Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბესარიონი (მენაბდე): ჩვენთვის უცნობია, რატომ დასჭირდათ უცხოელების ჩართვა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრქუციის...

მამა ბესარიონი (მენაბდე): ჩვენთვის უცნობია, რატომ დასჭირდათ უცხოელების ჩართვა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრქუციის საქმეში

3016

ვინ და რატომ შეცვალა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტი, რატომ მიმდინარეობს დაჩქარებული ტემპით ტაძრის რეკონსტრუქცია და ვინ დაბლოკა რიყეზე ასი ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის მშენებლობა _ ამ და სხვა საკითხებზე საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ (მენაბდე) გვესაუბრება.

_ მამაო ბესარიონ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურის საგანძურთა სიიდან ამოიღონ. თქვენ პროფესიით არქიტექტორი ბრძანდებით და, როგორც საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭოს წევრი, ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ პროცესებშიც მონაწილეობდით. ახლახან ქუთაისში იმყოფებოდით, რაიმე საყურადღებო ინფორმაციას ხომ არ მოგვაწვდით?

_ ინტერვიუს სამწუხარო ინფორმაციით დავიწყებ: ახლახან გარდაიცვალა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის მთავარი არქიტექტორი ვანო გრემელაშვილი. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ვანო გრემელაშვილი ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაზე დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა და ფასდაუდებელი შრომა გასწია ტაძრის აღდგენისთვის.

როგორც ჩანს, მოსახლეობას წლების განმავლობაში გაჰქონდა ბაგრატის ტაძრის ქვის დეტალები, მან კი შეძლო მათი მოძიება და დაბრუნება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ვინაიდან ამ არქიტექტურული დეტალების მეშვეობით შესაძლებელი გახდა, ტაძრის აღსადგენი ნაწილის ძირითადი პარამეტრების დადგენა. პროექტის მიხედვით, ყველა მოძიებული ქვა თავის ადგილზე უნდა დაბრუნებულიყო. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭომ მხარი დაუჭირა პროექტს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთობლივ საბჭოზე დამტკიცდა. 

ვინაიდან საქმე ეხებოდა ძველი ისტორიული ტაძრის აღდგენას, საპატრიარქოს მოთხოვნა იყო, რომ დაცული ყოფილიყო არამარტო არქიტექტურული, არამედ ტექნოლოგიური მხარეც. კერძოდ, ტაძარი ტრადიციული მასალით _ კირ-დუღაბით აღდგენილიყო. მუშაობის პროცესში ჩართული იყო კონსტრუქტორთა ჯგუფი, ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტებიც. მათი აზრით, რადგან ბაგრატის ტაძარი ათეული წლების განმავლობაში დანგრეული იყო და კედლები მნიშვნელოვნად დაზიანდა, ტრადიციული მასალით მისი აღდგენა შეუძლებელი იყო. გადაწყდა, აუცილებლობის შემთხვევაში, რკინა-ბეტონის კონსტრუქციული ელემენტების მინიმალური რაოდენობით გამოყენება.

_ იყო თუ არა ტაძრის რეკონსტრუქციის დეტალები იუნესკოსთან შეთანხმებული და იყო თუ არა ცვლილებების საქმის კურსში საპატრიარქო?

_ ბაგრატის ტაძარი შესულია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ხოლო იუნესკოსთან ურთიერთობას ხელისუფლება წარმართავს. შარშან იუნესკოს სააგენტოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ერთობლივად მოვინახულეთ ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესი.

სამუშაოები შეთანხმებული პროექტის მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ იუნესკოსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გამოვთქვით შენიშვნები რკინა-ბეტონის გადამეტებით გამოყენების გამო, თუმცა ვერც კი წარმოვიდგენდით დღევანდელ სიტუაციას. საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად პროექტში ჩაერთნენ უცხოელი არქიტექტორები, რომლებმაც უგულებელყვეს შეთანხმებული პროექტი და ეკლესიისთვის მიუღებელი იდეები განახორციელეს. რატომ დასჭირდათ უცხოელების ჩართვა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრქუციის საქმეში, ჩვენთვის უცნობია.

