Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი შენგელაია: სააკაშვილი კლოუნია!

გიორგი შენგელაია: სააკაშვილი კლოუნია!

1441

დიღომში გრიგოლ ხანძთელის, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩებს რომ ჩაუვლი, სარაჯიშვილის ქუჩას რომ მიადგები და იკითხავ, გიორგი შენგელაია სად ცხოვრობსო, უმალ გიპასუხებენ: _ მოსულხარ და ეგ არისო. ძველებურ ყორეში დატანებული პატარა, შავად შეღებილი ჭიშკრის მარცხენა მხარეს თეთრი ზარია. დააჭერ ღილაკს, გაგიღებენ, არც შეგეკითხებიან, ვინა ხარო. შედიხარ. დიდი მიხეილ ჭიაურელის ეზოგარემოში მოხვდები. სახლი _ ერთსართულიანი. სისადავე და მინიმალური კომფორტი, რაც დიდი კულტურისა და მაღალნიჭიერების თანმდევია. კარებში _ გიორგი შენგელაია _ შორტებში და ყავარჯენს დაყრდნობილი. ძველი სპორტსმენის ფეხები _ ძლიერი მუხის მრავალნაჭდევი ანალოგი. გასულ ზამთარს მარჯვენა ფეხი მოიტეხა და საოპერაციოდ ემზადება.

ამ ყველაფერს გზადაგზა გავიგებ, საუბრისას. ახლა კი დგას ნაბრძოლი ლეგიონერივით და არაფერი ეტყობა ხანდაზმულობის.

ან რატომ უნდა ეტყობოდეს?

გიორგი შენგელაია, გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, მხოლოდ 75 წლისაა.

ცოტა თავსაც ვიმხნევებ.

პირველად 1953 წელს დავვახლოვდით. მეტნაკლებად. იმ ტრაგიკულ წელიწადს, როცა განუმეორებელი ნატო ვაჩნაძე ცაში დაიფერფლა, ვაჟთა პირველი საშუალო სკოლის ბიჭები ვცდილობდით, გვერდით დავდგომოდით ელდარსა და გიორგის და რამენაირად შეგვემსუბუქებინა მათთვის უსაზღვრო ტკივილი.

მაგრამ, აბა, რისი შემძლენი ვიყავით!

გადაუღებელი ფილმის კადრებივით გაკრთა ფიქრის ეკრანზე ასეთი რეტროსპექტივა.

მაგიდასთან ვსხედვართ და ჩვენი საუბარი «სხვა კინოდან» იწყება _ საქმე ეხება «საქართველო და მსოფლიოს» წინა ნომერში გამოქვეყნებული წერილის «ბონი და კლაინი რულავენ» ერთ ციტატას, რომლითაც ავტორმა ინტერნეტიდან ისარგებლა.

_ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. დავურეკე თქვენს მთავარ რედაქტორს _ ძალიან სიმპათიური და სათნო კაცი ყოფილა. გავარკვიეთ ყველაფერი. ჟურნალისტი თამარ დავითულიანი დეზინფორმაციის ტყვე აღმოჩნდა, როცა ინტერნეტგაზეთ «დრონი.ჯის» ციტატით ისარგებლა. ასეთი გაზეთის არსებობა აქამდე გაგებული არ მქონდა. დავინტერესდი, რადგან ისეთი სიტყვები მომაწერა ამ გამოცემამ, რაც სრულიად არ შეესაბამება ჩემს პოზიციას არც სტილისტურად, არც სემანტიკურად, არც შინაარსობრივად.

ჟურნალისტს არ ვერჩი…

მე თვითონ ვიყავი რესპუბლიკური პარტიის წევრი და კარგად ვიცი ამ პარტიის კარგიც და შეცდომებიც, ამიტომ არ ვიტყოდი: «ღმერთმა ნუ ქნას და ეგენი თუ მიუშვი ხელისუფლებაში, გარყვნიან და გააპარტახებენ ქვეყანას!»

_ პოლიტიკა შემოქმედს ცხოვრებას ურთულებს.

_ უდიდესი გერმანელი მწერლების _ ჰერმან ჰესესა და თომას მანის მაგალითს დაგისახელებთ. ჰესე ფაშიზმს შვეიცარიაში გაერიდა, თომას მანი დარჩა გერმანიაში და ებრძოდა ჰიტლერიზმს. ჰესე წერდა მაშინ მანს _ ამ სისულელეზე დროს ნუ ხარჯავო.

_ რადგან შემოქმედებისთვის იკარგებოდა დრო.

