Home რუბრიკები საზოგადოება მიტროპოლიტი დავითი: აზრი, თითქოს ტაძრის სრული აღდგენა ანადგურებს წარსულს, გულუბრყვილობა და სიცრუეა

მიტროპოლიტი დავითი: აზრი, თითქოს ტაძრის სრული აღდგენა ანადგურებს წარსულს, გულუბრყვილობა და სიცრუეა

999

გავრცელებულმა ინფორმაციამ ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების არასწორი მიმდინარების შესახებ საზოგადოებისა და საპატრიარქოს აღშფოთება გამოიწვია. რატომ არ იყო საქართველოს საპატრიარქო საქმის კურსში ბაგრატის ტაძრის დასავლეთ ნაწილში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე და რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, «საქართველო და მსოფლიოს» საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, წმინდა სინოდის წევრი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ესაუბრება.

_ მეუფე დავით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღონ და რაც პატრიარქმა სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერების შესახებ შესაბამისი ბრძანება გასცა, თქვენ შეხვდით კულტურის მინისტრ ნიკა რურუასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილს. თუ მიაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებას?

_ მოგეხსენებათ, პატრიარქმა ბრძანება გასცა, ბაგრატის ტაძრის დასავლეთის მკლავის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროებით შეჩერების შესახებ, ვიდრე საბოლოოდ არ მოხდება კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის საბჭოს წევრების ორმხრივი შეთანხმება კონკრეტულ ვერსიაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ტაძრის დასავლეთი მკლავის რესტავრაცია.

ამის შემდეგ დაიწყო ორმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. კულტურის მინისტრი პირადად მოვიდა საპატრიარქოში პატრიარქთან. შეხვედრაზე ჩვენ მოსაზრება გამოვთქვით ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების არამართებულობაზე და განვიხილეთ ახალი წინადადება. მათი მხრიდან პროექტის გასამართლებლად ითქვა, რომ თავად იუნესკოს შემოთავაზების შემდეგ მოხდა უცხოელი სპეციალისტის ჩართვა პროექტის დამუშავების პროცესში, რაც ბაგრატის ტაძრის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების საშიშროებას შეამცირებდა.

მუშა ჯგუფი გააგრძელებს მსჯელობას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემუშავდება ახალი ვერსია, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასავლეთ მკლავში.

_ იყო თუ არა იტალიელი არქიტექტორის _ ანდრეა ბრუნოს პროექტი საპატრიარქოსთან შეთანხმებული?

_ ჩვენ ვიცოდით, რომ პროექტში ჩაერთო იტალიელი არქიტექტორი, მაგრამ დასავლეთის მკლავის ნაწილის ახალი ვერსიის არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც, ამ პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ასე რომ, აღნიშნული პროექტი ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა.

ჩვენ შეთანხმებულნი ვიყავით აწ განსვენებული ივანე გრემელაშვილის მიერ წარმოდგენილ პროექტზე, რომელიც, როგორც საპატრიარქოს, ისე კულტურის სამინისტროს კომისიის წევრებმა მოიწონეს და დაამტკიცეს. ამ პროექტის მიხედვით დაიწყო კიდეც სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ შემდეგ ნაწილი ამ პროექტისა შეიცვალა.

_ რა მოხდა, რატომ შეიცვალა უკვე გამზადებული პროექტი, გაირკვა თუ არა, ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული ცვლილებები?

_ ფაქტი ერთია: თუ ორ მხარეს უნდა შეეთანხმებია პროექტი და ერთი მხარე აღმოჩნდა მოლაპარაკების გარეთ, გამოდის, რომ ეს შეთანხმებული ვერსია მეორე მხარემ დაარღვია. თვითნებობად ჩავუთვლით ამას, გულმავიწყობად თუ გულგრილობად, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ შეთანხმება დასავლეთის მკლავის ახალი პროექტის თაობაზე ორ მხარეს (საპატრიარქოსა და სამინისტროს) შორის არ მომხდარა. საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო.

