Home რუბრიკები პოლიტიკა შალვა შავგულიძე:«მშვიდობის ფონდის» გარეშეც ყველამ ვიცით, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა

შალვა შავგულიძე:«მშვიდობის ფონდის» გარეშეც ყველამ ვიცით, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა

644

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ადვოკატი შალვა შავგულიძე.

_ ბატონო შალვა, გასულ კვირას «მშვიდობის ფონდმა» არშემდგარ სახელმწიფოთა 2012 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 84,8 ქულით 177 ქვეყანას შორის 51- ადგილზე მოხვდა. ამას წინ უძღოდა «ფრიდომ ჰაუსის» დასკვნა, რომელმაც პირდაპირ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიის ქვეყნებს მიგვაკუთვნა. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ამ ორგანიზაციების მონაცემები და საერთოდ, რაზე მიგვანიშნებს ეს ყველაფერი?

_ აბსოლუტურად მცდარი და რეალობას მოწყვეტილია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია, რომ თითქოს საქართველო, როგორც სახელმწიფო, მათ მოსვლამდე არ არსებობდა, რომ ქვეყანა მხოლოდ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ შედგა და ა. შ. ამის თქმის საფუძველს კი მაძლევს თუნდაც ის, რომ ნატოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, რითაც ესენი ამაყობენ, მოქმედებდა მანამდე, გაეროს წევრიც მანამდე გავხდით, მანამდე შევუერთდით იმავე ევროსაბჭოს, რის შემდეგაც ჩვენი კანონმდებლობა ჰარმონიაში იქნა მოყვანილი ევროპულ კანონმდებლობასთან და ის პუნქტიც, რასაც ენერგომატარებლების გამტარი ჰქვია, ქვეყანამ შეიძინა მანამდე.

ახლა რა მოხდა «ვარდების რევოლუციის» შემდეგ. სხვა მიმართულებებს არ შევეხები და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ სამართალწარმოების სფეროში მივიღეთ კატასტროფული რეგრესი. აბსოლუტურად ყველა თვალსაზრისით, ყველა კრიტერიუმით ჩვენმა ქვეყანამ ამ ერთ კონკრეტულ სფეროში განახორციელა ისეთი ცვლილებები, რომლებიც იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და მეტიც, ამ ცვლილებების შედეგად, რომელსაც ხელისუფლებამ რატომღაც რეფორმა დაარქვა, ჩვენ მივიღეთ რაღაც უფორმო, დასავლური ღირებულებების სისტემიდან ამოვარდნილი მართლმსაჯულება, რომელიც არა თუ სამართლიანობას უზრუნველყოფს ქვეყანაში, ეს ცოტა არ იყოს რბილად ნათქვამია, არამედ პირიქით, ადამიანების ცნობიერებაში ამკვიდრებს იმ რეალობის შეგრძნებას, რომ ის დაუცველია

_ იქნებ დააკონკრეტოთ, კერძოდ რა სახის უკუსვლა განიცადა ჩვენმა მართლმსაჯულებამ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ

_ სამართალწარმოებას აქვს გარკვეული პრინციპები და სტანდარტები, რომელთაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, სისხლისსამართალწარმოებაში ერთ-ერთი ასეთი ფუნდამენტური რამაა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ «ვარდების რევოლუციამდე» ჩვენი სამართალწარმოება მთლიანად არ იყო ამ პრინციპზე დეკლარირებულად გადასული და ინკვიზიციური სამართლის ელემენტებსაც შეიცავდა, მაშინ გაცილებით უფრო მეტად იყო მხარეთა თანასწორობა დაცული, ვიდრე რევოლუციის შემდგომი რეფორმების შედეგად დღესაა. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ე. წ. რეფორმებამდე დაცვისა და ბრალდების მხარეები თანაბარი პროცესუალური უფლებებით სარგებლობდნენ, ახლა კი რა მდგომარეობა გვაქვს? _ ეს საკითხი აბსოლუტურად ბრალდების მხარის სასარგებლოდაა გადაწყვეტილი.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სათავე ამ მდგომარეობისა უნდა ვეძებოთ ცუდ პოლიტიკურ ნებაში. სამწუხაროდ, მმართველმა გუნდმა, «ნაციონალური მოძრაობის» სახით, რომელიც მოვიდა ქვეყნის სათავეში «ვარდების რევოლუციის» გზით, თავიდანვე აირჩია სახელმწიფოს მართვის მანკიერი გზა, რომელიც ეყრდნობოდა და დღესაც ეყრდნობა ორ ძირითად პრინციპს, ესენია: მოტყუება და საკუთარი ხალხის დაშინება-დატერორება. ახლა კონკრეტულად როგორ აისახა ეს დინამიკა მართლმსაჯულებაზე სამართალწარმოების სფეროში, განსაკუთრებით სისხლის სამართლის კუთხით, მთელი ძალაუფლება გადავიდა პროკურატურის ხელში პროცესუალურადაც. მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში პროკურატურამ, ფორმალურადაც კი, შეიძინა უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე სასამართლოს გააჩნია. დაირღვა სამკუთხედის პრინციპი, _ ბრალდების მხარე, დაცვის მხარე და მათ ზემოთ მდგარი სასამართლო, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ სასამართლო, ფაქტობრივად, გახდა რაღაც უმოქმედო, ბუტაფორიული ინსტიტუტი, რომელსაც არანაირი ძალა არ გააჩნია.

ამის ნათელი მაგალითია თუნდაც სანდრო გირგვლიანის საქმე. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში სახეზე გვქონდა განზრახ მკვლელობა პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, დამამძიმებელ გარემოებაში, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან ოც წლამდე ან უვადოდ. ამის მიუხედავად, პროკურატურამ დანაშაულს მისცა სხვა კვალიფიკაცია და დაარქვა სხეულის განზრახ დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით მოჰყვა სიკვდილი. გამოვიდა, რომ იმ ოთხი პირის განზრახვა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, თურმე იყო მხოლოდ სხეულის დაზიანება და არა მკვლელობა… ასეთი კვალიფიკაცია, როგორც წესი, ქმედებას ეძლევა იმ შემთხვევაში, როცა, ვთქვათ, ერთი ჭრილობაა მიყენებული ისეთ ადგილზე, რომ გამორიცხულია, სიკვდილი დადგეს. სანდრო გირგვლიანს კი ჰქონდა თერთმეტი ჭრილობა სასიცოცხლო მიდამოებში და მათ შორის კისრის არეშიც, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის განზრახ მკვლელობა.

აქვე მინდა, გავიხსენო ის ფაქტი, რომ ზუსტად იმ დღეებში, როცა ეს ამბები მოხდა, სასამართლოს მიერ არასრულწლოვან ზერეკიძის მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ამ დროს საუბარი იყო ვიქტორინოქსის დანით ბეჭის არეში მიყენებულ ორსანტიმეტრიან ჭრილობაზე, რომელიც არანაირად რა შეიძლებოდა, სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო.

ამით რის თქმა მინდა: სასამართლო და საერთოდ, სამართალწარმოების სისტემა მთლიანად დაეფუძნა სასჯელის შერჩევითობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის გამოტანა ხდება არა კანონის, არამედ კონკრეტული პირების, ამ შემთხვევაში ხელისუფლების, ინტერესების შესაბამისად. ერთი სიტყვით, სახეზეა მდგომარეობა, როცა პროკურატურის ნება დომინირებს სასამართლოს ნებაზე. და, სხვათა შორის, არაერთ მოსამართლეს პრივატულ საუბარში ჩემთან უთქვამს, რა ვქნა, შენ კარგად იცი, რომ კვალიფიკაციის დამძიმება არ შემიძლიაო. ამით ისინი აღიარებდნენ, რომ სასამართლოს რეალურად არანაირი ძალა არ გააჩნია, მაგრამ სინამდვილეში ეს ვერაფერს ცვლიდა. ვერ ცვლიდა იმიტომ, რომ, ვიმეორებ: ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდანვე გატარებულმა პოლიტიკამ და მიზანმიმართულმა რეფორმებმა სასამართლო, ფაქტობრივად, გახადა უფუნქციო ინსტიტუტი, რომლის არსებობამაც უკვე, შეიძლება ითქვას, აზრი დაკარგა…