_ მყავს მე ისეთი მეგობრები, რომლებიც მეუბნებიან, შენი საქმე არ არის პოლიტიკაო, მაგრამ მე, დიდი ხანია, ამას ვაკეთებ. დიდი ხანია. ჩვენი დიდი მწერლების მაგალითი შევახსენე. თუნდაც ვაჟა ფშაველასი, რომელიც ყველა საზოგადო მოვლენაზე პუბლიცისტური წერილებით მძაფრად რეაგირებდა. ამიტომ ჩემიც არ უნდა გაგიკვირდეთმეთქი, ვუთხარი ჩემს მეგობრებს

დავინტერესდი ამ გაზეთით და აღმოვაჩინე, რომ «დრონი.ჯი» ასოცირებულია «რეალ TV»-სთან. გაიგე?

_ გასაგებია

_ ეს გააკეთეს ორი წლის წინათ, _ ვითომ ინტერვიუები ჩემთან, ქეთი დოლიძესთან, გოგი ქავთარაძესთან, სხვებთან და ყველას ტექსტი არის შეთითხნილი. წარმოგიდგენია, რა დონეზე და როგორი მეთოდით მუშაობს ეს გაზეთი, როცა არასოდეს, არც პირადად შეხვედრის დროს, არც ტელეფონით ინტერვიუ ამ საკითხზე არავისთვის, მით უფრო ამ გაზეთის ჟურნალისტისთვის, არ მიმიცია? გამოდის, რომ მე ვთათხავ თინა ხიდაშელს და დავით უსუფაშვილს იმიტომ, რომ ისინი უარყოფენ ჩვენს ეროვნულს, ძირძველ ტრადიციებს და დასავლეთის შეხედულებების გადმონერგვას ცდილობენ ქართულ ნიადაგზე.

იმ «ჯი»-სთან ლაპარაკიც არ მინდა… თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს. პროფესიონალები არიან. არ შეიძლება მათზე ითქვას, რომ ეროვნულს უარყოფენ, რომ ხელისუფლებაში თუ მიუშვი, დაღუპავენ საქართველოს. თანაც რესპუბლიკელები მარტო ისინი _ ეს ორი არ არის. იქ არიან ვახტანგ ხმალაძე, იქ არის, ჩემო ბატონო, ივლიანე ხაინდრავა, ძმები ბერძენიშვილები, სხვები და სხვები. მე მათ დიდ პატივს ვცემ, კულტურული ხალხია. ვერ შევადარებ იმ შემადგენლობას, რომელიც «ნაციონალურ მოძრაობაშია».

_ ბატონო გიორგი, რახან უარყოფაზე მიდგა საქმესაკდესი უარყოფს» ხომ გახსოვთ), ბარემ თქვენ სხვა ციტატის მოსალოდნელი გამოყენებიდან დაიზღვიოთ თავი და ახლავე განაცხადოთ _ მართლა გაქვთ ნათქვამი (კარგა ხნის წინათ), რომ ირაკლი ალასანია არ მიგაჩნდათ ოპოზიციის ჭეშმარიტ ლიდერად? ბელადობას ვერ გასწევსო, გითქვამთ.

_ (ეღიმება). ეს განაპირობა იმ დროს არსებულმა ვითარებამ, როცა ოპოზიცია სუსტი იყო და ხალხმაც გული აიცრუა. მაშინ ნამდვილად არ ჩანდა ძლიერი ლიდერი.

კონკრეტული შემთხვევა იყო: მე ვმონაწილეობდი ნოემბრის აქციებში. პირადად. არაფერს და არავის არ წარმოვადგენდი. გამოვდიოდი, ხალხს ველაპარაკებოდი. ერთი მიტინგი იყო დანიშნული ტელევიზიის წინ. ვხედავ იქ, მოედანზე დიდი თათბირია ალასანიასი. რა ხდება-მეთქი, ვიკითხე. კამათობდნენ, უნდა აეღოთ თუ არა კარვები, რომლებიც აქაც და რუსთაველზეც იყო გაშლილი. კრიტიკული მომენტი იყო. მოვარდნენ ტელევიზიები _ «პირველი არხი», «რუსთავი-2», «იმედი». მეკითხებიან, თქვენ რას იტყვით, ვინ არის მართალიო. ვუპასუხე, რომ ალასანიას პოზიციას მხარს არ ვუჭერ. მიმაჩნია, რომ ეს «საკნები» არ უნდა ავიღოთ. დღესაც ამ აზრზე ვარ.

შეიძლება, მაშინ შორს ვერ გავიხედე. ალასანია მაშინ ახალი ჩამოსული იყო შტატებიდან. ეტყობა, ამერიკელებმა ურჩიეს, ეცადეთ, მშვიდობიანი გზით შეცვალოთ ხელისუფლებაო.

