Home რუბრიკები პოლიტიკა ფრთხილად, სახურავზე პრეზიდენტია!

ფრთხილად, სახურავზე პრეზიდენტია!

889

როგორც კი ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ცხადი გახდა, რომ ის და სააკაშვილი უწინდელივით ერთი თეფშიდან ვეღარ შეჭამდნენ. ასეც მოხდა და დღეს “ნაცმოძრაობასა” და “ოცნებას” შორის, გნებავთ, მიშასა და ბიძინას შორის განხეთქილების ვაშლად, უფრო სწორად განხეთქილების თეფშად, სწორედ სატელიტური ანტენები მოგვევლინა.  სანამ მტყუან-მართალს გავარჩევდეთ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, თუ რა ხდებოდა სატელიტური ანტენების ქართულ ბაზარზე, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი აზიზ ნესინის „სახურავზე გიჟიას“ პერსონაჟს დაემსგავსებოდა და ბიძინა ივანიშვილის „გლობალ ტვ“-ს ანტენებს „კრიშა-კრიშა“ დაუწყებდა დევნას. მაშ, ასე:

კომპანია „მაგთიკომი“ დღეისათვის „მაგთისატის“ ტელევიზიას სთავაზობს მომხმარებელს, რომელსაც შეუძლია სამი პაკეტიდან მისთვის სასურველი აირჩიოს. ესენია: სასტარტო, ძირითადი და HD პაკეტი. სიგნალის მისაღებად სპეციალური სიგნალის მიმღები აპარატურაა საჭირო. როგორც „მაგთიკომში“ აცხადებენ, მათ 2 ტიპის მიმღები აქვთ. ერთი არის SD, რომლის ინსტალაცია 60 ლარი ღირს, მეორე კი _ HD მიმღები აპარატურა, რომლის ინსტალაციაც 100 ლარი ჯდება. მიმღები აპარატურა მომხმარებელს დროებით სარგებლობაში გადაეცემა.

ამჟამად არხების ჩამონათვალში ქართული არხები არაა, მაგრამ, კომპანიის წარმომადგენლის  თქმით, მალე იქნება. კომპანიის განცხადებით, რეგიონებში კონკურენტები არ ჰყავთ. თბილისში კი „სილქ ტვ“, „გლობალ ტვ“ და „კავკასუსი“ მათი კონკურენტები არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით „მაგთისატი“ მთელ საქართველოს მოიცავს.

“კავკასუს TV”-ს აქვს 5 პაკეტი: კარგი (რჩეული არხები) 79 არხი – 20 ლარი; ძალიან კარგი (ექსკლუზიური არხები) 101 არხი – 30 ლარი; 3D (90 არხი) – 35 ლარი; საუკეთესო (ძალიან კარგი HD +3D) 110 არხი – 45 ლარი; 18+  (უფროსებისათვის +5 არხი) –  10 ლარი.

კომპანია „სატელაიტი“ ქართული და უცხოური არხების ერთდროულად ტრანსლირებისათვის 2 სატელიტური თეფშის დადგმას ახორციელებს, რომლის ღირებულება მონტაჟთან ერთად 270 ლარს შეადგენს.

კომპანია „თანამგზავრი“ ქართული და თურქული არხების ტრანსლირებისათვის ერთ სატელიტურ თეფშს 170 ლარად ამონტაჟებს. თუკი მომხმარებელს დამატებით უცხოური არხებისთვის თვალის დევნება სურს, მან დამატებით მეორე თეფში უნდა დაიმონტაჟოს, რომლის ღირებულებაც პირველ თეფშთან ერთად 250 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ კომპანიას მხოლოდ ღია უცხოურ არხებზე მიუწვდებათ ხელი. რაც შეეხება ექსკლუზიურ არხებს, მომხმარებელს მათთვის თვალის დევნება არ შეუძია.

„გლობალ ტვ“-მ მომხმარებელს 9-წლიანი განვადება შესთავაზა – თვეში 4 ლარად. ზემოთ მოტანილთან შედარებით ეს ნამდვილად საუკეთესო წინადადებაა და თანაც განვადება ჯერჯერობით კანონმდებლობით აკრძალული ნამდვილად არ არის, თუმცა არჩევნების წინ გაჩენილ ირაციონალურ შიშს ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა და მის მიერ ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებულმა იერიშმა სულ უფრო ფართო მასშტაბი და სამარცხვინო ხასიათი მიიღო. როცა კანონსაც შენ წერ, შენვე ასრულებ და მტყუან-მართალსაც შენ არჩევ, ყველაფერი შეგიძლია იკადრო.

პროკურატურამ „გლობალ ტვ“-ის  ანტენების დაყადაღების პროცესი დასრულებულად გამოაცხადა, მაგრამ იქვე გააფრთხილა „მეოცნებეები“, რომ გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობის შესახებ პროკურატურა ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს. გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით 20 ივნისს დაიწყო, „მოპოვებული მტკიცებულებების“ შედეგად დადასტურდა, რომ, კონტროლის პალატის წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემა გრძელდებოდა.