როდესაც დაიწყო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ორგანიზაცია «იკომოსის» ადგილობრივმა წარმომადგენლებმა პრეტენზია გამოთქვეს ტაძრის მშენებლობის მიმდინარეობის თაობაზე და განაცხადეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებში უხეში ჩარევა მოხდა და არსებული ნანგრევი კედლების გამაგრება რკინა-ბეტონის გამოყენებით მიმდინარეობს, რაც ყოვლად მიუღებელიაო.

მართალია, საყვედურობდნენ საპატრიარქოს, თუ რატომ არ მოხდა თანაფარდი მასალით ტაძრის აღდგენა, მაგრამ ამ საკითხზე კონსტრუქტორების დასკვნა იყო, რომ მხოლოდ კირ-დუღაბით, წლების განმავლობაში შესუსტებულ ტაძრის ძველ საძირკველზე შეუძლებელი იქნებოდა ბაგრატის ტაძრის სრული აღდგენა. მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო მშენებლობა, რათა არქეოლოგიური ფენების გადარჩენა მოგვეხერხებია. ლენტური საძირკვლების შემთხვევაში არქეოლოგია დაზიანდებოდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა ტაძრის წერტილოვანი გამაგრებები, რაზეც მოხდებოდა ტაძრის სიმძიმისა და კონსტრუქციული მდგრადობის დაბჯენა. იმიტომ ითქვა უარი ლენტურ საძირკველზე, რომ ტაძრის არქეოლოგია შენარჩუნებულიყო. ამან გამოიწვია უზარმაზარი კოლონების ჯერ დემონტაჟი, შემდეგ საინჟინრო სამუშაოების ჩატარება. ეს ყველაფერი აუცილებელი იყო მომავალში ტაძრის კონსტრუქციული სიმყარის შესანარჩუნებლად.

«იკომოსის» წარმომადგენლებმა თავად გაუგზავნეს საპროტესტო წერილი იუნესკოს და შეატყობინეს, რომ ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ აკმაყოფილებს იუნესკოს მოთხოვნებს. იუნესკოდან ჩამოვიდნენ ექსპერტები და, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ ივანე გრემელაშვილის პროექტი მოიწონეს, რადგან აღნიშნული პროექტი მართლაც ათწლეულების მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი იყო და ტაძრის მთელ ტერიტორიაზე გაფანტული ბაგრატის ტაძრის კუთვნილი ძველი ქვების მოძიებას და თავის ადგილზე მეტნაკლები სიზუსტით დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ასე რომ, ის აზრი, თითქოს ტაძრის სრული აღდგენა ანადგურებს წარსულს, გულუბრყვილობა და სიცრუეა.

_ შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ ამ დროისთვის მიღწეულია საბოლოო შეთანხმება საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროს შორის და როგორ გაგრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები?

_ დასავლეთის მკლავის რეაბილიტაციის პროექტზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული. რაც შეეხება ლიფტის საკითხს, რამაც გამოიწვია აჟიოტაჟი, ეს მხოლოდ ერთი უზუსტობაა. პრობლემა ლიფტი არ ყოფილა. საუბარი იყო ტაძრის კედლების შუშით მოპირკეთებაზე, რაც მთავარ პრობლემას ქმნიდა, რადგან დარღვეული იყო თავად ტაძრის ინტერიერის მოწყობის ფორმა. ჩვენ ასეთი წინადადება შევთავაზეთ კულტურის სამინისტროს _ რადგან იუნესკოს მოთხოვნა იყო ახალი მასალის გამოყენება (წინააღმდეგ შემთხვევაში ძეგლი გაირიცხებოდა სიიდან), ჩვენ ვთანხმდებით ამ ახალი მასალის გამოყენებაზე, თუ ამ მასალით აღდგება ტაძრის დასავლეთ მკლავში ძველი მხატვრული სახე, რომელიც ორმხრივად მოწონებულ სარესტავრაციო პროექტში იგულისხმებოდა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ტრადიციულ, ქვით აღდგენის ვერსიას.