ნიჭიერ, შემოქმედებით ადამიანებს ახასიათებთ მოუთმენლობა. მე, თუ ნიჭიერი მეთქმის, მეც ასეთი მოუთმენელი ვარ. იმდენად მეჯავრებოდა ეს რეჟიმი, რომ მინდოდა, რაც შეიძლება მალე მოცილებოდა ასეთი მაჯლაჯუნა საქართველოს. როგორც უბრალო მომიტინგე ადამიანი, ავყევი ამ განცდასშორს გამიზნული  გათვლები არ მქონდა.

ახლა დადასტურდა და ახლა უკვე კარგად მესმის, რატომ დგას ბიძინა ივანიშვილი პოზიციაზე _ «მხოლოდ არჩევნებით!».

გუშინდელი ფაქტი ავიღოთ, როცა დააყადაღეს სრულიად დაუსაბუთებლად ის კომპანია, რომელიც სატელიტურ ანტენებს იაფი განვადებით უდგამდა მოსახლეობას. გამოვიდნენ «ქართული ოცნების» წარმომადგენლები, მათ შორის, ელისო ჩაფიძეც და თქვეს, რომ ეს იყო ხელისუფლების ხრიკი, რათა ჩვენ გავამწვავოთ სიტუაცია, მაგრამ არ ავყვებით და მივალთ არჩევნებამდე, და არჩევნებში, დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთო.

მეც დარწმუნებული ვარ.

მე რაც ვნახე, ძმაო, თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში, ნიშნავს, რომ მთელი ეს ხალხი და კიდევ ისინი, ვინც ვერ მივიდა, ბიძინას ჩაუყრის ბიულეტენებს.

ამისი ეშინიათ.

_ და ამ შიშის გადაფარვას ხომ არ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი თავისი ყოველდღიური «აგიტკებით» სატელევიზიო სივრცეში?

_ ეს არის კულმინაცია იმ ბიოლოგიური პათოლოგიის, მე ასე ვთვლი, რომელიც ამ კაცშია.

ადრე ჩვენ დავუჭირეთ მხარი სააკაშვილს _ მე, რამაზ ჩხიკვაძემ, ვახუშტი კოტეტიშვილმა და სხვებმა იმ ჩამყაყებული გარემოს წინააღმდეგ, რომელსაც ქმნიდა შევარდნაძის გარემოცვა რჩეულიშვილის, სარიშვილისა და სხვების სახით. მხარი დავუჭირეთ, ჟვანიას ხათრით, სხვათა შორის. ხაზს ვუსვამ ამას. ჟვანიამ მოიყვანა ეს ახალგაზრდა კაცი… იმ მომენტში პროგრესულები ჩანდნენ.

_ Младореформаторы_ როგორც თავის დროზე თურქეთში იყო?

_ ასე ჩანდა გარეგნულად, მაგრამ მერე, როცა მაგათ ჟვანია მოიშორეს, სააკაშვილმა დაიჯერა, რომ პირველი და განუმეორებელია. ასეთია მისი ბუნება. მე უფრო ბუნებას ვაწერ. რაც მთავარია, არის მომხვეჭელი… სახელი რომ მოიპოვა, ახლა ებღაუჭება. დემოკრატიას ერთი უდიდესი თვისება აქვს: რანაირი მმართველიც გინდა იდგეს ქვეყნის სათავეში, ის უნდა იცვლებოდეს.

პათოლოგია.

(გიორგი შენგელაია ასახელებს საწინააღმდეგო მაგალითებს ამერიკის შეერთებული შტატების «მამების» ისტორიიდან, როცა მათ უარი თქვეს მეორე ვადით არჩევაზეც კი. მოჰყავს გამონაკლისი მაგალითი ფრანკლინ დელანო რუზველტისაც, რომელიც მესამედაც აირჩიეს, მაგრამ ის მართლა ღვთისნიერი კაცი იყოო).

ჩემი, როგორც რეჟისორის თვალთახედვით, მიხეილ სააკაშვილის აქეთ-იქით სირბილი, ოღონდ ხალხში გამოჩნდეს, ტაკიმასხარაობაა.

_ მაგრამ ბოროტი ქვეტექსტითდა აქვე დგება საკითხი ჭეშმარიტი და ცრუ პატრიოტიზმის

_ ვაჟა ფშაველას აქვს ერთი შესანიშნავი სტატია «პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი» (იღებს კრებულს და კითხულობს): «ნამდვილი პატრიოტიზმი არ ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს… ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია». ვაჟა ხაზს უსვამს, რომ ადამიანი, რომელიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს, თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივი, ქონებრივი და ზნეობრივი თვალსაზრისით, «ამით ის უმზადებს მთელ კაცობრიობას საუკეთესო წევრებს».

