Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი ვეკუა: ამერიკელებს თავიანთი ერთგული «ნაბიჭვრების» (Son of a bitch) თავიდან...

გიორგი ვეკუა: ამერიკელებს თავიანთი ერთგული «ნაბიჭვრების» (Son of a bitch) თავიდან მოცილებაც სჩვევიათ

980

საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულ აქტუალურ მოვლენებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ექსპერტი გიორგი ვეკუა.

_ მომავალ საპარლამენტო არჩევენებამდე 4 თვე დარჩა. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აცხადებენ, რომ დარწმუნებულნი არიან გამარჯვებაში, თუმცა თქვენს ერთერთ წერილშივინ შექმნის რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივას?!») წერთ: «აშკარაა, რომ ამჟამად საქართველოში არათუ რეალურად დემოკრატიული, არამედ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან ოდნავ მაინც მიახლოებული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია»… რა გაძლევთ ასეთი პროგნოზის საფუძველს და სად ხედავთ გამოსავალს, თუ კი ოპოზიციის ბედი არჩევნებზე წინასწარაა გადაწყვეტილი?

_ ის, რომ ე. წ. საარჩევნო გარემო სააკაშვილის საქართველოში სულ უფრო ემსგავსება მუბარაქის დროინდელი ეგვიპტისა და მსგავსი ქვეყნების სიტუაციას, ვგონებ, არავისთვის არ უნდა იყოს დასამალი. რა არჩევნებზე შეიძლება საუბარი, როცა ლამის ყოველდღე ხდება ამომრჩევლებისა და ოპოზიციური პარტიების წევრების დაშინება, მათზე ზეწოლის, დაჯარიმების, ცემის, გატაცებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტები! იმ დროს, როცა ოპოზიციას აჯარიმებენ ამომრჩევლისთვის ტელევიზორის ან თმის საშრობი ფენის ვითომდა გადაცემის გამო, მმართველი პარტია, რაც იგივეა, რაც დღევანდელი სახელმწიფო, ათობით მილიონ ლარს ხარჯავს სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა პირდაპირი ან ირიბი მოსყიდვისთვის, მათ შორის სახელმწიფოს, მერიისა და გამგეობების პროგრამების საშუალებით. უკვე ჩართულია და მთელი სიმძლავრით მუშაობს გაყალბების მექანიზმები _ სიებით მანიპულირება, უცხოეთში მყოფი მოქალაქეების, ე. წ. მკვდარი სულების გამოყენების მომზადება და ა. შ.

  მე პირადად ვერ ვხედავ, რა უნდა დაუპირისპიროს ამ მექანიზმს ოპოზიციამ არჩევნებამდე დარჩენილ ოთხიოდე თვეში. ერთადერთი შანსი მისთვის შეიძლება ყოფილიყო აშშ-ის ადმინისტრაციის მკაფიო და ხისტი გადაწყვეტილება, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს.

ვფიქრობ, სააკაშვილი აშშ-ს რამდენიმე წელი ჯერ კიდევ სჭირდება აქ, საქართველოში, თავისი მიზნების განსახორციელებლად.  

_ საქართველოში, სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრად მყოფმა ჰილარი კლინტონმა, საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. ამას გარდა, აშშსა თუ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც ხშირად ახსენებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ბევრად იქნება დამოკიდებული საქართველოში არჩევნების ხარისხზე და ხელისუფლებას საქართველოში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ მოუწოდებენ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება არც ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მითითებებს გაითვალისწინებს?

_ ე. წ. დემოკრატია დასავლეთისთვის და კერძოდ, აშშ-ისთვის, არის მხოლოდ ფიქცია, ერთგვარი რიტუალი, რომელსაც იყენებენ მაშინ, როცა სჭირდებათ. დღეისათვის დასავლეთი არ არის მზად, რომ ამ საკითხში ღიად დაუპირისპირდეს რუსეთს, რომელსაც თავის საზღვრებთან ნატოს კიდევ უფრო მიახლოება ძალზე აღიზიანებს. ამიტომაც ამერიკელები ახმოვანებენ ამგვარ პოზიციას, რათა საბაბი ჰქონდეთ, რომ დაბლოკონ საქართველოს გაწევრიანება ნატოში. შემდეგ კი საქართველოს მოსახლეობას არწმუნებენ, მათ შორის რიგი ოპოზიციური პარტიების (მაგალითად, რესპუბლიკელების) საშუალებით, რომ თურმე ჩვენს ქვეყანას იმიტომ არ იღებენ ალიანსში, რომ აქ არასაკმარისი დემოკრატიაა. ეს იმიტომ ხდება, რომ მოსახლეობას საბოლოოდ გული არ აუცრუვდეს ამ ყბადაღებულ «ნატოს ქოლგაზე», თუმცა ეს პროცესი ნაწილობრივ მაინც მიმდინარეობს. ბევრს უკვე აღარ სჯერა ამ გაუთავებელი დაპირებების. კარგად დავინახეთ ამ დაპირებების ფასი 2008 წლის აგვისტოში, როცა ამერიკამ მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების დასაცავად გამოიდო თავი, ხოლო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე თავი არ შეუწუხებია!

