Home რუბრიკები პოლიტიკა ალასანია და «მეგრული საკითხი»

ალასანია და «მეგრული საკითხი»

633

«ქართულმა ოცნებამ» ირაკლი ალასანია სამეგრელოს მიავლინა. წაჰყვა თუ არა თანამედროვე დეკაბრისტს «გადასახლებაში» მეუღლე, ამაზე მატიანე დუმს. აპრილიდან «ხალხში» გასული ალასანია სოფელსოფელ დადის და ერთსა და იმავე დაპირებებს არიგებს.

4 მაისი, ზუგდიდი:

«სამეგრელო იქამდე ვერ დადგება ფეხზე, ვიდრე ხელისუფლება სინგაპურიზაციას და ქვეყნის ეკონომიკის ბენდუქიძისეული მეთოდებით მართვას გააგრძელებს. «ქართული ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა სფეროში ერთპიროვნული მმართველობა დასრულდება. ჩვენი ამოცანაა, ევროპის ნაწილი გავხდეთ ისე, რომ ჩვენი ეროვნული ღირსება შევინარჩუნოთ. შემდეგი არჩევნები არის გადამწყვეტი, კერძოდ, ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი ამ არჩევნებში».

5 მაისი, თეკლათი:

«ბოლო რვა წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად განადგურდა. ეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი არ იყო, შედეგად, 80% სასოფლო სამეურნეო პროდუქცია ქვეყნის გარედან შემოგვაქვს. გლეხები და ფერმერები უმუშევრები არიან. ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ სოფლის მეურნეობაში მილიარდიან ინვესტიციას ჩავდებთ და ამ სფეროს წელში გავმართავთ. დავიბრუნებთ როგორც შიდა ბაზარს, ასევე ჩვენს ტრადიციულ ბაზრებს. «ქართული ოცნების» პრიორიტეტები სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, განათლება და სოციალური თემებია».

7 მაისი, კირცხი, ლეწურწუმე:

«ეს სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშეა დარჩენილი, რადგანაც ხელისუფლებამ სოფლის მცხოვრებლების მალულად გაასხვისა მათი კუთვნილი მიწები. სოფლის საჯარო სკოლა დანგრევის პირასაა მისული. სკოლის 1-, მე-2, და მე-3 კლასელებს ერთ საკლასო ოთახში უტარდებათ გაკვეთილები.

ეს არის ის რეალობა, რომლის დანახვაც სააკაშვილს არ უნდა. ეს არის სააკაშვილისა და შაშკინის განათლების რეფორმა. ამ სკოლაში არა თუ ინტერნეტი, ფანჯარაში შუშაც არ არის ჩასმული. მე ჩავალ ყველა სოფელში და ავუხსნი ჩვენს მოქალაქეებს, თუ როგორ შეიცვლება მათი ცხოვრება ჩვენი გამარჯვების შემდეგ. «ქართული ოცნება» _ ეს არის ჯანმრთელი, განათლებული, დასაქმებული და სამართლიანი საქართველო».

23 მაისი, ურთა:

 «ურთაში ადგილობრივი მაჟორიტარის დაპირების მიუხედავად, არ არსებობს სამედიცინო პუნქტი და შიდა გზები. როდესაც გავიმარჯვებთ, ჩვენი გლეხი წელში გაიმართება, ეს შექმნის რეალურ სამუშაო ადგილებს და უმოკლეს ვადაში სოფლად უმუშევრობის პრობლემა აღარ იქნება».

24 მაისი, ინგირი:

«ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, დასაქმება და სოციალური პროგრამები არის ის თემები, რომლებიც შეხვედრაზე მოსულ ადამიანებს აინტერესებთ».

