Home რუბრიკები საზოგადოება ხელისუფლებისგან უარყოფილი ოტია იოსელიანის პირველი იუბილე იუბილარის გარეშე

ხელისუფლებისგან უარყოფილი ოტია იოსელიანის პირველი იუბილე იუბილარის გარეშე

806

16 ივნისს კლასიკოს მწერალს _ ოტია იოსელიანს 82 წელი შეუსრულდებოდა. ეს პირველი დაბადების დღე იყო, რომელიც ბატონ ოტიას უახლოესმა გარემოცვამ იუბილარის გარეშე აღნიშნა. დიდი მწერალი ქართველ ერს უკურნებელმა სენმა შარშან, 14 ივლისს, გამოაცალა ხელიდან. მწერლის სურვილით, იგი წყალტუბოში, საკუთარ ეზოში, დაკრძალეს.

როგორც ოტია იოსელიანის შვილიშვილმა ზვიად შვანგირაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ოჯახი საგულდაგულოდ ემზადებოდა ამ თარიღის აღსანიშნავად და ღონისძიების ორგანიზატორიც თავად იყო, თუმცა ბატონ ოტიას შვილებს მხარში ამოუდგა ქალაქის ხელმძღვანელობა და ღონისძიების დაფინანსება ითავა.

და აი, 16 ივნისს მწერლის საფლავთან შეკრებილმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, სასულიერო პირებმა და მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა გულთბილად მოიგონეს დიდი შემოქმედი, ადამიანი, რომელმაც თან გაიყოლა მშობელი ერისა და ქვეყნის სატკივარზე ფიქრი. გაიხსენეს მწერლის ცხოვრების ეპიზოდები, მისი ტკბილმწარე საუბრები  აქტუალურ საკითხებზე _ რამ მიგვიყვანა უფსკრულის პირას, საით მივექანებით, სად არის გზა ხსნისა და რა გადაგვარჩენს გამოთაყვანებულ ერს

მამა ლუკიანემ მწერალს პანაშვიდი გადაუხადა, შემდეგ კი ბატონ ოტიას სახლში, სადაც მწერლის სიცოცხლეში დაუვიწყარი შეხვედრები და წარმოდგენები იმართებოდა, ამჯერად მასპინძლის, ამ საღამოების მთავარი რეჟისორისა და სცენარისტის გარეშე დაიდგა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია «უსიყვარულოდ არ ვცოცხლობთ, არ ვართ», რომელშიც თავმოყრილი იყო ცალკეული ფრაგმენტები ოტია იოსელიანის შემოქმედებიდან. ღონისძიების სცენარის ავტორი გახლდათ მწერლის უმცროსი ვაჟი დაჩი იოსელიანი, რეჟისორი კი მწერლის სახლში გამართული საღამოების აქტიური მონაწილე, ქალბატონი ლილი გელენიძე.

ბოლოს სტუმრებმა წყალტუბოს ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს, რომელსაც სულ მალე მწერლის სახელი მიენიჭება.

ზვიად შვანგირაძე, ოტია იოსელიანის შვილიშვილი:

«ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მართალი გითხრათ,  იუბილეზე არც კი მოგვიწვევია. მათ თავი დაკრძალვაზე მოსვლით არ შეიწუხეს და იუბილეზე მოვიდოდნენ?! მიუხედავად ამისა, თუ კი მობრძანებას გადაწყვეტდნენ, მათთვის კარი ისევე ღია იქნებოდა, როგორც სხვა სტუმრებისთვის. რაც შეეხება ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ისინი ოტია იოსელიანის დაკრძალვასაც დაესწრნენ და გარკვეული დახმარებაც გაუწიეს ოჯახს, ამჯერად იუბილეზეც დააფასეს იგი».

ოტია იოსელიანს საზოგადოებისთვის სამართლიად არაერთხელ «გადაუკრავს მათრახი». მიუხედავად ამისა, ოთარაანთ ქვრივივით ენამწარე მწერლის ცხედარი ქართველმა ერმა გელათის მონასტრიდან დიდი პატივით გამოაცილა. ოღონდ პროცესიაში არ მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლება, რადგან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაცვალების შემდეგაც ვერ აპატიეს პატრიოტ მწერალს მძაფრი შეფასებები:

«ამ დასაქცევ მთავრობას ბარემ ტყვია ესროლა შიშველი ხელებით მყოფი ხალხისთვის. გზის გადაკეტისთვის რომ ადამიანებს მოწამლავენ, ამის მერე რა ხელისუფლების არსებობაზეა საუბარი, შიშველი ხელებით მყოფ ხალხს ხელისუფლება წყლით ებრძვის და წამლავს», «ქვეყანა გამოქვაბულისკენ მიექანება…», «ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა ქართველ ერს…».