პროკურატურა ირწმუნება, რომ „აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინასაარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“. მოქალაქეების თავისუფლებაზე თავგადამკვდარი პროკურატურა რატომღაც ასე სწრაფად არც გარდაცვლილ პატიმრებზე რეაგირებს და არც პოლიციის შენობიდან „გადმოვარდნილ“ დაკავებულებზე!

პროკურატურას არც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩამორჩა და მისმა მეორე პირმა კიდევ ერთი „ისტორიული“ განცხადება გააკეთა:

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი და პარტია „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ კანონზე მაღლა დგას და მუდმივად, მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს კანონი და, შესაბამისად, დემოკრატია ამ ქვეყანაში.  გუშინ პოლიციამ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების პროცესში დააყადაღა დასაწყობებული სატელიტური ანტენები. ამ საქმეს მედიის ხელმისაწვდომობას ან სხვა ამგვარ თემებთან საერთო არაფერი აქვს. საქმე ეხება ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ამბიციების მქონე პირის მიერ, საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, ამომრჩევლისთვის კონკრეტული მატერიალური ქონების უფასოდ გადაცემას _ ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან მკაფიო და მკაცრ, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას არჩევნების გაყალბების, ამომრჩეველთა მოსყიდვის ნებისმიერ მცდელობასთან დაკავშირებით“, _ განაცხადა ეკა ზღულაძემ.

როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნო დატკბობის მიუხედავად, ნაციონალურ ხელისუფლებას არც უფიქრია „ნულოვან ტოლერანტობაზე“ უარის თქმა. რიგითი ამომრჩევლისთვის ეს ტერმინი ქუჩაში ჩაცხრილულებს, ციხეებში სიკვდილამდე მიყვანილებს, უსამართლოდ დასჯილ არასრულწლოვანებსა და მმართველი პარტიის მფარველობით თავგასულ ზონდერებს ნიშნავს. ეკა ზღულაძე კი ასეთ განმარტებას იძლევა: „ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კანონის აღსრულების დროს არ იქნება არავითარი კომპრომისები, თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფო არის და იქნება ძალიან ღია ნებისმიერ ახალ იდეასთან დაკავშირებით, ჩაერთვება ნებისმიერ დისკუსიაში, თუ ის შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო ღია და სამართლიანი გავხადოთ წინასაარჩევნო გარემო. როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სახელმწიფო კომისიის წევრი, ვაცხადებ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს, რომ თითოეულ პოლიტიკოსს ჰქონდეს თითოეულ ამომრჩევლამდე სათქმელის მიტანის სრული შესაძლებლობა. საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ ძალიან ღია და ლიბერალურია. ეს უფლება გარანტირებულია, მაგრამ ჩვენ გვინდა, ამაზე შორს წავიდეთ და ვსაუბრობთ საქართველოს პარლამენტთან იმაზე, თუ რა დამატებითი ზომები და ინიციატივები შეიძლება მივიღოთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველს მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს“.

ეს სიტყვები ისე ჟღერს, თითქოს შუაგულ ევროპაში არჩევნების გზით მოსული დემოკრატი მთავრობის წარმომადგენელი ამბობდეს და არა რევოლუციით, ძალმომრეობითა და უსამართლობით განთქმული გუნდის წევრი. ეს უტიფარი ტირადა მთლიანად ნაცმოსკონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიების პროპაგანდის ნაწილია. ქვეყანაში, სადაც იმასაც კი გიკონტროლებენ, რა უნდა გაიგო და რა არა, სადაც სამივე ნაციონალურ არხზე ერთი და იგივე სიუჟეტები გადის, „აღმშენებლობაზე“, „მრავალმხრივ ინფორმაციაზელაპარაკი დაცინვაა და სხვა არაფერი.

დაცინვაა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაც იმის თაობაზე, რომ „საარჩევნო პერიოდში უნდა მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით“! ყველა კი არა, ერთი „მაესტრო“ რამდენიმე საკაბელო ქსელს ამაოდ სთხოვს, უკვე რა ხანია, მისი პროგრამების ტრანსლირებას, ხოლო მეცხრე არხი, რომლის სიგნალი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუწვდომელია, სწორედ იმ ანტენების საშუალებით აპირებდა „მრავალმხრივი ინფორმაციის“ მიწოდებას, რომელიც ერთ დღეში სტახანოვური შემართებით დააყადაღა პროკურატურამ.

დაცინვაა ისიც, რომ სასამართლოს განჩინებაში „გლობალ ტვ“-ს ანტენები დანაშაულის იარაღადაა მოხსენიებული. „ამ მეთოდით კამერა, თეფში, მიკროფონი, ტელეფონი და, შესაძლოა, ყველა საგანი დანაშაულის იარაღად გამოცხადდეს“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.