სხვა მრავალ ამგვარ განცხადებას შორის ყურადღებას იქცევს ერთი ასეთი: «ყველას უნდა, მრავალპარტიული, დაბალანსებული პარლამენტი დაინახოს და არა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, როგორიც ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველ რიგში, საბიუჯეტო სახსრების სწორი ხარჯვა იქნება მოწესრიგებული, მოისპობა მონოპოლიები, დამარცხდება კლანური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში. სამეგრელოს მართავს რამდენიმე კლანი, მათ შორის, ახალაიებისა და გოროზიების. ეს კლანური მმართველობა დასრულდება. სივრცე გაეხსნება მცირე და საშუალო ბიზნესს და სამუშაო ადგილები რეალურად გაჩნდება».

ამ განცხადებაში საინტერესო ის არის, რომ ნაცვლად სამი მეოთხედით მოგებისა, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, აქცენტი მრავალპარტიულ, დაბალანსებულ პარლამენტზე კეთდება, ანუ, როგორც 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისას, ალასანია მზად არის, დღევანდელ მმართველ პარტიასთან მომავალ პარლამენტშიც ითანამშრომლოს და, თუ საჭირო შეიქნა, გამარჯვებაც მიულოცოს!

ახლა _ რაც შეეხება ახალაიებისა და გოროზიების კლანს: გოროზიას ისიც ეყოფა, ჰოლანდიიდან შემოტანილი სპერმით ქართული ჯიშის ძროხები რომ გაანაყოფიერებინა _ ტანმორჩილმა ქართულმა ძროხებმა მსხვილი ნაყოფი ვერ ატარეს და დაიხოცნენ. გულმოსულმა გოროზიამ ხელქვეითები დატუქსა: «ის სპერმა ნახევარი პორცია შეგეშვათ და ძროხებიც არ დაგეხოცებოდათო»! ამ ინტელექტის პატრონს თუ «თანაკლანელებიც» ასეთი ჭკვიანი ჰყავს, აშენებულა სამეგრელო? და მმართველი პარტიაც!

ახალაიების საკითხი კი სულ სხვაა: ხელისუფლებამ ალასანიას გამოწვევა მიიღო და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად სწორედ ამ კლანის ნათლიმამა _ როლანდ ახალაია განიხილება. სამეგრელოში ჩასვლა ეგრე არ უნდაო და მაისის ბოლოს ბაჩო ახალაიაც ზუგდიდში გადავიდა საცხოვრებლად. დიპლომატიური და სტერილური ალასანიასგან განსხვავებით, იგი, მართალია, ხშირად იგინება, მაგრამ მეგრულად მაინც ლაპარაკობს. ალასანია კი სამეგრელოში «პარკეტნი» მეგრელს უფრო ჰგავს, რომელსაც ერთი და იმავე სიტყვებით წალენჯიხელი, ჩხოროწყუელი და მარტვილელი ამომრჩევლის მოხიბლვა სწადია.

მისი ზოგადი ფრაზები საქართველოს ნებისმიერ კუთხეშიც ასევე იქნება მიღებული, რადგან, ცხოვრება რომ მძიმე აქვთ, ქართველებმა ისედაც იციან, ხოლო კონკრეტულად რა გზით აპირებს ამ პრობლემების მოგვარებას «ქართული ოცნება», ამის შესახებ ალასანიას არაფერი უთქვამს, ან ამის რწმუნება კოალიციის ლიდერისგან არ ჰქონია. ოზურგეთში გამართულ აქციაზე ივანიშვილმა კონკრეტულად ახსნა, როგორ უნდა ეშველოს სოფლის მეურნეობას: შეიქმნება მილიარდიანი ფონდი, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ბაჩო ახალაიას გარდა, როგორც ამბობენ, სამეგრელოში გიორგი ზვიადის ძე გამსახურდიაც გადავიდა და მამაპაპეულ აბაშაში გამაგრდა. ისიც დაუქადნია, ერთი ვნახავ, აქ როგორ ჩამოვა ალასანიაო! აბაშაში მისი ერთადერთი ვიზიტის ამსახველი ფოტოები «ფეისბუქზე» დევს, მაგრამ იქ იგი მოსახლეობასთან არ ჩანს, სამაგიეროდ, ზვიად გამსახურდიას დიდ ფოტოსთან არის გადაღებული.