ესე იგი, შენ უნდა იმუშაო შენს საწყისზე, რომელიც გაქვს. თვითმყოფადობა და პატრიოტიზმი დედისგან მოდის, ოჯახიდან მოდის. ამის ხელის ხლება არ შეიძლება. მიაღწიე მწვერვალს შენს ეროვნულში და გახდები კარგი, დიდი გაგებით კოსმოპოლიტი, ანუ მთელ მსოფლიოს შეუერთდები.

შექსპირი ინგლისის ისტორიაზე წერდა, მაგრამ თავის შემოქმედებაში ამაღლდა ისე, რომ ინგლისელი მწერალიც დარჩა და უდიდესი კოსმოპოლიტიც გახდა, რადგან მთელმა მსოფლიომ შეისისხლხორცა მისი დრამებიც და პოეტური ქმნილებებიც.

(გიორგი შენგელაია საყოველთაოდ აღიარებული ქართული კინოს ფენომენის შესახებ, რომელიც ასეთად სწორედ ეროვნულ ნიადაგზე დგომით იქცა, ამბობს, რომ მისი დიდი კოლეგების _ კინორეჟისორების ინტერესი, რომელიც კანის, ვენეციის და .. ფესტივალებზე მჟღავნდება, სწორედ ასეთი კინოსადმია მიმართული. აქვე ვთქვათ, რომ თვით გიორგი შენგელაიას ღრმად ეროვნული ფილმი «ფიროსმანი» ჩიკაგოს ინტელექტუალური კინოს ფესტივალზე აღიარებულ იქნა როგორც მოვლენა კინოსამყაროში და მიანიჭეს გრანპრი «ოქროს ჰიუგო». «რაც უფრო თვითმყოფადია კინო, მით უფრო მეტი ინტერესის საგანია», _ ამბობს რესპონდენტი და საუბარი ნებანება კინოხელოვნებაზე გადადის).

_ ჩვენ ხომ ვიცოდით, რომ ყველაზე დიდი იაპონელი რეჟისორი არის აკირა კუროსავა. რამდენიმეჯერ ვიყავი იაპონიაში «ფიროსმანთან» დაკავშირებით და იქ გავარკვიე, რომ უდიდეს რეჟისორებად მიაჩნიათ იასუძირო ოზუ _ მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკოსი, კენძი მიძოგუტი და სხვები, რომლებიც «მთლიანად იაპონელები არიან». მითხრეს, რომ კუროსავას მაინც და მაინც დიდ პატივს არ ვცემთ იმიტომ, რომ ამერიკული კინოდან გადმოაქვს რაღაცებიო.

ასე არჩევენ იაპონელები საუკეთესოს. ასეთი იყო ქართული კინოც.

_ და არა მარტო კინოხელოვნება.

_ ახლა ჩვენ ვართ იმ ფაზაში, რომელიც ამ გლობალიზაციამ, ამ ტექნიზაციამ მალე თუ არ გაიარა, დარწმუნებული ვარ, კულტურა აღარ გვექნება.

ჩვენი ხელისუფლება, სააკაშვილი კი მიმბაძველობით არიან გართულნი. რა არქიტექტურას აკეთებს! ამისთანა რამეს დუბაიში რომ ააშენებენ, სადაც უდაბნო იყო და სხვა არაფერი, გასაგებია. მაგრამ ქართულ ნიადაგზე იმავეს დანერგვას რომ ცდილობს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას თავს აწონებს.

_ მარიონეტობის ნაირსახეობაა.

_ უარესი რომ არ დავარქვათ… რა მომწონს, იცით, ბიძინა ივანიშვილში, მის საქციელში, პიროვნებაში? იგი შეაწუხა იმან, რომ ეროვნული იკარგება, მიდის.

მაგალითად, როგორ შეიძლება ბავშვს პირველი კლასიდან პარალელურად ასწავლო ქართული და ინგლისური?! მეორე ენა _ კი, ბატონო! მაგრამ არა პირველი.

_ განსხვავებულია სტილისტიკით, ჟანრობრივად, მით უფრო, თემატიკით და .. თქვენი ფილმები _ «ხარება და გოგია» და «სიყვარული ყველას უნდა», «ფიროსმანი» და «მაცი ხვიტია», «ვერის უბნის მელოდიები» და «ალავერდობა» და .. ხელწერა კი ერთია, საფუძველი _ ეროვნულობა. ასეა მიჩნეული. ხომ არ ვცდები?

