Home რუბრიკები საზოგადოება «ჩვენი ხალხები ერთიანი მძლავრი სარწმუნოებით იმდენად მჭიდროდ არიან გაერთიანებულნი, რომ არავის ძალუძს...

«ჩვენი ხალხები ერთიანი მძლავრი სარწმუნოებით იმდენად მჭიდროდ არიან გაერთიანებულნი, რომ არავის ძალუძს ამის დარღვევა»

658

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ეკლესიური კავშირების განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, _ დეკანოზ ნიკოლაის (ბალაშოვი) ეს სიტყვები ორი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურთიერთობის არსს სრულად განსაზღვრავს. სწორედ ორი მართლმადიდებლური ეკლესია არის დღეს ის ერთადერთი ინსტიტუტები საქართველოშიც და რუსეთშიც, რომელთა ურთიერთობა, ყველაფრის მიუხედავად, გრძელდება. მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, ურთიერთობა, მომავლის განჭვრეტა _ მამა ნიკოლაისთან ინტერვიუს თემებია.

_ როგორ აფასებთ მართლმადიდებლობის ადგილს დღევანდელ რეალიებში, მის როლს მართლმადიდებლურ სამყაროში და მთლიანად მსოფლიოში?

_ ეკლესია საუკუნო, ღვთაებრივ ჭეშმარიტებას ინახავს. იგია «მარტოობის გადალახვის საიდუმლო», როგორც ეს შესანიშნავად თქვა XX საუკუნის ერთ-ერთმა რუსმა სასულიერო მწერალმა. იგი უხილავი კავშირით აერთიანებს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ქრისტე _ ცოცხლებსა თუ იმათ, ვინც ჩვენზე ადრე დაამთავრა მიწიერი არსებობა. მართლმადიდებლებისთვის ეკლესია მათი სულიერი ერთიანობის თავშესაყარია, ეროვნულ, პოლიტიკურ, კულტურულ და ყველა განსხვავებათა ზედა მდგარი. ეკლესია არასოდეს არ შეერწყმის «საეროს», რომელიც ღმერთის კანონით კი არ ცხოვრობს, არამედ მომხმარებლობის, მომხვეჭელობის წყურვილის კანონით. მისი ბედი ქრისტეს მიერ არის ნაწინასწარმეტყველები: «მე თუ მდევნიდნენ, თქვენც გაგდევნიან» (ინ. 15, 20).

_ რა გამოწვევები დგას დღეს მართლმადიდებლობის წინაშე და რომელი ამოცანები უნდა გადაწყვიტოს მან?

_ ეკლესია არ არის საერო ორგანიზაცია, რომლის მოღვაწეობის ამოცანები კონიუქტურის ზემოქმედებით იცვლება. ეკლესიის ამოცანა ყოველი დროისთვის ერთია: სახარების ქადაგება, ადამიანების წარმართვა სულის გადასარჩენად. ამ გზაზე დაბრკოლებები ყოველთვის არსებობს. ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის შიდა ერთიანობის განმტკიცება.

_ როგორ აფასებთ რუსული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების და ორი ერთმორწმუნე ხალხის დღევანდელ ურთიერთობას?

_ მიუხედავად იმისა, რომ დღეს პრაქტიკულად არ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა, რაც, უკვე რამდენიმე წელიწადია, გრძელდება, ორი ეკლესია განაგრძობს თავიანთი ძმური კავშირების განვითარებას უწინდელზე არანაკლები აქტიურობით, შესაძლოა, უფრო აქტიურადაც კი, რაც სხვა სფეროებში ჩავარდნის ერთგვარ კომპენსაციადაც წარმოგვიდგება. ჩვენ ვსტუმრობთ ერთმანეთს, ვლოცულობთ ერთად, მოვიხილავთ წმინდა ადგილებს, ხელს ვუწყობთ ერთობლივ საგანმანათლებლო და სხვა ინიციატივების განხორციელებას. ჩვენი ხალხები იმდენად მტკიცედ არიან გაერთიანებული ერთიანი მძლავრი სარწმუნოებით, რომ არავის ძალუძს ამის დარღვევა.

_ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზეთის ეპარქიას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად აღიარებს, მაგრამ, ამასთან, მხარს უჭერს აფხაზეთის ეკლესიის ავტონომიურობას. როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციას?

