Home რუბრიკები საზოგადოება არქიმანდრიტი ბართლომე: ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც იტყვის, მესია ვარო

არქიმანდრიტი ბართლომე: ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომელიც იტყვის, მესია ვარო

772

არქიმანდრიტ ბართლომეს, ერისკაცობაში ნუკრი ფირცხალაიშვილს, «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველი იცნობს: საუბარი მასთან ჩვენს გაზეთში შარშან გამოქვეყნდა. დღეს მხოლოდ ერთ ინფორმაციას დავუმატებ: აღკვეცილი ჰყავს 43 ბერი (მათგან 7 დასავლეთ ევროპის ეპარქიაში მოღვაწეობს), 20 მონაზონი, დაარსებული აქვს რამდენიმე მონასტერი.

_ მამაო ბართლომე, ბიძინა ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე რომ იყავით, გნახეთ. ხმა დაირხა, რომ ამის შემდეგ შედგა თქვენი შეხვედრა პარტიის ფაქტობრივ ლიდერთან და კარგა ხანს ისაუბრეთ.

ასეა?

_ უპირველესად, გეტყვით, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჩემი სიტყვისა და ნების გამოხატვა უნდა შემეძლოს, ჩემი ფიქრისა და აზრის. თუ დემოკრატიაა, ჩემთვის წარმოუდგენელია, ამან გააკვირვოს საზოგადოებრიობა. ვერაფერს, ჩემი სანისთვის შეუფერებელს ვერ ვხედავ იმაში, თუ დავესწრები ამგვარ ღონისძიებებს, გნებავთ, მიტინგს, რომელსაც «ქართული ოცნება» მართავს და რომელიც ხალხთან შეხვედრისა და გაცნობის ხასიათისაა.

ჩვენი შეხვედრა კრებამდე ცოტა ადრე გაიმართა. შეხვედრასაც ვერ დავარქმევ, ძალიან ოფიციალურად ჟღერს.

ჭორვილაში ჩავედი ბებოს, ქალბატონ ციცინოს, ივანიშვილების ოჯახის დედის მოსანახულებლად. აღდგომა დღე იყო, შინ სადილზე მიმიპატიჟეს. იყვნენ თვითონ ბიძინა, ქალბატონი ეკატერინე, შვილები _ უტა და ბერა, ძმა ოჯახით და, რა თქმა უნდა, დიდი ქალბატონი ციცინო. თბილი საუბარი იყო, აღდგომის შესაფერი. დღევანდელ ვითარებაზეც ილაპარაკა მასპინძელმა: იგივე დამოკიდებულება მოვისმინე, რასაც საჯაროდ გამოთქვამს.

534 ტაძარი და მონასტერი აქვს რეაბილიტირებული ბატონ ბიძინას, აღარაფერს ვამბობ წმინდა სამების კათედრალზე, და ლოცვამ, რომელსაც ტრადიციულად წარმოვთქვამთ ღვთის სახლში _ «აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა» მიმართ, წარმოუდგენელია თავისი გზა ვერ ჰპოვოს.

ჰპოვა კიდეც.

_ ბატონ  ბიძინასთან პირველი შეხვედრის დროს თქვენი ბერობის დროინდელი ჯვარი აჩუქეთ. იმ კრების, რომელზეც ვსაუბრობთ, დასრულების შემდეგ ერთერთი ტელეარხის მიერ სპეცდავალებით იქ მივლინებულმა «ჟურნალისტმა» ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, თუ მორწმუნე ხართ, ჯვარს თუ ატარებთ, მაჩვენეთო.

არის ეს მკრეხელობა თუ მხოლოდ უტაქტობაა?

_ მკრეხელობაზე უფრო მეტი მკრეხელობაა, ასე ვიტყოდი.

როცა ადამიანის რელიგიურ გრძნობებს ეხები, ეს ძალიან ცუდია. ბიძინა არ მოსულა როგორც რელიგიური ლიდერი, როგორც თეოკრატიული სახელმწიფოს აშენებისთვის მოღვაწე პიროვნება. მაგრამ, თუ ვინმეს აინტერესებს, ვეტყვი, რომ როგორც ტრადიციული მართლმადიდებელი ქრისტიანი, ინახავს მარხვას, ეზიარება კიდეც და აღსარებასაც ამბობს.