სახალხო დამცველი, ტრადიციულად, ფრთხილობს და აცხადებს, რომ დეტალურ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც ადვოკატების დახმარებით ან საკუთარი ძალებით მოიპოვებს მასალებს და გაეცნობა მათ. დიპლომატიური ნათქვამია, რადგან საშუალება მას ან მიეცემა, ან არა. ამის მაგალითები ყოფილა. გიორგი ტუღუში აღიარებს, რომ,  როდესაც საკითხი პირდაპირ თუ არაპირდაპირ მედიასაშუალებასა და ინფორმაციის გავრცელებას ეხება, ხელისუფლებამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი Must Carry-სა და Must Offer-ის პროექტს არ იცნობს, მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა რაც შეიძლება პლურალისტური იყოს მედიაგარემო.

ამასობაში კი ანტენების დაყადაღების შედეგად გლობალტივის“  7 მილიონ ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა. უმუშევრად დარჩა 800 თანამშრომელი, „პლურალისტური მედიაგარემოსგარეშე დარჩა 300 ათასი ოჯახი. სწორედ ამდენი ანტენაა დაყადაღებული. დაზარალდა თუ არა ამ შემთხვევაში რიგითი მოხმარებლის უფლებები, „საქართველო და მსოფლიოადვოკატსა და უფლებადამცველს _ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

ლია მუხაშავრია:  _ ეს კონკრეტული მომხმარებლიდან გამომდინარეა. თუკი მე უფასოდ მივიღე მომსახურება, რაშიც ფული არ გადამიხდია, ან მომსახურების გადასახადი მომავალში უნდა გადამეხადა, მომსახურების გამწევს შეუძლია მომსახურება არ გამიწიოს, რადგან ვალდებულებები ორმხრივი არაა. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ამ თეფშის საშუალებით შემეძლო იმ ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა, რომელსაც უამისოდ ვერ ვიღებ, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა ჩემთვის, რათა საარჩევნო პროცესში მივიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე მოვლენები შევაფასო ადეკვატურად და ა. შ. გააჩნია, თვითონ მომხმარებელი რას ფიქრობს. თუ მისთვის სულერთია და არც ერთი მოსაზრება მნიშვნელოვანი არაა, მარტო გასართობ გადაცემებს უყურებდა ამ სატელიტური თეფშის მეშვეობით,  მისი არგუმენტი მნიშვნელოვანი არ იქნება. მაგრამ, თუ ის გრძნობს თავს დაზარალებულად, როგორც ინფორმაციის მიმღები სუბიექტი, ეს სრულიად სხვა საკითხია.

თუკი ამ გზით სატელიტური თეფშის შეძენისას მომხმარებელი მატერიალურად ბევრად მომგებიან პოზიციაში იყო (ბაზარზე სატელიტური თეფშის დადგმა 170–250 ლარი მაინც ჯდება)?

– ეკონომიკური გარემო ვერ გადაწონის უფრო მნიშვნელოვან გარემოებას. თუ ჩემთვის ეს სატელევიზიო ტექნიკური საშუალება ინფორმაციის მიღების წყაროა და მისი შეზღუდვა სწორედაც რომ ინფორმაციის მიღებაში მიშლის ხელს, თანხა მოსატანი არაა. თუ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, თანხას გადავიხდი. მიღირს და იმიტომ.

ხომ შეიძლება, იმ 300 ათასი სატელიტური ანტენის პოტენციურ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს სწორედ ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა, თუმცა რეალურად არ ჰქონდა იმის საშუალება, თუნდაც 250 ლარი გადაეხადა ანტენის დაყენებაში? ამ მომხმარებელთა უფლებები არ დაირღვა?

– მომხმარებელმა, ამ შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა გაასაჩივროს ეს ამბავი; გამოკვეთოს, რატომ მიიჩნევს თავს დაზარალებულად. ჩვენ, იურისტები, უფლებამოსილნი ვართ,  მხოლოდ კლიენტის მოსაზრებები და მოთხოვნები წარმოვაჩინოთ და არა ის, რაც შეიძლება თეორიულად არსებობდეს. შესაძლოა, კონკრეტულ კლიენტს ეს საკითხი არც აწუხებს.

***

ბიძინა ივანიშვილისთვის 10–10 ლარის შეგროვების ინციატივას ის სჯობს, რომ ყველა ადამიანმა, ვინც თავი დაზარალებულად მიიჩნია ანტენების ექსპროპრიაციის გამო, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს. ეს გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ნებისმიერი მცდელობა, სააკაშვილის ხელისუფლება ნამუსზე შეაგდო. მით უფრო, რომ ნამუსი მათ გაპარსული ულვაში ჰგონიათ.

მთელ ამ ისტორიაში, უფრო სწორად, ყველა ისტორიაში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გარშემო დატრიალდა, ერთი გარემოებაა ამოუხსნელი: იურისტებით გარშემორტყმულ მილიარდერს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მოქალაქეობით დაწყებული და უზომო ჯარიმებით დასრულებული, სწორედ იურიდიული პრობლემები ექმნება, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელი ხდება. შეუძლებელი ხდება იმ მიზეზთა გამო, რომლებითაც დავიწყეთ:  როცა კანონსაც შენ წერ, შენვე ასრულებ და მტყუან-მართალსაც შენ არჩევ, ყველაფერი შეგიძლია იკადრო.

თამარ დავითულიანი 

ფრთხილად, სახურავზე პრეზიდენტია!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here