კულტურის სამინისტროში იტალიელმა არქიტექტორმა წარმოადგინა საკუთარი პროექტის ახალი ვერსია და შევთანხმდით, რომ ლიფტი აღარ დამონტაჟდება და მეორე სართულზე შუშის იატაკი აღარ იქნებოდა. ტაძრის დასავლეთ მკლავის არქიტექტორი ანდრეა ბრუნო გაგებით შეხვდა ეკლესიის მოთხოვნას და მხარი დაუჭირა ტაძრის დასავლეთ მკლავში შუშის ნაცვლად ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც არ დაარღვევს ეკლესიის ინტერიერს, მაქსიმალურად მიმსგავსებული იქნება ქვის ფაქტურასთან და შეძლებისდაგვარად აღადგენს ტაძრის შიდა სივრცეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მან რამდენიმე დღეში უნდა წარმოადგინოს პროექტის ახალი ვარიანტი.

_ კულტურის მინისტრის _ ნიკა რურუას განცხადებით, აჟიოტაჟი იუნესკოდან გამოგზავნილი საშუალო დონის სპეციალისტის დასკვნამ გამოიწვია. მაგრამ თქვენმა საბჭომ ხომ პირადად ნახა, რაც ხდებოდა ბაგრატის ტაძრის ირგვლივ?

_ კულტურის მინისტრი ვის გულისხმობს საშუალო დონის სპეციალისტში, მე მიჭირს თქმა, მაგრამ იუნესკოს მხარეს გამოგზავნილი ჰყავდა ბერძენი წარმოშობის წარმომადგენელი, რომელიც ერთერთ კვალიფიციურ სპეციალისტად ითვლება. რა კრიტერიუმებით შეაფასა კულტურის სამინისტრომ მავანი სპეციალისტის დონე, ჩვენ არ ვიცით.

_ რატომ დაავალა ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსს _ მეუფე იაკობს და არა ქუთათელგაენათელ ეპისკოპოსს _ მეუფე კალისტრატეს?

_ ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოს კალისტრატეს უნდა წარედგინა მიმდინარე სამუშაოების შესახებ პატრიარქისთვის მოკლე ანგარიში, მაგრამ მას თავად კი არ უნდა მოემზადებია იგი, არამედ ვალდებული იყო, მოეძებნა პირი _ არქიტექტორი ან მშენებელი, რომელიც ამ ანგარიშებს წარადგენდა. სანამ ივანე გრემელაშვილი ცოცხალი იყო, ის პერიოდულად მოგვახსენებდა ხოლმე მიმდინარე სამუშაოების შესახებ.

კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში წერია, რომ მეუფე კალისტრატეს დაევალოს პერიოდული ანგარიშის წარდგენა სამეცნიერო საბჭოს, ანუ ჩვენ წინაშე, ხოლო ზედამხედველობა ამ ანგარიშების მიტანაზე და არა მშენებლობაზე დაევალოს მეუფე იაკობს. ვინაიდან მეუფე იაკობი არის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მას დაეკისრა ზოგადი პასუხისმგებლობა.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაძრის პირვანდელი სახით რეაბილიტაციას სამუშაოების დაჩქარებულმა ტემპმაც ხელი შეუშალა.

_ საქმეს აჩქარება არ უყვარს. ისე რომ არ დაგვემართოს, «მოჩქარეს მოუგვიანდესო», სჯობს, აჩქარების გარეშე შეჯერდეს პროექტი. ეს არის პატრიარქის მოთხოვნაც. დაიდოს მეტ-ნაკლებად სრული გეგმა და ამის შემდეგ გაგრძელდეს სამუშაო ტაძრის დასავლეთის მკლავზე.

_ მეუფე დავით, ამ დროისთვის გრძელდება თუ არა სამუშაოები ბაგრატის ტაძრის დანარჩენ ნაწილში? გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები შეჩერდა მთელ ტაძარზე

_ ეს იყო მასმედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. პატრიარქის ბრძანებაში პირდაპირ წერია, რომ დასავლეთის მკლავის მშენებლობა შეჩერდეს დროებით, რადგან პროექტი არ არის შეთანხმებული. ეს გულისხმობს, რომ პატრიარქის ბრძანება არ ეხება ტაძრის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ ნაწილს და გუმბათის მშენებლობას. საუბარია დასავლეთ ნაწილის სადავო საკითხზე, სადაც საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, მშენებლობა არ გაგრძელდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here