ის შეკითხვა პროვოკაციული იყო და იმ ჟურნალისტმა საკუთარი პროფესია შეურაცხყო.

_ თბილისური აქციის წინა დღეს ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიით გამოვიდა და მიმართა ხალხს, მეც ძალიან მიჭირს, მიტევენ, ვითმენ და, მოდით, ცოტა ხანს თქვენც მოითმინეთო.

_ ჩემი აზრით, ამ განცხადებით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი ჩვეულებრივი ადამიანია, მესია არ არის, მასაც უჭირს და, ხალხო, დამიდექითო გვერდზე.

ბიძინა ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც იტყვის მესია ვარო.

მან იცის, რა არის ადამიანური ტკივილი, ადამიანური გაჭირვება, ადამიანური სიხარული, დალხინება, იცის, რა არის ფუფუნებაში ცხოვრებაც. ამიტომ არ არის იგი ფობიებით შეპყრობილი. პირიქით, მას გაცნობიერებული აქვს, რომ ადამიანი რაც უფრო მიიწევს მწვერვალისკენ _ ინტელექტუალური იქნება ეს მწვერვალი, ფინანსური თუ თანამდებობრივი, რაც უფრო თავმდაბალია, კაცთმოყვარე, სათნო და მიმტევებელი, მით უფრო გარანტირებული აქვს ხალხის თანადგომა, რადგან, მოგეხსენებათ, მარტო კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო.

არ არის ბიძინა ივანიშვილი განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი.

_ რასაც ჩვენ სხვასა და სხვას ვამჩნევთ ყოველდღიური სატელევიზიო «გამოცხადებებით».

_ საინტერესო რა არის, იცით? აღდგომა დღეს ჭორვილაში რომ ვსაუბრობდით, ამ საუბარშიც კი არ ცდილობდა, ლიდერი ყოფილიყო.

 ბიძინა ივანიშვილი ბრძანებებს არ გასცემს, ადამიანს სთხოვს, იყოს თანამონაწილე _ შეგნებით, რწმენით და არა დავალებული. ასეთია მისი საქმიანობის სტილი.

_ სულიერებაზე შეგეკითხებით. ჩვენს გაზეთში ძალიან ხშირად კრიტიკულად გამოდიან სასულიერო პირები, ვინც ვერ შერიგებია  ნეგატიურ მოვლენებს, რომლებიც გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველია.

_ უნდა თქვან და კარგია, რომ ამბობენ. რადგან ადამიანი პირნათელი უნდა იყოს თავისი თავის, ღმერთისა და ისტორიის წინაშე. ღმერთი შეგინდობს, ადამიანს შეიძლება დაავიწყდეს, ისტორია კი ულმობელია _ ულმობლად განსჯის ადამიანებს, რომლებიც ერისა და ეკლესიის გვერდით არ დგანან საჭირო ჟამს.

_ ერთსულოვანია დღეს მრევლი და სუფევს ეკლესიაში ერთსულოვნება?

_ (პაუზა მრავლისმეტყველი).

_ ნანა დევდარიანმა ჩვენი გაზეთის 22- ნომერში გამოაქვეყნა წერილი «ოლიგარქის «მარცხენა», რომლის პათოსი ასეთია: «ბატონო ბიძინა, ნუღარ ხარჯავთ ფულს, ისე მოგცემთ ხმას, უფასოდდავიჯეროთ, რომ საქართველოში რწმენა საქონლად აქცია ჩვენმა ხელისუფლებამ, ისე დააკნინა ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში გასამარჯვებლად ხმების ყიდვა გახდა აუცილებელი?!

_ მე მგონია, ამ შემთხვევაში ფული სჭირდება იმას, ვისაც არა აქვს ჩამოყალიბებული იდეა, ვინც დაცლილია რწმენისგან. ფული სჭირდება არაპოპულარულ პარტიებს ვიწროპოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

მაგრამ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, ვიწროპოლიტიკურ მიზანს ვერ დავარქმევთ. ის, რისთვისაც იგი იღვწის, არის ერის გაერთიანება ეროვნული იდეის ირგვლივ.

