Home რუბრიკები პოლიტიკა ჯანყი გურიაში და «ბერძენიშვილების პრობლემა»

ჯანყი გურიაში და «ბერძენიშვილების პრობლემა»

756

გამორიცხული არაა, რომ ივლისაგვისტოში, რომელიც ადრე, პოლიტიკური თვალსაზრისით, მკვდარ სეზონად ითვლებოდა, დაპირისპირება განსაკუთრებით დრამატული გახდება. საერთოდ, ნამდვილი პოლიტიკა და რეალური ბრძოლა ხელისუფლებისთვის, გულისცემის არ იყოს, პაუზებს არ ცნობს, იმ რიტუალური პოლიტცეკვებისგან განსხვავებით, რომელთაც თვალს ბოლო წლებში ვადევნებდით. ამიტომ, ალბათ, წინასწარ უნდა შევეგუოთ აზრს, რომ არანაირი შესვენება და სულის მოთქმის საშუალება ქვეყანას არჩევნებამდე და, შესაძლოა, შემდეგაც არ ექნება; წილი უკვე ნაყარია, რუბიკონი კი _ გადალახული.

ივანიშვილი ჰალსტუხებს არ ჭამს

ვიდრე ოზურგეთში გამართულ «ქართული ოცნების» აქციამდე მივალთ, ალბათ, გარკვეული ყურადღება მის პროლოგს უნდა დავუთმოთ. დასავლეთ საქართველოს სოფლებში ბიძინა ივანიშვილის მოგზაურობის დროს საზოგადოებამ დააფიქსირა (და ეს სოციალურ ქსელებშიც აისახა)»ნაციონალური მოძრაობისა» და «ქართული ოცნების» ლიდერების მიერ ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრებს შორის აშკარა და თვალშისაცემი სხვაობა, რომლის აღწერა ძალიან მარტივად, ორიოდე სიტყვით შეიძლება: სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილი ხალხს უსმენდა.

ეს იყო ჩვეულებრივი დიალოგი, რომელიც, როგორც კომუნიკაციის ფორმა, უხსოვარი დროიდან არსებობს, თუმცა სააკაშვილის მმართველობის წლებში საზოგადოება მას იმდენად გადაეჩვია, რომ ივანიშვილის ქცევა ლამის რევოლუციური ხასიათის სიახლედ აღიქვა. ოპოზიციური კოალიციის ლიდერი მშვიდად უსმენდა ამომრჩევლებს, მათ შორის ოპონენტებს, არ აწყვეტინებდა უხეშად და არ წარმოთქვამდა რეალობისგან მოწყვეტილ მონოლოგებს ისტერიულ ტონალობაში _ სულ ეს იყო, მაგრამ ამან საკმაოდ შთამბეჭდავი ეფექტი მოახდინა.