ალასანია აცხადებს: «მოსახლეობასთან შეხვედრები დიდ სტიმულს მაძლევს. ყველგან ხალხმრავლობაა, ყველგან მეუბნებიან, _ მე აქ ერთი მოვედი, მაგრამ ჩემ უკან 100 კაცი დგას, რომელთაც თქვენგან მოსმენილი სიტყვები უნდა მივუტანო». ერთი სიტყვით, ეს «ხალხმრავლობა» სინამდვილეში თითო-ოროლა კაცია, რომელთა უკან «100-100 კაცი დგას». ზრდილი მეგრელები სტუმარს უკადრებელს არასოდეს ჰკადრებენ, მაგრამ ეს სიტყვები თავად მეტყველებს იმაზე, რომ მას აწყნარებენ, მერე რა, რომ ცოტანი ვართ, წავალთ და ამბავს ჩვენ მივუტანთ იმ 100 კაცსო!

თუმცა ყველაზე საინტერესო ამ უცნაური ფორმულირების შემდეგ მაინც ის არის, რომ, ალასანიას ვერსიით, «რომ არა ბეჭდური მედია და «ფეისბუქი», გაგვიჭირდებოდა ამ კამპანიაში ჩვენი გზავნილის მიტანა მოსახლეობამდე». როგორ წარმოუდგენია მას სამეგრელოს მოსახლეობამდე საკუთარი გზავნილების სოციალური ქსელებით მიტანა, როცა თავად აცხადებს: «საქართველოს 230 სოფელი მოვიარე. საქართველო ვითარდება მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ, რამდენიმე ასეულ მეტრს როგორც კი გადაუხვევთ, ნახავთ უგაზო, უწყლო, უგზო სოფლებს, სადაც გლეხს არა აქვს ელემენტარული საარსებო საშუალება. სკოლებში არა თუ ინტერნეტი, ფანჯარაში შუშაც არ არის ჩასმული». 

ამ სოფლებში «ფეისბუქით» მიტანილი გზავნილები უთუოდ მეტად ეფექტური იქნება და ალასანიაც ეიფორიაშია: «აისბერგი უკვე დაიძრა!»

თანამედროვე ქართული კართაგენი დაეცემა თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ «ტიტანიკი» ნამდვილად ჩაიძირა და მასზე მყოფ მგზავრს აისბერგის დაძვრა მაინცდამაინც არ უნდა უხაროდეს! თუმცა ალასანიას არჩევნებში გამარჯვებისა უზომოდ სწამს და ჟურნალისტის კითხვაზე _ რატომ აიგივებთ სამეგრელოში მოგებას საქართველოში გამარჯვებასთან? _ პასუხობს: «უპირველესად, იმიტომ, რომ ახლა სამეგრელოში ვარ და იმ ადამიანების სახელით ვლაპარაკობ, რომლებიც მხარს მიჭერენ».

მოკლედ, ხვალ თუ მარნეულში მიავლენენ, იქაც იმავეს იტყვის, რადგან «მარნეულში იქნება და იმ ადამიანების სახელით ილაპარაკებს, რომლებიც მხარს უჭერენ

არა, დიპლომატებს, როგორც ჩანს, რაღაც ისეთ ვაქცინას უკეთებენ, რომელიც სისხლიდან აღარ გამოდის. მათი ნალაპარაკევიდან აზრის გამოტანა ყოველთვის ჭირს. ამ თვისებით სიძე-ცოლისდა _ ალასანია-ფანჯიკიძეც უხვად შეუმკია შემოქმედს. ამომრჩეველი პოლიტიკური ლიდერის სიტყვებში შენიღბული ინფორმაციის ამოცნობაზე ვერ იქნება მომართული. ვერც იმას გაიგებს, რასაც დიპლომატები ერთმანეთს უფრო იმიტომ ეუბნებიან, რომ არაფერი თქვან. სოფელსოფელ სიარული კარგიცაა და აუცილებელიც, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივ საზოგადოებაზე, სოციალურად აქტიურ ადამიანებზე დაყრდნობა, რადგან სწორედ მათ იციან იქაური პრობლემები და კონკრეტული ადამიანების გასაჭირი.