_ რასაკვირველია, ასეა. კაცობრიობა იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მრავალფეროვანია. ამაზე, მე კი არა, ყველა წერს _ თანამედროვე ფილოსოფოსები, ფუტუროლოგები. გლობალიზაცია ამ მრავალფეროვნების ნიველირების საშიშროებას შეიცავს.

ინტერნეტი, რომელსაც ორგანულად ვერ ვიტან, წიგნის განდევნისკენაა მიმართული. როცა ახალგაზრდებს ვეკითხები, რატომ ამბობენ უარს წიგნზე, მიპასუხებენ, რომ ინტერნეტით გაცილებით სწრაფად იღებენ ცოდნას, ინფორმაციას. მაგრამ სწორედ ეს სისწრაფეა საშიში: ადამიანის ტვინი, აზროვნების აპარატი ისეა ფიზიოლოგიურად მოწყობილი, რომ იფიქრო, გააანალიზო და პირდაპირ არ მიიღო გამზადებული პროდუქტი _ მალე და სწრაფად.

_ ეს მალმალეობა, ანუ ფიქრის შეზღუდვა, რომელიც მოწოდებულია შტამპის ჭეშმარიტებად აღიარებისთვის, ხომ არ არის ეკრანზე სააკაშვილის ჩამოუსვლელად ყოფნის საფუძველი, ტვინების გამორეცხვის პიარმეთოდი?

_ აქ მჟღავნდება ძალიან ცუდი კომპლექსები, რაც პიროვნებაშია თავმოყრილი. პირდაპირ საწინააღმდეგოა ბიძინა ივანიშვილის. მიშას ყალბი ღიმილი ნახეთ და ბიძინას ბავშვური ღიმილი, ბუნებრივი, ალალი. ამას დავუბრუნდებით, თუ ივანიშვილმა გაიმარჯვა. რომ გაიმარჯვებს, თბილისშიც გამოჩნდა, ქუთაისშიც, ოზურგეთშიც…

_ და კიდევ ბევრგან გამოჩნდება.

_ სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირება დავითისა და გოლიათის ბიბლიურ ორთაბრძოლას მაგონებს. ის _ ვითომ გოლიათია, ეს ავაშენე, ის ავაშენეო, დარბის და, ასე ვთქვათ, მთელი იარაღი ტანზე ჰკიდია.

_ ?

_ ეს ჯარი, ეს პოლიცია, და აშინებს მთელ ქვეყანას. ამით უნდა სიყვარული მოიმკოს. გამოდის დავითი, უბრალო, უკომპლექსო ახალგაზრდა კაცი და შურდულით პირდაპირ შუბლში რომ მოარტყამს თავის სიმართლეს, მიწაზე დასცემს, ეს არის! ადამიანებს უნდათ სიკეთე, ასეთია ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა.

მე სოფელში ვცხოვრობ, დიღომში, რომელიც ქართლის ერთერთი ძირძველი სოფელია, კაი ჯიშიანი ქართველები არიან აქ დასახლებულნი ისტორიულად. და მათი ურთიერთობა, თუნდაც ყოფით დონეზე, ქრისტეს ათივე მცნების მატერიალიზებაა, ამ ხალხში დევს.

ამ დროს კი ეკრანიდან ეკრანზე ხტება სააკაშვილი და ამ ყალბი ტელეხილვებით უნდა, რომ თავის თავზე მიიწეროს ხალხის სიყვარული.

ვერ მიიწერს! სიყვარული უნდა დაიმსახურო.

_ თქვენმა ფილმმა «მიდის მატარებელი» შორეული ანალოგია წარმოშვა ჩვენი ბავშვობის დროინდელ იმ ჯავშნოსან მატარებელთან, რომელიც სათადარიგო ლიანდაგზე იდგა:

Мы мирные люди, Но наш бронепоезд Стоит на запасном пути.

იდგა ეს მატარებელი, დაიძრა და ბათუმის ნაცვლად აფხაზეთს მიადგადღეს ბათუმში რომ ჩასულიყო, როგორ გაგრძელდებოდა სიუჟეტი?

_ (ეღიმება). გაგრძელება კი მქონდა მოგონილი, მაგრამ სად არის, ვინ გაძლევს ფულს, რომ გადაიღო?!

როგორ გრძელდებოდა, იცი? აფხაზები გაატარებენ ამ მატარებელს, მაგრამ «ფრთხილი» ქართველები წინასწარ შეადუღებენ და გაამაგრებენ კარ-ფანჯრებს, აფხაზებმა რომ არ შემოუმტვრიონ, ქვებით რომ არ ჩაჰქოლონ.