_ არადა, ეს ჩვენი ხელისუფალი ყოველდღე გვაყვედრის _ ეს ავაშენე, ის გზა გავიყვანე, ტბა შევავსე და . ., 8 საუკუნეა, მსგავსი აღმშენებლობა ჩვენს ქვეყანას არ ახსოვსო.

_ პატიოსანი ქალი თავის პატიოსნებაზე არც ლაპარაკობს, არც არავის უმტკიცებს, უბიწო ვარო…

(ვიცინით და სულაც არ არის ეს სიცილი ამ შემთხვევაში ცრემლზე მწარე).

_ ბავშვობიდანვე შეთვისებული გვაქვს, რომ ისტორიის მანძილზე მართლმადიდებლური ქართული სამღვდელოება ერთ ხელში ჯვრით, მეორე ხელში მახვილით იბრძოდა სამშობლოს გადასარჩენად.

საქართველო დღეს ბრძოლაშია შესული

_ დღეს ფარი და ხმალი არ გვჭირდება. ჩვენ სწორი დამოკიდებულება გვჭირდება მიმდინარე პროცესებისადმი და არსებული პრობლემებისადმი.

თქვენ ახსენეთ და მეც ვადასტურებ, რომ ვიყავი ორივე მიტინგზე, ვესწრებოდი პარტიის დამფუძნებელ კრებას. ამის გამო ბევრი კრიტიკა დავიმსახურე და, განსაკუთრებით, დრონი.ჯისა და პრესა.ჯის ინტერნეტგვერდებზე.

ჩემს წინააღმდეგ ამხედრებულთა შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც, რომლებიც საპატრიარქოს მიერ ჩემს დასჯას მოითხოვდნენ.

ჩემმა სულიერმა შვილმა დაწერა ერთსტროფიანი ლექსი, შეიძლება მავანი და მავანი გაღიზიანდეს, მაგრამ მე მაინც გეტყვით:

ვინც უღალატოს ჩვენს მამას,

უწმინდეს საქართველოსას,

მისთვის საჭმელად ხესაც კი

ფოთოლი არ გამოესხას.

_ თქვენს ლოცვაში თუ მოიხსენიებთ ხელისუფლებას, ხელისუფალს? როგორ უთავსდება ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია და ხელისუფლის დალოცვა ერთმანეთს?

_ ჩვენი მოვალეობაა, ვილოცოთ ყველასთვის, პოზიციების განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა მოვიხსენიოთ ლოცვაში, ქრისტიანობის აღმატებულობაც ეს არის… ვინც აშავებს, ლოცვა იმას უფრო სჭირდება.

_ სჭირდება, მაგრამ, როგორც ვატყობთ, მაინც და მაინც არ შველის

_ ჩემზე ამბობენ, წყევლა იცისო… (ეღიმება). მაგრამ წყევლა შემაკავებელი ფორმაა, რათა ადამიანი მიხვდეს, რომ რაღაც შეეშალა. მე მგონია, რომ ისინი, ვისზეც მეკითხებით, არიან შემცდარნი და ვლოცულობ: ღმერთო, გონება გაუხსენი!

_ როგორც მღვდელს, შეგეკითხებით: ყოფილ ხელისუფალთა პასუხისმგებლობის საკითხი ადრე თუ გვიან დადგება. ღვთის სამართლის წინაშე მიეტევებათ?

_ მე ჯერ ხაზს გავუსვამ ერთ საკითხს, რომელიც ბატონ ბიძინასთან საუბრის დროს გამოიკვეთა. მან თქვა: მე არ ვებრძვი არც ერთ ადამიანს. ჩემთვის ყველა მისაღებია. მე არ დავაჭერინებ არავის. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, დამოუკიდებელმა სასამართლომ განსაჯოსო.

ახლა როგორ არის, იცით? ახალგაზრდა თაობა ლანძღავს თავისი მშობლების, თავისი ბებიებისა და ბაბუების თაობებს…

_ დავაზუსტოთ _ ხელისუფლების ახალთაობა ლანძღავს.

_ გეთანხმებით… იმ თაობის წარმომადგენლები გვერდით როგორ დაიყენაო ბიძინამ, მიუღებლები არიან მათთვის. ბიძინამ თაობები ასე რომ დაყოს, საქართველო დაიშლება. იგი ამბობს _ ეს ხალხი ერთად უნდა შეიკრას და ყველასგან უნდა მივიღოთ ის, რაც ქვეყნის წარმატებას სჭირდება. ჩვენ ყველანი ერთი ერის შვილები ვართ, ერთიანი ერის დაყოფა შეუძლებელია.

