ფართო ორგანოს, პარლამენტის ნაწილი. გარკვეულ მომენტში პრემიერ-მინისტრი თანასწორობის პირობებში უნდა შეხვდეს კოლეგა-კანონმდებლებს, როგორც ეს ბრიტანეთში, წარმომადგენლობით პალატაში, ხდება, როდესაც პრემიერ-მინისტრი ტრადიციულად პასუხობს დასმულ კითხვაზე. თუ პრემიერ-მინისტრი მეთაურობს კოალიციურ მთავრობას ან მის პარტიას, პარლამენტში აქვს უმცირესობა, იგი თავს უფლებას აძლევს, პარლამენტის აზრისაგან მხოლოდ მინიმალური გადახვევა გააკეთოს.

ის, რაც საპარლამენტო სისტემაში შეიძლება იყოს სამთავრობო კრიზისი, საპრეზიდენტო სისტემის დროს შესაძლოა რეჟიმის კრიზისით დამთავრდეს. იმ გარემოებას, რომ პრეზიდენტი შემოსაზღვრული დროის პერიოდთან დგას და არსებობს მის სახელთან დაკავშირებული პროგრამა, არ შეიძლება არ იმოქმედოს პრეზიდენტის პოლიტიკურ სტილზე. არათანმიმდევრული პოლიტიკისა და შესაძლო მონაცვლეობის გამო ღელვა ხელს უწყობს დასახული ამოცანის დასრულებისკენ ნაჩქარევ სწრაფვას. პრეზიდენტის მხრიდან დაუყოვნებლობის მომეტებულ გრძნობას შეიძლება მოჰყვეს გაუმართლებელი, ნერვიული პოლიტიკური ინიციატივა, ჩანაფიქრის განხორციელების მეტად ნაუცბათევი მცდელობა, მიუღებელი მრისხანება კანონიერი ოპოზიციისადმი. ძალზედ ხშირად პრემიერ-მინისტრებს თანამდებობები რამდენიმე პერიოდის განმავლობაში ეკავათ, მაგრამ დიქტატურის გაჩენის საშიშროება არ წარმოქმნილა, ვინაიდან ყოველთვის რჩება აშკარა შესაძლებლობა, მთავრობა არაკონსტიტუციური მეთოდების გამოყენების გარეშე შეცვალონ».

როგორც ვხედავთ, ქვეყანაში უმრავი სასიცოცხლო პრობლემა დაგროვდა, მათი გადაწყვეტა, მიუხედავად ფინანსური და გონებრივი შესაძლებლობებისა, ნებისმიერი ერთი კაცის უნარს უდავოდ აღემატება. ამ ამოცანის გადაწყვეტა მხოლოდ ავადმყოფური ამბიციებისგან თავისუფალ საზოგადოებას შუძლია. დღეს განსაკუთრებით ფასობენ ისინი, ვინც საკუთარი თავიდან (კეთილდღეობიდან) კი არ გასცქერიან სამშობლოს, არამედ სამშობლოდან უმზერენ საკუთარ თავს. ყველა საღად მოაზროვნე დამეთანხმება, რომ საზოგადოებრივი (სახელმწიფოებრივი) აზროვნების გარეშე პოლიტიკა პოპულისტების, დემაგოგებისა და მარიონეტების ასპარეზია მხოლოდ.

ზურაბ დგებუაძე

გერმანია, პოლიტიკური დევნილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here