მიდიან სად, იცი? სტრასბურგში.

_ აფხაზეთის გავლით.

_ ჰო, _ დასავლეთისკენ… უკრაინაში რომ ჩავიდნენ, ვაგონებს მოხსნეს თავდაცვის ყველა საშუალება და შემოუშვეს კარგი გოგოები, ახლა რომ ყველგან დარბიან _ შიშველი ფემინისტკები.

ჩადიან სტრასბურგში, შედიან ევროპარლამენტში, ინიციატივას სპონტანურად თავიანთ თავზე იღებენ, რადგან საქართველოს ოფიციალური დელეგაცია მოსვლას აგვიანებს: მაღაზიებში დარბიან.

(ვიცინით და ვიხსენებთ სააკაშვილის მილანურ შოპინგს).

ბათუმში რომ მისულიყო ის მატარებელი? თვითონ ბათუმელების ლაპარაკიდანაც ჩანს, როგორი რეაქცია ექნებოდათ თბილისიდან ჩასულ მგზავრებს იუსტიციის სახლზე და მოძრავ ქანდაკებებზე, რომლის ავტორს იაპონელმა მოქანდაკემ უჩივლა როგორც პლაგიატორს.

მაგრამ ეგ იქით იყოს. მთავარი ის არის, რომ ერთი ადამიანის აკვიატების დაკმაყოფილებას _ დასავლეთს რომ აჩვენოს, აი, მე თქვენს გზაზე მივდივარ, ვაშენებ თქვენნაირ შენობებს და ხიდებს და ა.შ., ერის ფსიქიკა ეწირება.

მეტეხთან გადებული ხიდი რომ არ დავინახო, ყოველთვის შემოვლითი გზებით მივდივარ ორთაჭალისკენ: იმდენად შეუფერებელი და არაორგანულია ძველი თბილისის გარემოსთვის, იმდენად თავხედური დემონსტრირებაა ხელისუფალის თვითნებობისა და თავქარიანობის, რომ გაღიზიანებს, კალაპოტიდან გაგდებს.

_ სიყვარული თუ ყველას უნდა, ბატონო გიორგი, იქნებ, ამ კაცს უფროსობა უნდა და რას ვერჩით?

_ უფროსობა? პლატონს მიაჩნდა, რომ დემოკრატიაში ჩადებულია დიქტატურის საშუალება და უტოპიურ დასკვნამდე მივიდა _ სახელმწიფო უნდა მართონ ფილოსოფოსებმა.

მაგრამ დემოკრატიაში კარგია არჩევითობის პრინციპი და _ რას ჰქვია, მე მინდა უფროსობა? გადაწყდება ისე, როგორც უნდა ხალხს. ხალხს კი არ უნდა ისეთი მმართველი, რომელიც ხალხის ფულს ასეთ «პაკაზუხაში» ყრის.

რაც მე მეზიზღება მაგ ადამიანში, ყველა ეგრე უყურებს: ჯამბაზია, კლოუნია, რა!

(ვიცინით).

_ გარემომ ხომ არ დათრგუნა შემოქმედების ის მუხტი, რომლის წყალობით, თქვენ, ბატონო გიორგი, გადაიღეთ სრულმეტრაჟიანი ფილმები, დაწერეთ 10 სცენარი, განასახიერეთ საინტერესო როლები 5 ფილმში? ხომ არ დაგამუხრუჭათ?

_ აბსოლუტურად არ დავმუხრუჭებულვარ: 75 წლის ასაკი გონებისთვის არაფერს ნიშნავს. მარტო ჩემს თავზე არ ვლაპარაკობ: მერაბ კოკოჩაშვილი, რეზო ესაძე, მიშა კობახიძე, საშა რეხვიაშვილი  და ჩვენი თაობის სხვა კინორეჟისორები შემოქმედებითი გეგმებითა და უნარით სავსე ვართ.

დღევანდელმა ხელისუფლებამ საბოლოოდ დაანგრია ქართული კინოს ინფრასტრუქტურა. მითხარით, ბოლო ხანებში რამდენი კარგი ქართული კინოსურათი გინახავთ?

_ (პაუზა).

_ ვერც იხსენებ!

ჩვენ კი ისეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდეს, რომ არ შეგვიძლია ფილმის გადაღება _ არავითარი სახსარი არ გაგვაჩნია.

დღეს, შე კაი ადამიანო, ამ მილიონებს რომ ყრი აქეთ-იქით, ორი-სამი ფილმის ფული მაინც გამოგეყო კინოსტუდიისთვის. აი, დადის მიშა კობახიძე გამზადებული სცენარით და გადაღების საშუალება არ აქვს. შეიძლება მიშა კობახიძე უმუშევარი იყოს?

აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ, თორემ ჩანაფიქრები მეც მაქვს და სხვებსაც.

ერთი სცენარი ამასწინათ დავწერე.

_ შეიძლება ჩვენს მკითხველებს ვუთხრათ, რაზეა?

_ გეტყვით. ჩემთან, აქ ორი კეხველი მუშაობდა _ მამა-შვილი. მათთან ერთად ვიყავი, ერთად ვსადილობდით, ღვინოსაც ვსვამდით. იმათ მოსმენას არაფერი სჯობდა _ ნამდვილი ქართული ის იყო, შიდა ქართლში შემორჩენილი. ქალაქელებს დავიწყებული გვაქვს.

ისინი მომიყვნენ.

წეროვანში ლტოლვილთა დასახლებას რომ აშენებდნენ, ერთმა მოხელემ გააუპატიურა ქვრივი, რომლის ქმარი ცხინვალის კონფლიქტის დროს დაიღუპა. ამათი ფუნქციონერი, ხალხს უამრავ სიკეთეს რომ ჰპირდებოდა, შეუვარდება ქვრივს, გაჭირვებულ, ამ ხელისუფლების იმედად დარჩენილ მარტოხელა ქალს და გააუპატიურებს.

ასეთია ამათი მორალი.

ამ ქალის ვაჟიშვილი გულში ჩაიდებს ამ შეურაცხყოფას და შურს იძიებს.

კარგი კინო გამოვიდოდა, მაგრამ ფული ვერ ვიშოვე. შეშინდნენ: მე, ასე თუ ისე, აღვიქმები როგორც ოპოზიციონერი, თუმცა მხოლოდ სიმართლეს ვლაპარაკობ.

_ ეგ არ მოსწონთ.

_ იმათ არ მოსწონთ, ესენი კი შეშინდნენ…

(გიორგი შენგელაია ლაპარაკობს მძაფრსიუჟეტიან ფილმებზე, რომლებზეც ხალხი კინოთეატრებში დადიოდა და ფულს იხდიდა. სახელმწიფოც არ იშურებდა სახსრებს ასეთი კომერციული ფილმებისთვის, რომლებსაც ჩემი რესპონდენტი «დემოკრატიულ ფილმებს» უწოდებს. «ფიროსმანზე» თავიდან დარბაზში 5 კაცი თუ იჯდაო, შემდეგ გახდა პოპულარული, როცა საზღვარგარეთ პრემია პრემიაზე დაიმსახურა).

_ მე არ ვარ მომხრე ფსიქოლოგიური დრამების _ ორი კაცი რომ ლაპარაკობს, თუმცა ესეც შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს.

_ კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ «ვერის უბნის მელოდიები», რომელიც ყველა შემადგენლით ხალისიანი ფილმია, არის «მომწარო იგავი ოცნების სამყაროში გადასვლის», ტკბილმწარე იგავიო.

ოცნებისკენ მივდივართ დღეს ჩვენ _ ილუზორული ხომ არ არის ეს ოცნება და მომავალი?

_ ვთვლი, რომ ძალიან ზუსტი სახელი მოუძებნა ბიძინა ივანიშვილმა მოძრაობას, რომელსაც სათავეში ჩაუდგა _ «ქართული ოცნება».

როცა ცხოვრება თრგუნავს ადამიანს _ მატერიალურად, სულიერად, მაშინ მოდის ოცნება. იმას რა სჯობია, როცა ოცნება ახდება და ბიძინა ივანიშვილის პროგრამა კი ამის რეალურ საფუძველს იძლევა.

ყველაზე ძალიან მომწონს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლის მეურნეობას. რატომ, იცი? მე ვთვლი, რომ მთელი ქართული ლიტერატურა, რომელზეც დაფუძნებულია ქართული კინო, მიწიდან მოდის.

აგროქვეყანა ვართ და ილუზიებს ნუ ვიქმნით, რომ ნანოტექნოლოგიებს ავითვისებთ და ვაწარმოებთ საქართველოში.

_ სახელწოდება «ვაზის პარტიაც» აქედან მოდის?

_ კი, ასეა.

_ რუსულ კინოენციკლოპედიებში თქვენი სახელისა და გვარის გასწვრივ წერია: Уроженец Москвы, где впервые увидел свет 11 мая 1937 года.

_ მართალია. ეგრე იყო. მამაჩემს ჰქონდა რაღაც კონფერენცია მოსკოვში და თან წაიყვანა დედაჩემი, მეცხრე თვეზე ორსული. ისე მოხდა, რომ იქ დავიბადე. ეტყობა, კარგად მიმიღეს რუსებმა, კარგად ამშობიარეს დედაჩემი. მაგათ ვენაცვალე! იქიდან დაიწყო ჩემი ცხოვრება.