ქვეყნის პირველმა პირმა ოტია იოსელიანის ოჯახს წერილობით მიუსამძიმრა, ხოლო, როცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს _ ნიკა რურუას დაკრძალვაზე მიუსვლელობის მიზეზი ჰკითხეს, მან ასეთი პასუხი გასცა: «არის ასეთი ვალდებულება, რომ ვინმეს დაკრძალვაზე უნდა იყო? მე პირადად არ მეცალა. არ მრცხვენია, რომ სადმე არ ვიყავი და არანაირ ვალდებულებებს არ ვაღიარებ დაკრძალვაზე სიარულის. კულტურის სამინისტროს ოტია იოსელიანის დაკრძალვის ხარჯები არ გაუღია. ხარჯების გაღება ადგილობრივი მუნციპალიტეტის კომპეტენციაა». ეს განცხადება სამარცხვინოდ დარჩება ისტორიას.

«გარკვეული ეტიკეტის თანახმად, როდესაც ხელოვნების მოღვაწე გარდაიცვლება, კულტურის მინისტრი თავს ვალდებულად მიიჩნევს, მის დაკრძალვაზე მივიდეს და პატივი მიაგოს მის ხსოვნას. ასე ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. ეს ელემენტარული ზრდილობის ფორმაა. ჩვენმა კულტურის მინისტრმა კი არც ტელევიზიით და არც წერილობით სამძიმრის თქმა არ ჩათვალა საჭიროდ. ოტია იოსელიანი სიმართლის პირში მთქმელი ადამიანი იყო. ასეთი ადამიანები კი ჩვენთან არ უყვართ. შესაძლოა, სწორედ ოტიას პოზიციამ განაპირობა ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება მისადმი», _ განუცხადა «საქართველო და მსოფლიოს» ზვიად შვანგირაძემ.

ხელისუფლებას ოტიაზე გული გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც არ მოუბრუნდა. არც მას და არც ცენტრალურ ტელეარხებს ბუმბერაზი მწერლის იუბილე არ გახსენებიათ, მაშინ, როცა ტელეკომპანია «იმედი» და «რუსთავი 2» «ნაციონალებისთვის» მისაღები «ინტელიგენტების» იუბილეებს, დაჯილდოებებსა და სამძიმარს გაუშუქებელს არ ტოვებს.

ქართველი ერისთვის, უბრალოდ, სამარცხვინოა, როცა სახელმწიფომ საფლავიც კი არ გაუკეთა ამ დონის ქართველ მოღვაწეს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება საკმაოდ გულუხვია ბიუჯეტიდან სხვადასხვა უსახური პროექტის, გასართობი ცენტრის, უგემოვნო კონცერტის, ამა თუ იმ უნიჭო ხელოვანის დაფინანსებაში.

მისი საფლავის გაკეთება ისევ ოჯახის წევრებმა ითავეს. საფლავზე  წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთიდან ჩამოტანილი გრანიტის ქვაა დადგმული, მასზე ბრინჯაოში ჩამოსხმული ოტია იოსელიანის ბარელიეფია დამაგრებული, ამოტვიფრულია ასევე ჯვარი და კალამი. საფლავს თავად მწერლის სიტყვები ამკობს: «ადამიანისგან რაც რჩება, მისი სიცოცხლეც ეს არის».

ეს ყველაფერი მწერლის ვაჟის _ დაჩი იოსელიანის მოფიქრებულია.

«თავდაპირველად ვიკითხე კიდეც, თუ ვინმეს შეეძლო ჩემი მონახაზის მიხედვით საფლავის გაკეთება, მაგრამ ასეთი არავინ აღმოჩნდა. მეუბნებოდნენ, ამ ქვაზე მუშაობა შეუძლებელიაო, თუმცა, როგორც ხედავთ, ეს შესაძლებელი ყოფილა. ქვისმთლელი ვერ ვიპოვე და ხარჯთაღმრიცხველები, იცოცხლე, ბევრნი არიან ამ ქვეყანაში.

რაც შეეხება საფლავის ხარჯებს, გეტყვით, რომ მის გაკეთებაში არავინ ჩარეულა, არც ფინანსურად და არც ორგანიზების მხრივ. ყველაფერს ვაკეთებთ ოჯახის წევრები საკუთარი ხელით და სახსრებით. გვეხმარება მამას ბავშვობის მეგობარი, მოქანდაკე გურამ კვიმსაძე.

საერთოდ ყველა ხელოვანი ხელისუფლებისგან იმაზე მეტ პატივს იმსახურებს, ვიდრე მიუღია. შესაბამისად, ჯეროვნად არც ოტია იოსელიანი დაფასებულა, მაგრამ რას ვიზამთ. ისე, კაცმა რომ თქვას, პიკასოზე დაფასებული მაინც კი გამოვიდა, პიკასოს საფლავიც დაუკარგეს, ჩვენ საფლავი მაინც გვაქვს. ოტია იოსელიანის დამოკიდებულება რატომღაც ოპოზიციურად აღიქმებოდა ხელისუფლებისადმი, მაგრამ რეალურად ეს იყო არა ოპოზიციური განწყობა, არამედ _ ნორმალური ადამიანის დამოკიდებულება რეალობისადმი. რაც შეეხება იუბილეს, ცუდად არ წარმართულა ღონისძიება, თუმცა კარგისაგანაც შორს იყო», _ აღნიშნა დაჩი იოსელიანმა.

ეკა რობაქიძე

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here