ახლახან საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრისა და მასთან არსებული სამეცნიერო საბჭოს წევრები ალავერდელი მიტროპოლიტის დავითის ხელმძღვანელობით ჩავედით ქუთაისში, იქ კი შემდეგი სურათი დაგვხვდა: ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთის კამარები გუმბათითურთ უკვე დასრულებულია ვანო გრემელაშვილის პროექტით, მაგრამ დასავლეთის მხარის რეკონსტრუქცია ჩვენთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით არ ხორციელდება, მასში შეტანილია თანამედროვე ელემენტები, კერძოდ: პატრონიკე, რომლის აღდგენაც უკვე სრულდებოდა, დანგრეულია და მის ნაცვლად ლითონის კონსტრუქციაა მომზადებული მინის იატაკის მოსაწყობად. როგორც გაირკვა, ამ «თანამედროვე პატრონიკეზე» მოსახვედრად გათვალისწინებულია ლიფტი.

ჩვენი მოგზაურობის შედეგები და დასკვნა გამოქვეყნდა საპატრიარქოს ვებგვერდზე, გადაიცა საპატრიარქოს ტელევიზიით და, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ოფიციალურადაც მივმართოთ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს, ვინაიდან საქართველოს საპატრიარქო ტაძრის ოფიციალური მესაკუთრეა და მასთან შეუთანხმებლად ასეთი სერიოზული სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია.

_ მამაო ბესარიონ, კულტურის სამინისტრომ უცხოელი სპეციალისტები თქვენთან შეუთანხმებლად ჩამოიყვანა?

_ საპატრიაქომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

_ ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი დავით გარეჯის მონასტერს უკავშირდება. დავით გარეჯთან დაკავშირებით პირველად განგაში სწორედ სასულიერო პირებმა ატეხეს. პრობლემა თითქოს მოგვარდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ძველ ადგილს დაუბრუნდნენ, მაგრამ ამ დღეებში კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ დგანან. რა ხდება ამ ეტაპზე _ მიმდინარეობს თუ არა ისევ მოლაპარაკება აზებაიჯანის ხელისუფლებასთან?

_ სასულიერო პირებმა იმიტომ ატეხეს განგაში, რომ ისინი იქ ცხოვრობენ და საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს, როცა მესაზღვრე გიკრძალავს დავითგარეჯის საოცარ, უნიკალურ ქვაბებში შესვლას. აღსანიშნავია, რომ პრობლემა გაამწვავა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აშკარად არასწორმა განცხადებებმაც. პირველი ინფორმაცია, რაც ოფიციალური პირებისგან მოვისმინეთ, ის იყო, თითქოს ეს ტერიტორია აზერბაიჯანის საკუთრებაა. მაშინ, როცა ჯერ არც არის დადგენილი სახელმწიფოთა შორის საზღვრები და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

ვერ გაიგო ვერც საზოგადოებამ და ვერც ეკლესიამ, ვის ინტერესებს ემსახურებოდა ხელისუფლების წარმომადგენლების აღნიშნული განცხადება. ამან საზოგადოების აღშფოთება და დაბნეულობა გამოიწვია, თუმცა, იმედი გვაქვს, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხს ამჯერად მაინც გონივრულად გადაწყვეტს. 

_ საქართველოში მეჩეთების აშენების გადაწყვეტილებამ საზოგადოების და მათ შორის საპატრიარქოს აღშფოთება გამოიწვია. რა საშიშროებას ხედავს ეკლესია თუ საქართველოში მეჩეთები აშენდება?

_ საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის სახელმწიფოსთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რამდენიმე ქართული ძეგლის რესტავრაციის სანაცვლოდ, საქართველოში მეჩეთები აღადგინოს, მაგრამ საპატრიარქო ამ მოლაპარაკებაში არ მონაწილეობდა. ცხადია, თავად საკითხი არასწორად არის დასმული. ის ქართული ძეგლები, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია და თურქეთი ვალდებულია, ყველანაირი პირობების გარეშე ჩაუტაროს ამ ისტორიულ ძეგლებს რესტავრაცია. თურქეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას, პირიქით, უნდა სთხოვდეს სპეციალისტების გაგზავნას, რადგან ამ ქართული ტაძრების სახით შეუფასებელ მემკვიდრეობას ფლობს. ამას გარდა, გავითვალისწინოთ, რომ თურქეთის სახელმწიფომ საბერძნეთის, სომხეთისა და ისრაელის სახელმწიფოებს დართო ნება, აღადგინონ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მსახურების უფლებით, ნაცვალგების გარეშე.

ამას გარდა, მეჩეთის აშენება იმ მამულიშვილების საფლავებზე იგეგმება, რომლებმაც სამშობლოსთვის გასწირეს თავი, რაც დაუშვებელია. იქ მხოლოდ ქრისტიანული ტაძარი შეიძლება აშენდეს დაღუპულ გმირთა სულის საოხად. საერთოდ რაზეა ლაპარაკი, როცა თავად აჭარელი მუსლიმანებიც კი ეწინააღმდეგებიან მეჩეთის მშენებლობას. ისინი ხედავენ საშიშროებას, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, რელიგიურ შუღლში გადაიზარდოს.

_ მამაო, საპატრიარქოს წინ კაზინოს აშენება რამდენად მიზანშეწონილი იყო და რა პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიას?

_ კაზინო «შანგრილა» რეკორდულად მცირე დროში აშენდა, კათოლიკოს-პატრიარქის გერმანიაში ყოფნისას. რა თქმა უნდა, ეკლესია კაზინოს მშენებლობას არ დაუშვებდა.

_ კაზინოს აშენებამდე ხელისუფლებამ მიმართა თუ არა თუნდაც კონსულტაციისთვის საპატრიარქოს?

_ სახელმწიფო ვალდებული იყო, საპატრიარქოსთან შეეთანხმებია ეს საკითხი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არამარტო კაზინო, არამედ  უამრავი რამ აშენდა ბოლო წლებში ძველ თბილისში, მაგალითად: ბუდა-ბარი, ხიდი, საბაგირო და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა საჯაროდ განაცხადა, დაუშვებელია რიყეზე ბუდა-ბარის აშენებაო, რიყეზე ბუდა-ბარი მაინც აშენდა. და ეს მაშინ, როცა პატრიარქის თხოვნითა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით  რიყეზე ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიგეგმა, რომელიც აღარ განხორციელდა, არავინ იცის, რატომ.

როდესაც ისტორიულ ქალაქში სახელმწიფო ახალი მშენებლობის გადაწყვეტილებას იღებს, ამას წინ დიდი სამეცნიერო შრომა უნდა უძღოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიახლემ შეიძლება ძველი ქალაქის არამარტო იერ-სახე, არამედ მისი სულიერი არსიც დაარღვიოს.

როდესაც თბილისზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა თბილისი აღაშენა წმინდა ქალაქ მცხეთის კარიბჭედ და დედაქალაქს, იერუსალიმის მსგავსად, საფუძვლად დაუდო ოთხი ეკლესია: სიონის ტაძარი _ სიონად, მეტეხი _ გეთსამანიად, ჯვრის მამა _ გოლგოთად, ზემო ბეთლემი _ ბეთლემის მსგავსად, ხოლო მტკვარი თბილისის იორდანედ მოიაზრება.