საზოგადოება, ცოტა არ იყოს დაიღალა იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მას აღიქვამდნენ მხოლოდ მაყურებლად ერთი მსახიობის თეატრში, რომელსაც სპექტაკლის დროს ხმის ამოღების უფლება არ აქვს. დღეს მას, სავარაუდოდ, სურს არა მხოლოდ ის, რომ რაიმე უთხრან, ანუგეშონ ან თუნდაც მრავალ წყალობას დაჰპირდნენ, არამედ ელემენტარულად მოუსმინონ და, გამორიცხული არაა, რომ ეს უკანასკნელი სურვილი სხვა დანარჩენზე დომინირებდეს. მარტივად რომ ვთქვათ, ხალხს პოლიტიკურ ელიტის წარმომადგენლებთან ნორმალური, ადამიანური კომუნიკაცია მოსწყურდა და ივანიშვილმა თავისი რეგიონული ტურნეს დროს ეს გარემოება გაითვალისწინა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც დასავლეთ საქართველოს სოფლებში შეხვედრების დროს დაფიქსირდა, იყო ივანიშვილის რეაქცია ადგილობრივი «ნაცაქტივისტების» მოქმედებაზე, რომლებიც მისი შეხვედრების ჩაშლას ცდილობდნენ. ზოგიერთი მათგანი აშკარა პროვოკაციაზე მოდიოდა, ზოგიც (ვიდეოჩანაწერებიდან ასეთი შთაბეჭდილება რჩება) ფრიად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფიზიკური დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში ივანიშვილის სანიმუშოდ მომზადებული დაცვა და მის გარშემო შეკრებილი უამრავი ხალხი ამ ჯგუფებს, სავარაუდოდ, ორიოდე წუთში გადაუვლიდა და კონკრეტულ ეპიზოდში სიმბოლურ «გამარჯვებასაც» მოიპოვებდა (უცხოელი დამვირვებლების თვალში ეს გახდებოდა ჩვეულებრივი წინასაარჩევნო შეხლა-შემოხლა სხვადასხვა პარტიის მომხრეებს შორის და აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მასშტაბურ, არათანაზომად რეპრესიებს ამ ფაქტით ვერ გაამართლებდა), თუმცა «ქართულმა ოცნებამ» მაქსიმალურად შეიკავა თავი იმ ტიპის ნაბიჯებისგან, რომლებიც «ნაციონალურმა მოძრაობამ» 2003 წლის არჩევნების წინ ბოლნისში გადადგა. მისთვის, სავარაუდოდ, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, დაეფიქსირებინა კონტრასტი ისტერიკასა და სიმშვიდეს, არაადეკვატურ შეძახილებსა და დალაგებულ საუბარს შორის, აგრეთვე, ხაზი გაესვა იმისთვის, რომ მოწადინების მიუხედავად, ხელისუფლებამ ამომრჩევლებთან შეხვედრების ჩაშლა ვერ მოახერხა. ეს იყო შეგნებული უარი «ქვის ხანის» დროინდელ პოლიტიკურ ტექნოლოგიებზე და მისგან მიღებული ფსიქოლოგიური ეფექტი, სავარაუდოდ, გაცილებით დიდი გამოდგა, ვიდრე შეხვედრის ადგილიდან რამდენიმე აღგზნებული «ნაციონალის» გაპანღურება მოიტანდა. თუმცა, ამასთანავე, ამ ინციდენტების დროს აშკარად გამოჩნდა, რომ ივანიშვილს არ ეშინია მაშინაც კი, როდესაც მოწინააღმდეგე (ვინ იცის, რის გაკეთებას აპირებს?) მის უშუალო სიახლოვეს იმყოფება, ის არ კარგავს კონტროლს კრიტიკულ ვითარებაში და ფერწამხდარი პანიკაში არ ვარდება; მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჰალსტუხებს არ ჭამს.

არც ამაშია რაიმე ზებუნებრივი, ეს ნორმალური მამაკაცის ნორმალური ქცევაა, თუმცა ცნობილი ეპიზოდების შემდეგ, რომლებშიც მთავარი როლი «ნაციონალური მოძრაობის» ბელადმა შეასრულა, პოლიტიკოსისგან ესეც გვიკვირს, რაც, ისევ და ისევ, სიახლის განცდას აჩენს.

შემდეგ იყო ოზურგეთის აქცია, თავისი ტრიუმფალური მასშტაბით;  გურულების აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა, «პროცენტულად» მათ თბილისსა და ქუთაისს აჯობეს. ეს იყო ნამდვილი «ჯანყი გურიაში», ოღონდაც მშვიდობიანი და მეტად ავისმომასწავებელი სააკაშვილისთვის. ამ აქციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე წინასაარჩევნო ტურნემ დასავლეთ საქართველოში ივანიშვილს ბევრი, მოსალოდნელზე მეტი, ბონუსი მოუტანა. მაგრამ ყოველივე თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ «ქართული ოცნების» ლიდერი სირთულეებს არ ეჯახება.  