_ და _ შემოქმედებითიც, რადგან მოსკოვში დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტიო, ესეც წერია.

_ და ესეც მართალია.

_ რუსეთისადმი თქვენი ლოიალური დამოკიდებულება ცნობილია.

_ ჩვენ არ უნდა გაგვეფუჭებია ურთიერთობა რუსეთთან. ისე უნდა წაგვეყვანა საქმე, რომ რუსეთს არ უნდა ეცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. კულმინაცია იყო ამის უჭკუო შევარდნა ცხინვალში. თორემ ეს კონფლიქტები გაყინული კონფლიქტები იყო. აი, ყარაბაღი დამოუკიდებლად არავის გამოუცხადებია. ჩვენზე ცოტა უფრო ჭკვიანები არიან.

მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი იმითაც იყო საინტერესო, რომ ყველა ეროვნების ახალგაზრდები სწავლობდენ. ურთიერთობები მათთან ძალიან გვამდიდრებდა. პატრიოტიზმი ჩვენს ოთხ კედელში ჩაკეტვად და ერთმანეთთან ლაპარაკით რომ შემოვსაზღვროთ, პატარა ერისთვის გაუმართლებელია. სხვა თუ არაფერი, ილია სწავლობდა პეტერბურგში.

არაა სათაკილო, სხვა დიდ ერთან გქონდეს კულტურული ურთიერთობა.

_ პოლიტიზებულია საქართველო. ეს ფაქტია. მაგრამ პოლიტიკა თეორიას უნდა ეფუძნებოდეს. თქვენ ხედავთ ასეთ საფუძველს?

_ ვხედავ. ეს არის ერთი ღვთისნიერი კაცის _ თომას ჯეფერსონის დაწერილი «ადამიანის უფლებათა დეკლარაცია», რომელშიც ყველაფერია მოცემული.

ვირჯინიაში ცხოვრობდა ეს უცნაური ადამიანი, იყო კარგი ადვოკატი, შეეძლო სახლის აშენება, ცხენის გახედვნა, ჭრილობის მკურნალობა, მის ბიოგრაფიაში ისიც წერია, რომ უკრავდა ვიოლინოზე და ცეკვავდა მენუეტს.

როცა ვირჯინიაში დადგა საკითხი, ვინ აერჩიათ კონვენტში, აირჩიეს ეს კაცი. ჩვენ კი ბოლო სამი არჩევნების განმავლობაში ვერ ვიპოვეთ კაცი, რომელიც ვიოლინოზეც უკრავდა და მენუეტსაც ცეკვავდა (იცინის). სიმბოლურად რომ ვთქვა, ბიძინა ივანიშვილია ასეთი კაცი.

მას რომ შევხვდი, სანამ ფეხს მოვიტეხდი, ვილაპარაკეთ და, იცით, რა მითხრა? ბატონო გიორგი, არავისთვის მითქვამს, თქვენ კი გეტყვით, რომ თავიდან რეჟისორობა მინდოდაო.

ნიჭიერი კაცია, ხელოვნებისადმი აშკარა მიდრეკილებით. მიტინგიდან მიტინგამდე როგორ იზრდება, თუნდაც თავის გამოსვლებში, ხომ ყველა ვხედავთ! ოზურგეთში დადგა შესანიშნავი სპექტაკლი…

_ «ჯანყი გურიაში» (გულიანად ვიცინით).

_ ჩვენი საუბარი, მოდით, თომას ჯეფერსონის სიტყვებით დავამთავროთ: «ტირანის წინააღმდეგ ბრძოლა არის ღვთის მორჩილება».

თქვა ეს გიორგი შენგელაიამ და ისე გაატარა თავის «გრძნობის ქურაში», იმდენი ემოცია შეალია, იმდენად გულწრფელი იყო, რომ ყელში ბურთი მოაწვა. ჩაახველა. ცრემლები მომდისო, თქვა და შევნიშნე, რომ თვალში მართლაც ჩაუდგა ცრემლი.

იქნებ არ უნდა მეთქვა, რომ ასე იყო, გიორგი ბატონო?

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

 

1 COMMENT

  1. უზომოდ დიდ პატივს ვცემ ჩვენს მეტრს დიი პატრიოტს და უდიდეს მოქალაქეს ბატონ გიორგი შენგელაიას გვიყვახართ ბაონო გიორგი თქვენ და თქვენი ძმა უფალი გფარავდეთ!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here