_ ბოლომდე ვერ ვიგებ თქვენს შეკითხვას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული ეკლესია, ისევე, როგორც ქართული, უწინარეს ყოვლისა, დაინტერესებულია, რომ მართლმადიდებლობა აფხაზეთში, რომელიც ოდითგან მართლმადიდებლურია, არ დასუსტდეს და არ დაკარგოს გავლენა ხალხის ცხოვრებაზე. თუ სხვაგვარად მოხდება, თუ წარმატება ექნება აფხაზი ხალხის უმრავლესობის იდენტურობის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას, ამას მართლმადიდებლობისთვის სავალალო შედეგები მოჰყვება, განსაკუთრებით, _ კავკასიაში. რუსული ეკლესია აფხაზი მართლმადიდებლების ცხოვრებაში არ ერევა, თუმცა ბევრს სწორედ ეს სურს, იფარგლება ყველაზე აუცილებელი დახმარებით. ვიმედოვნებთ, რომ ბრძნული სამშვიდობო ღონისძიებები დროთა განმავლობაში შედეგს გამოიღებს, და აფხაზთა და ქართველთა კეთილმეზობლური დიალოგი ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდება. ადამიანებს დრო სჭირდებათ სულიერი ტკივილების მოსარჩენად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სისხლია დაღვრილი.

_ თქვენი აზრით, როგორ უნდა მომხდარიყო, რომ ორი ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი ხალხი ერთმანეთთან ომში ჩართულიყო 2008 წელს? როგორია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება ამ კონფლიქტის მიმართ და, თქვენი აზრით, თავიდან როგორ უნდა ავიცილოთ მსგავსი რამ?

_ ვფიქრობ, რომ ის, რაც მოხდა, უნდა შევაფასოთ იმით, თუ ვის აძლევს ხელს მომხდარის შედეგები. ეს აშკარად რუსეთი არ არის, არც საქართველოა და არც წმინდა მართლმადიდებლობა. აი, გარე ძალები, რომელთა მრავალწლიანი საქმიანობა მიმართული იყო მართლმადიდებლური აღმოსავლეთქრისტიანული ცივილიზაციის დასანგრევად, ნამდვილად არსებობს. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს იმ პირებს, რომლებმაც საომარი მოქმედება დაიწყეს. თუმცა პასუხისმგებლობას ღმერთის წინაშე ვერ გაექცევიან.

_ მართლმადიდებლობა დღეს პრაქტიკულად სულიერად და მორალურად ერთადერთი პოზიტიური ერთობაა, რომელიც თავისი არსით მოწოდებულია, ემსახუროს მშვიდობასა და აღმშენებლობას. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სერიოზული წნეხის ქვეშაა. ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ განაცხადა: «ილია მეორე დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის გარანტია. ღმერთმა დღეგრძელი ამყოფოს, მაგრამ ადამიანები უკვდავნი არ არიან. თავად მან, ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა ღვთისმსახურებმა და მთელმა სამწყსომ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ჩვენს ეკლესიას ილიას შემდეგ. ხელისუფლება შეეცდება, სინოდის ნასყიდი წევრების მეშვეობით პატრიარქის ტახტზე დასვას ვინმე «რეფორმატორი», ეკუმენისტი, «ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა» მომხრე…»

_ როგორ აფასებთ ამ რეალიებს და რა შედეგებს უნდა ველოდოთ, თუ მართლმადიდებლური ეკლესიის პოტენციალი მომავალშიც «ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა» მომხრეების სცენარით შეილახება?

_ თქვენ მიერ მოხმობილი ციტატის მხოლოდ პირველ სიტყვებს შემიძლია დავეთანხმო: უწმინდეს კათალიკოს-პატრიარქს _ ილია II-ს მართლაც აქვს განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი როლი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანობის საქმეში. ვიზიარებ თქვენი ავტორის სურვილს: ღმერთმა ადღეგრძელოს საქართველოს ეკლესიის წინამძღვარი. აი, მომავლის მკითხაობა კი ჩემი საქმე არ არის. ღმერთი ზრუნავს წმინდა ეკლესიაზე, იზრუნებს მომავალშიც.

_ რას უსურვებთ ერთმორწმუნე ქართველ ხალხს?

_ წმინდად შეინახონ მართლმადიდებლური რწმენა, რომლითაც ფორმირებულია მთელი ქართული ისტორია. ეს არის საუკუნო საფუძველი, ეს არის ხალხთა ერთობის საძირკველი. მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესს მიეცეს უეჭველი პრიორიტეტი. ქრისტიანული ფასეულობანი პირველ ადგილზე უნდა იყოს, დანარჩენმა _ ეთნიკურმა, კლანურმა, ეკონომიკურმა, პარტიულმა ინტერესებმა არ უნდა დათრგუნოს უმაღლესი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას.

ესაუბრა  ვანო ჩოკორაია,

სპეციალურად «საქართველო და მსოფლიოსთვის»

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here