რაც ელანდება, ის ესიზმრება

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ გავიზიარებთ ბოლო დროს გავრცელებული ფრაზის პათოსს «ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი პრობლემა თინა ხიდაშელია, სხვა სერიოზული პრობლემა ივანიშვილს არ აქვს», ალბათ, იმის აღიარება მოგვიწევს, რომ «რესპულიკელების პრობლემა» (და არა მარტოდენ ხიდაშელის, მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის მმართველ რგოლში მას, როგორც ჩანს, უფრო მეტი ფუნქცია აკისრია, ვიდრე მისი პარტიის ყველა დანარჩენ ლიდერს ერთად აღებულს) მართლაც არსებობს და ივანიშვილის ურთიერთობას ამომრჩევლებთან გარკვეულ დაღს ასვამს. გასულ კვირას ამ პრობლემამ მორიგი გამოვლინება ჰპოვა.

15 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელიც სახელისუფლო პროპაგანდისთვის სპეკულაციის საგნად იქცა, ხოლო ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია და გარკვეული დაბნეულობაც კი გამოიწვია. ბერძენიშვილის მტკიცებით, «ქართულმა ოცნებამ» ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ თბილისის რაიონებში მაჟორიტარობის ყველაზე სასურველ კანდიდატებად განიხილებიან: სამგორში _ სოზარ სუბარი, მთაწმინდაზე _ ვახტანგ ხმალაძე, ჩუღურეთში _ ვიქტორ დოლიძე, კრწანისში _ გია ცაგარეიშვილი და შოთა ხაბარელი, ნაძალადევში _ ეკა ბესელია, ვაკეში _ ლევან, ხოლო დიდუბეში _ დავით ბერძენიშვილი, ისანში, საბურთალოსა და გლდანში კი _ თინა ხიდაშელი. იქვე ბერძენიშვილმა (კაცმა რომ თქვას, ერთობ წინდახედულად) განაცხადა, რომ ამ კვლევების შედეგები მაჟორიტარების შერჩევის დროს ერთ-ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი იქნება და ჩამოთვლილი პოლიტიკოსები შეიძლება სხვა ოლქებში წარადგინონ ან, ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაჟორიტარობის კანდიდატად საერთოდ არ დაასახელონ.

განსაკუთრებული აქცენტი თავის გამოსვლაში ბერძენიშვილმა ლიდერების ცნობადობაზე გააკეთა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მისთვის გადამეტებული მნიშვნელობის მიცემა, ალბათ, მაინც არ ღირს. ნებისმიერ ჩვენგანს იაგო კაჭკაჭიშვილის გარეშეც შეუძლია თავის საახლობლოში ჩაატაროს გამოკითხვა თემაზე «ყველაზე ცნობადი გერმანელი პოლიტიკოსი» და შემდეგ დაფიქრდეს იმაზე, ისურვებდნენ თუ არა გერმანელები ამ ადამიანის ხილვას კანცლერად.

გვერდზე გადავდოთ სპონტანურად გაჩენილი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ უბანში (იგულისხმება სიის ბოლო ნაწილი) კვლევა  რესპუბლიკური პარტიის რაიონულ ოფისებში ჩატარდა, თანაც ალკოჰოლური ინტოქსიკაციის უკანასკნელ სტადიაზე, და მარტივი კითხვა დავსვათ: რა საჭირო იყო ამ სამუშაო ხასიათის, შიდა მოხმარების ინფორმაციის, განხილვის სტადიაში მყოფი საკითხის სააშკარაოზე გამოტანა? კოალიციის წარმომადგენლის _ თეა წულუკიანის ვერსიით (სხვათა შორის, მას დიდი წვლილი მიუძღვის იმ სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების გატანაში, რომელიც სამეგრელოში ირაკლი ალასანიას «დესანტირებას» გულისხმობდა), ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მედიაში ბევრი სპეკულაცია ვრცელდებოდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბერძენიშვილის განცხადების შემდეგ ამ სპეკულაციებმა მომცრო სტიქიური უბედურების მასშტაბი შეიძინა. რატომ არ შეიძლებოდა დალოდება საბოლოო შეთანხმებამდე?