_ დავუბრუნდეთ ისევ «მშვიდობის ფონდის» მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს. ამ კვლევის თანახმად, საქართველო, როგორც სახელმწიფო, შემდგარობის თვალსაზრისით, აფრიკისა და შუა აზიის უამრავ ქვეყანას ჩამორჩება. დასაწყისშიც გკითხეთ და გაგიმეორებთ: თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

_ დავიწყოთ იმით, თუ რას ნიშნავს შემდგარი ქვეყანა.

 უპირველესად, ეს გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო შედგება გარკვეული ინსტიტუტებისგან, რომელთა არსებობა-არარსებობაც განსაზღვრავს, არის თუ არა იგი რეალურად შემდგარი. ამ ინსტიტუტებში, უწინარესად, მოიაზრება: დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი განათლების სისტემა, ზოგადად დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში და ა.შ.

 ახლა მითხარით, ამათგან რომელი მიმართულებითაა ჩვენთან ნორმალურთან თუნდაც რამენაირად მიახლოებული მდგომარეობა?! რეჟიმის მარწუხები იგრძნობა ყველგან, ყველა სისტემაში და, როცა საუბარია იმაზე, რომ შემდგარი სახელმწიფო განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად პრიორიტეტულია მისთვის საკუთარი მოქალაქე, ჩვენს შემთხვევაში საერთოდ ზედმეტია ამაზე საუბარი. «მშვიდობის ფონდის» გარეშეც ყველამ ვიცით, რომ საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად რეალურად მიმაჩნია ის კვლევა, რომელიც ამ შემთხვევაში «მშვიდობის ფონდმა» გამოაქვეყნა და მეტიც, მე პირადად ნამდვილად არ მიკვირს ის ფაქტი, რომ, ვთქვათ, შუა აზიის ან თუნდაც აფრიკის რომელიმე ქვეყანა უფრო წინ იყოს წასული სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე, ვიდრე ჩვენ…

_ რადგან რეფორმებზე ვსაუბრობთ, «ნაცმოძრაობა» თავის ერთერთ მთავარ მიღწევად ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრას მიიჩნევს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად ამტკიცებენ, რომ კორუფცია კი არ მოისპო, არამედ შეინიღბა. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

_ სამწუხაროდ, ისევე, როგორც ხელისუფლების სხვა მრავალი განცხადება, რომლებიც მხოლოდ პიარზეა გათვლილი, ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს და არავითარი კორუფცია საქართველოში არ აღმოფხვრილა. ჩვენ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ კი, ერთის მხრივ, შემცირდა წვრილმანი ქრთამის აღების კონკრეტული შემთხვევები, მაგრამ, მეორე მხრივ, მივიღეთ სისტემური კორუფცია, რომელშიც ჩაფლული აღმოჩნდა მთელი სასამართლო და საგამოძიებო სისტემა; შესაბამისად, ქვეყანაში ფეხი მოიკიდა ე.წ. ელიტურმა კორუფციამ, რომელიც, რა თქმა უნდა, ათმაგად უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე ის წვრილმანი მექრთამეობა, რომელზეც ახლა ვსაუბრობდი.

რაც შეეხება სისტემურ კორუფციას, ამის შემთხვევები უამრავია და შემიძლია კონკრეტული ფაქტებიც დავასახელო, _ ვთქვათ იგივე მოსამართლე, რომელსაც დანიშნული აქვს არაადეკვატურად მაღალი ხელფასი და ამ ხელფასის დაკარგვის შიშით იძულებულია, შეგნებულად მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, სწორედ ამ სისტემური კორუფციის ნათელი მაგალითია; აქედან გამომდინარე, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით მთელი სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული და ისინი, ფაქტობრივად, ხელფასის სახით იღებენ ქრთამს თავიანთი მოვალეობის არასწორად შესრულებაში. ახლა, გნებავთ, შენიღბული კანონდარღვევა დაარქვით ამას და, გნებავთ, გაშიშვლებული, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ისეთი მასშტაბის კორუფცია საქართველოში, როგორიც დღესაა, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, რეალურად არ ყოფილა…

_ რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, უფლებადამცველებისა და ადვოკატების პოზიცია არაერთგვაროვანია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა ფორმით უნდა განხორციელდეს ეს ყველაფერი. თქვენი აზრით, რა მექანიზმები არსებობს ამისთვის და საერთოდ, როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია ხელისუფლებისთვის რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება?

_ არა თუ შესაძლებელია, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს ყველა იმ პირის, მიუხედავად მისი თანამდებობრივი რანგისა, პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც დაუდასტურდება კონკრეტული დანაშაულის ჩადენა. წინააღმდეგ შემთხვევაში რაც უნდა გააკეთოს, მომავალი ხელისუფლება ვერ გააჩენს სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში და ამის გარეშე ჩვენ ვერ დავიწყებთ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას…

_ თავის მხრივ, ეს პროცესი ხომ არ დაემსგავსება ერთგვარ შურისძიებას საზოგადოების მხრიდან და საბოლოოდ ხომ არ მივიღებთ უფრო ფართომასშტაბიან ძალადობას ქვეყანაში, ვიდრე დღესაა?

_ მოდი, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასჯა შურისძიება არ არის. აქედან გამომდინარე, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ კანონის აღსრულებაზე. ძალადობა ისაა, როცა დანაშაული რჩება დაუსჯელი. ამიტომ არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა ჩატარდეს გამოძიება, შემდგომ სასამართლო განხილვები და სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, იქნება ეს ყოფილი თუ მომავალი ხელისუფლების ნებისმიერი რანგის თანამდებობის პირი, რომელსაც დაუმტკიცდება რაიმე სახის კანონდარღვევა. სხვანაირად, როგორც გითხარით, არ იქნება სამართალი ქვეყანაში და, თუ არ იქნება სამართალი, არ იქნება სახელმწიფო; ასე რომ, ლაპარაკი იმაზე, ხომ არ მივიღებთ უფრო დიდ რეჟიმს დამნაშავეების დასჯით, არ არის მართებული, ვინაიდან, თუ კი რამეს ელოდება დღეს ხალხი მომავალი ხელისუფლებისგან, უწინარესად, ესაა სწორედ სამართლიანობა, რომელიც, ცხადია, ვერ მიიღწევა, თუ დამნაშავეები კანონის შესაბამისად არ დაისჯებიან…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. მშვიდობის ფონდის მიერ მომზადებულ 2012 წლის რეიტინგში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებს აქვთ, როგორებიცაა: ჯიბუტი, პაპუაახალი გვინეა, მოზამბიკი, ბუტანი, გამბია, ფიჯი, ტანზანია, ნიკარაგუა, კაპე ვერდე, გაბონი, ბოცვანა, ბრუნეი, ანტიგუა და ბარბუდა, მავრიტანია და . . რაც შეეხება კვლევის საერთო სურათს, რეიტინგში ჩვენ შემდეგ ირანი, ნიგერია, კამერუნი, ავღანეთი და ერაყი მოდიან.

მოკლედ, ყველაფერი ნათელი და გასაგებია: მითმა იმის შესახებ, რომ «ვარდების რევოლუციის» შემდეგ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შედგა, ჩაილურის წყალი დალია, ხოლო «ნაცმოძრაობის მამამთავარს» ახალი ორიენტირი გაუჩნდა _ აქამდე თუ სწორება სინგაპურზე ჰქონდა, ახლა მას შეუძლია იოცნებოს მოზამბიკზე ან სულაც ტანზანიაზე. სხვა არც არაფერი დარჩენია, ჯიბუტი და ახალი გვინეა კი ჯერ ძალიან შორეული პერსპექტივაა. ასე რომ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია! დემოკრატია თუ გვინდა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ბუტანისა და ბოცვანის გზა გასავლელია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here