_ რაც შეეხება ნატოს საკითხს, რომელიც აქტუალურია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩიკაგოში გამართულ ნატოს მორიგ სამიტზე დიდ იმედებს ამყარებდა, აღნიშნული სამიტიც მხოლოდ დაპირებებით დასრულდა და საქართველო კვლავ ვერ გახდა ნატოს წევრი. აქვს თუ არა შანსი საქართველოს, უახლოეს მომავალში ნატოს წევრი გახდეს?

_ ამის «შანსი» გაჩნდება მხოლოდ მაშინ, თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაიწყება ღია კონფრონტაცია. ვთქვათ, აშშ და მისი პარტნიორები მაინც გაბედავენ და სამხედრო აგრესიას წამოიწყებენ ირანის წინააღმდეგ, რუსეთი კი ამას შეეწინააღმდეგება და შეეცდება, კავკასიაში განიმტკიცოს პოზიციები. ამ შემთხვევაში, თეორიულად შესაძლებელია, რომ საქართველო დაჩქარებული წესით მიიღონ ამ ორგანიზაციაში და, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის ჯარებიც განათავსონ ჩვენს ტერიტორიაზე. მაგრამ დღეისათვის მოვლენათა ამგვარი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელია. შესაბამისად, არც საქართველოს «ნატოური» პერსპექტივაა მაინცდამაინც რეალური უახლოეს წლებში, მაგრამ ჩვენს დროში ბოლომდე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

მაგალითად, თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბერში უნდა ჩატარდეს, გაიმარჯვებს რესპუბლიკელთა კანდიდატი მიტ რომნი, არსებობს იმის გარკვეული ალბათობა, რომ აშშ რუსეთთან ღია დაპირისპირებაში ჩაებას, მათ შორის, მოხდება საქართველოს დაჩქარებული «შეთრევა» ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამერიკის გარდა, სხვა ქვეყნების თანხმობაც არის საჭირო ახალი წევრების მისაღებად. როგორც ვიცით, მთელი რიგი ქვეყნებისა, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, ეწინააღმდეგებიან ამგვარ ავანტიურისტულ ნაბიჯს. ასევე, ჩემი აზრით, ობამას დამარცხების შანსი მომავალ არჩევნებზე მინიმალურია.  

_ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში ცათამბჯენების აგების, ხოლო ლაზიკაში ბრიტანული სამართლის დანერგვის შესახებ განაცხადა, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს, რათა რეგიონის ფინანსური ცენტრი გახდეს. «ძალიან დიდ ექსპერიმენტზე მივდივართ, იმისთვის, რომ მივიღოთ კომერციული ტრანზაქციების მაქსიმალური დაცულობა, პირველ რიგში, ქართველი და, რა თქმა უნდა, უცხოელი ინვესტორებისთვის», _ამბობს  პრეზიდენტი. რამდენად გაამართლებს პრეზიდენტის ინიციატივა?

_ ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს «ლაზიკაში ბრიტანული სამართლის დანერგვა». არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე ცდილობდეს, შექმნას ერთგვარი ოფშორული ზონა ამ ყბადაღებულ ლაზიკაში, რა თქმა უნდა, საეჭვო ფულის გასათეთრებლად. სავარაუდოდ, ეს ექსპერიმენტები ამისთვის სჭირდებათ. შესაძლოა, რომელიმე მეზობელი ქვეყანაც იყოს ამით დაინტერესებული. ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ გარკვეულ ფინანსურ აქტიურობას. როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს სააკაშვილის რეჟიმის შენარჩუნებას, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ამერიკელებს სჩვევიათ თავიანთი ერთგული «ნაბიჭვრების» (შონ ოფ ა ბიტცჰ) თავიდან მოცილება, ამიტომ სააკაშვილი და მისი ჯგუფი, რომელსაც სიკვდილამდე არ უნდა ხელისუფლების დატოვება, ყველა ხერხს მიმართავენ, რომ ეს შესაძლებლობა თავიდან აიცილონ. ისინი ცდილობენ, რომ ახალ-ახალი გამოსავალი მოიგონონ და ამით თან ერთგულება დაუმტკიცონ ვაშინგტონს და თან თავისებურად აშანტაჟონ კიდეც, რომ, თუ სააკაშვილის ბანდის გაწირვას განიზრახავენ, ეს ასე ადვილი არ იქნება! ამისთვის მიდიან სულ ახალ-ახალ უცნაურ ინიციატივებზე.   

 _ ჰილარი კლინტონის წასვლისთანავე სომხეთაზერბაიჯანის საზღვარზე კონფლიქტი დაიწყო. ზოგიერთი ექსპერტი (მათ შორის აზერბაიჯანელიც) ამ ყველაფერს კლინტონის ვიზიტს უკავშირებს. რამდენად დიდია ახალი ომის დაწყების საფრთხე კავკასიაში და რა გავლენას მოახდენს მეზობელი სახელმწიფოების კონფლიქტი საქართველოზე?

_ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხელს არ აძლევს სტატუს-კვო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არა იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრობენ, არამედ მათი სურვილია, ირანის გარშემო შექმნან არასტაბილურობის სარტყელი და ე. წ. მართვადი ქაოსის მდგომარეობა. ისინი აქეზებენ აზერბაიჯანს, რომ დაიწყოს საომარი მოქმედებები, ხოლო შემდეგ ჰპირდებიან არა ყარაბაღის ტერიტორიას, არამედ ჩრდილოეთ ირანში ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული რაიონების მიერთებას. მაგრამ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას ესმის, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს მათთვისვე ამგვარ ავანტიურებში მონაწილეობა, ამიტომ თავს იკავებენ და ვერ ბედავენ საომარი მოქმედებების განახლებას. ირანელი აზერბაიჯანელების უმრავლესობას სულაც არ სურს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან მიერთება და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, აქეთ მიიერთებენ ბაქოს.

ომის საფრთხე არსებობს, თუმცა რუსეთი და ირანი ჯერჯერობით სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებენ. რაც შეეხება საქართველოს, თუ ომი დაიწყო, შედეგების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელი იქნება. შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფო საერთოდ შეეწიროს ამ ქაოსს.

_ ახლახან საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის «ტრაპიზონის ხელშეკრულება» გაფორმდა, რომელიც რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას ემსახურება. რამდენად დროული და დადებითი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება და რას მოუტანს ის საქართველოს?

_ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობს, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოს, რომ სხვადასხვა სქემებში «ჩაჯდეს» და ამით შეინარჩუნოს ხელისუფლება. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს სახელმწიფო ინტერესებს, მთავარია, გარანტიები ჰქონდეთ უცხოეთიდან, რომ საჭირო მომენტში მხარს დაუჭერენ. თურქეთი და აზერბაიჯანიც ამისთვის სჭირდებათ. ჩემი აზრით, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის რაიმე ალიანსი უპერსპექტივოა, თუკი ის ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ მოიაზრება. მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ამ ორმა ქვეყანამ (თურქეთმა და აზერბაიჯანმა) მცირეოდენი ეკონომიკური დახმარება გაუწიოს საქართველოს, თუმცა ძირითადი დახმარება ისევ მმართველი რეჟიმის მისამართით წავა და არა ხალხის, როგორც აღვნიშნე. 

_ ირანთან დაკავშირებით ვითარება იძაბება. აშშის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა უკვე ღიად აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს საბრძოლო ოპერაცია მომზადებული აქვთ. ცნობილია ისრაელის მხარის განცხადებებიც. რამდენად რეალურია შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე?

_ ამერიკელებს ძალიანაც უნდათ, ირანზე შეტევა განახორციელონ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მათ ამის რეალური შესაძლებლობა არ აქვთ! ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე მორალურ-პოლიტიკური სიტუაციით, გეოგრაფიული მდებარეობითა და სიდიდით, ამერიკის საკბილოს არ წარმოადგენს. ამერიკელები, როგორც სვავები ან აფთრები, მხოლოდ დასუსტებულ და მომაკვდავ რეჟიმებს ან პატარა ქვეყნებს უტევენ, რომლებსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. ირანი კი უკვე რეგიონის ზესახელმწიფოდ იქცა და ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ მას იგივე ბედი ეწევა, რაც ერაყს, ლიბიას ან ავღანეთს. ამისთვის ირანს სულ არ სჭირდება ბირთვული იარაღის ფლობა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ირანისთვის ზიანის მიყენებას ამერიკელები და მათი მოკავშირეები სირიაში არეულობის შექმნით ცდილობენ.

ხოლო ისრაელს საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელი აქვს და უფრო იმაზე უწევს ფიქრი, როგორ გაუმკლავდეს «ჰეზბოლას» და «ჰამასის» დაჯგუფებებს.  სასაცილოც კია ისრაელის მხრიდან ბაქიბუქი, თითქოს ეს ქვეყანა ირანზე შეტევას ამზადებდეს. ეს, უბრალოდ, არასერიოზულია. ერთადერთი შესაძლებლობა, რაც მათ აქვთ, არის ის, რომ წყალქვეშა ნავებიდან (რომელიც გერმანიამ გადასცა) განახორციელონ ბირთვული ქობინების მატარებელი რაკეტების გასროლა ირანის მიმართულებით, მაგრამ ეს უკვე მსოფლიო ომის დაწყებას და აპოკალიფსურ სცენარს ნიშნავს. ასე რომ, თითქმის გამორიცხულია ირანთან «მცირე ომი» და ადვილი გასეირნება ამერიკელთათვის. ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ კი, უმჯობესია, არც იფიქროს ამგვარ სცენარებზე.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here