პირველი სამეული (სუბარი, ხმალაძე, დოლიძე) ოპოზიციურ საზოგადოებაში განსაკუთრებულ კამათს, ალბათ, არ გამოიწვევს, ყველა დანარჩენ კანდიდატურასთან დაკავშირებით კი, სავარაუდოდ, აზრთა სხვაობა  დაფიქსირდება. საზოგადოდ, მიჩნეულია, რომ თბილისში ხელისუფლების პოზიციები დღეს იმდენად სუსტია, რომ მის კანდიდატს ნებისმიერგანსაკუთრებით კი ცენტრალურ, უბანში, უხეშად რომ ვთქვათ, «პოლის ჯოხიც» კი დაამარცხებს, თუმცა არის ორი გარემოება, რომლებმაც ეს ოპტიმისტური მოსაზრება შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს: ) რესპუბლიკელებმა «ჩააგდეს» წინასაარჩევნო პერიოდი ყველა არჩევნებში, რომლებშიც ბოლო დროს მონაწილეობა მიიღეს, დამოუკიდებლად იქნებოდა, თუ ბლოკის შემადგენლობაში; ) კოალიციაში შემავალი ძალებიდან რესპუბლიკური პარტია ყველაზე დაბალრეიტინგულია, ხოლო მის ლიდერებიდან ყველაზე ნეგატიური იმიჯი, სავარაუდოდ, ძმებ ბერძენიშვილებს აქვთ. ამ უარყოფითი დამოკიდებულების პირველწყაროა წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები და ის, რომ ოპოზიციური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ სააკაშვილის გუნდთან ასოცირებულ პოლიტიკოსებად აღიქვამს (საფუძვლიანია ეს მოსაზრება თუ თითიდან გამოწოვილი, ცალკე საუბრის თემაა, ამ შემთხვევაში მთავარია, რომ ის არსებობს და ფართოდ გავრცელებულია).

ცხადია, თქმული არ ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს რესპუბლიკელების იზოლირება, თითქოსდა ისინი კეთროვანები იყვნენ. ვახტანგ ხმალაძეც რესპუბლიკელია, თუმცა მთაწმინდაზე განსაკუთრებული პრობლემები, წესით, არ უნდა შეექმნას, თუ სათანადო ტექნოლოგიური მხარდაჭერა ექნება. შედარებით რთულია თინა ხიდაშელის საკითხი, საარჩევნო კონტექსტში გლდანი, ისანი და საბურთალო, არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით საკვანძო რაიონებია და, წინა აბზაცში ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიმე მათგანის ხიდაშელისთვის «დათმობა» სერიოზულ რისკს უკავშირდება. თუმცა ეს, ალბათ, მაინც გამართლებული რისკია; ივანიშვილის ფაქტორი, სავარაუდოდ, ყველა ნეგატიურ მომენტს გადაწონის. ხიდაშელი, როგორც კანდიდატი, უიმედო არაა და გარკვეული პოტენციალი გააჩნია, ბერძენიშვილების შემთხვევაში კი სიტუაცია გაცილებით პრობლემურია.

არ გათეთრდების ყორანი 

არის მთელ ამ სიტუაციაში, ერთი არამატერიალური, თუმცა ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც, ალბათ, ყველაზე მართებული იქნება, «პატივისცემა» ვუწოდოთ. თბილისის ცენტრი წლების განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლის მედროშე იყო და ბევრი უბედურება საკუთარ მხრებზე გადაიტანა. საკითხს ანტიკურ დეკორაციებში თუ განვიხილავთ, ეს ოპოზიციის პრეტორიანული რაზმია, ძლიერი, გამორჩეული და, ამავე დროს, ამაყი და თავნება. არასასურველია პრეტორიანელებს ახალ მეთაურად საკამათო კანდიდატურა წარუდგინო, ისინი ამას ვერ გაიგებენ. ასეთი მაღალფარდოვანი პარალელები რომც არ გავავლოთ, ანდაზას ვირსა და პიტნაზე მაინც ვერსად გავექცევით. ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის კანდიდატები, თუნდაც მთლად «პოლის ჯოხები» იყვნენ, თბილისის ცენტრში არ დამარცხდებიან, რადგან განწყობა იქ უკიდურესად ანტიმიშისტურია, მაგრამ ბერძენიშვილების წარდგენამ შეიძლება გააჩინოს პირველი, თავიდან შეუმჩნეველი ბზარი ოპოზიციური თბილისსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც თავს მოგვიანებით, სააკაშვილთან ბრძოლის (სავარაუდოდ, წარმატებული) დასრულების შემდეგ იჩენს. ასე რომ, მაჟორიტარების შერჩევის საკითხში სასურველია ამ ამომრჩევლების მიმართ პატივისცემის გამოვლენა, ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც მათში აზრთა სხვაობას არ გამოიწვევს და საკუთარ პრინციპებთან კონფლიქტში არ შეიყვანს. ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი დაუწერელი პაქტი, რომელიც შემდეგ ფორმულას დაეფუძნება: «პატივი ეცი პრეტორიანელებს და ისინი გვირგვინს მოგიტანენ».