თბილისმა იტვირთა აღმოსავლეთის ქვეყნების აგრესია და იქცა მოწამეთა ქალაქად. აქ ეწამა აბო თბილელი, ასი ათასი მოწამე, ევდემოზ კათალიკოსი, დოსითეოს თბილელი, სამასი არაგველი, კრწანისელი მოწამეები და სხვა მრავალი. თბილისი წმინდა ქალაქია. აქედან გამომდინარე, როდესაც ქალაქის ისტორიულ ქსოვილს ვეხებით, უდიდესი სიფრთხილეა საჭირო.

კარგია, როცა ნარიყალაზე საბაგირო გზით ასვლის საშუალება ეძლევა ადამიანს, მაგრამ, როდესაც ირღვევა ისტორიული ქალაქის იერსახე, მასზე უარი უნდა ვთქვათ. როცა თავს ევროპელობაზე ვდებთ, უნდა გავიხსენოთ, როგორი რუდუნებით ეპყრობიან ისინი ისტორიულ ქალაქებსა და კულტურულ მემკვიდრეობას.

_ ქართველი ჰომოსექსუალები ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს აღნიშნავდნენ, როცა «მართლმადიდებელმა მშობელთა კავშირმა» და რამდენიმე სასულიერო პირმა მათ აქციის ჩატარების საშუალება არ მისცა. გასაგებია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ჰომოსექსუალიზმი, მაგრამ საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებდა სასულიერო პირებს, რომ ეკლესიის სახელით ძალადობა მიუღებელია.

_ ხომ ნახეთ კადრები? ისინი არავის დაურბევია და სასულიერო პირებს ძალადობა არ გამოუჩენიათ. მათ მხოლოდ გზა გადაუღობეს და აქციის  ჩატარების საშუალება არ მისცეს. სასულიერო პირები შეაგონებდნენ, შვილებო, ამას ნუ გააკეთებთო. ჰომოსექსუალიზმი ისეთივე ცოდვაა, როგორიც მრუშობა, კაცის კვლა და ა. შ. ცოდვის ლეგალიზება დაუშვებელია. არადა, დღეს მიმდინარეობს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, აბა, რას ნიშნავდა ეს აქცია? მათ არავინ დასდევს, რას აკეთებენ საკუთარ სახლებში, მაგრამ, როდესაც ცოდვის პოპულარიზაცია მიმდინარეობს, ბუნებრივია, ეკლესია ჩუმად ვერ იქნება.

_ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მიერ ქადაგების დროს ნათქვამმა ფრაზამ, რომ ქალმა ქმარს ფეხის დაბანა უნდა შესთავაზოსო. ავუხსნათ საზოგადოებას, რას გულისხმობდა პატრიარქი?

_ როცა უწმინდესმა ეს ბრძანა, პირველ რიგში, ამით შეახსენა საზოგადოებას, რომ უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს დიდ ხუთშაბათს თავად დაბანა ფეხები. ეს არის სახარებისეული სიუჟეტი და ეკლესიამ ფეხთბანვის მოვლენა საეკლესიო მსახურებაშიც ჩართო. ყოველ დიდ ხუთშაბათს კათოლიკოს-პატრიარქი 12 მღვდელმთავარს ფეხს ბანს, ფეხბანვა სიმდაბლის გამომხატულებაა.

სახარება ეკლესიას უფლის სახლს უწოდებს. ოჯახი მცირე ეკლესიაა და უფალი მეუღლეებს თავდადებისკენ მოუწოდებს. ნახეთ, რა წერია ჯვრისწერის ლოცვაში: «ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტეს, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმინდა ყოს», ანუ მსხვერპლი გაიღეთ ერთმანეთისთვისო. მეტი რა უნდა თქვას უფალმა? სადმე წერია, რომ ცოლი უნდა ემსახუროს ქმარს და ქმარი არა? ფეხბანვა, ეს ორმხრივი პასუხისმგებლობაა. ვისაც სახარება ერთხელ მაინც წაუკითხავს, არ გაუჩნდება კითხვა, რატომ თქვა ეს პატრიარქმა. საზოგადოების აღშფოთების მიზეზი არის გაუთვითცნობიერებლობა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here