თანაც აქ, სადაც «არა თუ ინტერნეტი, ფანჯარაში შუშაც არ არის ჩასმული», არა მგონია, «ფეისბუქი» და სოციალური ქსელები ალასანიას დიდად წაადგეს. თანაც იქ არც «კავკასიას» აჩვენებს, არც «მაესტროს» და არც «მეცხრე არხს», ბეჭდურ მედიასაც ძალიან უჭირს, იმიტომ, რომ გაზეთში გადასახდელი 2 ლარის გამონახვა ადგილობრივი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის შეუთავსებელი ფუფუნებაა.

ისეც ნუ წარმოვიდგენთ, რომ ადგილზე ბნელი და უკუნია, ინფორმაცია ვრცელდება, ოღონდ სხვა მეთოდებითა და საშუალებებით. ბევრისთვის «იმედისა» და «რუსთავის 2»-ის დეზინფორმაციის ერთადერთი ალტერნატივა არის სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» გაზეთი «ილორი», რომელიც უფასოდ რიგდება. სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» ახერხებს თავისი მრავალრიცხოვანი აქტივისტებისთვის სხვა გამოცემების მიწოდებასაც და რეგიონში ერთერთი მთავარი პოლიტინფორმატორია. მოძრაობა «სამეგრელო» ათეული წელია, მოღვაწეობს და არა მარტო სამეგრელოს პრობლემებს იცნობს, არამედ მეზობელ აფხაზეთთანაც ერთი წუთით არ გაუწყვეტია კავშირი.

 ალასანია არ ტყუის, როცა ამბობს: «სამეგრელო არის ხიდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობისა და ძმობის აღდგენისთვის, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია». მართალია, მაგრამ ეს ხიდი სწორედ ის კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთა გარეშეც აპირებს ალასანია (და არა მარტო იგი) ამ საკითხის მოგვარებას. «ოცნებას» და ალასანიას კი მოძრაობა «სამეგრელოსთან»  ჯერჯერობით ურთიერთობა არ ჰქონიათ… 

ამასობაში კი მმართველი პარტია ამომრჩეველთან მუდმივად უშუალო კონტაქტშიც არის და არც ალასანიას ნახსენებ სოციალურ ქსელებს ივიწყებს, თუმცა ეს მანაც კარგად იცის, როცა აცხადებს: «სოციალურ ქსელებში «ნაციონალური მოძრაობის» ზონდერჯგუფები აქტიურად მუშაობენ». ამ «მუშაობის» ერთი თვალსაჩინო მაგალითი ასეთია: «დღეს მინდა პირველად გიამბოთ იმ საქციელზე, რასაც ირაკლი ალასანია აკეთებდა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სოფელში მისმა რაზმმა ააოხრა ყველაფერი. ოჯახი არ დატოვეს გაუქურდავი. მოროდიორობდნენ, წვავდნენ სახლებს, რაც ვერ მიქონდათ, პირდაპირ ანადგურებდნენ. პირუტყვი და შინაური ფრინველიც არ დაუტოვებიათ ცოცხალი და წასვლისას წამოგვაძახებდნენ ხოლმე «შიმშილით უნდა მოგკლათო». მახსოვს, ერთმა თანამებრძოლმა ალასანიას ხელი აურტყა იარაღზე, რომელიც საქონლის მოკვლას აპირებდა და ალასანიამ ფეხებში ესროლა. მისი რაზმი ცივსისხლიანობით გამოირჩეოდა».

აფხაზეთიდან ჩამოტანილ ამ რეპორტაჟში კიდევ ბევრი სისაძაგლეა, მაგრამ მათი განეიტრალება ალასანიას მხოლოდ იქ დასახელებული აფხაზის – არნოლდ ჯალაღონიას მეშვეობით შეუძლია…

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here