კომენტატორების დიდი ნაწილი მივიდა დასკვნამდე, რომ დავით ბერძენიშვილის განცხადება, უპირველეს ყოვლისა, «რესპუბლიკური პოლიტბიუროს” გაზრდილი ამბიციის დაფიქსირება იყო და «გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება»-ს პრინციპით გაკეთდა. გაუგებარი ის იყო, რამენად მისაღებია ბიძინა ივანიშვილისთვის პარტნიორების ასეთი მასშტაბის ამბიციები და პოლიტიკური კომუნიკაციის ფორმა.

არ არსებობს ფაქტები, რომლებიც ცალსახად დაადასტურებს, რომ ზინოვიევი და კამენევი, უკაცრავად, დავით და ლევან ბერძენიშვილები, შანტაჟისა და საბოტაჟის გზას დაადგნენ, თანაც იმ მომენტში, როდესაც «ქართული ოცნება» მარშზეა და სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. მართალია, სახელისუფლო პროპაგანდა დაჟინებით ირწმუნება, რომ დავით ბერძენიშვილის ნაბიჯმა ივანიშვილი ძალიან გააღიზიანა, თუმცა ამ ინფორმაციაზე მსჯელობას, ცხადია, ვერ დავაფუძნებთ.

პარადოქსულია, მაგრამ ამ სიტუაციაში ჭეშმარიტების დადგენაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის შთაბეჭდილებაა, რომელსაც საზოგადოება ამ სიტუაციიდან მიიღებს. გაჩნდა ეჭვი, რომ დავით ბერძენიშვილმა კოალიციის ლიდერის პოზიცია უგულებელყო (მისი დამკვიდრება სახელისუფლო პროპაგანდამ მოახერხა თუ ოპოზიციურ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულმა ჭორებმა, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს მოხდა) და ბიძინა ივანიშვილმა ის უნდა გააქარწყლოს. შესაბამისად, ან 100%-ით დაეთანხმოს ბერძენიშვილს ან კიდევ მკაფიოდ დააფიქსიროს ზღვარი, რომელზეც მოუსვენარი ძმებისა და მათი თანაპარტიელების ამბიციები სრულდება და, მარტივად რომ ვთქვათ, მათ მოკრძალებულ ადგილზე მიუთითოს, თანაც ისე, რომ არავინ იფიქროს, რომ მისი კოალიციის შიგნით «სამოქალაქო ომი» დაიწყო. ორივე ვარიანტი, პრინციპში, უსაფრთხოა, რადგან შიდაკოალიციურ განხეთქილებაზე წასვლას რესპუბლიკელები და ცალკე აღებული ბერძენიშვილები, ძალიან დიდი ალბათობით, ვერ გაბედავენ. საფრთხეს მხოლოდ გაურკვევლობა შეიცავს; არასასურველია ოპოზიციურ საზოგადოებაში დამკვიდრდეს განცდა, რომ კოალიციის შიგნით დაპირისპირებაა და იქ არაჯანსაღი პროცესები ვითარდება, დანარჩენს როგორმე მოევლება.

დიმიტრი მონიავა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here