_ სააკაშვილმა კი სწორედ ეს შეძლო და ახლა გაფაციცებით იხევს უკან _ ხანდაზმულებს ეხვევა, კოცნის და «ხუთვარსკვლავიან საავადმყოფოებს» უშენებს, სადაც ეს გაჭირვებული ხალხი უსახსრობის გამო ვერასოდეს იმკურნალებს.

_ ჩემთვის სავსებით მისაღებია ბიძინა ივანიშვილის განაცხადი, რომლის თანახმად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არავის დაუწყებენ დევნას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

დემოკრატია აზრის თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ დაზუსტება აქაც საჭიროა.

იქნებ, გახსოვთ, რომ საპატრიარქოსთან ე.წ. ფემინისტების აქცია გაიმართა, რომლის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა: დედობა არჩევანია და არა მოვალეობაო.

ძალიან მინდა ამ ადამიანს ვუთხრა: ქალის ფიზიოლოგია მოწყობილია დედობისთვის, კაცისა _ მამობისთვის. ეს არის ღვთიური ჭეშმარიტება, ბუნების კანონი. ერი, რომლის შვილები დედობას არჩევნად გამოაცხადებენ, დასაღუპადაა განწირული.

ფსალმუნში არის ასეთი სიტყვები: «კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ჰყო ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ». ადამიანი, რომელიც დედობას ეწინააღმდეგება, მასზეა, ვფიქრობ, ეს სიტყვები ზედგამოჭრილი.

_ ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მზადდება ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია

_ ჩემთვის საშინელი სანახავი იყო ქუთაისში ტყვიაგაუმტარი შუშაშემოვლებული სცენა, ტრიბუნა. მაგრამ მივხვდი, რომ ეს დაცვის აუცილებელზე აუცილებელი საშუალება იყო. რახან დაიწყო ლაპარაკი, რომ მოკვლას უპირებენ, მისი ფიზიკური დაცვა გახდა საჭირო.

ღმერთი კი არ გაწირავს!

აქციის წინა დღეს «მაესტროზე», თამარ ჩიქოვანის პროგრამაში «ჩვენ» მოვუსმინე ქალბატონ ეკატერინე ხვედელიძეს და, არ დაგიმალავთ, აღვშფოთდი.

შეკითხვას, დაესწრებოდა თუ არა ქუთაისის მიტინგს, ქალბატონმა ეკატერინემ  უპასუხა: _ ჩვენ ერთად ვეღარ ვივლით! იგულისხმებოდა, რომ თუ, ღმერთმა არ ქნას, რაღაც მოხდება, მათგან ერთერთი უნდა გადარჩეს და განაგრძოს ის დიდი საქმე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა უდგას.

_ რახან ოჯახი ახსენეთ, ქალბატონ ციცინოზე შეგეკითხებით, ბიძინას დედაზე, რომელმაც 90 წელს გადააბიჯა. ხომ არ ეშინია მისი შვილის გარშემო შექმნილი სიტუაციის? თუ არ უმხელენ?

_ არა, რას ამბობთ! მხნედ გამოიყურება, შემართებით. ტელევიზორსაც უყურებს, ბიძინა თვითონ ესაუბრება… სულ თავის შვილზე ლოცულობს.

_ არ ეშინია?

_ არ ეშინია! და საერთოდ, ვის რატომ უნდა ეშინოდეს, როცა მომავლის იმედი ძალიან დიდია.

იმედი ღმერთთან თანამკვიდრობის გზაა. ღმერთი კი არ გაგვწირავს! ამიტომ ჩვენ რასაც ვეიმედებით, ის ვთქვათ და ის გავაკეთოთ.

«იხარეთ იმედში, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში _ მდგრადნი». (რომ. 12,12)

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე

 

1 COMMENT

  1. რა გვეშველება დემოკრატია კი არა თავისუფლებააა.სიტყვა თავისუფლება დემოკრატიით ჩაანაცვლეს გაიგეთ მაინც რას ნიშნავს დემო კრატია,ოღონდ ჭეშმარიტად რას ნიშნავს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here